არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მოთმინებისა და ნუგეშის“ ღმერთის შემწეობა

„მოთმინებისა და ნუგეშის“ ღმერთის შემწეობა

„მოთმინებისა და ნუგეშის“ ღმერთის შემწეობა

დაახლოებით 2 000 წლის წინათ მოციქულმა პავლემ იეჰოვას „მოთმინებისა და ნუგეშის“ წყარო უწოდა (რომაელები 15:5). ბიბლიური ცნობის თანახმად, იეჰოვა არასდროს იცვლება, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ ის დღემდე ანუგეშებს თავის მსახურებს (იაკობი 1:17). ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ იეჰოვა სხვადასხვა საშუალებით ანუგეშებს მგლოვიარეთ. რომელია ზოგი მათგანი? იეჰოვა აძლიერებს მათ, ვინც ლოცვით სთხოვს შემწეობას; თანამორწმუნეების სანუგეშებლად ჭეშმარიტ ქრისტიანებს აღძრავს; და თავის სიტყვაში მოცემული გულში ჩამწვდომი მაგალითებით ძალებს მატებს განსაკუთრებით მათ, ვისაც შვილი სიკვდილმა გამოაცალა ხელიდან. მოდი, განვიხილოთ ეს სამი საშუალება.

იეჰოვამ მოუსმინა“

დავით მეფემ შემოქმედის, იეჰოვას შესახებ დაწერა: „მუდამ მასზე დაამყარეთ იმედი, ხალხო, გული გადმოუღვარეთ მას. ღმერთია ჩვენი თავშესაფარი“ (ფსალმუნი 62:8). რა აძლევდა დავითს იეჰოვასადმი ასეთი ნდობის საფუძველს? ის საკუთარ თავს გულისხმობდა ამ სიტყვებში: „მოუხმო დაჩაგრულმა იეჰოვას და მანაც მოუსმინა, ყველა გასაჭირიდან დაიხსნა იგი“ (ფსალმუნი 34:6). დავითი ნებისმიერი გასაჭირის დროს ლოცვით მიმართავდა იეჰოვას და ისიც ყოველთვის ისმენდა მის ლოცვას. მას არაერთხელ გამოუცდია იეჰოვას მხარდაჭერა და შემწეობა, რამაც მოთმინების ძალა მისცა.

მგლოვიარე მშობლებს იმაში დარწმუნება სჭირდებათ, რომ გაუსაძლის ტკივილს იეჰოვა მათ ისევე აატანინებს, როგორც დავითს აატანინა. მათ შეუძლიათ, გული დიდებულ ღმერთს, „ლოცვების მომსმენს“ გადაუშალონ, და დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა უპასუხოდ არ დატოვებს (ფსალმუნი 65:2). წინა სტატიაში მოხსენიებული უილიამი აღნიშნავს: „როცა ვგრძნობდი, რომ ჩემი ბიჭის გარეშე სიცოცხლე გაუსაძლისი იყო, ხშირად ვთხოვდი იეჰოვას შემწეობას. ღმერთი ყოველთვის მამტკიცებდა და ცხოვრების გასაგრძელებლად საჭირო ძალას მაძლევდა“. თუ რწმენით მიმართავთ იეჰოვას, დიდებული ზეციერი ღმერთი თქვენც აგატანინებთ ამ ტკივილს. ის ხომ ჰპირდება თავის ერთგულ მსახურებს: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ესაია 41:13).

ნამდვილი მეგობრების მხარდაჭერა

შვილმკვდარ მშობლებს ხშირად სჭირდებათ დრო, რათა საკუთარი გრძნობები გააცნობიერონ და გული იჯერონ ტირილით. მაგრამ გონივრული არ იქნებოდა, დიდი ხნით განმარტოებულიყვნენ. როგორც იგავების 18:1-შია ნათქვამი, „განმარტოებული კაცი“ თავის თავს ვნებს. ასე რომ, სიფრთხილე მართებს მგლოვიარეს, საკუთარ თავში რომ არ ჩაიკეტოს.

