არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, განახორციელეთ მიზნები, რომლებიც ღმერთს განადიდებს

ახალგაზრდებო, განახორციელეთ მიზნები, რომლებიც ღმერთს განადიდებს

ახალგაზრდებო, განახორციელეთ მიზნები, რომლებიც ღმერთს განადიდებს

„ღვთისადმი ერთგულებისკენ ისწრაფე და მასში გაიწაფე“ (1 ტიმოთე 4:7).

1, 2. ა) რატომ შეაქო პავლემ ტიმოთე? ბ) როგორ ისწრაფვიან დღეს ახალგაზრდები ‘ღვთისადმი ერთგულებისკენ და იწაფებიან მასში’?

„არავინ მყავს მისნაირი განწყობილებით, რომ ასე გულწრფელად ზრუნავდეს თქვენზე . . . როგორც შვილი მამასთან, ისე მსახურობდა მონასავით“ (ფილიპელები 2:20, 22). მოციქულმა პავლემ ეს თბილი, საქებარი სიტყვები პირველ საუკუნეში მცხოვრებ ფილიპელ ქრისტიანებს მისწერა. ვის აქებდა ის? ტიმოთეს, თავის ახალგაზრდა თანამშრომელს. წარმოიდგინეთ, როგორ გაუთბობდა გულს ტიმოთეს იმის მოსმენა, რომ პავლეს უყვარდა და ენდობოდა!

2 ტიმოთეს მსგავს ღვთისმოშიშ ახალგაზრდებს იეჰოვას ორგანიზაციაში ყოველთვის ძალიან აფასებენ (ფსალმუნი 110:3). დღეს ღვთის ორგანიზაციაში მრავალი ახალგაზრდა მსახურობს პიონერად, მისიონერად და მოხალისედ მშენებლობებსა თუ ბეთელებში. შექებას იმსახურებენ ისინიც, რომლებიც გულმოდგინედ მონაწილეობენ კრების საქმიანობაში და, ამავე დროს, სხვა პასუხისმგებლობები აკისრიათ. ასეთ ახალგაზრდებს ნამდვილ კმაყოფილებას ანიჭებს იმ მიზნების განხორციელება, რომლებიც ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას განადიდებს. ისინი ნამდვილად ‘ღვთისადმი ერთგულებისკენ ისწრაფვიან და მასში იწაფებიან’ (1 ტიმოთე 4:7, 8).

3. რა საკითხებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 თუ ახალგაზრდა ხართ, იღვწით კონკრეტული სულიერი მიზნების მისაღწევად? სად შეგიძლიათ დახმარებისა და გამხნევების მიღება? როგორ შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ მატერიალური სიმდიდრის ძიებას გამოდევნებული ქვეყნიერების ზეწოლას? რა კურთხევებს მოიმკით, თუ განახორციელებთ მიზნებს, რომლებიც ღმერთს განადიდებს? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად დავფიქრდეთ ტიმოთეს ცხოვრებაზე.

რა ოჯახში იზრდებოდა ტიმოთე

4. მოკლედ აღწერეთ ტიმოთეს ქრისტიანული მოღვაწეობა.

4 ტიმოთე რომის პროვინციის, გალატიის, პატარა ქალაქ ლისტრაში გაიზარდა. მან, როგორც ჩანს, ქრისტიანობის შესახებ მოზარდობის ასაკში გაიგო დაახლოებით ახ. წ. 47 წელს, როდესაც პავლე ლისტრაში ქადაგებდა. ადგილობრივ ქრისტიან ძმებს შორის ტიმოთემ მალევე დაიმკვიდრა კარგი სახელი. ორი წლის შემდეგ, როდესაც ლისტრაში დაბრუნდა და ტიმოთეს წინსვლის შესახებ გაიგო, პავლემ ტიმოთე მისიონერულ მსახურებაში თანამშრომლად აირჩია (საქმეები 14:5—20; 16:1—3). როდესაც ტიმოთე მოწიფული ქრისტიანი გახდა, მას უფრო დიდი პასუხისმგებლობები დაეკისრა, რაშიც მნიშვნელოვანი დავალება — ძმების განმტკიცება — შედიოდა. დაახლოებით ახ. წ. 65 წელს, როდესაც პავლემ რომის ციხიდან წერილი მისწერა, ტიმოთე ეფესოში ქრისტიან უხუცესად მსახურობდა.

