მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
როდის შეწყდება ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანთა არჩევა?
ბიბლიაში ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არის მოცემული. ვიცით, რომ იესოს ცხებულ მოწაფეთა არჩევა, რომლებიც ზეციურ მემკვიდრეობას მიიღებდნენ, ახ. წ. 33 წელს დაიწყო (საქმეები 2:1—4). ისიც ცნობილია, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ ცხებული ქრისტიანები, ანუ „ხორბალი“, ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებთან, ანუ „სარეველასთან“, ერთად იზრდებოდა (მათე 13:24—30). მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან ცხებული ქრისტიანები კვლავ გააქტიურდნენ. 1919 წელს „დედამიწაზე სამკალის“, მათ შორის ცხებულთა ბოლო წევრების, „მკა“ დაიწყო (გამოცხადება 14:15, 16).
XIX საუკუნის მიწურულიდან 1931 წლამდე ქადაგების მთავარი მიზანი ქრისტეს სხეულის „დარჩენილი ნაწილის“ თავმოყრა იყო. 1931 წელს ბიბლიის მკლევარებს ბიბლიური სახელი — იეჰოვას მოწმეები — დაერქვათ; 1933 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ კი ნათქვამი იყო, რომ ეს განსაკუთრებული სახელი მიუთითებდა იესოს იმ იგავში მოხსენიებულ „დინარზე“, რომელიც მათეს 20:1—16-შია ჩაწერილი. ფიქრობდნენ, რომ იგავში მოხსენიებული 12 საათი 1919 წლიდან 1931 წლამდე განვლილ 12 წელს შეესაბამებოდა. ამის შემდეგ წლების მანძილზე სწამდათ, რომ ზეციერი სამეფოსთვის მოწოდება 1931 წელს დასრულდა და ისინი, ვინც 1930—1931 წლებში ქრისტეს თანამემკვიდრენი გახდნენ, „ბოლოს“ მოწოდებულნი იყვნენ (მათე 20:6—8). მაგრამ 1966 წელს ეს იგავი ახლებურად აიხსნა და ნათელი გახდა, რომ ის არანაირად არ მიუთითებდა ცხებულთა მოწოდების დასასრულზე.
1935 წელს გაიგეს, რომ გამოცხადების 7:9—15-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“ „სხვა ცხვარი“ ანუ მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც მსოფლიო არენაზე „ბოლო დღეებში“ გამოჩნდებოდნენ და, როგორც ჯგუფი, არმაგედონს გადაიტანდნენ (იოანე 10:16; 2 ტიმოთე 3:1; გამოცხადება 21:3, 4). ერთი წლის შემდეგ მოწაფეების მომზადების შედეგად სწრაფად დაიწყო უამრავი ხალხის შეკრება. ამიტომ განსაკუთრებით 1966 წლის შემდეგ სჯეროდათ, რომ ზეციერი მოწოდების მქონეთა შეკრება 1935 წელს შეწყდა. ეს მოსაზრება თითქოს იმითაც დასტურდებოდა, რომ 1935 წლის შემდეგ თითქმის ყველა მონათლულს დედამიწაზე ცხოვრების იმედი ჰქონდა. ამიტომ, დარწმუნებული იყვნენ, რომ ნებისმიერი, ვინც 1935 წლის შემდეგ ზეციური იმედისთვის იყო მოწოდებული, იმ ცხებულ ქრისტიანთა ადგილს დაიკავებდა, რომლებმაც ერთგულება არ შეინარჩუნეს.
ეჭვგარეშეა, რომ ცხებულებიდან ნებისმიერ მოუნანიებელ შემცოდველს იეჰოვა სხვა ქრისტიანით ცვლის (რომაელები 11:17—22). მაგრამ ცხებულთა რიცხვი, რომლებიც ერთგულებას არ შეინარჩუნებენ, ალბათ, ძალიან ცოტაა. მეორე მხრივ, გავიდა დრო და 1935 წლის შემდეგ მონათლულ ზოგ ქრისტიანს წმინდა სულმა დაუმოწმა, რომ ზეციერი იმედი ჰქონდა (რომაელები 8:16, 17). ამგვარად, როგორც ჩანს, ჩვენ ვერ დავასახელებთ კონკრეტულ თარიღს, თუ როდის წყდება ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანთა მოწოდება.
როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს იმ ქრისტიანის მიმართ, რომელიც თავის გულში წყვეტს, რომ ცხებულია და უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღებას იწყებს? ის არ უნდა განვსაჯოთ. ეს მხოლოდ მას და იეჰოვას ეხება (რომაელები 14:12). ჭეშმარიტი ცხებულები არ ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას. რადგან ცხებულები არიან, არ ფიქრობენ, რომ ისეთი განსაკუთრებული „წვდომის უნარი“ აქვთ, როგორიც უამრავი ხალხის ზოგ გამოცდილ წარმომადგენელსაც კი არა აქვს. მათ არ ჰგონიათ, რომ სხვა ცხვარზე მეტად ეძლევათ წმინდა სული. ისინი სხვებისგან არც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოელიან და არც იმას ამბობენ, რომ სიმბოლოების მიღება მათ კრებაში დანიშნულ უხუცესებზე მაღლა აყენებთ. მათ ახსოვთ, რომ პირველი საუკუნის ზოგი ცხებული ქრისტიანი არც უხუცესად მსახურობდა და არც მომსახურედ (1 ტიმოთე 3:1—10, 12, 13; ტიტე 1:5—9; იაკობი 3:1). ზოგი სულით ცხებული ქრისტიანი სულიერად სუსტიც კი იყო (1 თესალონიკელები 5:14). დები, მიუხედავად იმისა, რომ ცხებულები იყვნენ, კრებაში არ ასწავლიდნენ (1 ტიმოთე 2:11, 12).
ამრიგად, სულით ცხებული ქრისტიანები სხვა ცხვრის წარმომადგენლებთან ერთად ყველანაირად ცდილობენ, რომ სულიერი სიმტკიცე შეინარჩუნონ, სულის ნაყოფი გამოავლინონ და კრებაში მშვიდობას შეუწყონ ხელი. ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით ყველა ქრისტიანი, იქნება ის სულით ცხებული თუ სხვა ცხვარი, გულმოდგინედ მონაწილეობს სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში. სულით ცხებული ქრისტიანები სიამოვნებით აკეთებენ ამას მანამ, სანამ იეჰოვას ნებაა, რომ ისინი დედამიწაზე მსახურობდნენ.