არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდესაც მოლოდინი არ მართლდება

როდესაც მოლოდინი არ მართლდება

როდესაც მოლოდინი არ მართლდება

ქორწინებაში იმედგაცრუება შეიძლება ყველას დაეუფლოს მიუხედავად იმისა, ქალ-ვაჟი ტრფობის პერიოდში კარგად ეწყობოდა ერთმანეთს თუ არა. მაგრამ, რატომ ხდება ისე, რომ ქალი და კაცი, რომლებიც ქორწინებამდე თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები, შემდგომ აღმოაჩენენ, რომ ძალიან განსხვავებულები ყოფილან?

ბიბლიის თანახმად, მას, ვინც ოჯახს ქმნის, „ტკივილი და მწუხარება“ ექნება (1 კორინთელები 7:28, „ახალი ინგლისური ბიბლია“). ხშირად ამის მიზეზი ადამიანის არასრულყოფილებაა (რომაელები 3:23). გარდა ამისა, შესაძლოა, მეუღლეები არ ითვალისწინებენ ბიბლიურ პრინციპებს (ესაია 48:17, 18). თუმცა ზოგჯერ ადამიანი არარეალურს მოელის ქორწინებისგან. ასეთ შემთხვევებში გაუგებრობებმა შეიძლება წყვილს სერიოზული სირთულეები შეუქმნას.

არარეალური მოლოდინი

ადამიანთა უმეტესობის მსგავსად, ალბათ, შენც ბევრ რამეს ელოდებოდი ქორწინებისგან. გაიხსენე, რა იყო ისინი. ხომ არ გაგიცრუვდა მოლოდინი? თუ ეს ასეა, ნუ იფიქრებ, რომ გამოსავალი არ არსებობს. ბიბლიის პრინციპების გამოყენებით მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია * (2 ტიმოთე 3:16). გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ გადაამოწმებ, რამდენად რეალური იყო შენი მოლოდინი.

მაგალითად, ზოგს მიაჩნია, რომ ქორწინება მხოლოდ რომანტიკაა, როგორც ეს ზღაპრებშია აღწერილი. შესაძლოა, გეგონა, რომ უმეტეს დროს ერთად გაატარებდით და ნებისმიერ უთანხმოებას მშვიდობიანად მოაგვარებდით. ბევრი ფიქრობდა, რომ აღარ მოუწევდა სქესობრივ საკითხებში თავშეკავების გამოვლენა. ასეთი არარეალური მოლოდინი გავრცელებულია, ამიტომ ზოგს იმედგაცრუება ეუფლება (დაბადება 3:16).

კიდევ ერთი არარეალური მოლოდინია ის, რომ ქორწინება ადამიანს ბედნიერს ხდის. რასაკვირველია, ცხოვრების მეგზურის ყოლამ შეიძლება დიდი სიხარული მოგანიჭოს (იგავები 18:22; 31:10; ეკლესიასტე 4:9). მაგრამ, რეალურია იმის მოლოდინი, რომ ქორწინება ყველა პრობლემას გადაჭრის? ჩვეულებრივ, ვინც ასე ფიქრობს, მწარედ ცდება.

უთქმელი მოლოდინი

ყველა მოლოდინი როდია არარეალური. პირიქით, ზოგი მათგანი გონივრულიცაა. მაგრამ, ზოგ შემთხვევაში პრობლემები მაინც იჩენს თავს. ერთი კონსულტანტი ოჯახურ საკითხებში ამბობს: „მეუღლეები ხშირად განაწყენებულები არიან იმის გამო, რომ ერთი მეორისგან რაღაცას მოელის, მეორემ კი ამის შესახებ არაფერი იცის“. მოვიყვანოთ მაგალითი, თუ როგორ ხდება ეს.

მარი ცოლად მიჰყვება გიორგის, რომელიც ასობით კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს. მარიმ იცის, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და სხვაგან გადასვლა მისთვის არ იქნება ადვილი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის მორცხვია. მაგრამ მარი დარწმუნებულია, რომ ამ სირთულის დაძლევაში მას გიორგი დაეხმარება. მაგალითად, მარის იმედი აქვს, რომ გიორგი გვერდიდან არ მოსცილდება და თავის მეგობრებს გააცნობს. მაგრამ ეს ასე არ ხდება. გიორგი იმდენად ერთობა მეგობრებთან საუბრით, რომ მარი მარტო რჩება. მარი თავს მიტოვებულად და ეულად გრძნობს. მას ვერ გაუგია, რატომ არის გიორგი ასეთი უყურადღებო.

