არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იფთახი ასრულებს იეჰოვასთვის მიცემულ აღთქმას

იფთახი ასრულებს იეჰოვასთვის მიცემულ აღთქმას

იფთახი ასრულებს იეჰოვასთვის მიცემულ აღთქმას

მეომარი, რომელმაც თავისი ხალხი მჩაგვრელებისგან იხსნა, გამარჯვებული ბრუნდება სახლში. გახარებული ქალიშვილი ცეკვითა და დაირით ეგებება მას. სიხარულის ნაცვლად, მეომარი ტანსაცმელს იხევს. რატომ? განა არ იზიარებს ის შვილის სიხარულს, რომ ბრძოლიდან ცოცხალი დაბრუნდა? რომელ ბრძოლაში გაიმარჯვა მან? ვინ არის ის?

ეს მამაკაცი არის იფთახი, ისრაელის ერთ-ერთი მსაჯული. ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად და იმის გასაგებად, თუ როგორ გვეხება ეს ისტორია ჩვენ, განვიხილოთ, რა მოხდა იფთახისა და მისი ასულის შეხვედრამდე.

ისრაელის გასაჭირი

იფთახი ცხოვრობს იმ პერიოდში, როცა ისრაელს ძალიან უჭირს. მისმა თანამემამულეებმა მიატოვეს წმინდა თაყვანისმცემლობა და სიდონელთა, მოაბელთა, ამონელთა და ფილისტიმელთა ღმერთებს ემსახურებიან. იეჰოვა აღარ ეხმარება თავის ხალხს, რის გამოც მათ 18 წლის განმავლობაში ამონელები და ფილისტიმელები ჩაგრავენ. განსაკუთრებით უჭირთ მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით მცხოვრებ გალაადელებს *. ისრაელები ბოლოს გონს მოდიან, ინანიებენ და იეჰოვას სთხოვენ დახმარებას; ისინი კვლავ ემსახურებიან მას და თავიდან იშორებენ უცხო ღმერთებს (მსაჯულები 10:6—16).

ამონელები გალაადში ბანაკდებიან და ისრაელებიც ემზადებიან მათთან შესახვედრად. მაგრამ ისრაელებს მეთაური არა ჰყავთ (მსაჯულები 10:17, 18). ამ დროს იფთახს თავისი გასაჭირი აქვს. ხარბმა ნახევარძმებმა ის სახლიდან გააძევეს, რომ მის მემკვიდრეობას დაპატრონებოდნენ. ამიტომ იფთახი საცხოვრებლად გადადის ქალაქ ტობში, რომელიც გალაადის აღმოსავლეთით მდებარეობს. იქვე ახლოს ისრაელის მტრები ცხოვრობენ. მას უერთდებიან „უსაქმური კაცები“, რომლებმაც მჩაგვრელების გამო სამუშაო დაკარგეს ან მათ წინააღმდეგ აჯანყდნენ. ისინი „მასთან ერთად დათარეშობდნენ“ შესაძლოა იმ გაგებით, რომ იფთახთან ერთად ესხმოდნენ თავს მტრულად განწყობილ მეზობლებს. იფთახი ნიჭიერი მებრძოლი იყო და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ეწოდება მას ბიბლიაში „ძლიერი და მამაცი კაცი“ (მსაჯულები 11:1—3). მაგრამ ვინ გაუძღვება ისრაელებს ამონელების წინააღმდეგ ბრძოლაში?

„წამოდი, ჩვენი მეთაური იყავი“

გალაადის უხუცესები იფთახს სთხოვენ: „წამოდი, ჩვენი მეთაური იყავი“. ისინი ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ იფთახი დაუფიქრებლად დათანხმდება მათ წინადადებას. „თქვენ არ იყავით, რომ შემიძულეთ და მამაჩემის სახლიდან გამომაგდეთ?! — ეუბნება იფთახი მათ. — ახლა გაგიჭირდათ და იმიტომ მომაკითხეთ?!“ რა სამარცხვინოა, რომ ამ უხუცესებმა ჯერ უარყვეს იფთახი, ახლა კი დახმარებისთვის მიმართეს მას! (მსაჯულები 11:4—7).