5. 2 ტიმოთეს 3:14, 15-ის თანახმად, რა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაეხმარა ტიმოთეს სულიერი მიზნების განხორციელებაში?

5 ცხადია, ტიმოთე სულიერი მიზნების განსახორციელებად იღწვოდა. მაგრამ, რამ აღძრა ის ამისკენ? ტიმოთესთვის მიწერილ მეორე წერილში პავლემ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოიხსენია. ის წერდა: „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, რადგან იცი, რა ხალხისგან ისწავლე, თანაც ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები“ (2 ტიმოთე 3:14, 15). თავდაპირველად განვიხილოთ, სხვა ქრისტიანებმა როგორ შეუწყვეს ხელი ტიმოთეს სულიერი მიზნების განხორციელებაში.

დადებითი გავლენის შედეგები

6. რა დახმარება მიიღო ტიმოთემ და როგორ ისარგებლა ამით?

6 ტიმოთე რელიგიურად დაყოფილ ოჯახში აღიზარდა. ტიმოთეს მამა ბერძენი ჰყავდა, დედა ევნიკე და ბებია ლოისი კი წარმოშობით ებრაელები იყვნენ (საქმეები 16:1). ევნიკე და ლოისი ტიმოთეს ჩვილობიდან ასწავლიდნენ ებრაულ წერილებს. ქრისტიანული რწმენის მიღების შემდეგ ისინი უეჭველად დაეხმარებოდნენ ტიმოთეს ქრისტიანული სწავლებებისადმი რწმენის განვითარებაში. ცხადია, ტიმოთემ საუკეთესოდ ისარგებლა ამ შესანიშნავი შესაძლებლობით. პავლემ აღნიშნა: „ვიხსენებ შენს უთვალთმაქცო რწმენას, რომელიც შენამდე ბებიაშენ ლოისსა და დედაშენ ევნიკეს ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, რომ შენც გაქვს“ (2 ტიმოთე 1:5).

7. რა უპირატესობა აქვს დღეს მრავალ ახალგაზრდას, და როგორ სარგებლობენ ისინი ამით?

7 დღეს მრავალ ახალგაზრდას ჰყავს ღვთისმოშიში მშობლები და ბებია-ბაბუები, რომლებსაც ლოისისა და ევნიკეს მსგავსად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი მიზნების განხორციელება. მაგალითად, სამირას დღემდე ახსოვს მოზარდობის ასაკში მშობლებთან ხანგრძლივი საუბრები. ის ყვება: „დედ-მამამ მასწავლა, ყველაფრისთვის იეჰოვას თვალით შემეხედა და ცხოვრებაში პირველ ადგილზე სამქადაგებლო მსახურება დამეყენებინა. ისინი ყოველთვის აღმძრავდნენ, სრული დროით მემსახურა“. სამირამ მოუსმინა მშობლებს და დღეს თავის ქვეყანაში ბეთელში მსახურობს. თუ მშობლები გირჩევენ, მთელი ყურადღება სულიერ მიზნებზე გქონდეთ გადატანილი, სერიოზულად მოეკიდეთ მათ რჩევას. მათ თქვენთვის საუკეთესო სურთ (იგავები 1:5).

8. რა სარგებლობა მოუტანა ტიმოთეს ისეთ ქრისტიანებთან ურთიერთობამ, რომლებიც მასზე დადებით გავლენას ახდენდნენ?

