რატომ უნდა ვესწრებოდეთ კრების შეხვედრებს?
რატომ უნდა ვესწრებოდეთ კრების შეხვედრებს?
ქორწინებიდან 20 წლის შემდეგ მოულოდნელად ქრისტინე ქმარმა მიატოვა. მას მარტოს უნდა აღეზარდა შვიდი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, რომელთა ასაკი 7—18 წლამდე იყო. ის ამბობს: „ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მარტოს მიწევდა, ამიტომ პასუხისმგებლობები მთრგუნავდა. ვგრძნობდი, რომ ძალიან მჭირდებოდა მხარდაჭერა და ხელმძღვანელობა“. რა დაეხმარა მას?
ქრისტინე დასძენს: „ქრისტიანული შეხვედრები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან იქ და-ძმები გვამხნევებდნენ და ღვთის სიტყვიდან ხელმძღვანელობას ვიღებდით. კრებებზე რეგულარულად დასწრება ცხოვრების ყველა სფეროში დაგვეხმარა“.
ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა განსაცდელის გადატანა უწევს (2 ტიმოთე 3:1). ქრისტინეს მსგავსად, შესაძლოა, თქვენც ფიქრობთ, რომ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი სულიერობისთვის და იეჰოვასადმი თქვენი თაყვანისმცემლობის ძირითადი ნაწილია. ყოველკვირეული ხუთი შეხვედრა ღვთისადმი სიყვარულს გიძლიერებთ, მომავლის იმედს გიმტკიცებთ და განსაცდელებთან გასამკლავებლად ბიბლიის რჩევებით უზრუნველგყოფთ.
მაგრამ ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება ზოგისთვის ადვილი არ არის. დღის ბოლოს ისინი დაღლილობას გრძნობენ, მათ ტანსაცმლის გამოცვლასა და კრებაზე მგზავრობაზე ფიქრიც კი ღლით. ზოგს სამსახური უშლის ხელს, რომ შეხვედრებს რეგულარულად დაესწრონ, რადგან ნაკლები შემოსავალი ექნებათ და შეიძლება სამსახურიც კი დაკარგონ. ზოგი შეიძლება შეხვედრებს გართობის გამო აცდენს, რადგან ფიქრობს, რომ გართობა უფრო გამომაცოცხლებელია, ვიდრე და-ძმებთან ურთიერთობა.
რომელი სერიოზული მიზეზების გამო არ უნდა გავაცდინოთ ქრისტიანული შეხვედრები? როგორ შეგიძლიათ კრების შეხვედრები გამომაცოცხლებელი გახადოთ? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად განვიხილოთ იესოს გულთბილი მოწვევა, რომელიც მათეს 11:28—30-შია ჩაწერილი. ის ამბობს: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“.
„მოდით ჩემთან . . .“
იესომ თქვა: „მოდით ჩემთან“. ამ მოწოდებას რომ გამოვეხმაუროთ, ერთ-ერთი მათე 18:20).
საშუალებაა, რეგულარულად დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს. სხვა მიზეზებიც არსებობს, რის გამოც ამის გაკეთება გვმართებს. იესომ თქვა: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის“ (პირველ საუკუნეში იესო პირადად იწვევდა ადამიანებს, მას გაჰყოლოდნენ. მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონოდათ მასთან. ზოგი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა იესოს მოწვევას (მათე 4:18—22). სხვები კი მატერიალისტური მისწრაფებების გამო არ გაჰყვნენ მას (მარკოზი 10:21, 22; ლუკა 9:57—62). იესომ თავისი მიმდევრები დაარწმუნა: „თქვენ კი არ ამირჩიეთ, მე აგირჩიეთ“ (იოანე 15:16).
სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ქრისტე ფიზიკურად აღარ იყო თავის მოწაფეებთან. მაგრამ ის იმ გაგებით იყო მათთან, რომ ხელმძღვანელობდა და აკვირდებოდა მათ, როგორ იყენებდნენ მის რჩევებს. მაგალითად, აღდგომიდან დაახლოებით 70 წლის შემდეგ იესომ გაამხნევა მცირე აზიის შვიდი კრება და რჩევები მისცა მათ. მისი ნათქვამი ცხადყოფს, რომ მან კარგად იცოდა ამ კრებების თითოეული წევრის ძლიერი და სუსტი მხარეები (გამოცხადება 2:1—3:22).
