ყანები „გადათეთრებულან მოსამკელად“
ყანები „გადათეთრებულან მოსამკელად“
სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს გუახირას ნახევარკუნძული. ის ეკუთვნის როგორც კოლუმბიის ჩრდილოეთ, ისე ვენესუელის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს. მცხუნვარე მზემ და მცირე ნალექებმა ის ნახევარუდაბნოდ აქცია; იქ ტემპერატურა 43°C-ს აღწევს. ასეთი კლიმატის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა მიწათმოქმედებას მისდევს და კარგ მოსავალსაც იღებს. ოკეანიდან წამოსული ნიავისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის პასატური ქარების წყალობით აქ ცხოვრება არც თუ ისე გაუსაძლისია; ტურისტებსაც შეუძლიათ დატკბნენ მშვენიერი პეიზაჟებით და ულამაზეს სანაპიროებზე დაისვენონ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვაიუ ინდიელთა მიწაზე. ვაიუს ტომში დაახლოებით 305 000 ადამიანია, აქედან 135 000 ათასი კოლუმბიაში ცხოვრობს. ეს ტომი აქ ესპანელი კოლონიზატორების შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე დამკვიდრდა.
ვაიუს ტომის მთავარი საარსებო წყარო შინაური ცხოველების მოშენება და მიწათმოქმედებაა. ისინი აგრეთვე თევზაობენ და მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობენ. ქალები ოსტატურად ამზადებენ ჭრელ-ჭრელ ქსოვილებს, რომლებსაც ტურისტები სიამოვნებით ყიდულობენ.
ვაიუს ტომი ცნობილია გულწრფელობითა და სტუმართმოყვარეობით. მაგრამ ისინიც „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ცხოვრობენ (2 ტიმოთე 3:1). ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა სიღატაკეა, რაც თავისთავად იმის მიზეზია, რომ ბევრმა არ იცის წერა-კითხვა, ბავშვები ცუდად იკვებებიან, მოსახლეობა ვერ იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას და ზოგ რეგიონში იზრდება არასრულწლოვანთა დამნაშავეობა.
ათწლეულების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები მისიონერებს გზავნიდნენ ვაიუ ინდიელებთან. შედეგად, მასწავლებელთა მოსამზადებელი სკოლები და სკოლა-ინტერნატები ეკლესიების დაქვემდებარებაშია. ბევრმა ვაიუმ მიიღო ეგრეთ წოდებული ქრისტიანული წეს-ჩვეულებები, მაგალითად გამოსახულებების თაყვანისცემა და ახალშობილთა ნათლობა. მაგრამ მათ არ მიუტოვებიათ თავიანთი წინაპრების წეს-ჩვეულებები და ცრურწმენა.
ვაიუ ინდიელები ღვთისმოშიშები არიან და სიამოვნებით უსმენენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ. 1980-იანი წლების დასაწყისში გუახარაში მხოლოდ შვიდი ვაიუ ინდიელი იეჰოვას მოწმე იყო, რომელთაგან სამი დედაქალაქ რიოაჩაში ცხოვრობდა. მათ გარდა, იქ კიდევ ოცი მოწმე ქადაგებდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ესპანურ ენაზე.
ცნობა მშობლიურ ენაზე
რიოაჩაში მცხოვრებთა უმეტესობას მშობლიური ენის, ვაიუნაიკის გარდა, ცოტა ესპანურიც ესმის. თავიდან სამეფოს შესახებ ცნობას არც თუ ისე ბევრი ისმენდა. ადგილობრივები, როგორც ჩანდა, ერიდებოდნენ იმათთან საუბარს, ვინც მათ ტომს არ ეკუთვნოდა. როდესაც იეჰოვას მოწმეები აკითხავდნენ
სახლში, ვაიუ ინდიელთა უმეტესობა მათ მხოლოდ მშობლიურ ენაზე ელაპარაკებოდა. ამიტომ მოწმეები დიდხანს ვერ საუბრობდნენ მათთან.1994 წლის მიწურულს იეჰოვას მოწმეთა კოლუმბიის ფილიალმა რიოაჩას კრებაში დანიშნა სპეციალურ პიონერთა ანუ სრული დროით მქადაგებელთა ჯგუფი. პიონერებმა სთხოვეს ვაიუ მოწმეს, მათთვის ვაიუნაიკის ენა ესწავლებინა. მათ ისწავლეს რამდენიმე მარტივი შეთავაზება, რომელთა გამოყენების შემდეგ მალევე შეამჩნიეს, რომ ხალხის დამოკიდებულება სასიხარულო ცნობის მიმართ საგრძნობლად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მათ უჭირდათ ვაიუნაიკის ენაზე ლაპარაკი, მობინადრეები სიხარულით უსმენდნენ და დამტვრეული ესპანურით დროდადრო საუბარშიც ერთვებოდნენ.