8 მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქრისტიანულ საძმოში ისეთ და-ძმებთან გქონდეთ ურთიერთობა, რომლებიც თქვენზე დადებითად იმოქმედებენ. ტიმოთეს კარგად იცნობდნენ როგორც მისი კრების, ისე დაახლოებით 30 კილომეტრით დაშორებული იკონიონის კრების ქრისტიანი უხუცესები (საქმეები 16:1, 2). ის დაუმეგობრდა პავლეს, ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე ქრისტიანს (ფილიპელები 3:14). პავლეს წერილები ცხადყოფს, რომ ტიმოთე ითვალისწინებდა რჩევებს და მზად იყო, ღვთის ერთგულ მსახურთა რწმენისთვის მიებაძა (1 კორინთელები 4:17; 1 ტიმოთე 4:6, 12—16). პავლემ დაწერა: „შენ კი ზედმიწევნით მბაძავ სწავლებაში, ცხოვრების წესში, განზრახვაში, რწმენაში, სულგრძელობაში, სიყვარულში, მოთმინებაში“ (2 ტიმოთე 3:10). როგორც ვხედავთ, ტიმოთე ზედმიწევნით ჰბაძავდა პავლეს. მსგავსად ამისა, თუ კრებაში სულიერად ძლიერ ქრისტიანებს დაუახლოვდები, ისინი ღირებული სულიერი მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებიან (2 ტიმოთე 2:20—22).

„წმინდა წერილების“ შესწავლა

9. კარგ საზოგადოებასთან ურთიერთობის გარდა, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ისწრაფოთ ღვთისადმი ერთგულებისკენ და მასში გაიწაფოთ?

9 მხოლოდ კარგი საზოგადოების არჩევაზეა დამოკიდებული სულიერი მიზნების განხორციელება? რასაკვირველია, არა. ტიმოთეს მსგავსად, თქვენც საგულდაგულოდ უნდა გამოიკვლიოთ „წმინდა წერილები“. შეიძლება სწავლა დიდად არ გიყვარდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ტიმოთეს უნდა ‘ესწრაფა ღვთისადმი ერთგულებისკენ და მასში უნდა გაწაფულიყო’. ათლეტები მიზნის მისაღწევად თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობენ. მსგავსად ამისა, სულიერი მიზნების მისაღწევად მსხვერპლის გაღება და დიდი ძალისხმევაა საჭირო (1 ტიმოთე 4:7, 8, 10). „როგორ შეიძლება დამეხმაროს ბიბლიის შესწავლა დასახული მიზნების მიღწევაში?“ — შეიძლება იკითხოთ თქვენ. მაგალითისთვის განვიხილოთ სამი მიზანი, რომლის მიღწევაშიც ბიბლიის შესწავლა გვეხმარება.

10, 11. როგორ აღგძრავთ ბიბლია სულიერი მიზნების განსახორციელებლად? მოიყვანეთ მაგალითი.

10 პირველი, ბიბლიის დახმარებით სწორი აღძვრები გექნებათ. ბიბლიაში აღწერილია ჩვენი ზეციერი მამის დიდებული თვისებები, მის მიერ ჩვენ საკეთილდღეოდ გამოვლენილი უდიდესი სიყვარული და მარადიული კურთხევები, რაც ერთგულ მსახურებს ელოდებათ (ამოსი 3:7; იოანე 3:16; რომაელები 15:4). იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებასთან ერთად გაგიღრმავდებათ მისდამი სიყვარული და მისთვის თავის მიძღვნის სურვილი.

11 ბევრი ახალგაზრდა ქრისტიანი ამბობს, რომ ბიბლიის რეგულარული შესწავლა მნიშნვნელოვნად დაეხმარა ჭეშმარიტების გათავისებაში. მაგალითად, ადელი ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ სულიერი მიზნები არასდროს დაუსახავს. ის ყვება: „მშობლებს სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დავყავდი, მაგრამ არასდროს ვუთმობდი დროს პირად შესწავლას, და პროგრამასაც არ ვუსმენდი“. მას შემდეგ, რაც ადელის და მოინათლა, ის უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდა ჭეშმარიტებას. ადელი განაგრძობს: „გადავწყვიტე, ბიბლია თავიდან ბოლომდე წამეკითხა. ცოტ-ცოტას ვკითხულობდი და წაკითხულის შესახებ მოკლე ჩანაწერებს ვაკეთებდი. დღემდე მაქვს ეს ჩანაწერები. ერთ წელიწედში მთელი ბიბლია წავიკითხე“. შედეგად, ადელი აღიძრა, თავი მიეძღვნა იეჰოვასთვის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის მიუხედავად, ის ახლა პიონერი, სრული დროით მქადაგებელია.

12, 13. ა) რა ცვლილებების მოხდენაში დაეხმარება ბიბლიის შესწავლა ახალგაზრდას და როგორ? ბ) რომელი მაგალითები ადასტურებს, რომ ღვთის სიტყვა სიბრძნის წყაროა.