იესო დღესაც არის დაინტერესებული თავისი თითოეული მოწაფით. ის გვარწმუნებს: „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათე 28:20). ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში, ამიტომ უნდა გამოვეხმაუროთ იესოს მოწვევას და გავყვეთ მას. ამაში შედის ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება. იესოს სურს, მოვუსმინოთ მას და ‘ვისწავლოთ მისგან’ კრების შეხვედრებზე, სადაც რეგულარულად განიხილება ბიბლიაზე დაფუძნებული მასალა (ეფესოელები 4:20, 21). ეხმაურებით იესოს მოწვევას: „მოდით ჩემთან“?
„. . . მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო“
კრებებზე დასწრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გამხნევებაა (ებრაელები 10:24, 25). ბევრი ჩვენგანი სხვადასხვაგვარად არის „მძიმედ მშრომელი და ტვირთმძიმე“. თქვენ შეიძლება სხვადასხვა საწუხარი გამძიმებთ, მაგალითად ცუდი ჯანმრთელობა. ქრისტიანულ შეხვედრებზე ყველას შეუძლია გამხნევდეს (რომაელები 1:11, 12). მაგალითად, შეგიძლიათ გამხნევდეთ რწმენის განმამტკიცებელი კომენტარებით, გაიძლიეროთ ბიბლიაზე დაფუძნებული იმედი და დააკვირდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც რწმენით უძლებენ განსაცდელებს. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, გაუძლოთ განსაცდელებს და გაწონასწორებული თვალსაზრისი გქონდეთ თქვენს პრობლემებზე.
დაფიქრდით, ერთ ქრისტიან დაზე, რომელიც ქრონიკული დაავადებით იტანჯება. ის ამბობს: „ავადმყოფობის გამო გარკვეული დროის განმავლობაში საავადმყოფოში მიწევს ყოფნა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მიჭირს კრების შეხვედრებზე წასვლა, მაგრამ მესმის, რომ იქ უნდა ვიყო. და-ძმების სითბო და სიყვარული სიხარულით მავსებს და იეჰოვასა და იესოსგან მიღებული დასწავლება და ხელმძღვანელობა ჩემს ცხოვრებას აზრიანს ხდის“.
„ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“
ყურადღება მიაქციეთ ასევე, რას ამბობს იესო 29-ე მუხლში: „ისწავლეთ ჩემგან“. როცა ვსწავლობთ იესოსგან, მისი მოწაფეები ვხდებით და როცა ღმერთს ვუძღვნით თავს და ვინათლებით, მის უღელს ვიდგამთ (მათე 28:19, 20). თუ გვინდა, რომ იესოს მოწაფეებად დავრჩეთ, აუცილებელია რეგულარულად დავესწროთ კრების შეხვედრებს. რატომ? ვინაიდან ქრისტიანულ შეხვედრებზე ვსწავლობთ იესოს შესახებ, ასევე მისი სწავლებებისა და მეთოდების შესახებ.
რომელი ტვირთის ტარებაზე საუბრობდა იესო? ეს ტვირთი არის ღვთის ნების შესრულება, რასაც იესო თავად ატარებს და რაც უდიდესი პატივია (იოანე 4:34; 15:8). ღვთის მცნებების დასაცავად ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ამ ტვირთის ტარება დამამძიმებელი არ არის. მძიმე შეიძლება მაშინ იყოს, თუ მარტო შევეცდებით ამ ტვირთის ზიდვას. მაგრამ თუ ვთხოვთ ღმერთს წმინდა სულს და კრების შეხვედრებზე სულიერად კარგად ვიკვებებით, ღვთისგან მივიღებთ „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7). იეჰოვა უფრო შეგვიყვარდება, თუ შეხვედრებისთვის მოვემზადებით და მათში მონაწილეობას მივიღებთ. როცა სიყვარულით ვიქნებით აღძრულები, ღვთის მცნებების დაცვა არ იქნება ჩვენთვის დამამძიმებელი (1 იოანე 5:3).