„გადათეთრებულან მოსამკელად“
მოციქულმა პავლემ მოწაფეების მომზადების საქმიანობა ნაკვეთის დამუშავებას შეადარა, რაც კარგად ნაცნობია მიწათმოქმედი ვაიუ ინდიელებისთვის (1 კორინთელები 3:5—9). გადატანითი მნიშვნელობით, აქ ყანები „გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოანე 4:35).
ნილი ვაიუს ტომიდანაა. ის ადრე მანაურეში ცხოვრობდა. ნილს თანდაყოლილი დეფექტი აქვს. ის ფიქრობდა, რომ მის ტანჯვაში ღმერთი იყო დამნაშავე, ამიტომ ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და თვითმკვლელობაც კი სცადა. მოწმე, რომელიც იმ ქალაქში მივლინებით იყო ჩასული, კარდაკარ ქადაგებისას შეხვდა ნილს და იეჰოვას სამეფოს შესახებ ესაუბრა. ნილი ამ დროს 14 წლის იყო. ის დაინტერესდა და მოწმემ მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ნილს ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია. ის დარწმუნდა, რომ ღმერთი არ იყო დამნაშავე მის ტანჯვაში. რა ბედნიერი იყო ნილი, როცა წაიკითხა ღვთის მიერ დაპირებული სამოთხის შესახებ, სადაც მეტად აღარ იქნება ავადმყოფობა! (ესაია 33:24; მათე 6:9, 10).
იმ დროს ნილის ოჯახი სხვა ოჯახთან საგვარეულო შუღლში იყო გარეული. ოჯახის დაცვის მიზნით ნილის ნათესავები გარკვეულ რიტუალებს ასრულებდნენ. ნილი იხსენებს: „თავიდან მეშინოდა, რომ ოჯახის წევრებთან ჩემი ახალი რწმენის შესახებ მესაუბრა; განსაკუთრებით ამის თქმა ოჯახის უხუცესებისთვის მიჭირდა, რომელთაც დიდ პატივს სცემდნენ“. ნილის მშობლები გაბრაზდნენ, როცა გაიგეს, რომ მან უარყო ტრადიციული წეს-ჩვეულებები და მონაწილეობას აღარ მიიღებდა სპირიტიზმთან დაკავშირებულ რიტუალებში. ამიტომ ნილი რიოაჩაში გადავიდა საცხოვრებლად და იეჰოვას მოწმეთა კრებას დაუკავშირდა. მოგვიანებით ის მოინათლა; 1993 წელს მომსახურე გახდა, სამი წლის შემდეგ კი სრული დროით მსახურება დაიწყო. 1997 წელს ნილი კრებაში უხუცესად დანიშნეს, ხოლო 2000 წლიდან ის სპეციალურ პიონერად მსახურებას შეუდგა.
განვიხილოთ აგრეთვე ტერესას შემთხვევა. ისიც ვაიუს ტომს ეკუთვნის და იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა. ის კანონიერად არ იყო დაქორწინებული დანიელზე, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ტერესასა და თავიანთ სამ შვილს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ის ტერესას ბიბლიის შესწავლაში შეუერთდა, ხშირად ლოთობდა მეგობრებთან და ზოგჯერ ეს ოთხ-ხუთ დღეს გრძელდებოდა.
ასეთმა საქციელმა მისი ოჯახი სიღატაკემდე მიიყვანა. ტერესა ერთგულად განაგრძობდა ბიბლიის შესწავლასა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებას. ეს დაეხმარა დანიელს, დაენახა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბიბლიის შესწავლა. იმ პერიოდში მათი ერთ-ერთი შვილი შემთხვევით მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა და დაიღუპა. ტერესა ძალიან განიცდიდა შვილის დაკარგვას; ამას ისიც დაემატა, რომ მეგობრები და მეზობლები აიძულებდნენ მას, დაკრძალვის არაბიბლიური წეს-ჩვეულებები დაეცვა.ამ რთულ პერიოდში დანიელსა და ტერესას ამხნევებდნენ და ანუგეშებდნენ მოწმეები ახლომდებარე კრებებიდან. მათ დაკრძალვის შემდეგაც კი აკითხავდნენ სახლში ვაიუ ინდიელი და-ძმები ადგილობრივი კრებიდან. ქრისტიანულმა სიყვარულმა დანიელი აღძრა, რომ სულიერად გაზრდილიყო. ის აღარ სვამდა და ტერესასაც აღარ სცემდა. ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ. დანიელმა მუშაობა დაიწყო, რომ ოჯახზე ეზრუნა. მათ სულიერად წინ წაიწიეს და 2003 წელს მოინათლნენ. ისინი ამჟამად ბიბლიის რამდენიმე შესწავლას ატარებენ. ტერესას შესანიშნავი დამოწმების წყალობით ნათესავები ახლა სიამოვნებით უსმენენ იეჰოვას მოწმეებს. დანიელის ერთი დისშვილი მოუნათლავი მაუწყებელია, მეორე დისშვილი და ძმისშვილი კი ბიბლიას სწავლობენ და კრების შეხვედრებს ესწრებიან. ტერესას ძმისცოლმაც, რომელსაც უბედური შემთხვევის დროს დაეღუპა შვილი, და მისმა ოჯახმაც გამოთქვა ბიბლიის შესწავლის სურვილი.
