მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
იძლევა თუ არა იგავების 22:6-ში ჩაწერილი სიტყვები იმის გარანტიას, რომ ქრისტიანი მშობლების მიერ შვილების სათანადოდ აღზრდის შემთხვევაში ბავშვები იეჰოვას გზიდან არ გადაუხვევენ?
ამ მუხლში ნათქვამია: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“. რა ფორმასაც მისცემ ყლორტს, ხეც იმ ფორმის გაიზრდება; ასევეა ბავშვების აღზრდაც — სათანადოდ აღზრდის შემთხვევაში მეტია იმის ალბათობა, რომ ის მოწიფულობის ასაკში არ მიატოვებს იეჰოვას მსახურებას. ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვის აღზრდას საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ბავშვი რომ ქრისტეს მოწაფედ ჩამოყალიბდეს, საჭიროა მისი დარიგება, შეგონება, გამხნევება, დასჯა და კარგი მაგალითის მიცემა, მაგრამ ამ დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. მშობელმა ეს წლების განმავლობაში სიყვარულით უნდა აკეთოს და აღებული კურსი არ უნდა ცვალოს.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ, თუ ბავშვი იეჰოვას გზიდან უხვევს, მშობლის ბრალია? შეიძლება ზოგჯერ მშობლებმა სათანადო ძალისხმევა არ მოახმარონ იეჰოვას მოსაწონად შვილების აღზრდას (ეფესოელები 6:4). მეორე მხრივ, ზემოთ მოყვანილი იგავი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ სათანადო აღზრდის შემთხვევაში ბავშვი იეჰოვას ერთგული იქნება. მშობლებს არ შეუძლიათ შვილების ისეთ პიროვნებებად ფორმირება, როგორსაც თავად ისურვებდნენ. ზრდასრული ადამიანების მსგავსად, ბავშვებსაც აქვთ ნების თავისუფლება და, საბოლოოდ, თავად ირჩევენ, როგორ იცხოვრონ (კანონი 30:15, 16, 19). მშობლების დიდი მცდელობის მიუხედავად, ზოგი ბავშვი სოლომონივით, ვის დაწერილ მუხლსაც ახლა განვიხილავთ, კარგავს ღვთისადმი ერთგულებას. იეჰოვასაც კი ჰყავდა ძეები, რომლებიც ორგულები გახდნენ.
ამგვარად, ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი არც ერთ შემთხვევაში „არ გადაუხვევს“ სწორი გზიდან; აქ საუბარია იმაზე, უმეტეს შემთხვევაში, რა შედეგი მოჰყვება სწორ აღზრდას. რა გამამხნევებელია ეს მშობლებისთვის! მშობლებს ძალები უნდა შემატოს იმის ცოდნამ, რომ შვილების აღსაზრდელად და იეჰოვას გზაზე დასაყენებლად გამოვლენილი დიდი ძალისხმევა კარგ ნაყოფს გამოიღებს. მშობლებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ შვილების აღზრდაში და მათ დიდი გავლენა აქვთ შვილებზე, რის გამოც სერიოზულად უნდა მოეკიდონ თავიანთ პასუხისმგებლობას (კანონი 6:6, 7).
მაშინაც კი, როდესაც შვილები იეჰოვას მსახურებას წყვეტენ, მშობლებს, რომლებმაც კეთილსინდისიერად აღზარდეს ისინი, შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ, რომ შვილები გონს მოეგებიან. ბიბლიურ ჭეშმარიტებას დიდი ძალა აქვს და ბავშვობაში ნასწავლი ადვილად არ ეძლევა დავიწყებას (ფსალმუნი 19:7).