არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოეღება სისასტიკეს ოდესმე ბოლო?

მოეღება სისასტიკეს ოდესმე ბოლო?

მოეღება სისასტიკეს ოდესმე ბოლო?

ბევრი დაეთანხმება იმ აზრს, რომ მსოფლიოში სისასტიკის მთავარი გამომწვევი მიზეზი ეგოიზმია. ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრდა აზროვნება, რომელიც ხალხს ეგოიზმისკენ უბიძგებდა. შედეგად, დღეს ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც უმეტესობა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. ბევრი ადამიანი საკუთარი სურვილის შესასრულებლად არაფერზე იხევს უკან, რაც ხშირად სისასტიკეს იწვევს. ამის თქმა შეიძლება არამარტო ცალკეულ ადამიანებზე, არამედ მთელ ერებზე.

დღეს ადამიანის სიცოცხლეს ფასი აქვს დაკარგული. ზოგს სიამოვნებას ჰგვრის სისასტიკის გამოვლენა. ისინი ერთობიან ამით იმ დამნაშავეების მსგავსად, რომლებიც აღიარებენ, რომ სხვებისთვის ზიანის მიყენება მათ სიამოვნებას ანიჭებს. რის თქმა შეიძლება მილიონობით ადამიანზე, რომლებიც ძალადობისა და სისასტიკის ამსახველ ფილმებს ანიჭებენ უპირატესობას და ხელს უწყობენ კინოინდუსტრიას, მოგების მიზნით ახალ-ახალი ფილმები გადაიღოს ამ თემაზე? გასართობ და საინფორმაციო საშუალებებში შემოთავაზებული სისასტიკის ამსახველი კადრების გამუდმებით ყურება ადამიანებს მგრძნობელობას უკარგავს.

სასტიკი მოპყრობა ხშირად ადამიანის ფსიქიკას ვნებს და ის თავად ხდება უმოწყალო. სისასტიკით გამოწვეული ძალადობის შესახებ მექსიკის ეროვნულ-დამოუკიდებელი უნივერსიტეტის მასწავლებელი ნოემი დიაზ მაროკინი ამბობს: „ძალადობას ჩვეულებრივ სწავლობენ; ის ჩვენი კულტურის ნაწილია . . . როცა საზოგადოება იწყნარებს და ხელს უწყობს ძალადობას, ჩვენ ადვილად ვითვისებთ მას“. ამგვარად, ძალადობის მსხვერპლი შეიძლება თავად გახდეს მოძალადე და ზუსტად ისე მოეპყროს სხვებს, როგორც მას ეპყრობოდნენ.

გარდა ამისა, ადამიანი, რომელიც ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს ბოროტად იყენებს, შეიძლება სასტიკად მოიქცეს. იმავეს თქმა შეიძლება მთავრობით უკმაყოფილო ადამიანებზე, რომელთა მოთხოვნებსაც არ ითვალისწინებენ. ზოგი მათგანი თავის უკმაყოფილებას სისასტიკით გამოხატავს და მხარს უჭერს ტერორიზმს, რის გამოც ხშირად უდანაშაულო ხალხი ზარალდება.

შესაძლოა, დაგებადოთ კითხვები: „ნუთუ ადამიანმა თავისით ისწავლა ძალადობა? რამ მიიყვანა კაცობრიობა ამ მდგომარეობამდე?“

ვინ დგას სისასტიკის უკან?

ბიბლია გვეუბნება, რომ სატანა ეშმაკი დიდ გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე და მას „ამ ქვეყნიერების ღმერთს“ უწოდებს (2 კორინთელები 4:4). მთელ სამყაროში ის ყველაზე ეგოისტი და სასტიკი პიროვნებაა. იესომ მართებულად უწოდა მას „კაცისმკვლელი“ და „სიცრუის მამა“ (იოანე 8:44).

კაცობრიობა სატანის ძლიერ გავლენაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ადამი და ევა ეურჩნენ ღმერთს (დაბადება 3:1—7, 16—19). დაახლოებით თხუთმეტი საუკუნის შემდეგ ურჩმა ანგელოზებმა მატერიალური სხეულები მიიღეს და ქალებთან დაამყარეს სქესობრივი კავშირი, რის შედეგადაც დაიბადნენ ჰიბრიდები, ნეფილიმები. რით გამოირჩეოდნენ ისინი? ამის გაგება მათი სახელიდან შეგვიძლია. ნეფილიმი „წამქცევს“ ნიშნავს. როგორც ჩანს, სწორედ ისინი იყვნენ მოძალადეები, რომლებიც ხელს უწყობდნენ სისასტიკისა და უზნეობის გავრცელებას, რასაც მხოლოდ ღვთისგან დატეხილი წარღვნა თუ მოუღებდა ბოლოს (დაბადება 6:4, 5, 17, სქოლიო). წარღვნის დროს ნეფილიმები განადგურდნენ, მათი მამები კი სულიერ სამყაროში დაბრუნდნენ როგორც უხილავი ქმნილებები, დემონები (1 პეტრე 3:19, 20).