12 მეორე, ბიბლია საკუთარი პიროვნების შეცვლაში დაგეხმარებათ. პავლემ ტიმოთეს უთხრა, რომ „წმინდა წერილები“ „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ღვთის სიტყვიდან წაკითხულზე რეგულარულად ფიქრითა და ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებით ღვთის წმინდა სულს თქვენი პიროვნების დახვეწის საშუალებას მისცემთ. შედეგად გამოიმუშავებთ ისეთ მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიცაა თავმდაბლობა, სიმტკიცე, შრომისმოყვარეობა და თანაქრისტიანებისადმი ნამდვილი სიყვარული (1 ტიმოთე 4:15). ტიმოთეს ჰქონდა ეს თვისებები და სწორედ ამ თვისებების გამო გახდა ის კარგი დამხმარე როგორც პავლესთვის, ისე კრებისთვის (ფილიპელები 2:20—22).

13 მესამე, ღვთის სიტყვა სიბრძნის წყაროა (ფსალმუნი 1:1—3; 19:7; 2 ტიმოთე 2:7; 3:15). ღვთიური სიბრძნე დაგეხმარებათ, გონივრულად აირჩიოთ მეგობრები, ჯანსაღი გართობა, და ამავე დროს სხვა უამრავ სირთულეს გაუმკლავდეთ (დაბადება 34:1, 2; ფსალმუნი 119:37; 1 კორინთელები 7:36). დღეს გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მომავალში სულიერი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

„იბრძოლეთ . . . ღირსეულ ბრძოლაში“

14. რატომ არ არის ადვილი უპირველესად სულიერი მიზნების განხორციელება?

14 ყველაზე გონივრულია უპირველესად იმ მიზნებისკენ სწრაფვა, რომლებიც იეჰოვას განადიდებს, მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არის. მაგალითად, როდესაც საქმე მიდგება პროფესიის არჩევაზე, შეიძლება ნათესავების, თანატოლებისა და კეთილმოსურნე მასწავლებლების მხრიდან დიდი ზეწოლა განიცადოთ, რადგან მათ სჯერათ, რომ უმაღლესი განათლება და პრესტიჟული პროფესია ნამდვილ წარმატებასა და ბედნიერებას მოგიტანთ (რომაელები 12:2). ტიმოთეს მსგავსად, საჭიროა თქვენც „იბრძოლოთ რწმენის ღირსეულ ბრძოლაში“, რათა „მტკიცედ ჩაეჭიდოთ მარადიულ სიცოცხლეს“, რომელსაც იეჰოვა გპირდებათ (1 ტიმოთე 6:12; 2 ტიმოთე 3:12).

15. როგორც ჩანს, რა წინააღმდეგობას წააწყდებოდა ტიმოთე?

15 განსაკუთრებით რთულია, როდესაც ოჯახის წევრი, რომელიც თქვენს რწმენას არ იზიარებს, თქვენს არჩევანს არ იწონებს. როგორც ჩანს, ტიმოთესაც მოუწია მსგავსი წინააღმდეგობის გადალახვა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ტიმოთეს ოჯახი, როგორც ჩანს, „საზოგადოების განათლებულ და მდიდარ ფენას მიეკუთვნებოდა“. ტიმოთეს მამა, ალბათ, მოელოდა, რომ შვილი კარგ განათლებას მიიღებდა და მამის საქმეს განაგრძობდა *“. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდა ტიმოთეს მამას, როდესაც გაიგებდა, რომ მისმა ვაჟმა სახიფათო და ფინანანსურად არასახარბიელო საქმიანობა — პავლესთან ერთად მისიონერული მსახურება — წამოიწყო!

16. როგორ გაუძლო ერთმა ახალგაზრდამ მშობლის ზეწოლას?