ღვთისმოშიშ მეგობრებს გულმოკლული ჭირისუფლებისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ. იგავების 17:17-ში ნათქვამია: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“. წინა სტატიაში მოხსენიებული ლუსიც აღნიშნავს, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ ერთგული მეგობრების მხარდაჭერა დიდი ნუგეში იყო მისთვის. მეგობრებზე, რომლებიც მისივე კრების წევრები არიან, ლუსი ამბობს: „მათი გვერდით დგომა დიდად მეხმარებოდა მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო შეიძლებოდა სიტყვაც არ ეთქვათ. როცა სახლში მარტო ვრჩებოდი, ერთი მეგობარი ყოველთვის მოდიოდა ხოლმე. მან კარგად იცოდა, რომ მარტო დარჩენილი ცხარე ცრემლით ვტიროდი, და ხშირად სწორედ მაშინ იყო ჩემ გვერდით; ის იჯდა და ჩემთან ერთად ტიროდა. მეორე მეგობარი ყოველდღე მირეკავდა და მამხნევებდა; სხვები კი ხშირად სადილად გვეპატიჟებოდნენ“.

შვილის სიკვდილით გამოწვეული მწვავე ტკივილი ადვილად არ ყუჩდება, მაგრამ ლოცვა და ქრისტიან მეგობრებთან ურთიერთობა ჭეშმარიტად ანუგეშებს მგლოვიარეთ. არაერთ შვილმკვდარ ქრისტიან მშობელს უგრძვნია იეჰოვას მხარდაჭერა. იეჰოვა „კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმუნი 147:3).

მანუგეშებელი ბიბლიური მაგალითები

ლოცვისა და მეგობრების მხარდაჭერის გარდა მგლოვიარეთათვის ღვთის სიტყვაც უშრეტი ნუგეშის წყაროა. ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ იესოს დიდი სურვილი ჰქონდა და ძალაც შესწევდა, ბავშვები მკვდრეთით აღედგინა და დამწუხრებული მშობლების ტკივილი გაექარვებინა. ასეთი მაგალითები ნამდვილად მანუგეშებელია დამწუხრებულებისთვის. მოდი, განვიხილოთ ორი მაგალითი.

ლუკას მე-7 თავში მოთხრობილია, თუ რა მოხდა, როცა იესო ქალაქ ნაინში დაკრძალვის პროცესიას შეესწრო. ქვრივის ერთადერთ ვაჟს მოასვენებდნენ, რომელსაც დიდძალი ხალხი მოჰყვებოდა. მე-13 მუხლში ნათქვამია: «უფალმა რომ დაინახა, გული დაეწვა და უთხრა: „ნუ ტირი“».

ნუთუ შეეძლო დედისთვის ვინმეს, შვილის გასვენებაში ტირილი აეკრძალა?! მაშ, რატომღა უთხრა იესომ: „ნუ ტირი“? მან იცოდა, რომ დედას მალე გლოვის მიზეზი აღარ ექნებოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «[იესო] მივიდა და საკაცეს შეეხო. გამსვენებლები შეჩერდნენ. მან მიცვალებულს ასე მიმართა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!“ მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა. იესომ ის დედამისს ჩააბარა» (ლუკა 7:14, 15). უეჭველია, ამ სასწაულის დანახვაზე დედა ვერ შეწყვეტდა ტირილს, მაგრამ ამჯერად ეს სიხარულის ცრემლები იქნებოდა.

მეორე შემთხვევაში იესოსთან ერთი მამაკაცი, სახელად იაიროსი მივიდა და თავისი 12 წლის გოგონას განკურნება სთხოვა, რომელიც ძალიან ცუდად იყო. მალე მამამ შვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყო და გული მოუკვდა. მაგრამ იესომ უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“ და იაიროსს სახლში გაჰყვა. ის იმ ოთახში შევიდა, რომელშიც გოგონა ესვენა, ხელზე ხელი მოჰკიდა მას და უთხრა: «„გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“ გოგონა მაშინვე წამოდგა და გაიარა». როგორ იმოქმედა ამან მშობლებზე? მათ „აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“. იაიროსმა და მისმა მეუღლემ გულში ჩაიკრეს შვილი; ენით გამოუთქმელი იყო მათი ბედნიერება. თავი სიზმარში ეგონათ (მარკოზი 5:22—24, 35—43).

