არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„საუნჯის“ ძიება კურთხეული აღმოჩნდა

„საუნჯის“ ძიება კურთხეული აღმოჩნდა

ბიოგრაფია

„საუნჯის“ ძიება კურთხეული აღმოჩნდა

მოგვითხრო დოროთეა სმითმა და დორა უორდმა

რა „საუნჯეს“ ვეძებდით? ჩვენ, ორ გოგონას, მთელი გულით გვსურდა, შეგვესრულებინა იესოს მითითება: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათე 28:19). ნება გვიბოძეთ, მოგითხროთ, რა კურთხევები მოგვიტანა „საუნჯის“ ძიებამ.

დოროთეა: დავიბადე 1915 წელს, I მსოფლიო ომის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ. სამ და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი მე ვიყავი. ვცხოვრობდით ჰაუელის (მიჩიგანის შტატი) მახლობლად. მამას ღმერთი არ სწამდა, მაგრამ დედა ღვთისმოშიში ქალი იყო. ის ცდილობდა, ჩვენთვის ათი მცნების დაცვა ესწავლებინა; თუმცა იმას განიცდიდა, რომ არც ჩემი და-ძმა, ვაიოლა და უილისი, და არც მე არც ერთ ეკლესიას არ ვეკუთვნოდით.

როცა 12 წელი შემისრულდა, დედამ გადაწყვიტა, რომ უნდა მოვნათლულიყავი და პრესვიტერული ეკლესიის წევრი გავმხდარიყავი. ახლაც თვალწინ მიდგას ნათლობის დღე. ჩემთან ერთად ორი თოთო ბავშვი მოინათლა. თავს ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი იმის გამო, რომ ასეთ პატარა ბავშვებთან ერთად ვინათლებოდი. ეკლესიის მსახურმა თავზე წყალი მომაპკურა და რაღაც გაუგებარი სიტყვები წაიბუტბუტა. სინამდვილეში, ნათლობის შესახებ მეც იმდენივე მესმოდა, რამდენიც ამ თოთო ბავშვებს.

1932 წელს ჩვენს სახლს ერთი ავტომობილი მოადგა, რომელსაც დედა გაეგება. მანქანიდან ორი ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა, რომლებმაც დედას რელიგიური წიგნები შესთავაზეს. ერთ-ერთმა მათგანმა თავი ალბერტ შრედერად გაგვაცნო და დედას იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული რამდენიმე პუბლიკაცია აჩვენა. დედამ შეიძინა ეს წიგნები, რომლებიც მას ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების მიღებაში დაეხმარა.

საუნჯის“ ძიების დასაწყისი

ცოტა ხანში საცხოვრებლად დეტროიტში გადავედი ჩემს დასთან. იქ შევხვდი ერთ ხანდაზმულ ქალბატონს, რომელიც ჩემს დას ბიბლიას ასწავლიდა. ამ ქალბატონის საუბრებმა ის რადიოგადაცემები გამახსენა, სახლში დედასთან ერთად რომ ვუსმენდი. ამ გადაცემაში 15-წუთიან ბიბლიურ მოხსენებებს წარმოთქვამდა ჯ. რუტერფორდი, რომელიც მაშინ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას ხელმძღვანელობდა. 1937 წელს დეტროიტში იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დავიწყეთ სიარული, მაშინ იქ ერთი კრება იყო; მომდევნო წელს კი მოვინათლე.

40-იანი წლების დასაწყისში გამოცხადდა, რომ საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკის შტატი) იეჰოვას მოწმეები სკოლა „გალაადს“ ხსნიდნენ; ეს სკოლა მისიონერებს ამზადებდა. როდესაც გავიგე, რომ სკოლის კურსდამთავრებულები საზღვარგარეთ იმსახურებდნენ, გავიფიქრე: „ეს საჩემო საქმეა!“ მიზნად დავისახე ამ სკოლაში სწავლა. დიდი პატივი იქნებოდა, სხვა ქვეყნებში მეძია „საუნჯე“ ანუ ხალხი, რომლებსაც ქრისტე იესოს მოწაფეებად გახდომის სურვილი ექნებოდათ! (ანგია 2:6, 7).

