როგორ მივცე შვილებს ჭეშმარიტი ცოდნა?
როგორ მივცე შვილებს ჭეშმარიტი ცოდნა?
შვილების აღზრდა-განათლება შეგვიძლია საინტერესო, მაგრამ რთულ გზას შევადაროთ. თქვენ შვილებთან ერთად უნდა გაიაროთ ეს გზა, უნდა გაამხნეოთ და სიყვარულით უხელმძღვანელოთ, რომ ცხოვრების გზაზე წინ წაიწიონ. შვილებს ხომ ბევრი რამის სწავლა სჭირდებათ!
ცხოვრებაში რომ ნამდვილად წარმატებულები და ბედნიერები იყვნენ, ბავშვებმა უნდა შეიძინონ ზნეობრივი და სულიერი ფასეულობები და ისწავლონ სწორის არასწორისგან გარჩევა. თუ ისინი გაიცნობენ და შეიყვარებენ იეჰოვას, მათი აღზრდა მართლაც დაფასდება და მიღებული ცოდნა მარადიულ კურთხევებს მოუტანს მათ. ძირითადად, თქვენა ხართ პასუხისმგებელი, თუ რას სწავლობენ თქვენი შვილები, როგორ აფასებენ ნასწავლს და რამდენად კარგად ესმით ის.
ამ გზაზე ბევრ სირთულეს შეხვდებით. ბავშვები ყველაფერს ადვილად ითვისებენ, ამიტომ მათ ოჯახის გარეთ შეიძლება ბევრი ისეთი რამე ისწავლონ, რაც მათთვის საზიანოა. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელსაც სატანა ეშმაკი მართავს (1 იოანე 5:19). ისიც დაინტერესებულია თქვენი შვილების აღზრდით, ოღონდ სრულიად სხვა მიზნები ამოძრავებს. სატანა მოხერხებული და გამოცდილი მასწავლებელია, თუმცა ბოროტია. ის „სინათლის ანგელოზის“ სახეს იღებს, მაგრამ მისგან მიღებულ ცოდნას ხალხი შეცდომაში შეჰყავს; ეს ცოდნა ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვასა და ნებას (2 კორინთელები 4:4; 11:14; იერემია 8:9). ეშმაკი და მისი დემონები დახელოვნებული მატყუარები არიან და ადამიანებს ეგოიზმისკენ, უპატიოსნობისა და უზნეობისკენ უბიძგებენ (1 ტიმოთე 4:1).
როგორ შეგიძლიათ დაიცვათ შვილები, რომ არ მოტყუვდნენ? როგორ შეგიძლიათ ასწავლოთ მათ ის, რაც სწორი და ფასეულია? უპირველესად, საჭიროა, საკუთარ თავს დაუკვირდეთ. თქვენ კარგ მაგალითს უნდა აძლევდეთ შვილებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, თქვენს თავზე აიღოთ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა და დრო გამოყოთ ამისთვის. ამ საკითხების განხილვამდე ვნახოთ, რა არის ჭეშმარიტი ცოდნის საძირკველი.
ჭეშმარიტი ცოდნის საძირკველი
ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ისრაელის მეფე სოლომონისგან, რომელიც ერთ-ერთი ბრძენი ადამიანი იყო დედამიწაზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ზღვის ქვიშასავით უხვად აძლევდა ღმერთი სოლომონს სიბრძნეს, გაგების უნარსა და გამჭრიახ გულს. სოლომონის სიბრძნე მთელი აღმოსავლეთისა და ეგვიპტის სიბრძნეს აღემატებოდა“. სოლომონმა „წარმოთქვა სამი ათასი იგავი და შეთხზა ათას ხუთი სიმღერა“. ის დიდ ცოდნას ფლობდა მცენარეებისა და ცხოველების შესახებ (1 მეფეები 4:29—34). მეფე სოლომონი ისრაელში სამშენებლო პროექტებსაც ხელმძღვანელობდა, მათ შორის იეჰოვას დიდებული ტაძრის მშენებლობას იერუსალიმში.