დღეს ქვეყნიერებაში ადამიანები სხვადასხვა სირთულეს აწყდებიან, მათ შორისაა საარსებო ფულის შოვნა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სხვა მრავალი პრობლემა. მაგრამ, მათ გადასაჭრელად ჩვენ მხოლოდ ადამიანის სიბრძნეზე არა ვართ დაიმედებული. კრების შეხვედრები გვეხმარება ‘აღარ ვწუხდეთ’, რადგან იეჰოვა ზრუნავს ჩვენს მოთხოვნილებებზე და გვეხმარება სირთულეების დაძლევაში (მათე 6:25—33). ნამდვილად, ქრისტიანული შეხვედრებით ღმერთი ჩვენდამი სიყვარულს ავლენს.
„რბილი და გულით თავმდაბალი ვარ“
იესოს ჩვეულებად ჰქონდა სინაგოგაში სიარული, სადაც ღვთის სიტყვა განიხილებოდა. ერთხელ იესომ აიღო „ესაიას“ გრაგნილი და შემდეგი აზრი წაიკითხა: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო, გავათავისუფლო ჩაგრულები და იეჰოვასთვის სასურველი წელიწადის შესახებ ვიქადაგო“ (ლუკა 4:16, 18, 19). როგორი სასიხარულო იქნებოდა იესოს შემდეგი სიტყვების მოსმენა: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“! (ლუკა 4:21).
იესო რბილი ხასიათის „უფროსი მწყემსი“ დღესაც ზრუნავს სულიერად თავის მიმდევრებზე (1 პეტრე 5:1—4). მისი ხელმძღვანელობით „ერთგული და გონიერი მონა“ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო კრებებში მწყემსებად ნიშნავს მამაკაცებს (მათე 24:45—47; ტიტე 1:5—9). ეს მამაკაცები სათუთად ‘მწყემსავენ ღვთის კრებას’ და კარგ მაგალითს აძლევენ სხვებს კრებაზე რეგულარულად დასწრებით. თქვენც დააფასებთ „ძღვენს ადამიანთა სახით“, თუ დაესწრებით შეხვედრებს; თანაც თქვენი იქ ყოფნითა და კომენტარებში მონაწილეობით სხვებს გაამხნევებთ (საქმეები 15:30—33; 20:28; ეფესოელები 4:8, 11, 12).
„გამოცოცხლდება თქვენი სული“
რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ ქრისტიანული შეხვედრები თქვენთვის გამომაცოცხლებელი იყოს? იესო გვირჩევს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18). ვისაც მთელი გულით სურდა სწავლა, ყურადღებით უსმენდა იესოს. ისინი სთხოვდნენ მას, განემარტა მათთვის მაგალითები, რათა სწავლების სიღრმეებს ჩასწვდომოდნენ (მათე 13:10—16).
სულიერს მოწყურებული ამ ადამიანების მსგავსად თქვენც შეგიძლიათ კარგად მოისმინოთ შეხვედრებზე წარმოთქმული მოხსენებები (მათე 5:3, 6). ყურადღება რომ არ გაგეფანტოთ, მიჰყევით მომხსენებლის მსჯელობას. ამ დროს დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: „როგორ შემიძლია ამ ინფორმაციის გამოყენება ცხოვრებაში? როგორ გამოვიყენო ის სხვების დასახმარებლად? როგორ შემიძლია ამა თუ იმ საკითხის ახსნა?“ გარდა ამისა, მოძებნეთ ბიბლიაში მუხლები, რომლებსაც მომხსენებელი მთავარი აზრების დასასაბუთებლად იყენებს. რაც უფრო კარგად მოისმენთ კრების შეხვედრებზე, მით უფრო გამომაცოცხლებელი იქნება ისინი თქვენთვის.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ სხვებთან ისაუბრეთ განხილულ მასალაზე. ყურადღება გაამახვილეთ კონკრეტულ საკითხებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება. გამამხნევებელი საუბარი შეხვედრას უფრო გამომაცოცხლებელს გახდის.
უდავოა, ერთად შეკრების არაერთი მიზეზი გვაქვს. ამ საკითხების განხილვის შემდეგ, ღირს, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: «როგორ ვეხმაურები იესოს მოწვევას: „მოდით ჩემთან“?»
[სურათები 11 გვერდზე]
ხომ არ გიშლით ხელს სხვა საქმეები, რომ კრების შეხვედრებს დაესწროთ?