სულიერი საზრდო ვაიუნაიკის ენაზე
1998 წელს ვაიუნაიკის ენაზე გამოვიდა ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ *. ის კარგი საშუალება გამოდგა ვაიუ ინდიელთათვის ბიბლიის სასწავლებლად. რამდენიმე ძმამ 2003 წელს გაიარა სპეციალური მომზადება, რათა იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციები ვაიუნაიკის ენაზე ეთარგმნათ. რიოაჩაში მომუშავე მთარგმნელობითი ჯგუფის გულმოდგინე შრომის წყალობით უფრო მეტი ბროშურა გახდა ხელმისაწვდომი, რამაც ხელი შეუწყო ვაიუნაიკის ენაზე მოლაპარაკეთა შორის სულიერ ზრდას.
2001 წლიდან საოლქო კონგრესის პროგრამის ზოგი ნაწილიც ითარგმნა ვაიუნაიკის ენაზე. ბიბლიის შემსწავლელები სულიერად მხნევდებიან, როცა მშობლიურ ენაზე ისმენენ პროგრამას. მათ ერთი სული აქვთ, როდის წარმოადგენენ ბიბლიურ დრამას მათ მშობლიურ ენაზე.
ნაყოფიერი ტერიტორია
რიოაჩას ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით ას კილომეტრში არის ქალაქი ურიბია. აქ მდებარე ვაიუნაიკის კრებაში 16 მაუწყებელია, რომელთაგან უმეტესობა ცდილობს სოფლებში მცხოვრებ ინდიელებს უქადაგოს. კრების ერთმა უხუცესმა თქვა: „ჩვენ მოვინახულეთ პატარა დასახლებული პუნქტი, სადაც დაახლოებით თორმეტი დაბალჭერიანი და ვიწროფანჯრიანი სახლი დგას. თითოეული სახლის წინ დგას ჩარდახი, რომელიც კაქტუსის შიგთავსით, იოტოხოლოთი, არის გადახურული. მცხუნვარე მზისგან თავდასაცავად ოჯახის წევრებიც და სტუმრებიც იქ იყრიან თავს. გვიხარია, რომ ბევრმა გამოავლინა ინტერესი, ამიტომ დავგეგმეთ, კვლავ ჩამოვიდეთ მათთან და ბიბლიის შესწავლები დავიწყოთ. განმეორებით მონახულებისას შევნიშნეთ, რომ ბევრმა წერა-კითხვა არ იცოდა. მათ თქვეს, რომ ჰქონდათ სკოლის შენობა, რომელიც უსახსრობის გამო მიტოვებული იყო. ჩვენ ნება დაგვრთეს, რომ ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჩაგვეტარებინა წერა-კითხვის გაკვეთილები და ბიბლიის შესწავლები. ექვსმა ვაიუ ინდიელმა ისწავლა წერა-კითხვა და ახლა ბიბლიის შესწავლაშიც პროგრესი აქვთ. მათ მიერ გამოვლენილმა მადლიერებამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა, ამიტომ ამ დასახლებაში კრების შეხვედრების ჩატარებას ვგეგმავთ“.
სხვებმაც ისწავლეს ვაიუნაიკის ენა და მათი შრომა ძალიან ფასდება. გუახირას ნახევარკუნძულზე რვა კრება და ორი ჯგუფია, რომლებიც შეხვედრებს ვაიუნაიკის ენაზე ატარებენ.
აშკარაა, რომ იეჰოვა აკურთხებს მათ მცდელობას. თუმცა ვაიუ ინდიელთა შორის სასიხარულო ცნობის საქადაგებლად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ვინაიდან სულიერს მოწყურებული ხალხი ქრისტეს მოწაფეები ხდებიან, მოსალოდნელია, რომ ზრდა გაგრძელდება. დაე იეჰოვამ მეტი მსახური გაგზავნოს ამ ნაყოფიერ ტერიტორიაზე, რომელიც ‘გადათეთრებულა მოსამკელად’ (მათე 9:37, 38).
[სქოლიო]
^ აბზ. 18 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[რუკები 16 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ვენესუელა
კოლუმბია
გუახირა
მანაურე
რიოაჩა
ურიბია
[სურათის საავტორო უფლება 16 გვერდზე]
Wayuu camp below: Victor Englebert