სოლომონის მიერ დაწერილი წიგნებიდან, მაგალითად ეკლესიასტეს წიგნიდან, ვიგებთ, რომ მან კარგად იცოდა ადამიანის ბუნება. ღვთის შთაგონებით მან დაწერა, თუ რა არის ჭეშმარიტი ცოდნის საფუძველი. ბრძენმა მეფემ თქვა: „იეჰოვას შიში ცოდნის სათავეა“; შემდეგ დასძინა: „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა და უწმინდესის შესახებ ცოდნა გაგების უნარს იძლევა“ (იგავები 1:7; 9:10).
თუ ღვთის გვეშინია, მოწიწებას ვავლენთ და ვცდილობთ, არ ვაწყენინოთ მას. ჩვენ გვესმის, რომ ის უზენაესია და მის წინაშე პასუხს ვაგებთ. 1 კორინთელები 3:19). თქვენს შვილებს სჭირდებათ ცოდნა, რომელიც „ზემოდან მომავალ სიბრძნეზე“ იქნება დაფუძნებული (იაკობი 3:15, 17).
ისინი, ვინც უგულებელყოფენ შემოქმედს, შეიძლება ადამიანების თვალში ბრძენები ჩანან, მაგრამ მათი სიბრძნე „უგუნურებაა ღვთისთვის“ (იეჰოვას შიში და მისდამი სიყვარული მჭიდრო კავშირშია. იეჰოვას სურს, რომ მის მსახურებს ეშინოდეთ მისი და უყვარდეთ ის. მოსემ თქვა: „ისრაელო, რას ითხოვს შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი? იმას, რომ გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა, იარო მისი გზით, გიყვარდეს იგი და ემსახურო იეჰოვას, შენს ღმერთს, მთელი გულითა და სულით; დაიცვა იეჰოვას მცნებები და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ შენდა სასიკეთოდ“ (კანონი 10:12, 13).
თუ იეჰოვასადმი მოწიწებულ შიშს ჩავუნერგავთ შვილებს, ჩვენ ისეთ ცოდნას ჩავუყრით საძირკველს, რაც ნამდვილად დააბრძენებს მათ. როცა ისინი ამ საძირკველზე ააშენებენ, შემოქმედისადმი, ჭეშმარიტი ცოდნის წყაროსადმი, მადლიერებას გაიღრმავებენ. ეს დაეხმარება ჩვენს შვილებს, რომ სწორად გაიგონ ნასწავლი და, შესაბამისად, სწორი დასკვნები გააკეთონ. ისინი განივითარებენ უნარს „კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). თუ მათ ცოდნას ასეთი საძირკველი ექნება, ეს დაეხმარება მათ, თავმდაბლები იყვნენ და მოერიდონ ბოროტებას (იგავები 8:13; 16:6).
თქვენი შვილები თქვენ გაკვირდებიან!
როგორ ვასწავლოთ შვილებს იეჰოვას სიყვარული და შიში? ამ კითხვაზე პასუხი მოცემულია კანონში, რომელიც იეჰოვამ ისრაელს წინასწარმეტყველი მოსეს მეშვეობით მისცა. ისრაელი მშობლებისთვის ნათქვამი იყო: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:5—7).
ამ მუხლებში მშობლების ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე მახვილდება. პირველი, კარგი მაგალითი მიეცით შვილებს. იეჰოვას სიყვარული რომ ასწავლოთ შვილებს, ჯერ თქვენ უნდა გიყვარდეთ ღმერთი და მისი სიტყვები გულში უნდა ჩაიბეჭდოთ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ, ბავშვები, ძირითადად, თქვენგან სწავლობენ. თქვენი მაგალითი მათზე დიდ გავლენას ახდენს. ამაზე დიდ კვალს ბავშვის ცხოვრებაზე არავინ და არაფერი ტოვებს.
თქვენი სურვილები, მისწრაფებები, ფასეულობები და ინტერესები არა მარტო თქვენი სიტყვებიდან ჩანს, არამედ საქმეებიდანაც (რომაელები 2:21, 22). პატარაობიდანვე ბავშვები ბევრ რამეს მშობლებზე დაკვირვებით სწავლობენ. ისინი ხედავენ, რას ანიჭებენ უპირატესობას მშობლები და, ხშირად, სწორედ ეს ხდება მათთვისაც მნიშვნელოვანი. თუ ნამდვილად გიყვართ იეჰოვა, შვილები ამასაც შეამჩნევენ. მაგალითად, ისინი მიხვდებიან, რომ ბიბლიის კითხვა და შესწავლა თქვენთვის მნიშვნელოვანია და სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებთ (მათე 6:33). ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებით და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში მონაწილეობით დაანახვებთ მათ, რომ იეჰოვასთვის წმინდა მსახურების შესრულება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია (მათე 28:19, 20; ებრაელები 10:24, 25).
