არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღრმა და ხანგრძლივი ტკივილი

ღრმა და ხანგრძლივი ტკივილი

ღრმა და ხანგრძლივი ტკივილი

არც ისე დიდი ხნის წინ ერთი მწერალი დაინტერესდა იმით, თუ როგორ მოქმედებს დრო შვილმკვდარ მშობლებზე. მან შეადგინა კითხვების ნუსხა და არაერთ ასეთ მშობელს გაუგზავნა, მაგრამ ყველა არ გამოხმაურებია. ვლადიმერს ხუთი წლის წინ მოუკვდა ვაჟი; მისი ტკივილი იმდენად აუტანელია, რომ დღემდე უჭირს შვილზე ლაპარაკი *.

შვილმკვდარმა მშობლებმა კარგად იციან, რა ტკივილია ეს. უილიამს ათი წლის წინ 18 წლის ბიჭი დაეხრჩო; ის წერს: „დღემდე არ გამნელებია მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, და ეს განცდა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“. ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოულოდნელმა ავადმყოფობამ ლუსის ხელიდან შვილი გამოაცალა. ის ამბობს: „პირველ დღეებში ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სინამდვილე იყო. მეგონა, კოშმარს ვხედავდი და მალე გამეღვიძებოდა. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს რეალობა იყო და ის სახლში აღარ მოვიდოდა. ჩემი ბიჭი ხუთი წლის წინ დაიღუპა, მაგრამ, როცა მარტო ვრჩები, დღემდე დავტირი“.

რატომ არის შვილმკვდარი მშობლების, მაგალითად, ვლადიმერის, უილიამისა და ლუსის, ტკივილი ასეთი ღრმა და ხანგრძლივი? განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი.

ღრმა მწუხარების მიზეზი

შვილის დაბადებას ისეთი ძლიერი გრძნობები ახლავს, როგორსაც ვერანაირი სხვა ადამიანური გრძნობა ვერ შეედრება. მშობლისთვის მარტო ის რად ღირს, როცა ჩაძინებულ თუ მომღიმარ ბავშვს უყურებს ან ხელში აჰყავს! მოსიყვარულე მშობლები თავს ევლებიან შვილებს. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შვილები თავაზიან, ღირსეულ ადამიანებად აღზარდონ (1 თესალონიკელები 2:7, 11). მშობლებს სიამაყით ევსებათ გული, როდესაც შვილები ამართლებენ მათ მოლოდინს, და დიდ იმედებს ამყარებენ მათზე.

მზრუნველი მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, შვილებს რომ არაფერი მოაკლდეთ. ისინი რეგულარულად გამოყოფენ მატერიალურ სახსრებს შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად (2 კორინთელები 12:14). შვილების საკეთილდღეოდ მშობლების მიერ გაღებული უზარმაზარი მსხვერპლი — დახარჯული ემოცია, დრო, ძალისხმევა და სახსრები — იმაზე მეტყველებს, რომ მშობლებს შვილების სიცოცხლე სურთ და არა სიკვდილი. ხოლო, როცა შვილი უკვდებათ, მათი იმედები იმსხვრევა და ყველაფერი მთავრდება. მშობლის სიყვარულს, ერთი შეხედვით, სიკვდილის დაუძლეველი ძალა ბორკავს; ცარიელდება აქამდე შვილის სიყვარულით სავსე გული. მშობლების ჭრილობა იმდენად ღრმაა, რომ ძალიან ძნელია მისი შეხორცება.

ბიბლია კარგად გადმოსცემს შვილმკვდარი მშობლების გაუყუჩებელ ტკივილს. მასში აღწერილია, როგორ იმოქმედა პატრიარქ იაკობზე თავისი ვაჟის, იოსების, სიკვდილის გაგებამ: «შემოიხია იაკობმა მოსასხამი, წელზე ჯვალო შემოიხვია და მრავალი დღე გლოვობდა შვილს. მიდიოდნენ მის სანუგეშებლად მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ იღებდა ნუგეშს, ამბობდა: „გლოვით ჩავალ ჩემს ვაჟთან სამარეში!“». წლების შემდეგ კვლავ დასტიროდა იაკობი თავის ვაჟს, რომელიც მკვდარი ეგონა (დაბადება 37:34, 35; 42:36—38). ბიბლია ასევე მოგვითხრობს ერთგული ქალის, ნაომის, შესახებ, რომელსაც ორი ვაჟი გამოეცალა ხელიდან. გამწარებულმა დედამ ითხოვა, „ნაომის“ (ანუ „ჩემი სიამოვნება“) ნაცვლად „მარა“ (ანუ „მწარე“) დამიძახეთო (რუთი 1:3—5, 20, 21, სქოლიო).

ბიბლია მხოლოდ შვილმკვდარი მშობლის ტკივილს კი არ აღწერს, არამედ იმასაც გვიჩვენებს, როგორ აძლიერებს იეჰოვა მგლოვიარეთ. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ ანუგეშებს იეჰოვა შვილმკვდარ მშობლებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია.