არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ენას დიდი ძალა აქვს

ენას დიდი ძალა აქვს

ენას დიდი ძალა აქვს

ჟირაფის ენა დაახლოებით 45 სანტიმეტრია, რასაც ხის ტოტებიდან ფოთლების მოსაგლეჯად საკმაოდ მარჯვედ და ძლიერად ამოძრავებს. ლურჯი ვეშაპის ენა კი დაახლოებით იმდენივეს იწონის, რამდენსაც სპილო. წარმოიდგინეთ, რა ძალა დასჭირდება ასეთი ენის მხოლოდ ამოძრავებას!

ამხელა ენებთან შედარებით ადამიანის ენა ზომით, წონით თუ ძალით უმნიშვნელოა, თუმცა მას ბევრად მეტი შეუძლია. „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია“, — ნათქვამია ბიბლიაში ადამიანის ამ პატარა ორგანოზე (იგავები 18:21). მართლაც, რამდენჯერ გვსმენია, რომ სასიკვდილო შედეგი მოჰყოლია სიცრუის შეთხზვას და ზოგჯერ დამღუპველი ზიანიც კი მოუტანია უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ცრუ მოწმობას?

მსგავსად ამისა, გულსატკენმა სიტყვებმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს დიდი ხნის მეგობრობას. უხეშად ნათქვამი სიტყვები დამთრგუნველია. „როდემდე უნდა მიშფოთებდეთ სულს და მმუსრავდეთ სიტყვით?“ — ჩიოდა სულგამწარებული იობი (იობი 19:2). მოწაფე იაკობმა აღწერა აულაგმავი ენის გამანადგურებელი ძალა: „ენაც, სხეულის პატარა ნაწილია, მაგრამ ბევრს ტრაბახობს. პატარა ცეცხლსაც ხომ შეუძლია უზარმაზარი ტყის გადაბუგვა! ენა ცეცხლია“ (იაკობი 3:5, 6).

მეორე მხრივ, ენას ისეთი ძალა აქვს, რომ კაცის სიკვდილისგან ხსნა შეუძლია. თანაგრძნობითა და ნუგეშით სავსე სიტყვებმა შეიძლება ადამიანი დეპრესიიდან გამოიყვანოს და თავის მოკვლა გადააფიქრებინოს. გონივრულმა რჩევამ ბევრი ნარკომანი და ბოროტმოქმედი იხსნა ნაადრევი სიკვდილისგან. მართლაც, მართლის ენა „სიცოცხლის ხე“ და „ოქროს ვაშლებია ნაჭედ ვერცხლზე“ (იგავები 15:4; 25:11).

ენას საუკეთესოდ მაშინ ვიყენებთ, როცა იეჰოვა ღმერთს განვადიდებთ, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ და სხვებს ძვირფას ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვასწავლით. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3; მათე 24:14; 28:19, 20).