მიზანთან სულ უფრო ახლოს ვარ

1942 წლის აპრილში თავი დავანებე სამუშაოს და ხუთ სულიერ დასთან ერთად ფინდლიში (ოჰაიოს შტატი) პიონერად, სრული დროით მქადაგებლად, დავიწყე მსახურება. მაშინ იქ არ ტარდებოდა კრების რეგულარული შეხვედრები, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვახალისებდით, ერთად გვეკითხა სტატიები ჩვენი პუბლიკაციებიდან. პიონერად მსახურების პირველ თვეს 95 წიგნი გავავრცელე! დაახლოებით წლინახევრის შემდეგ ჩამბერსბურგში (პენსილვანიის შტატი) დამნიშნეს სპეციალურ პიონერად. იქ ხუთ სხვა პიონერთან ერთად ვმსახურობდი, რომელთა შორის აიოვას შტატიდან ერთი ქრისტიანი და, დორა უორდიც, იყო. მე და დორამ ერთად განვაგრძეთ მსახურება. ჩვენ ერთსა და იმავე წელს ვიყავით მონათლული, ორივეს დიდი სურვილი გვქონდა, სკოლა „გალაადი„ დაგვემთავრებინა და საზღვარგარეთ მისიონერებად გვემსახურა.

1944 წლის დასაწყისში ნანატრი დღე დადგა! სკოლა „გალაადის“ მეოთხე კლასში ორივე ერთად მიგვიწვიეს. სწავლა იმავე წლის აგვისტოში დავიწყეთ. ახლა კი, სანამ ჩემი ისტორიის თხრობას განვაგრძობდე, დორა მოგვითხრობს, თუ როგორ დაიწყო ჩემთან ერთად „საუნჯის“ ძიება, რაც მთელი ცხოვრება გრძელდება.

სრული დროით მსახურების სურვილით ანთებული

დორა: დედა გამუდმებით ლოცულობდა, რომ ღვთის სიტყვას ჩასწვდომოდა. ერთ კვირა დღეს მასთან ერთად ვისმენდი რადიოგადაცემას; მოხსენებას ჯ. რუტერფორდი კითხულობდა. მოხსენების ბოლოს დედამ შესძახა: „ეს ჭეშმარიტებაა!“ მალე იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციების შესწავლა დავიწყეთ. 1935 წელს 12 წლის გოგონამ მოვისმინე მოხსენება მონათვლის მსურველთათვის და დიდი სურვილი გამიჩნდა, მეც იეჰოვასთვის მიმეძღვნა სიცოცხლე. სამი წლის შემდეგ მოვინათლე. მიძღვნა და ნათლობა დამეხმარა, სკოლაში სწავლის განმავლობაში ყოველთვის მხსომებოდა ჩემი მიზნები. ერთი სული მქონდა, სკოლას როდის დავამთავრებდი, რათა პიონერად მსახურება დამეწყო.

იმ დროს იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი, რომელშიც ჩვენც შევდიოდით, ფორტ დოჯის (აიოვას შტატი) კრების ნაწილი იყო. ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასასწრებად დიდი ძალისხმევა იყო საჭირო. მაშინ „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიებს აუდიტორიასთან განსახილველი კითხვები არ ჰქონდა დართული. გვთხოვეს, შეგვედგინა ეს კითხვები და იმ ძმისთვის გადაგვეცა, რომელიც „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას უძღვებოდა. ორშაბათ ღამით მე და დედა თითოეული აბზაცისთვის ვწერდით კითხვებს და ვაძლევდით შესწავლის ჩამტარებელს, რომელიც ირჩევდა, რომელი მათგანი გამოეყენებინა.

დროდადრო ჩვენს კრებას მიმომსვლელი ზედამხედველი ინახულებდა. ერთ-ერთმა ზედამხედველმა, ჯონ ბუთმა, პირველად წამიყვანა კარდაკარ მსახურებაში. მაშინ 12 წლის ვიყავი. როცა 17 წელი შემისრულდა, ამ ძმას ვკითხე, როგორ ივსებოდა პიონერული მსახურების ბლანკი; მან თავისი დახმარება შემომთავაზა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ კვლავ შევხვდებოდით ერთმანეთს და მთელი ცხოვრება კარგ მეგობრებად დავრჩებოდით!