ურჩი ანგელოზების სისასტიკე გამოჩნდა იესოს დროს მცხოვრები დემონით შეპყრობილი ბიჭის შემთხვევაში. დემონმა არაერთხელ ჩააგდო ბავშვი კრუნჩხვებში; ის ხან ცეცხლში აგდებდა მას, ხან — წყალში, რომ მოეკლა (მარკოზი 9:17—22). ცხადია, „ბოროტი სულები“ ისეთივე უმოწყალოები არიან, როგორც მათი სასტიკი მთავარი, სატანა ეშმაკი (ეფესოელები 6:12).

დემონები დღესაც უბიძგებენ ადამიანებს სისასტიკისკენ, როგორც ეს ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები . . . თავდაჯერებულები, ამპარტავნები . . . უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:1—5).

ბიბლიის წინასწარმეტყველებების თანახმად, ჩვენ ძნელად ასატან დროში ვცხოვრობთ, რადგან 1914 წელს ზეცაში დამყარდა ღვთის სამეფო, რომელსაც იესო ქრისტე ჩაუდგა სათავეში და სატანა თავის დემონებთან ერთად ზეციდან გადმოაგდო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:5—9, 12).

ნიშნავს ეს იმას, რომ მდგომარეობა უიმედოა? დიაზ მაროკინი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ. მაგრამ სატანის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ადამიანი შეიცვალოს, თუ ის სხვა აღმატებულ ძალას არ მისცემს საშუალებას, მის აზროვნებასა და ქცევაზე იმოქმედოს. რომელ ძალაზეა საუბარი?

როგორ შეუძლია ადამიანს შეიცვალოს?

საბედნიეროდ, ღვთის წმინდა სულს, სამყაროში ყველაზე ძლიერ ძალას, შეუძლია დემონების გავლენისგან გაგვათავისუფლოს. ის ხელს უწყობს სიყვარულსა და ადამიანთა ბედნიერებას. წმინდა სულის მისაღებად ის ადამიანები, ვისაც სურთ იეჰოვას ასიამოვნონ, უნდა მოერიდონ სისასტიკის ყოველგვარ გამოვლინებას. ამისათვის კი ადამიანი ღვთის ნების შესაბამისად უნდა შეიცვალოს. მაგრამ რა არის ღვთის ნება? ღვთის ნებაა, რომ მივბაძოთ მას, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ისე ვუყუროთ ადამიანებს, როგორც თვითონ უყურებს (ეფესოელები 5:1, 2; კოლოსელები 3:7—10).

ღვთის მოქმედებებს როცა გაეცნობით, დარწმუნდებით, რომ იეჰოვა არასდროს ავლენდა უყურადღებობას და არც უსამართლოდ ეპყრობოდა ადამიანებს; ის ცხოველებზეც ზრუნავდა * (კანონი 22:10; ფსალმუნი 36:7; იგავები 12:10). მას სძულს სისასტიკე და ყველა, ვინც სისასტიკეს ავლენს (იგავები 3:31, 32). იეჰოვა მოითხოვს ქრისტიანებისგან, შეიმოსონ ახალ პიროვნებად, რაც მათ დაეხმარება, სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალონ და მათდამი პატივისცემით განეწყონ (ფილიპელები 2:2—4). ახალ პიროვნებად რომ გარდავიქმნათ, უნდა შევიმოსოთ „სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“, და რაც მთავარია — სიყვარულით, „რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:12—14). განა მსოფლიო უკეთესი არ იქნებოდა, ყველას ასეთი თვისებები რომ გამოევლინა?

მაგრამ შესაძლებელია ადამიანი საბოლოოდ შეიცვალოს? განვიხილოთ ერთი რეალური შემთხვევა. მარტინი * თავის ცოლს შვილების თანდასწრებით უყვიროდა და უმოწყალოდ სცემდა. ერთხელ მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ ბავშვები დახმარებისთვის მეზობლებთან გაიქცნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახმა იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მარტინმა გაიგო, თუ როგორი ადამიანი უნდა გამხდარიყო და როგორ უნდა მოპყრობოდა სხვებს. შეიცვალა ის? მისი ცოლი ამბობს: „საშინელება იყო, როცა ჩემი ქმარი რისხდებოდა. ამის გამო სახლში სულ აყალმაყალი გვქონდა. რა მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ მარტინს დაეხმარა, შეცვლილიყო. ახლა ის კარგი მამა და შესანიშნავი მეუღლეა“.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, ვინც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა, აღარ ავლენს სისასტიკეს. მართლაც, ადამიანს შეუძლია შეიცვალოს.