იფთახი გალაადის მეთაურობას მხოლოდ ერთი პირობით თანხმდება. ის ამბობს: ‘თუ იეჰოვა ხელში ჩამიგდებს ამონს, გავხდები თქვენი წინამძღოლი’. გამარჯვება იმის ნიშანი იქნება, რომ მას ღმერთი უჭერს მხარს; მაგრამ იფთახს უნდა დარწმუნდეს, რომ ამ გასაჭირიდან თავის დაღწევის შემდეგ ისრაელები არ უგულებელყოფენ ღვთის ხელმძღვანელობას (მსაჯულები 11:8—11).

ამონთან მოლაპარაკება

იფთახი მოლაპარაკებას იწყებს ამონელებთან. ის ამონის მეფეს მაცნეებს უგზავნის, რომ თავდასხმის მიზეზი გაიგოს. ამონელები ბრალს სდებენ ისრაელებს, რომ ეგვიპტიდან გამოსვლისას მათ ამონელთა მიწა მიისაკუთრეს; ისინი ამ მიწის უკან დაბრუნებას ითხოვენ (მსაჯულები 11:12, 13).

იფთახმა კარგად იცის თავისი ერის ისტორია, ამიტომ ის ამონელთა ბრალდებას აბათილებს. ის ეუბნება მათ, რომ ეგვიპტიდან გამოსვლისას ისრაელები არ ავიწროებდნენ არც ამონელებს, არც მოაბელებსა და არც ედომელებს; მაშინ ამონელებს სადავო მიწა არ ეკუთვნოდათ. სინამდვილეში იქ ამორეველები ცხოვრობდნენ, მაგრამ ღმერთმა მათი მეფე სიხონი ისრაელს ჩაუგდო ხელში. გარდა ამისა, ისრაელები 300 წელია იქ ცხოვრობენ. მაშ, რატომღა ითხოვენ ისინი ახლა ამ მიწას? (მსაჯულები 11:14—22, 26).

იფთახი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რატომ იყო შევიწროებული ისრაელი: ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი? იეჰოვა თუ იმ ქვეყნების ღმერთები, რომლებიც ისრაელმა დაიპყრო? ქემოშს რომ ძალა ჰქონოდა, განა არ დაიცავდა იმ ქვეყანას, სადაც მისი თაყვანისმცემლები ცხოვრობდნენ? ამ შემთხვევაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა უპირისპირდება ცრუ რელიგიას, რომელსაც ამონელები უჭერენ მხარს. ბოლოს იფთახი ლოგიკურად ასკვნის: „იეჰოვამ, ჩვენმა მოსამართლემ განსაჯოს ისრაელის ძეები და ამონის ძეები“ (მსაჯულები 11:23—27).

ამონის მეფე ყურსაც არ უგდებს იფთახის მტკიცე განაცხადს. ‘იფთახზე იეჰოვას სული გადმოდის’ და, როგორც ჩანს, ის გალაადში და მენაშეში იმ მიზნით მიდის, რომ ამონის წინააღმდეგ საბრძოლველად შეკრიბოს ხალხი (მსაჯულები 11:28, 29).

იფთახის აღთქმა

იფთახს ძალიან უნდა ღვთის ხელმძღვანელობის მიღება, ამიტომ ის აღთქმას დებს: „თუ ხელში ჩამიგდებ ამონის ძეებს, როცა ამონის ძეებისგან მშვიდობით დავბრუნდები, ვინც ჩემი სახლის კარებიდან გამომეგებება, იეჰოვასი იყოს; შევწირავ მას, როგორც დასაწვავ შესაწირავს“. ღვთის კურთხევით იფთახი ამონელთა ოცი ქალაქის მოსახლეობას ჟლეტს და ისრაელის მტრებს იმორჩილებს (მსაჯულები 11:30—33).