არარეალურს მოელის მარი? არა, მას უბრალოდ სურს, რომ ქმარი ახალ გარემოსთან შეგუებაში დაეხმაროს. მარი მორცხვია და უჭირს ადამიანების გაცნობა. მაგრამ, ფაქტია რომ მას არასდროს უსაუბრია თავის გრძნობებზე გიორგისთან. ამიტომ გიორგის წარმოდგენაც არა აქვს, თუ რას განიცდის მარი. რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდებოდა? მარის წყენა დაუგროვდებოდა და დროთა განმავლობაში იმ დასკვნამდე მივიდოდა, რომ მის ქმარს საერთოდ არ აინტერესებს მისი გრძნობები.

შესაძლოა, ზოგჯერ შენც იმედგაცრუებული და გულგატეხილი ხარ, რადგან ფიქრობ, რომ მეუღლე არ ითვალისწინებს შენს მოთხოვნილებებს. რის გაკეთება შეგიძლია ამ დროს?

გულახდილად ისაუბრე

მოლოდინმა, რომელიც არ მართლდება, შეიძლება დიდი გულისტკივილი გამოიწვიოს (იგავები 13:12). მაგრამ იმედს ნუ დაკარგავ! ბიბლიური იგავი ამბობს: „ბრძენის გული მის საუბარს წვდომის უნარს სძენს, მის ბაგეებს კი დამაჯერებლობას მატებს“ (იგავები 16:23). ამიტომ ესაუბრე შენს მეუღლეს, თუ ფიქრობ, რომ შენი გონივრული მოლოდინი არ გამართლდა.

შეეცადე სასაუბროდ შეარჩიო სათანადო დრო, სიტუაცია და შესაფერისი სიტყვები (იგავები 25:11). ესაუბრე მეუღლეს მშვიდად და პატივისცემით. გახსოვდეს, რომ შენი მიზანი მისი დადანაშაულება კი არა, შენი მოლოდინისა და გრძნობების გაზიარებაა (იგავები 15:1).

რატომ უნდა გააკეთო ეს? განა ყურადღებიანი მეუღლე ისედაც ვერ უნდა მიხვდეს, რა გჭირდება? ალბათ, ის საკითხებს სხვაგვარად უყურებს, მაგრამ, თუ შენს თვალსაზრისს აუხსნი, შეიძლება დიდი სიამოვნებით გაითვალისწინოს. შენს სურვილებსა და საჭიროებებზე საუბარი არც ქორწინების წარუმატებლობის ნიშანია და არც მეუღლის უყურადღებობის.

ნუ დააყოვნებ მეუღლესთან საუბარს. ზემოხსენებულ მაგალითში მარის შეეძლო გიორგისთვის ეთქვა: „სიმართლე გითხრა, ძალიან მიჭირს ამდენი ადამიანის გაცნობა. სანამ ახალ გარემოს შევეჩვევი, ხომ არ დამეხმარებოდი ხალხის გაცნობაში?“

სწრაფი იყავი მოსმენაში’

ახლა სხვა კუთხით განვიხილოთ ეს საკითხი. დავუშვათ, შეწუხებული მეუღლე მოდის შენთან და გეუბნება, რომ შენ მის გონივრულ მოლოდინს არ ამართლებ. ასეთ შემთხვევაში, მოუსმინე შენს მეუღლეს! მოსმენის დროს ნუ იფიქრებ, როგორ იმართლო თავი. ნაცვლად ამისა, ‘სწრაფი იყავი მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში’ (იაკობი 1:19; იგავები 18:13). პავლე მოციქული მოუწოდებდა ქრისტიანებს: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

ამის გაკეთებას შეძლებ, თუ საკუთარ თავს მეუღლის ადგილას დააყენებ. ბიბლიაში ნათქვამია: „ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ.“ „ფილიპსის“ თარგმანი ამას ასე გადმოსცემს: „ქმრებო, ეცადეთ გაუგოთ ცოლებს, რომლებთანაც ცხოვრობთ“ (1 პეტრე 3:7). რა თქმა უნდა, იმავეს თქმა შეიძლება ცოლებზეც.