16 ახალგაზრდა ქრისტიანები დღეს მსგავს სირთულეებს აწყდებიან. მათე, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ ფილიალში მსახურობს, იხსენებს: „მამას ძალიან ეტკინა გული, როცა გაიგო, რომ პიონერად დავიწყე მსახურება. ის ფიქრობდა, რომ ტყუილუბრალოდ ვისწავლე, რადგან თავის სარჩენად მეეზოვედ ვმუშაობდი. ის დამცინოდა და მიმეორებდა, რამდენის გამომუშავებას შევძლებდი, სრულ განაკვეთზე რომ მემუშავა“. როგორ გაუძლო მათემ ასეთ ზეწოლას? „ყოველდღიურად ვკითხულობდი ბიბლიას და გამუდმებით ვლოცულობდი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადვილად შეიძლებოდა დამეკარგა წონასწორობა“. მათეს სიმტკიცე დაჯილდოვდა. დროთა განმავლობაში მამა-შვილის ურთიერთობა გაუმჯობესდა. მათე იეჰოვასაც უფრო დაუახლოვდა. ის ამბობს: „დავინახე, როგორ ზრუნავდა იეჰოვა ჩემს მოთხოვნილებებზე, როგორ მამხნევებდა, და მისი შემწეობით არასწორ გადაწყვეტილებებს არ ვიღებდი. ვერასდროს გამოვცდიდი ამას საკუთარ თავზე, სულიერი მიზნების განხორციელებისკენ რომ არ მესწრაფა“.

ყურადღება სულიერ მიზნებზე გაამახვილეთ

17. როგორ შეიძლება ზოგმა დაუფიქრებლად გაუტეხოს გული მათ, ვინც სრული დროით მსახურების დაწყებას აპირებს? (მათე 16:22).

17 სულიერი მიზნების განხორციელებისკენ სწრაფვაში არცთუ ისე ადვილად შესამჩნევი ცუდი გავლენა შეიძლება თქვენზე თანამორწმუნეებმაც იქონიონ. ზოგმა შეიძლება გკითხოთ: „რა საჭიროა პიონერული მსახურება?! შეგიძლია ნორმალურად იცხოვრო და მსახურებაშიც მიიღო მონაწილეობა. იშოვე კარგი სამუშაო, ფინანსურად რომ უზრუნველყო საკუთარი თავი“. ეს რჩევა, ერთი შეხედვით, შეიძლება გონივრული მოგეჩვენოთ, მაგრამ განა შეგიწყობდათ ხელს, გესწრაფათ ღვთისადმი ერთგულებისკენ და გაწაფულიყავით მასში?

18, 19. ა) როგორ შეგიძლიათ ყურადღება სულიერ მიზნებზე გქონდეთ კონცენტრირებული? ბ) გაგვიზიარეთ, თქვენ, როგორც ახალგაზრდა, რა მსხვერპლს იღებთ სამეფოს ინტერესებისთვის?

18 როგორც ჩანს, ტიმოთეს თანამედროვე ზოგ ქრისტიანსაც ჰქონდა მსგავსი აზროვნება (1 ტიმოთე 6:17). ტიმოთეს რომ ყურადღება სულიერ მიზნებზე ჰქონოდა კონცენტრირებული, პავლემ მოუწოდა: „არც ერთი მეომარი არ ეფლობა ცხოვრებისეულ სავაჭრო საქმეებში, რათა იმის მოწონება დაიმსახუროს, ვინც მებრძოლთა რიგებში მიიღო“ (2 ტიმოთე 2:4). ვერც ერთი ჯარისკაცი ყურადღებას სამოქალაქო საქმეებზე ვერ გადაიტანს. მეთაურის ბრძანების შესასრულებლად ჯარისკაცის მზადყოფნაზეა დამოკიდებული როგორც მისი, ისე სხვების სიცოცხლე. როგორც ქრისტეს მეომარი, თქვენც მიზანდასახული უნდა იყოთ და არ უნდა დაუშვათ, რომ შეგბორკოთ მატერიალურ სიმდიდრეზე მეტისმეტად ზრუნვამ, რაც ხელს შეგიშლიდათ, სრული მონაწილეობა მიგეღოთ სიცოცხლის გადამრჩენ მსახურებაში (მათე 6:24; 1 ტიმოთე 4:16; 2 ტიმოთე 4:2, 5).