ბავშვების მკვდრეთით აღდგენის ასე დაწვრილებით აღწერილი ბიბლიური მაგალითები მგლოვიარე მშობლებს მომავლის იმედს უნერგავს. იესომ თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). იეჰოვას განზრახვის თანახმად, მისი ძე სიცოცხლეს დაუბრუნებს ყველა გარდაცვლილს. მილიონობით დაღუპული ბავშვი „მის ხმას“ გაიგონებს: „შენ გეუბნები, ადექი!“ ისინი ფეხზე წამოდგებიან და მშობლები კვლავ გაიგონებენ მათ ხმას. იაიროსისა და მისი მეუღლის მსგავსად შვილმკვდარი მშობლების „აღტაცებას საზღვარი“ არ ექნება.

თუ სიკვდილმა თქვენც წაგართვათ შვილი, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა დაგიბრუნებთ თქვენს პატარას და მწუხარებას სიხარულით შეგიცვლით! თუ გსურთ, ცხადად გექცეთ ეს დიდებული იმედი, ყურად იღეთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „ეძებეთ იეჰოვა და მისი ძალა, გამუდმებით ეძებეთ მისი სახე. გახსოვდეთ საოცარი საქმეები, მან რომ მოიმოქმედა, მისი სასწაულები“ (ფსალმუნი 105:4, 5). ემსახურეთ ჭეშმარიტ ღმერთს და მისთვის მისაღები სახით ეცით თაყვანი.

თუ ძებნას დაუწყებთ იეჰოვას, დღეს რას შეგმატებთ ეს? ლოცვის პასუხად იეჰოვა ძალას მოგცემთ; მზრუნველი და მოყვარული ქრისტიანი მეგობრების მხარდაჭერით შვებას იგრძნობთ; ღვთის სიტყვის შესწავლა კი გამოგაცოცხლებთ. უფრო მეტიც, ახლო მომავალში იეჰოვას საოცარი საქმეებისა და სასწაულების თვითმხილველნი გახდებით — ის დაგიბრუნებთ შვილს და თქვენს მარადიულ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

„მომიყვანე ის ქალი, ორი შვილი რომ მოუკვდა“

ნიგერიელ ცოლ-ქმარს, იეჰოვას მოწმე კეჰინდესა და ბინტუს, ავტოკატასტროფის დროს ორი შვილი დაეღუპათ. ეს მძიმე დანაკლისი დღემდე ტკივილად აქვთ გულში. მაგრამ ამ ტკივილს იეჰოვა ათმენინებთ და იმის ძალასაც კი აძლევთ, რომ ბიბლიური იმედი გარშემო მყოფებს გაუზიარონ.

არავის რჩება შეუმჩნეველი ამ ცოლ-ქმრის სიმშვიდე და მხნეობა. ერთხელ ერთმა ქალბატონმა, სახელად უკოულიმ ბინტუს მეგობარს უთხრა: „მომიყვანე ის ქალი, ორი შვილი რომ მოუკვდა, და მაინც ბიბლიური ცნობის ქადაგებას განაგრძობს. მინდა გავიგო, რა აძლევს ძალას ამ ტკივილის ასატანად“. ბინტუ ესტუმრა ამ ქალბატონს, რომელმაც ჰკითხა: „რატომ განაგრძობ იმ ღვთის შესახებ ქადაგებას, რომელმაც შვილები დაგიხოცა? ღმერთმა მე ერთადერთი ქალიშვილი წამართვა და მას მერე ღვთის შესახებ აღარაფერი მაინტერესებს!“ ბინტუმ ბიბლიის გამოყენებით აუხსნა მას ადამიანების სიკვდილის მიზეზი და მკვდრეთით აღდგომის ბიბლიური საფუძველი (საქმეები 24:15; რომაელები 5:12).