პიონერად მსახურებისას ხშირად ვთანამშრომლობდი დოროთი არონსონთან, სრული დროით მქადაგებელთან, რომელიც ჩემზე 15 წლით იყო უფროსი. ჩვენი თანამშრომლობა მანამ გაგრძელდა, სანამ 1943 წელს სკოლა „გალაადის“ პირველ კლასში მიიწვევდნენ. ამის შემდეგ პიონერობა მარტო განვაგრძე.

წინააღმდეგობა ხელს ვერ გვიშლის

40-იანი წლები საკმაოდ რთული იყო, რადგან მეორე მსოფლიო ომმა ნაციონალიზმის სული გააღვივა. კარდაკარ ქადაგების დროს ხშირად გვესროდნენ ლაყე კვერცხებს, მწიფე პომიდვრებს და ზოგჯერ ქვებსაც კი. ერთხელ უფრო დიდ სირთულეს წავაწყდით, როდესაც ქუჩის კურთხეში ხალხს „საგუშაგო კოშკსა“ და „ნუგეშს“ (დღევანდელი „გამოიღვიძეთ!“) ვთავაზობდით. რელიგიური მოწინააღმდეგეების მიერ წაქეზებული პოლიციელი დაგვემუქრა, რომ, თუ სახალხოდ ისევ ვიქადაგებდით, დაგვიჭერდნენ.

ცხადია, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ქადაგება, რის გამოც პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს დასაკითხად. გათავისუფლების შემდეგ იმავე ქუჩის კუთხეში დავბრუნდით და ხალხს იმავე ჟურნალებს ვთავაზობდით. პასუხისმგებელი ძმების რჩევით ჩვენი პოზიციის დასაცავად ესაიას 61:1, 2-ს ვიყენებდით. ერთხელ, როდესაც ჩემთან ახალგაზრდა პოლიციელი მოვიდა, აღელვებულმა ეს მუხლები წავუკითხე. ჩემდა გასაოცრად, ის მაშინვე შეტრიალდა და წავიდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ანგელოზებმა დაგვიცვეს.

დაუვიწყარი დღე

1941 წელს დიდი სიხარული მომანიჭა სენტ-ლუისში (მისურის შტატი) იეჰოვას მოწმეთა ხუთდღიანმა კონგრესმა. კონგრესზე ძმა რუტერფორდმა 5—18 წლამდე ბაშვებს სთხოვა, სტადიონის მთავარ სექტორში შეკრებილიყვნენ. ათასობით ბავშვმა მოიყარა თავი. ძმა რუტერფორდი ცხვირსახოცის ქნევით მოგვესალმა; საპასუხოდ ჩვენც ავაფრიალეთ ცხვირსახოცები. ერთსაათიანი მოხსენების წარმოთქმის შემდეგ მან მოგვმართა: „ბავშვებო, ვინც თანახმა ხართ, შეასრულოთ ღვთის ნება და იდგეთ თეოკრატიული მთავრობის მხარეს, რომელსაც სათავეში ქრისტე იესო უდგას, და ვინც მზად ხართ, დაემორჩილოთ ღმერთსა და მის მიერ დანიშნულ მეფეს, გთხოვთ ადგეთ“. 15 000 ბავშვი ერთად წამოდგა ფეხზე; მათ შორის მეც ვიყავი. მომხსენებელმა დასძინა: «ვინც ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ სხვებს ღვთის სამეფოსა და მისი კურთხევების შესახებ მოუთხროთ, გთხოვთ, თქვათ „დიახ“». ერთხმად წარმოვთქვით „დიახ!“ რასაც მქუხარე ტაში მოჰყვა.

შემდეგ გამოცხადდა, რომ გამოიცა წიგნი „ბავშვები“ *; ერთრიგად ჩამწკრივებულები სცენისკენ დავიძარით, და ძმა რუტერფორდმა ყველას წიგნის თითო ეგზემპლარი გადმოგვცა. ეს საოცარი სანახავი იყო! ამ ბავშვების უმეტესობა დღემდე გულმოდგინედ ემსახურება იეჰოვას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ხალხს ღვთის სამეფოსა და მისი სამართლიანობის შესახებ ესაუბრება (ფსალმუნი 148:12, 13).

