არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაე, ღვთის სიტყვამ წარმართოს თქვენი ნაბიჯები!

დაე, ღვთის სიტყვამ წარმართოს თქვენი ნაბიჯები!

დაე, ღვთის სიტყვამ წარმართოს თქვენი ნაბიჯები!

„შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის და სინათლეა ჩემი სავალისთვის“ (ფსალმუნი 119:105).

1, 2. რატომ ვერ პოვა ადამიანთა უმრავლესობამ ჭეშმარიტი მშვიდობა და ბედნიერება?

ყოფილხართ ოდესმე ისეთ სიტუაციაში, როცა გზის გასაგნებად ვინმეს რჩევა დაგჭირვებიათ? შესაძლოა, ახლოს იყავით დანიშნულების ადგილთან, მაგრამ ზუსტად არ იცოდით, როგორ უნდა მისულიყავით იქამდე; ან შეიძლება სულ სხვა გზით წახვედით და შემდეგ სულ სხვა მიმართულებით მოგიწიათ წასვლა. განა გონივრული არ იქნებოდა ორივე შემთხვევაში გაგეთვალისწინებინათ იმ ადამიანის რჩევა, რომელიც კარგად იცნობს აღნიშნულ ტერიტორიას? მისი რჩევა დანიშნულების ადგილზე მისვლაში დაგეხმარებოდათ.

2 ათასობით წლის განმავლობაში ადამიანთა უმრავლესობა ცდილობდა, ღვთის დახმარების გარეშე გაეკვლია ცხოვრების გზა. მაგრამ საკუთარი თავის იმედად დარჩენილ არასრულყოფილ ადამიანებს სულ აებნათ გზა-კვალი. მათ არ შესწევთ ძალა, ჭეშმარიტი მშვიდობა და ბედნიერება პოვონ. რატომ? 2 500-ზე მეტი წლის წინათ წინასწარმეტყველმა იერემიამ თქვა: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ნებისმიერის მცდელობა, ვინც სათანადო დახმარების გარეშე ცდილობს საკუთარი ნაბიჯების წარმართვას, მარცხით სრულდება. აშკარაა, რომ ადამიანებს ხელმძღვანელობა სჭირდებათ!

3. რატომ შეუძლია იეჰოვა ღმერთს საუკეთესო დახმარების გაწევა, და რას გვპირდება ის?

3 იეჰოვა ღმერთს საუკეთესოდ შეუძლია ხელმძღვანელობის გაწევა. რატომ? მან, ისე როგორც არავინ, ყველაფერი იცის ადამიანის შესახებ. მან კარგად იცის, როგორ გადაუხვიეს ადამიანებმა სწორი გზიდან და როგორ აებნათ გზა-კვალი. მან ისიც იცის, თუ რა არის საჭირო სწორ გზაზე დასაბრუნებლად. უფრო მეტიც, იეჰოვამ, როგორც შემოქმედმა, ყოველთვის იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო (ესაია 48:17). ამიტომ, შეგვიძლია სრულად ვენდოთ მის დანაპირებს, რომელიც ფსალმუნის 32:8-შია ჩაწერილი: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“. ეჭვგარეშეა, რომ იეჰოვას საუკეთესო ხელმძღვანელობის გაწევა შეუძლია. მაგრამ როგორ?

4, 5. როგორ გვხელმძღვანელობს ღვთის სიტყვა?

4 ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას ლოცვაში უთხრა: „შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის და სინათლეა ჩემი სავალისთვის“ (ფსალმუნი 119:105). ღვთის სიტყვები და შეხსენებები ბიბლიაშია მოცემული; მათი დახმარებით შესაძლებელია იმ დაბრკოლებების გადალახვა, რომლებსაც ცხოვრების გზაზე ვაწყდებით. როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ და წაკითხულით ვხელმძღვანელობთ, ჩვენზეც სრულდება ესაიას 30:21-ში ჩაწერილი სიტყვები: «შენს ყურს უკნიდან მოესმება სიტყვა: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“».