ამის შემდეგ ქალბატონმა უკოულიმ თქვა: „დღემდე ვფიქრობდი, რომ ღმერთი იყო ადამიანთა სიკვდილის მიზეზი, ახლა კი გავიგე ჭეშმარიტება“. მან გადაწყვიტა, იეჰოვას მოწმეებთან ერთად შეესწავლა ბიბლია, რათა უკეთ გასცნობოდა ღვთის დაპირებებს.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

„ძალიან მინდა, მხარში ამოვუდგე, მაგრამ არ ვიცი როგორ“

მგლოვიარე მშობლებისა და და-ძმების ტკივილის შემყურე მეგობრებს შეიძლება შიშის გრძნობა დაეუფლოთ. მათ გულწრფელად სურთ ჭირისუფალთა მხარდაჭერა, მაგრამ შიშობენ, ისეთი არაფერი წამოსცდეთ ან ისეთი არაფერი გააკეთონ, რაც უფრო გაართულებდა მდგომარეობას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა მათთვის, ვინც გულში ამბობს: „ძალიან მინდა, მხარში ამოვუდგე, მაგრამ არ ვიცი როგორ“.

❖ ნუ მოერიდები ჭირისუფლებს ამგვარი შიშის გამო. მათ შენი გვერდით ყოფნაც კი შემატებს ძალებს. თუ სიტყვებს ვერ პოულობ, მაშინ ჩაეხუტე და გულწრფელად უთხარი, როგორ გტკივა მისი სატკივარი; ამგვარად შენს მხარდაჭერაში დაარწმუნებ. ხომ არ შიშობ, ცრემლი რომ მოგერიოს, უფრო მეტად დაუმძიმებ მგლოვიარეს გულს? ბიბლია ამბობს: „მოტირალებთან იტირეთ“ (რომაელები 12:15). შენი ცრემლები შენს გულწრფელ თანაგრძნობას დაანახვებს მათ, რაც მალამოდ დაედებათ გულზე.

❖ შესთავაზე შენი დახმარება. შეგიძლია ჭირისუფლებს სადილი მოუმზადო, ჭურჭელი დაურეცხო ან მაღაზიაში გაეგზავნო? ნუ ჰკითხავ: „დახმარება ხომ არ გჭირდებათ?“ როგორი გულწრფელიც უნდა იყო, ბევრმა ჭირისუფალმა შეიძლება იფიქროს, რომ იმდენად დაკავებული ხარ, ვერ შეძლებ მათ დახმარებას. ამის ნაცვლად, ჰკითხე: „რა გავაკეთო?“ და მერე მათი თხოვნისამებრ მოიქეცი. მაგრამ მოერიდე მათ სახლში დაუპატიჟებლად მისვლას ან მათ პირად საქმეში ჩარევას.

❖ ნუ ეტყვი: „ვიცი, რას გრძნობ“. თითოეული ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს საყვარელი ადამიანის სიკვდილზე. მაშინაც კი, თუ შენ თვითონ გაქვს გამოცდილი შვილის სიკვდილი, ზუსტად ვერ მიხვდები, რას შეიძლება გრძნობდნენ ამ დროს ჭირისუფლები.

❖ დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ ოჯახი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. განაგრძე მათი მხარდაჭერა ისე, როგორც შეგიძლია. ცხადია, თავიდან ჭირისუფლებს ყურადღება და თანადგომა არ აკლიათ, მაგრამ მხარდაჭერა მხოლოდ პირველ დღეებში როდი კმარა. იყავი მათ გვერდით და იზრუნე მათზე კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე *.

[სქოლიო]

^ აბზ. 29 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“, თავი „როგორ შეუძლიათ სხვებს დახმარება?“, გვერდები 20—24, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათები 7 გვერდზე]

ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ იესოს არა მხოლოდ ბავშვების მკვდრეთით აღდგენის ძლიერი სურვილი ჰქონდა, არამედ მათი აღდგენის ძალაც შესწევდა.