პიონერად სულ რაღაც სამი წლის მსახურების შემდეგ ჩამბესბურგში დამნიშნეს სპეციალურ პიონერად, რამაც ძალიან გამახარა. იქ შევხვდი დოროთეას და მალე განუყრელი მეგობრები გავხდით. ჩვენ ახალგაზრდული ენთუზიაზმით ანთებულნი და სიცოცხლით სავსენი ვიყავით. ძლიერ გვსურდა, უფრო მეტი დრო დაგვეთმო სამქადაგებლო საქმიანობისთვის. ერთად დავიწყეთ „საუნჯის“ ძიება, რაც დღემდე გრძელდება (ფსალმუნი 110:3).

სპეციალური პიონერული მსახურების დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩვენ „გალაადის“ პირველი კლასის კურსდამთავრებული, ალბერტ მანსი, გავიცანით. ის უცხოეთში მსახურების დასაწყებად ემზადებოდა. მან წაგვახალისა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მსახურებისთვის ვყოფილაყავით მზად.

ერთად ვსწავლობთ სკოლაში

დორა და დოროთეა: წარმოიდგინეთ ჩვენი სიხარული, როდესაც ერთად დავიწყეთ სკოლაში სწავლა! „გალაადში“ სწავლის დაწყების პირველ დღეს ალბერტ შრედერმა, ძმამ, რომელმაც 12 წლის წინ დოროთეას დედას „საღვთო წერილის გამოკვლევა“ დაუტოვა, ჩვენი სახელი და გვარი მოსწავლეთა სიაში შეიტანა. იქ იყო ჯონ ბუთიც; ის მაშინ საზოგადოების ფერმაში მუშაობდა, სადაც სკოლა „გალაადი“ ტარდებოდა. მოგვიანებით ერთიც და მეორეც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა.

სკოლა „გაალაადში“ ბიბლიიდან სიღრმისეულ საკითხებს ვიკვლევდით. ეს იყო შესანიშნავი სწავლების კურსი! ჩვენს კლასში სწავლობდა 104 სტუდენტი, მათ შორის პირველი არაამერიკელი, რომელიც მექსიკიდან იყო. ის ინგლისური ენის უკეთ შესწავლას ცდილობდა მაშინ, როცა ჩვენ ესპანურს ვეუფლებოდით. გულები გვიფანცქალებდა იმ დღეს, როცა ძმა ნეითან ნორმა საჯაროდ გვაცნობა, რომელ ქვეყნებში ვიმსახურებდით. უმეტესობა ჩვენგანი ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში დაინიშნა; ჩვენ ჩილეში გაგვიშვეს.

საუნჯის“ ძიება ჩილეში

ქვეყანაში შესასვლელად ვიზა იყო საჭირო, რის აღებასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, მანამდე კი, 1945 წლის იანვრიდან, ვაშინგტონის შტატში ვმსახურობდით პიონერებად წელიწადნახევრის განმავლობაში. ვიზის აღების შემდეგ 9 მისიონერთან ერთად ჩილეში გავემგზავრეთ. შვიდმა მათგანმა „გალაადის“ მესამე კლასი დაამთავრა.

დედაქალაქში, სანტიაგოში ჩასულებს რამდენიმე ქრისტიანი ძმა დაგვხვდა. ერთ-ერთი მათგანი გალაადის კურსდამთავრებული, ალბერტ მანი, იყო. რამდენიმე წლის წინ სწორედ მან წაგვახალისა მისიონერული მსახურებისკენ. ის ერთი წლის ჩასული იყო ჩილეში ჯოზეფ ფერართან, მეორე კლასის კურსდამთავრებულთან, ერთად. ჩილეში 100-მდე მაუწყებელი დაგვხვდა. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვეძებდით მეტ „საუნჯეს“ — გულწრფელ ადამიანებს.

სანტიაგოში მისიონერთა სახლში ვცხოვრობდით. მისიონერთა ასეთ დიდ ოჯახთან ცხოვრება ჩვენთვის სიახლე იყო. გარდა იმისა, რომ სამქადაგებლო მსახურებას განსაზღვრულ საათებს ვუთმობდით, კვირაში ერთხელ თითოეულ ჩვენგანს მთელი ოჯახისთვის საჭმლის მომზადება გვევალებოდა. ამის გამო არაერთხელ აღმოვჩენილვართ სასაცილო მდგომარეობაში. ერთხელ, როდესაც ოჯახს საუზმედ ფუნთუშებს ვუცხობდით, ჰაერღუმლის გამოღებისთანავე საშინელი სუნი გვეცა. თურმე ცომში ერთის ნაცვლად მეორე ინგრედიენტი გამოგვიყენებია, რადგან ვიღაცას ერთის ყუთში მეორე ჩაუყრია.