ბრძოლიდან დაბრუნებულ იფთახს ერთადერთი საყვარელი ქალიშვილი ეგებება! ბიბლიაში ვკითხულობთ: «მის დანახვაზე [იფთახმა] ტანსაცმელი შემოიხია და თქვა: „ვაიმე, შვილო! ეს რა მიყავი! თურმე შენ გაგრიყე, შვილო, მაგრამ სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“» (მსაჯულები 11:34, 35).

მართლა აპირებს იფთახი თავისი ქალიშვილის შეწირვას? არა, მას ეს აზრადაც არ მოსვლია. იეჰოვას სძულს ადამიანების მსხვერპლად შეწირვა, რაც ქანაანელების საშინელი ჩვეულება იყო (ლევიანები 18:21; კანონი 12:31). ფიცის დადების დროს ღვთის სული მოქმედებდა იფთახზე და იეჰოვამ აკურთხა მისი მცდელობა. თავისი რწმენისა და იმის გამო, რომ მან ხელი შეუწყო ღვთის განზრახვის შესრულებას, იფთახი დადებითად მოიხსენიება წმინდა წერილებში (1 სამუელი 12:11; ებრაელები 11:32—34). ამიტომ გამორიცხულია, რომ მას მსხვერპლშეწირვის მიზნით ადამიანი მოეკლა. მაგრამ რას გულისხმობდა იფთახი, როცა იეჰოვას აღუთქვა მსხვერპლის შეწირვა?

იფთახი, როგორც ჩანს, გულისხმობდა, რომ ვინც გამოეგებებოდა სახლიდან, მას განსაკუთრებული ღვთისმსახურებისთვის შესწირავდა. მოსეს კანონის თანახმად, შესაძლებელი იყო, რომ აღთქმის საფუძველზე ადამიანი იეჰოვასთვის განსაკუთრებული მსახურების შესასრულებლად მიძღვნილიყო. მაგალითად, ქალები საწმინდარში მსახურობდნენ და, შესაძლოა, წყალს ეზიდებოდნენ (გამოსვლა 38:8; 1 სამუელი 2:22). ამ მსახურებისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ ცოტაა ცნობილი. როგორც ჩანს, იფთახს აღთქმის დადების დროს ასეთი განსაკუთრებული მსახურება ჰქონდა მხედველობაში, რომელიც ალბათ მუდმივი იქნებოდა.

იფთახის ქალიშვილმა, ასევე მოგვიანებით სამუელმა, ღვთისმოშიში მშობლების მიერ დადებული აღთქმა შეასრულეს (1 სამუელი 1:11). იფთახის ქალიშვილი იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი იყო და მამამისის მსგავსად ფიქრობდა, რომ აღთქმა უნდა შეესრულებინა. მსხვერპლი დიდი იყო, რადგან ის ვერასოდეს გათხოვდებოდა. ისრაელში ყველა ქალს სურდა, ბავშვები ჰყოლოდა, რომლებიც გვარის გამგრძელებლები და მემკვიდრეები იქნებოდნენ; ამიტომ მან გამოიტირა თავისი ქალწულობა. აღთქმის შესრულება იფთახისთვის ერთადერთ და საყვარელ შვილთან განშორებას ნიშნავდა (მსაჯულები 11:36—39).

ამ ერთგული ქალიშვილის ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია. იეჰოვას სახლში სრული დროით მსახურება მას ღვთის განდიდების შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევდა და კმაყოფილებას ანიჭებდა. „ყოველწლიურად ისრაელის ასულები გალაადელი იფთახის ასულთან მიდიოდნენ და აქებდნენ მას“ (მსაჯულები 11:40). ცხადია, იფთახს უხაროდა, რომ მისი შვილი იეჰოვას ემსახურებოდა.