5 ყურადღება მიაქციეთ, ფსალმუნის 119:105-ში რომელ ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ მიზანს ემსახურება ღვთის სიტყვა. პირველი, ის ლამპარია ჩვენი ფეხისთვის. როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სირთულეებს ვაწყდებით, ბიბლიაში მოცემული პრინციპები ჩვენს ნაბიჯებს ისე წარმართავს, რომ გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ და ამ წუთისოფლის მახეებსა და ხაფანგებს ავცდეთ. მეორე, ღვთის შეხსენებები სინათლეა ჩვენი სავალისთვის; ის ისეთი არჩევნის გაკეთებაში გვეხმარება, რომელიც ღვთის აღთქმულ სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედს არ დაგვაკარგვინებს. როდესაც გზა განათებულია, ადვილად შევძლებთ იმის დანახვას, როგორი იქნება ამა თუ იმ კურსის აღების შედეგები — კარგი თუ ცუდი (რომაელები 14:21; 1 ტიმოთე 6:9; გამოცხადება 22:12). მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ, როგორ შეიძლება იყოს ღვთის სიტყვა ლამპარი ჩვენი ფეხისთვის და სინათლე ჩვენი სავალისთვის.

ლამპარი ჩემი ფეხისთვის“

6. რა სიტუაციებში შეიძლება ღვთის სიტყვა ლამპარი იყოს ჩვენი ფეხისთვის?

6 ჩვენ ყოველდღე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ზოგი გადაწყვეტილება შეიძლება შედარებით უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ ზოგჯერ ზნეობასთან, პატიოსნებასთან და ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა გვიწევს. ამგვარ გამოცდებს წარმატებით რომ გავუმკლავდეთ, საჭიროა, ‘აღქმის უნარი გაწაფული გვქონდეს კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელები 5:14). თუ ღვთის სიტყვიდან საფუძვლიან ცოდნას მივიღებთ და მის პრინციპებს ჩავწვდებით, ჩვენი სინდისი განისწავლება, ეს კი ღვთისმოსაწონი გადაწყვეტილებების მიღებას შეგვაძლებინებს (იგავები 3:21).

7. აღწერეთ სიტუაცია, როდესაც ქრისტიანს შეიძლება სხვა მრწამსის ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდეს.

7 განვიხილოთ ერთი მაგალითი. ხართ თქვენ ისეთი ადამიანი, რომელიც გულწრფელად ცდილობს იეჰოვას გულის გახარებას? (იგავები 27:11). თუ ასეა, ქებას იმსახურებთ. მაგრამ, ვთქვათ, თანამშრომლები სპორტულ ღონისძიებაზე გეპატიჟებიან და ბილეთს გთავაზობენ. მათ მოსწონთ თქვენთან ურთიერთობა სამსახურში და სურთ, თავისუფალი დროც თქვენთან ერთად გაატარონ. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ისინი არ არიან ცუდი ადამიანები; მათ შეიძლება კარგი თვისებები ჰქონდეთ. როგორ მოიქცეოდით? შეგიქმნიდათ რაიმე საშიშროებას ამ მოწვევის მიღება? როგორ დაგეხმარებოდათ ღვთის სიტყვა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში?

8. რომელი ბიბლიური პრინციპი დაგვეხმარება ურთიერთობებზე დაფიქრებისას?

8 განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური პრინციპი. პირველი, რაც უცებ გვახსენდება, 1 კორინთელების 15:33-შია მოცემული: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“. ნიშნავს ამ პრინციპის გათვალისწინება იმას, რომ არანაირი ურთიერთობა არ უნდა ვიქონიოთ სხვა მრწამსის ადამიანებთან? ამ კითხვაზე ბიბლიის პასუხი უარყოფითია. მოციქულმა პავლემ თავად გამოავლინა სიყვარული ყველას მიმართ და, მათ შორის, მათ მიმართ, ვინც მის რწმენას არ იზიარებდა (1 კორინთელები 9:22). ქრისტიანობის არსი სწორედ ის არის, რომ სხვებისადმი, მათ შორის სხვა მრწამსის ადამიანებისადმი, ინტერესი გამოვავლინოთ (რომაელები 10:13—15). თუ ურთიერთობა არ გვექნება ხალხთან, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ, როგორ გავითვალისწინებთ რჩევას, „ყველას სიკეთე გავუკეთოთ“? (გალატელები 6:10).