უფრო სასაცილონი მაშინ ვიყავით, როცა ესპანურ ენას ვეუფლებოდით. ერთხელ ერთმა ოჯახმა, რომელთანაც ბიბლიას ვსწავლობდით, კინაღამ შეწყვიტა შესწავლა, რადგან ვერ იგებდნენ ჩვენს ნათქვამს. კიდევ კარგი, რომ მუხლებს თავიანთი ბიბლიიდან კითხულობდნენ, რისი წყალობითაც ჭეშმარიტებისადმი ინტერესი არ დაუკარგავთ, და ხუთი მათგანი მოწმე გახდა. მაშინ ახალი მისიონერებისთვის ენის შესასწავლად სპეციალური კურსები არ იყო გათვალისწინებული. ქადაგება ქვეყანაში ჩასვლისთანავე დავიწყეთ და ენის სწავლას მათგან ვცდილობდით, ვისაც ვუქადაგებდით.

ჩვენ ბევრ ადგილობრივ მოსახლესთან ვატარებდით ბიბლიის შესწავლას; ზოგი მათგანი ძალიან სწრაფად მიიწევდა წინ, ზოგს კი მეტი დრო სჭირდებოდა. ერთმა ახალგაზდა ქალმა, ტერეზა ტელოუმ, როცა ჭეშმარიტება მოისმინა, თქვა: „თუ შეგიძლით, ისევ მოდით და უფრო მეტი მითხარით“. ჩვენ 12-ჯერ მივაკითხეთ, მაგრამ არც ერთხელ არ დაგვხდა სახლში. მას შემდეგ სამი წელი გავიდა. სანტიაგოს თეატრში კონგრესს ვესწრებოდით. კვირას კონგრესზე მიმავალს ვიღაცამ დამიძახა: „სენიორიტა დორა, სენიორიტა დორა!“ მივიხედე და რა დავინახე, ტერეზა მეძახდა. ის სტუმრად ყოფილა თავის დასთან, რომელიც თეატრის პირდაპირ ცხოვრობდა, და გარეთ იმიტომ გამოსულა, რომ გაეგო, რა ხდებოდა თეატრში. რა სასიხარულო იყო მასთან შეხვედრა! დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა და ის ცოტა ხანში მოინათლა კიდეც. მოგვიანებით ტერეზა სპეციალური პიონერი გახდა. დღეს, დაახლოებით 45 წლის შემდეგ, ის კვლავ სრული დროით ემსახურება იეჰოვას (ეკლესიასტე 11:1).

„საუნჯის“ პოვნა ქვიშიან სანაპიროზე

1959 წელს ჩილეს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში 4 300 კილომეტრზე გადაჭიმულ სანაპირო ზოლზე მდებარე ქალაქ პუნტა-არენასში დაგვნიშნეს; ამ ქალაქის სახელი ქვიშიან სანაპიროს ნიშნავს. პუნტა-არენასი იშვითი ადგილია. ზაფხულში დღეები განსაკუთრებით გრძელია და ღამის თორმეტის ნახევრამდე არ ბნელდება. თითქმის ყოველდღე გავდიოდით მსახურებაში, თუმცა ზაფხულობით დროდადრო ძლიერი სამხრეთპოლარული ქარების გამო ხელი გვეშლებოდა. ზამთარში ციოდა და დღეებიც მოკლე იყო.

ამ სირთულეების მიუხედავად, პუნტა-არენასს თავისი ხიბლი ჰქონდა. ზაფხულობით დასავლეთის ცა თითქმის ყოველთვის წვიმის ღრუბლებით იყო დაფარული. დროდადრო თავსხმა წვიმა მოდიოდა, მაგრამ ცოტა ხანში ქარი ამოვარდებოდა და უცებ გვაშრობდა. ღრუბლებიდან მზე რომ გამოაჭყიტებდა, ცაზე ცისარტყელა ჩნდებოდა. ამ სანახაობით საათობით შეიძლებოდა ტკბობა; როდესაც მზე წვიმის ღრუბლებიდან გამოანათებდა, ცისარტყელა გამოჩნდებოდა, ხოლო, როცა მიიმალებოდა, ცისარტყელაც გაქრებოდა (იობი 37:14).