დღესაც ღვთის ხალხიდან ბევრი მსახურობს სრული დროით — პიონერად, მისიონერად, მიმომსვლელ ზედამხედველად და ბეთელში. ისინი შეიძლება ისე ხშირად ვერ ნახულობენ ოჯახის წევრებს, როგორც სურთ. მიუხედავად ამისა, მათ უხარიათ, რომ იეჰოვას წმინდა მსახურებას უსრულებენ; ამ სიხარულს მათი ოჯახის წევრებიც იზიარებენ (ფსალმუნი 110:3; ებრაელები 13:15, 16).

ღვთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ურჩობა

იფთახის დროს ბევრმა ისრაელმა უარყო იეჰოვას ხელმძღვანელობა. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა აშკარად აკურთხა იფთახი, ეფრემელები ედავებოდნენ მას. მათ სურდათ, გაეგოთ, რატომ არ წაიყვანა ისინი იფთახმა ბრძოლაში. მათ უნდოდათ იფთახი სახლში ამოეწვათ! (მსაჯულები 12:1).

იფთახმა უთხრა ეფრემელებს, რომ მოუხმო მათ, მაგრამ ისინი არ გამოეხმაურნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ბრძოლაში გამარჯვება ღვთის დახმარებით გახდა შესაძლებელი. იმიტომ ხომ არ განრისხდნენ ისინი, რომ გალაადელებმა არაფერი ჰკითხეს მათ, როცა მეთაურად იფთახს ირჩევდნენ? სინამდვილეში ეფრემელების უკმაყოფილება იმის ნიშანი იყო, რომ ისინი იეჰოვას ეურჩებოდნენ. იფთახი იძულებული გახდა, მათაც შებრძოლებოდა. ამ ბრძოლაში ეფრემელები დამარცხდნენ. გაქცეული ეფრემელების ამოცნობა ძალიან ადვილი იყო, რადგან მათ არ შეეძლოთ სიტყვა „შიბოლეთის“ სწორად წარმოთქმა. საბოლოო ჯამში, ამ შეტაკების დროს 42 000 ეფრემელი დაიხოცა (მსაჯულები 12:2—6).

ეს მძიმე დრო იყო ისრაელის ისტორიაში! მსაჯულების — ოთნიელის, ეჰუდის, ბარაკისა და გედეონის — მოპოვებულმა გამარჯვებებმა მშვიდობა მოუტანა ისრაელს. მაგრამ ამ შემთხვევაში მშვიდობაზე არაფერია ნათქვამი. იფთახის შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი მონათხრობი შემდეგნაირად მთავრდება: „ექვს წელიწადს იყო იფთახი ისრაელის მსაჯული; მოკვდა [ის] და დამარხეს თავის ქალაქში, გალაადში“ (მსაჯულები 3:11, 30; 5:31; 8:28; 12:7).

რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? განსაცდელებით აღსავსე ცხოვრების მიუხედავად, იფთახი ღვთის ერთგული იყო. ეს მამაცი კაცი იეჰოვას მოიხსენიებდა გალაადელ უხუცესებთან, ამონელებთან, თავის ქალიშვილთან და ეფრემელებთან საუბარში, ასევე თავის აღთქმაში (მსაჯულები 11:9, 23, 27, 30, 31, 35; 12:3). ღმერთმა აკურთხა იფთახი ერთგულებისთვის და ის და მისი ქალიშვილი წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად გამოიყენა. მაშინ, როცა სხვები ღვთის ნორმებს უგულებელყოფდნენ, იფთახი ზედმიწევნით იცავდა მათ. თქვენც ყოველთვის იფთახის მსგავსად ემორჩილებით იეჰოვას?

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ამონელები სისასტიკით გამოირჩეოდნენ. დაახლოებით 60 წლის შემდეგ ისინი გალაადის ერთი ქალაქის მაცხოვრებლებს მარჯვენა თვალის ამოთხრით ემუქრებოდნენ. წინასწარმეტყველი ამოსი მოიხსენიებს დროს, როცა ამონელები გალაადში ორსულ ქალებს ფატრავდნენ (1 სამუელი 11:2; ამოსი 1:13).