შეასრულეთ თქვენი ვალდებულება
კანონის 6:5—7-ში კიდევ ერთი საკითხი იკვეთება: შვილების აღზრდა თქვენი პასუხისმგებლობაა. ძველ ისრაელში მშობლები თავად ზრუნავდნენ შვილების განათლებაზე. ასევე პირველ საუკუნეში ქრისტიან მშობლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ შვილების აღზრდა-განათლებაში (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15). თანაქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქული მამებს მოუწოდებდა, რომ ‘იეჰოვას მოსაწონად აღეზარდათ და დაერიგებინათ შვილები’ (ეფესოელები 6:4).
ყოველდღიური საზრუნავის, სამსახურისა და სხვა მნიშვნელოვანი საქმეების გამო მშობლებმა შეიძლება შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა სხვას გადააბარონ, მაგალითად სკოლის მასწავლებლებსა და ძიძებს. მაგრამ მოსიყვარულე და მზრუნველ მშობელს ვერავინ შეცვლის. გახსოვდეთ, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ თქვენი შვილისთვის და დიდი გავლენის მოხდენა შეგიძლიათ მასზე. თუ დახმარება გჭირდებათ, გონივრულად აირჩიეთ, ვის მიმართოთ, მაგრამ უარს ნუ იტყვით თქვენი წმინდა მოვალეობის შესრულებაზე.
დრო დაუთმეთ შვილების აღზრდას
შემდეგი საკითხი, რომელსაც მშობლებმა კანონის 6:5—7-ში ყურადღება უნდა მიაქციონ, არის ის, რომ შვილების აღზრდას დრო და ძალისხმევა სჭირდება. ისრაელში მშობლებს ღვთის ჭეშმარიტება უნდა „ჩაეგონებინათ“ შვილებისთვის. ებრაული სიტყვა, რომელიც „ჩაგონებად“ არის ნათარგმნი, ნიშნავს „გამეორებას“ და „კვლავ და კვლავ თქმას“. მათ ეს მთელი დღის განმავლობაში უნდა ეკეთებინათ, განთიადიდან დაბინდებამდე, „სახლში ჯდომისას“ და „გზაზე სიარულისას“. დრო და ძალისხმევაა საჭირო, რომ აღვზარდოთ შვილები და დავეხმაროთ, ჰქონდეთ ღვთისმოსაწონი აზროვნება და ყოფაქცევა.
მაშ, როგორ შეგიძლიათ შვილებს ჭეშმარიტი ცოდნა მისცეთ? ამისთვის ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. ასწავლეთ მათ იეჰოვას სიყვარული და შიში. მიეცით კარგი მაგალითი. შეასრულეთ თქვენი ვალდებულება, ასწავლოთ მათ და დრო გამოყავით ამისთვის. თქვენ არასრულყოფილები ხართ და შეცდომებისგან დაზღვეულები არა ხართ. მაგრამ თუ მთელი გულით ეცდებით ღვთის ნების შესრულებას, თქვენი შვილები დააფასებენ თქვენს ამაგს და ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებენ. იგავების 22:6-ში ნათქვამია: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“.
ცოდნის მიღება მთელი ცხოვრება გრძელდება. თუ თქვენ და თქვენს შვილებს გიყვართ ღმერთი, ცოდნის მიღებას მარადიულად შეძლებთ, რადგან იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ მეტის გაგება ყოველთვის იქნება შესაძლებელი (ეკლესიასტე 3:10, 11).
[სურათი 15 გვერდზე]
უკითხავთ შვილებს ბიბლიას?
[სურათი 16 გვერდზე]
დრო გამოყავით, რომ შვილებს შემოქმედის შესახებ ასწავლოთ.