9. რომელი ბიბლიური პრინციპი გვეხმარება, გაწონასწორებულები ვიყოთ თანამშრომლებთან ურთიერთობისას?

9 მაგრამ თანამშრომლისადმი კარგ დამოკიდებულებასა და ახლო მეგობრობას შორის მკვეთრი სხვაობაა. ამ სხვაობის დანახვაში ერთი ბიბლიური პრინციპი გვეხმარება. მოციქულმა პავლემ ქრისტიანები გააფრთხილა: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“ (2 კორინთელები 6:14). რას ნიშნავს ფრაზა: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში“? ზოგ თარგმანში ეს ფრაზა ასეა გადმოტანილი: „ნუ გაერთიანდებით“, „ნუ ეცდებით, ისე ითანამშრომლოთ, თითქოს ერთნაირები იყოთ“ ან „ნუღარ დაიწყებთ უმართებულო ურთიერთობებს“. როდის ხდება თანამშრომელთან ურთიერთობა უმართებულო? როდის სცდებით საზღვარს და როდის ებმებით უთანასწორო უღელში? ასეთ შემთხვევაში ღვთის სიტყვას, ბიბლიას, შეუძლია თქვენი ნაბიჯების წარმართვა.

10. ა) როგორ ირჩევდა იესო მეგობრებს? ბ) რა კითხვები დაეხმარება ქრისტიანს, როდესაც წყვეტს, ვისთან იქონიოს ახლო ურთიერთობა?

10 განვიხილოთ იესოს მაგალითი. იესოს ადამიანები მათი შექმნიდანვე უყვარდა (იგავები 8:31). დედამიწაზე ყოფნისას თავის მიმდევრებთან მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა (იოანე 13:1). მან სიყვარული გამოავლინა იმ ადამიანის მიმართაც კი, რომელსაც არასწორი რელიგიური შეხედულება ჰქონდა (მარკოზი 10:17—22). მაგრამ იესო ყველას არ ირჩევდა ახლო მეგობრად. ის არ ავითარებდა ახლო ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებიც გულწრფელად არ იყვნენ დაინტერესებულნი მისი მამის ნების შესრულებით. ერთხელ იესომ თქვა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოანე 15:14). ცხადია, რომელიმე თანამშრომელთან შეიძლება კარგი ურთიერთობა გქონდეთ, მაგრამ საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „მოისურვებს ეს ადამიანი იესოს მცნების დაცვას? სურს მას, გაიცნოს იეჰოვა, ვის თაყვანისცემასაც იესო გვასწავლის? აქვს მას ისეთივე ნორმები, როგორიც მე, ქრისტიანს, მაქვს?“ (მათე 4:10). ამ კითხვებზე პასუხი აშკარა გახდება, როცა მას ბიბლიაზე დაელაპარაკებით და მასში მოცემული ზნეობრივი ნორმების დაცვის აუცილებლობას დაანახვებთ.

11. რა შემთხვევებში უნდა წარმართოს ღვთის სიტყვამ ჩვენი ნაბიჯები?