19 განივითარეთ თავგანწირვის სულისკვეთება ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველ ცხოვრებას ესწრაფოდეთ. „როგორც ქრისტე იესოს მეომარი, მზად იყავით, დათმოთ უზრუნველი ცხოვრება“ (2 ტიმოთე 2:3, The English Bible in Basic English). პავლესთან მეგობრობით ტიმოთე ჩასწვდა საიდუმლოს, როგორ შეიძლებოდა ურთულეს ვითარებაშიც კი ყოფილიყო კმაყოფილი (ფილიპელები 4:11, 12; 1 ტიმოთე 6:6—8). ეს თქვენთვისაც შესაძლებელია. ხართ მზად, მსხვერპლი გაიღოთ სამეფოს ინტერესებისთვის?

კურთხევები დღეს და მომავალში

20, 21. ა) ჩამოთვალეთ კურთხევები, რომლებიც სულიერი მიზნების განხორციელებისკენ სწრაფვას მოაქვს. ბ) რა გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული?

20 ტიმოთე დაახლოებით 15 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა პავლესთან. ტიმოთეს თვალწინ ჩამოყალიბდა ახალი კრებები მას შემდეგ, რაც სასიხარულო ცნობა ხმელთაშუა ზღვის თითქმის მთელ ჩრდილოეთ მხარეში გავრცელდა. მისი ცხოვრება ბევრად უფრო სასიამოვნო და კმაყოფილების მომგვრელი იყო, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, მას რომ „ნორმალური“ ცხოვრება აერჩია. თუ სულიერი მიზნების განხორციელებისკენ ისწრაფვით, თქვენც მოიმკით ფასდაუდებელ სულიერ კურთხევებს. დაუახლოვდებით იეჰოვას და თანაქრისტიანთა სიყვარულსა და პატივისცემას დაიმსახურებთ. აირიდებთ სიმდიდრისკენ სწრაფვით გამოწვეულ ტკივილსა და გულგატეხილობას და ნაცვლად ამისა, დატკბებით ნამდვილი ბედნიერებით, რომელიც უანგაროდ გაცემას მოაქვს. და რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ჩაეჭიდებით „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ ანუ მარადიულ ცხოვრებას სამოთხეში დედამიწაზე (1 ტიმოთე 6:9, 10, 17—19; საქმეები 20:35).

21 ამგვარად, თუ ჯერ კიდევ არ შედგომიხართ სულიერი მიზნების განხორციელებას, გულითადად მოგიწოდებთ, ისწრაფოთ ღვთისადმი ერთგულებისკენ და გაიწაფოთ მასში. დაუახლოვდით კრების იმ წევრებს, რომლებიც სულიერი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან, და სთხოვეთ მათ რჩევები. პირველ ადგილზე დააყენეთ ღვთის სიტყვის რეგულურად შესწავლა. მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ წინ აღუდგეთ ამ ქვეყნიერების მატერიალისტურ სულს. და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ, თუ ისეთ მიზნებს დაისახავთ, რომლებიც ღმერთს განადიდებს, იეჰოვა, „რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს“, აღგითქვამთ უხვ კურთხევებს ახლაც და მომავალშიც (1 ტიმოთე 6:17).

[სქოლიო]

^ აბზ. 15 ბერძნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ განათლებას. პლუტარქე, ტიმოთეს თანამედროვე, წერდა: „კარგი განათლების მიღება ყოველგვარი სიკეთის წყაროა . . . ჩემი აზრით, განათლება ხელს უწყობს ზნეობრივად დახვეწას და ბედნიერებას . . . სხვა ყველაფერი არარაობაა და მათზე სერიოზულად დაფიქრება არც კი ღირს“ (Moralia I, “The Education of Children”).

გახსოვთ თუ არა?

• სად შეუძლიათ ახალგაზრდებს სულიერი მიზნების განსახორციელებლად დახმარების მიღება?

• რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ბიბლიის გულმოდგინედ შესწავლა?

• როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, წინ აღუდგნენ ქვეყნიერების გავლენას, რომელშიც მატერიალისტური სულია გაბატონებული?

• რა კურთხევები მოაქვს სულიერი მიზნების განხორციელებისკენ სწრაფვას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 24 გვერდზე]

ტიმოთემ განახორციელა სულიერი მიზნები.

[სურათები 25 გვერდზე]

რამ იქონია ტიმოთეზე დადებითი გავლენა?

[სურათები 26 გვერდზე]

ისწრაფვით სულიერი მიზნების განხორციელებისკენ?