გახსოვდეს, რა კარგადაც უნდა ეწყობოდე მეუღლეს, ყველაფერზე ერთნაირი თვალსაზრისი ვერ გექნებათ, და ამაში ცუდი არაფერია (იხილეთ ჩარჩო „ერთი ხედი, სხვადასხვა ხედვა“). მაგრამ, კარგი იქნება, თუ სხვისი გადასახედიდანაც განიხილავ საკითხებს. შენ და შენი მეუღლე შეიძლება სხვადასხვა რამეს ელით ქორწინებისგან, რასაც ხშირად განაპირობებს ის, თუ როგორ ოჯახსა და კულტურაში აღიზარდეთ. თუმცა ძალიან გიყვართ ერთმანეთი, თქვენი მოლოდინი მაინც განსხვავებულია.

ქრისტიანმა მეუღლეებმა შეიძლება ბიბლიაში მოცემული მეთაურობის პრინციპი კარგად იციან (ეფესოელები 5:22, 23). მაგრამ როგორ უწევს მამაკაცი ოჯახს მეთაურობას და როგორ ვლინდება ცოლის მორჩილება? ორივე იყენებთ ამ ბიბლიურ პრინციპს და მთელი გულით ცდილობთ მის დაცვას?

შეიძლება ცხოვრებისეულ საკითხებზე განსხვავებული აზრი გქონდეთ. მაგალითად, ვინ რა საქმეს შეასრულებს ოჯახში; როდის მოინახულებთ ნათესავებს და რამდენ დროს დაუთმობთ მათ; რით უნდა ცხადყოთ, რომ ცხოვრებაში სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებთ? (მათე 6:33). ოჯახის ბიუჯეტს რაც შეეხება, ვალებში ჩავარდნა ადვილია. ამიტომ კარგია, თუ ადამიანი მომჭირნედ ცხოვრობს. მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს მომჭირნედ ცხოვრება? კარგი იქნება, თუ ამ საკითხებზე გულახდილად და პატივისცემით ისაუბრებთ.

ასეთი საუბრებით ოჯახში მშვიდობას შეუწყობთ ხელს მაშინაც კი, თუ ზოგი მოლოდინი ჯერ არ გამართლებულა. ამ დროს უკეთ გამოიყენებთ პავლე მოციქულის რჩევას: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ოჯახებისთვის სასარგებლო რჩევები მოცემულია წიგნში „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო/სურათი 10 გვერდზე]

ერთი ხედი, სხვადასხვა ხედვა

„წარმოიდგინეთ, რომ ტურისტების ჯგუფი თვალწარმტაც ხედს უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჯგუფის წინაშე ერთი და იგივე ხედი იშლება, ყველა განსხვავებულად აღიქვამს მას. რატომ? მიზეზი ისაა, რომ ყველა სხვადასხვა ადგილას დგას. გარდა ამისა, ყველა ერთ წერტილს არ მისჩერებია. თითოეული მათგანი პეიზაჟის გარკვეული ხედით არის მოხიბლული. ქორწინებაშიც მსგავსად ხდება. მეუღლეები შეიძლება კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეუძლებელია მათ ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება ჰქონდეთ . . . განსხვავებული აზრის მიუხედავად, მეუღლეები უნდა ცდილობდნენ, რომ ერთსულოვნებას მიაღწიონ. ამისთვის მათ დრო უნდა გამოყონ სასაუბროდ“ (1993 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 4 [რუს.]).

[ჩარჩო 11 გვერდზე]

რის გაკეთება შეგიძლია

• გადაამოწმე, რეალურია თუ არა შენი მოლოდინი. ხომ არ ელი მეუღლისგან შეუძლებელს? (ფილიპელები 2:4; 4:5).

• შეეცადე არარეალური მოლოდინის ნაცვლად რეალური მოლოდინი გქონდეს. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ თქვა, „ჩვენ აღარასოდეს ვიკამათებთ“, მიზნად დაისახე უთანხმოებების მშვიდობიანად მოგვარება (ეფესოელები 4:32).

• ესაუბრე მეუღლეს იმის შესახებ, თუ რას ელი მისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ურთიერთსიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენაში დაგეხმარებათ, გულახდილი საუბარია (ეფესოელები 5:33).

[სურათი 9 გვერდზე]

‘სწრაფი იყავი მოსმენაში’, როცა მეუღლე თავის საწუხარს გიზიარებს.