11 არსებობს სხვა მრავალი შემთხვევა, როდესაც ღვთის სიტყვა შეიძლება ლამპარი იყოს ჩვენი ფეხისთვის. დავუშვათ, უმუშევარ ქრისტიანს სასწრაფოდ სჭირდება სამსახური. ამ დროს მას სთავაზობენ სამუშაოს, მაგრამ გრაფიკი ისეთია, რომ მას დროდადრო გაუცდება ქრისტიანული შეხვედრები და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას (ფსალმუნი 37:25). ზოგი ქრისტიანი შეიძლება დადგეს დიდი ცდუნების წინაშე და უყუროს ისეთ გასართობ პროგრამებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს (ეფესოელები 4:17—19). ზოგიც შეიძლება ადვილად გააღიზიანოს თანამორწმუნეთა არასრულყოფილებამ (კოლოსელები 3:13). მსგავს სიტუაციებში ღვთის სიტყვა უნდა იყოს ლამპარი ჩვენი ფეხისთვის. მართლაც, ბიბლიური პრინციპების გამოყენებით ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებას შევძლებთ. ღვთის სიტყვა „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16).

„სინათლე ჩემი სავალისთვის“

12. როგორ გვინათებს ღვთის სიტყვა სავალ გზას?

12 ფსალმუნის 119:105-ში აგრეთვე ნათქვამია, რომ ღვთის სიტყვა სინათლეა ჩვენი სავალისთვის, ანუ ჩვენი ბილიკის გამნათებელია. რაც შეეხება მომავალს, არ ვართ სიბნელეში დატოვებულნი, რადგან ბიბლია გვიხსნის იმ შემაშფოთებელ მოვლენათა მიზეზს, რომლებიც დღეს ქვეყნიერებაში ხდება, და იმასაც გვამცნობს, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. ჩვენ გვესმის, რომ ბოროტი ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5). იმის ცოდნამ, თუ რა გველის მომავალში, დღეს ჩვენი ცხოვრების წესზე დიდი გავლენა უნდა იქონიოს. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „თუ ყველაფერი ასე დაიშლება, მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე!“ (2 პეტრე 3:11, 12).

13. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენს აზროვნებასა და ცხოვრების წესზე იმ ფაქტმა, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ?

13 ჩვენი აზროვნება და ცხოვრების წესი უნდა ცხადყოფდეს, რომ ღრმად ვართ დარწმუნებული შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“ (1 იოანე 2:17). ბიბლიის ხელმძღვანელობის მიყოლა გვეხმარება სწორი მიზნების დასახვაში. მაგალითად, იესომ თქვა: „ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:33). ქებას იმსახურებს მრავალი ახალგაზრდა, რომლებსაც სწამთ იესოს ამ სიტყვებისა და სრული დროით მსახურობენ! ცალკეული ადამიანები თუ ოჯახები გადავიდნენ იქ, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.

14. როგორ გააფართოვა ერთმა ქრისტიანულმა ოჯახმა მსახურება?

14 განვიხილოთ ერთი ქრისტიანული ოჯახის მაგალითი, რომელშიც ოთხი წევრია. ისინი შეერთებული შტატებიდან გადავიდნენ დომინიკელთა რესპუბლიკის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც 50 000 კაცი ცხოვრობს. კრებაში დაახლოებით 130 მაუწყებელია, თუმცა 2006 წლის 12 აპრილს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დაახლოებით 1 300 ადამიანი დაესწრო. იქ იმდენად იყო „ყანები . . . გადათეთრებული მოსამკელად“, რომ ხუთი თვის შემდეგ ამ ოჯახის წევრები 30 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ (იოანე 4:35). ოჯახის თავი ყვება: „ამ კრებაში 30 და-ძმა ჩამოვიდა დასახმარებლად. აქედან დაახლოებით 20 შეერთებული შტატებიდან იყო, დანარჩენი კი ბაჰამის კუნძულებიდან, კანადიდან, იტალიიდან, ახალი ზელანდიიდან და ესპანეთიდან. ისინი ენთუზიაზმით ქადაგებდნენ, რაც ადგილობრივ ძმებსაც გადაედოთ“.

15. რა კურთხევებს მოიმკით, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებთ?