სისასტიკეს მალე ბოლო მოეღება

მალე ღვთის სამეფო — ზეციერი მთავრობა, რომელსაც სათავეში უდგას თანამგრძნობი მეფე, იესო ქრისტე — დედამიწაზეც იმმართველებს. იესომ უკვე განწმინდა ზეცა სატანისგან, რომელმაც სისასტიკეს მისცა დასაბამი, და მისი დემონებისგან. მალე ღვთის სამეფო მშვიდობის მოყვარულ ქვეშევრდომთა მოთხოვნილებებსაც დააკმაყოფილებს (ფსალმუნი 37:10, 11; ესაია 11:2—5). ის მსოფლიო პრობლემების გადაჭრის ერთადერთი რეალური საშუალებაა. მაგრამ, სანამ ეს მოხდება, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სისასტიკის მსხვერპლი გახდით?

სამაგიეროს გადახდა გამოსავალი არ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ მეტ სისასტიკეს იწვევს. ბიბლია მოგვიწოდებს, მივენდოთ იეჰოვას, რომელიც დანიშნულ დროს ‘თითოეულს თავისი გზისამებრ და თავის საქმეთა ნაყოფისამებრ მიუზღავს’ (იერემია 17:10) (იხილეთ თანდართული ჩარჩო, „როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სისასტიკის მსხვერპლი გახდით“). თქვენ შესაძლოა ძალიან იტანჯებით იმის გამო, რომ სისასტიკის მსხვერპლი ხართ (ეკლესიასტე 9:11). მაგრამ ღმერთს შეუძლია სისასტიკის ნებისმიერი შედეგი აღმოფხვრას, თვით სიკვდილიც კი. ღმერთი გვპირდება, რომ ისინი, ვინც სისასტიკეს შეეწირნენ და მის მეხსიერებაში არიან, მკვდრეთით აღდგებიან (იოანე 5:28, 29).

იმის საშიშროება, რომ სისასტიკის მსხვერპლი გავხდებით, მაინც არსებობს, მაგრამ გვანუგეშებს ღმერთთან ახლო ურთიერთობა და მისი დანაპირებისადმი რწმენა. განვიხილოთ სარას მაგალითი, რომელმაც მარტომ გაზარდა ორი ვაჟი და კარგი განათლება მისცა მათ. შვილებმა ის სიბერეში მიატოვეს; ისინი არც მატერიალურად ეხმარებოდნენ დედას და არც ყურადღებას აქცევდნენ, როცა ის ავად იყო. სარა, რომელიც ახლა იეჰოვას მოწმეა, ამბობს: „მართალია, გული ძალიან მწყდება, მაგრამ იეჰოვას არ მივუტოვებივარ. ჩემი სულიერი და-ძმები ყოველთვის მხარში მიდგანან და ზრუნავენ ჩემზე. დარწმუნებული ვარ, რომ მალე იეჰოვა არამარტო ჩემს პრობლემებს გადაჭრის, არამედ ყველა იმ ადამიანისას, ვინც ენდობა მის ძალას და მის მცნებებს ასრულებს“.

ვინ არიან ის სულიერი და-ძმები, რომლებიც სარამ მოიხსენია? ისინი იეჰოვას მოწმეები, მისი თანაქრისტიანები არიან. ეს თანამგრძნობი ადამიანები მსოფლიო საძმოში არიან გაერთიანებულნი; მათ სჯერათ, რომ ძალიან მალე სისასტიკეს ბოლო მოეღება (1 პეტრე 2:17). ბოლო მოეღება სატანა ეშმაკსაც, რომელიც მთავარი დამნაშავეა სისასტიკეში, და მის მიმბაძველებსაც. „სისასტიკის ეპოქა“, როგორც ერთმა მწერალმა ჩვენს დროს უწოდა, წარსულს ჩაჰბარდება. თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ ამ იმედის შესახებ იეჰოვას მოწმეებისგან.

[სქოლიოები]

^ აბზ. 16 ღვთის თვისებებსა და პიროვნებაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 17 ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

„როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სისასტიკის მსხვერპლი გახდით“

ღვთის სიტყვაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა სისასტიკის მსხვერპლი ხდება. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული ბრძნული რჩევები:

„ნუ იტყვი: ბოროტებისთვის სამაგიეროს გადავუხდიო. იეჰოვას იმედი გქონდეს და ის გადაგარჩენს“ (იგავები 20:22).

„თუ ხედავ, რომ . . . ღარიბებს ჩაგრავენ და ძალით ართმევენ სამართლიანობასა და სიმართლეს, ნუ გაგაოცებს ეს, რადგან მაღალზე უფრო მაღლა მდგომი უყურებს ამას“ (ეკლესიასტე 5:8).

„ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5).

„ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

«ნურავის გადაუხდით სამაგიეროს. ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება. რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან. ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომაელები 12:17—19).

„ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს . . . როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1 პეტრე 2:21—23).

[სურათები 7 გვერდზე]

იეჰოვას დახმარებით ბევრი აღარ ავლენს სისასტიკეს.