მაშინ პუნტა-არენასში რამდენიმე მაუწყებელი იყო. ადგილობრივ პატარა კრებაში დებს გვიწევდა შეხვედრების ჩატარება. იეჰოვამ აკურთხა ჩვენი მცდელობა. 37 წლის შემდეგ ისევ ვეწვიეთ ამ მხარეს. იქ უკვე ექვსი აქტიური კრება და სამი მშვენიერი სამეფო დარბაზი დაგვხვდა. რა სასიხარულოა, რომ იეჰოვამ ამ სამხრეთ სანაპიროზე სულიერი „საუნჯე“ გვაპოვნინა! (ზაქარია 4:10).

უფრო მეტი „საუნჯე“ ფართო სანაპიროზე

მას შემდეგ, რაც პუნტა-არენასში სამწელიწადნახევარი ვიმსახურეთ, საპორტო ქალაქ ვალპარაისოში დაგვნიშნეს. ეს ქალაქი მდებარეობს ყურეს გასწრივ, რომელიც წყნარ ოკეანეს უერთდება; ის მთა-გორიანი ქალაქია, იქ 41 გორაა. ჩვენ ვქადაგებდით ერთ-ერთ გორაზე, პლაია ანჩაზე, რომლის სახელიც ფართო სანაპიროს ნიშნავს. ამ ადგილას 16 წელი ვიმსახურეთ; ახალგაზრდა ქრისტიანი ძმები ჩვენ თვალწინ სულიერად ისე გაიზარდნენ, რომ დღეს მიმომსვლელ ზედამხვედველებად და უხუცესებად მსახურობენ ჩილეში.

მოგვიანებით ვინია-დელ-მარში დაგვნიშნეს. იქ სამწელიწადნახევარი ვმსახუროდით, სანამ მიწისძვრამ მისიონერთა სახლი არ დააზიანა. მერე სანტიაგოში დავბურნდით, სადაც 40 წლის წინ დავიწყეთ მისიონერული მსახურება. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ფილიალისთვის ახალი კომპლექსი აშენდა, ხოლო ძველი შენობა მისიონერთა სახლად გადაკეთდა. მოგვიანებით ამ სახლში მსახურებაში დახელოვნების სკოლა ტარდებოდა. იმ დროს იეჰოვამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ჩვენ მიმართ სიკეთე და ხუთი ხანდაზმული მისიონერი საცხოვრებლად ბეთელის ოჯახში მიგვიწვიეს. ჩილეში 15 სხვადასხვა ადგილას ვიყავით დანიშნულნი. ჩვენ საკუთარი თვალით დავინახეთ ქადაგების ნაყოფი; როდესაც ამ ქვეყანაში ჩავედით, იქ 100-ზე ნაკლები მაუწყებელი იყო, ახლა კი დაახლოებით 70 000-ია! უდიდესი სიხარული მოგვანიჭა ჩილეში 57 წლის მანძილზე „საუნჯის“ ძიებამ!

ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს, რომ იეჰოვამ ამდენი ადამიანი — ნამდვილი „საუნჯე“ — გვაპოვნინა; ისინი დღემდე ერთგულად მსახურობენ იეჰოვას ორგანიზაციაში. ჩვენ 60 წელზე მეტია, რაც ერთად ვემსახურებით იეჰოვას, და გულწრფელად ვეთანხმებით მეფე დავითის მიერ მთელი გულით წარმოთქმულ სიტყვებს: „რაოდენ დიდია შენი სიკეთე, რომელიც შენს მოშიშთათვის შემოგინახავს“ (ფსალმუნი 31:19).

[სქოლიო]

^ აბზ. 24 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ, მაგრამ უკვე აღარ იბეჭდება.

[სურათები 9 გვერდზე]

დოროთეა 2002 წელს; ქადაგების დროს 1943 წელს.

[სურათი 10 გვერდზე]

1942 წელს ქუჩაში ქადაგების დროს ფორტ დოჯიში (აიოვას შტატი).

[სურათი 10 გვერდზე]

დორა (2002 წელი).

[სურათი 12 გვერდზე]

დოროთეა და დორა ჩილეში მათთვის პირველი მისიონერული სახლის წინ (1946 წელი).