15 გასაგებია, რომ ბევრს მდგომარეობა ნებას არ რთავს, იმსახუროს იმ ქვეყანაში, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა; მაგრამ ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს ან ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეძლოს ამგვარად მსახურება, უეჭველად მრავალ კურთხევას მოიმკის. იმის მიუხედავად, თუ სად მსახურობთ, არაფერს დართოთ ნება, დაგაკარგვინოთ სიხარული, რაც იეჰოვასთვის მთელი ძალით მსახურებას მოაქვს. თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებთ, იეჰოვა გპირდებათ, რომ ‘გაგიხსნით ცის კარიბჭეებს და თქვენზე გადმოცლის უხვ კურთხევას’ (მალაქია 3:10).

სარგებლობა, რომელიც იეჰოვას ხელმძღვანელობას მოაქვს

16. რა სარგებლობას მოგვიტანს იეჰოვას სიტყვით ხელმძღვანელობა?

16 როგორც დავინახეთ, იეჰოვას სიტყვა ორი სახით გვხელმძღვანელობს. ის ლამპარია ჩვენი ფეხისთვის; სწორი კურსით სვლაში გვეხმარება და გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობას გვიწევს. ღვთის სიტყვა სავალს გვინათებს და გზის ნათლად დანახვის საშუალებას გვაძლევს. ეს კი გვეხმარება, ყურად ვიღოთ პეტრეს დარიგება: „მოამზადეთ გონება, რომ იმოქმედოთ, იფხიზლეთ ყველაფერში და იქონიეთ იმ წყალობის იმედი, რომელიც თქვენდამი გამოვლინდება იესო ქრისტეს გამოცხადებისას“ (1 პეტრე 1:13).

17. როგორ დაგვეხმარება ბიბლიის შესწავლა ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლაში?

17 უდავოა, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობის გარეშე არავის ტოვებს. მაგრამ მიჰყვებით კი მის ხელმძღვანელობას?! რომ გავიგოთ, რა ხელმძღვანელობას გვთავაზობს იეჰოვა, აუცილებელია, ყოველდღე იკითხოთ ბიბლია და იფიქროთ წაკითხულზე; ეცადეთ, ჩასწვდეთ, რა არის იეჰოვას ნება მოცემულ შემთხვევაში; და გაანალიზეთ, რა და რა სახით შეგიძლიათ წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენება (1 ტიმოთე 4:15). ამის შემდეგ კი მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილებები (რომაელები 12:1).

18. რა ჯილდოს მივიღებთ, თუ ღვთის სიტყვით ვიხელმძღვანელებთ?

18 თუ ღვთის სიტყვაში მოცემულ პრინციპებს გამოვიყენებთ, გადაწყვეტილებების მიღებისას ის გზას გაგვინათებს და საჭირო ხელმძღვანელობას გაგვიწევს. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას სიტყვა „დააბრძენებს გამოუცდელებს“ (ფსალმუნი 19:7). თუ ბიბლიით ვიხელმძღვანელებთ, სუფთა სინდისი და კმაყოფილების გრძნობა გვექნება იმის გამო, რომ იეჰოვას ვასიამოვნეთ (1 ტიმოთე 1:18, 19). თუ ღვთის სიტყვას ყოველდღიურად მივცემთ ჩვენი ნაბიჯების წარმართვის საშუალებას, იეჰოვა მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოებს (იოანე 17:3).

გახსოვთ თუ არა?

• რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ იეჰოვას ჩვენი ნაბიჯების წარმართვის საშუალება მივცეთ?

• როგორ შეიძლება ღვთის სიტყვა ლამპარი იყოს ჩვენი ფეხისთვის?

• როგორ შეიძლება ღვთის სიტყვა სინათლე იყოს ჩვენი სავალისთვის?

• როგორ დაგვეხმარება ბიბლიის შესწავლა ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

როდის სცდება გონიერების ფარგლებს სხვა მრწამსის ადამიანებთან ურთიერთობა?

[სურათი 16 გვერდზე]

იესოს ახლო მეგობრები ისინი იყვნენ, ვინც იეჰოვას ნებას ასრულებდნენ.

[სურათები 17 გვერდზე]

ცხადყოფს ჩვენი ცხოვრების წესი, რომ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე ვაყენებთ?