ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოპოვებული გამარჯვება
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოპოვებული გამარჯვება
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სტრასბურგში (საფრანგეთი) 2007 წლის 11 იანვარს მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება რუსეთში იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ, რომლებმაც სარჩელი შეიტანეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. გადაწყვეტილებამ მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ თავისუფლებას და სასამართლოში მიუკერძოებელი განხილვის უფლებას. ვნახოთ, რა მოვლენები უძღოდა ამ სასამართლო პროცესს.
ჩელიაბინსკში (რუსეთი) იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთი კრება ძირითადად ყრუ-მუნჯებისგან შედგება. შეხვედრების ჩასატარებლად დარბაზს ისინი პროფტექნიკუმის შენობაში ქირაობდნენ. 2000 წლის 16 აპრილს, კვირას, ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური კომისიის თავმჯდომარემ, პოლიციის ორმა ოფიცერმა და სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა პოლიციელმა მათი შეხვედრა ჩაშალეს. წინასწარ შექმნილი აზრის გამო, რაც განსაკუთრებით თავმჯდომარეს ჰქონდა, მათ იეჰოვას მოწმეებს შეხვედრა შეაწყვეტინეს, რადგან ეს შეხვედრები უკანონოდ მიიჩნიეს; 2000 წლის 1 მაისს კი დროზე ადრე გაუუქმეს დარბაზის ქირავნობის ხელშეკრულება.
იეჰოვას მოწმეებმა საჩივარი შეიტანეს ჩელიაბინსკის პროკურატურაში, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთის კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია რელიგიისა და შეკრების თავისუფლებას უზრუნველყოფს, ამიტომ მათ ჯერ რაიონულ სასამართლოში შეიტანეს საჩივარი, შემდეგ კი გამოტანილი გადაწყვეტილება რეგიონალურ სასამართლოში გაასაჩივრეს. 1999 წლის 30 ივლისს უზენაეს სასამართლოს სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე ჰქონდა გამოტანილი დადგენილება: «რუსეთის კანონმდებლობაში სინდისისა და რელიგიური გაერთიანებების თავისუფლებაზე ნათქვამ ფრაზაში — „შეფერხების გარეშე“ — იგულისხმება, რომ, თუ რელიგიური შეხვედრები ტარდება [ამ მიზნისთვის] განკუთვნილ ადგილზე, არ არის საჭირო ხელისუფლების წარმომადგენლების წინასწარ გაფრთხილება ან ნებართვის აღება» (კვადრატულ ფრჩხილებში მოყვანილი სიტყვები მათია). ამ პრეცედენტის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეთა საჩივარი არ დააკმაყოფილა არც რაიონულმა და არც რეგიონალურმა სასამართლომ.
2001 წლის 17 დეკემბერს ეს საქმე აღიძრა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. საქმე განიხილეს 2004 წლის 9 სექტემბერს. ქვემოთ მოყვანილია სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილებიდან რამდენიმე მონაკვეთი:
„სასამართლომ ცნო, რომ 2000 წლის 16 აპრილს დაირღვა მოსარჩელეთა რელიგიური თავისუფლების უფლება, როცა სახელმწიფო მოხელეებმა რელიგიური შეხვედრა მათ დროზე ადრე შეაწყვეტინეს“.
„არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა, რომ ჩაეშალათ რელიგიური შეხვედრა, რომელიც ამ მიზნისთვის კანონიერად დაქირავებულ ადგილზე ტარდებოდა“.
„[სასამართლო] აღნიშნავს, რომ რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთი პრეცედენტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით საჭირო არ არის რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად ნებართვის აღება ან ხელისუფლების წარმომადგენლების გაფრთხილება“.
„აქედან გამომდინარე, დაირღვა [რელიგიის თავისუფლების] კონვენციის მე-9 მუხლი, რადგან 2000 წლის 16 აპრილს კომისიის თავმჯდომარემ და მისმა თანმხლებმა პირებმა მოსარჩელეთა რელიგიური შეხვედრა ჩაშალეს“.
„სასამართლომ ცნო, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება . . . რათა თანაბარი უფლებებით განხილულიყო საქმე . . . დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლი [მიუკერძოებელი განხილვის უფლება]“.
იეჰოვას მოწმეები ღმერთს უმადლიან, რომ მათ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოიპოვეს გამარჯვება (ფსალმუნი 98:1). რამდენად დიდ გავლენას მოახდენს ეს სასამართლო გადაწყვეტილება? ჯოზეფ გრიბოსკი, რელიგიისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი, აღნიშნავს: „ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მთელ ევროპაში ახდენს გავლენას რელიგიის თავისუფლებაზე, რადგან ის ყველა იმ ქვეყანაში მოახდენს გავლენას რელიგიურ უფლებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ექვემდებარება“.