არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გოდება“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გოდება“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „გოდება“

იერემიას თვალწინ სრულდება განაჩენი, რის შესახებაც ის 40 წლის განმავლობაში წინასწარმეტყველებდა. რას გრძნობს წინასწარმეტყველი, როდესაც საყვარელი ქალაქის განადგურებას ხედავს? ბერძნულ სეპტუაგინტაში იერემიას წიგნის შესავალში ნათქვამია: „იერემია იჯდა და მოთქვამდა იერუსალიმზე“. ეს წიგნი წინასწარმეტყველმა ძვ. წ. 607 წელს დაწერა, როდესაც ჯერ კიდევ თვალწინ ედგა იერუსალიმის წელიწადნახევრიანი ალყა და ქალაქის გადაწვა, რის გამოც მასში ცოცხლად არის გადმოცემული იერემიას გულისტკივილი (იერემია 52:3—5, 12—14). კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არც ერთი ქალაქი არ დაუტირიათ ასეთი მოთქმით.

წიგნი „გოდება“ ხუთი ლირიკული თავისგან შედგება. პირველი ოთხი მოთქმა-გოდებაა, მეხუთე კი — ვედრება ანუ ლოცვა. პირველი ოთხი თავი აკროსტიქულია; თითოეულ თავში 22 მუხლია და ებრაული ანბანის 22 ასოს მიხედვით თანამიმდევრობით არის დალაგებული. მეხუთე თავშიც 22 მუხლია, მაგრამ არა ანბანური თანამიმდევრობით (გოდება 5:1).

„ცრემლების ღვრით მეღლება თვალები“

(გოდება 1:1—2:22).

„ო, როგორ მარტოდმარტო ზის ერთ დროს ხალხით სავსე ქალაქი! როგორ დაემსგავსა ქვრივს ის, ვინც ერთ დროს ხალხმრავალი იყო ხალხებს შორის! როგორ შრომობს მონურად ერთ დროს ქალბატონი სამთავროთა შორის!“ ასე იწყება წინასწარმეტყველ იერემიას გოდება იერუსალიმზე. ამ ქალაქის უბედურების მიზეზის შესახებ წინასწარმეტყველი ამბობს: „იეჰოვამ დაამწუხრა ის ცოდვათა სიმრავლის გამო“ (გოდება 1:1, 5).

ქვრივად წარმოდგენილი იერუსალიმი, რომელმაც დაკარგა ქმარი და შვილები, სვამს კითხვას: „განა არსებობს ჩემთვის მოყენებული ტკივილის მსგავსი მწვავე ტკივილი“? თავის მტრებთან დაკავშირებით ის ღმერთს ლოცვით მიმართავს: „შენ წინაშე იყოს მთელი მათი ბოროტება! მათაც ისე სასტიკად მოექეცი, როგორც მე — მთელი ჩემი ცოდვების გამო. ბევრს ვოხრავ, დამისნეულდა გული“ (გოდება 1:12, 22).

ღრმად დამწუხრებული იერემია ამბობს: „მრისხანებით კვეთს [იეჰოვა] ისრაელს ყველა რქას. უკან მიაქვს თავისი მარჯვენა, არ აჩერებს მტერს; ირგვლივ ყველაფრის შთამნთქმელი ცეცხლივით გიზგიზებს ის იაკობში“. წინასწარმეტყველი აღწერს თავის დიდ მწუხარებას და მოთქვამს: „ცრემლების ღვრით მეღლება თვალები, მიდუღს შიგნეული. მიწაზე მეღვრება ღვიძლი“. ვინც კი იერუსალიმს ჩაუვლის, გაოცებული ამბობს: „ეს ის ქალაქი არ არის, რომელზეც ამბობდნენ, სრულყოფილად ლამაზია, მთელი დედამიწის სიხარულიაო?“ (გოდება 2:3, 11, 15).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:15 როგორ თელავს იეჰოვა „იუდას ქალწული ასულის საწნახელს“? ქალწულად წოდებული ქალაქის განადგურებისას ბაბილონელები იმდენ სისხლს ღვრიან, რომ ეს საწნახელში ყურძნის დაწურვასთან არის შედარებული. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა ამის შესახებ და დაუშვა, რომ ეს მომხდარიყო; ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მან ‘გათელა საწნახელი’.

2:1 როგორ დაამხო იეჰოვამ „ციდან მიწაზე . . . ისრაელის მშვენება“? ვინაიდან ‘ზეცა დედამიწაზე მაღალია’, ციდან მიწაზე დამხობად ზოგჯერ დამცირებული მდგომარეობაა აღწერილი. „ისრაელის მშვენება“ — დიდება და ძალაუფლება, რომელიც ისრაელს იეჰოვას კურთხევების წყალობით ჰქონდა — დაემხო მაშინ, როცა იერუსალიმი განადგურდა და იუდა გაპარტახდა (ესაია 55:9).

2:1, 6 რა არის იეჰოვას „ფეხსადგამი“ და მისი „კარავი“? ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „მივიდეთ მის დიდებულ კარავში და დავემხოთ მის ფეხსადგამთან“ (ფსალმუნი 132:7). მაშასადამე, გოდების 2:1-ში მოცემული „ფეხსადგამი“ იეჰოვას თაყვანისმცემლობის სახლზე ანუ მის ტაძარზე მიუთითებს. ბაბილონელებმა „იეჰოვას სახლი“ კარავივით ანუ ბაღში ჩადგმული ქოხივით გადაწვეს (იერემია 52:12, 13).

2:16, 17 განა ანბანში ებრაული ასოების თანამიმდევრობის შესაბამისად მე-16 მუხლი აინით არ უნდა დაიწყოს და მე-17 — ფეთი? ამგვარი სტილით ღვთის შთაგონებით წერისას, ჩვეულებრივ, ანბანის ასოთა თანამიმდევრობა იყო დაცული, მაგრამ გამონაკლისი იმიტომ მოხდა, რომ ბუნებრიობა არ დარღვეულიყო. აზრი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ასოთა თანამიმდევრობის დაცვა, რომელიც მხოლოდ აზრის დამახსოვრებას აადვილებდა. თანამიმდევრობის ამგვარი დარღვევა „გოდების“ მე-3 და მე-4 თავებშიც შეინიშნება (გოდება 3:46, 49; 4:16, 17).

2:17 იერუსალიმთან დაკავშირებით რა „ნათქვამი“ შეასრულა იეჰოვამ? როგორც ჩანს, ეს მუხლი მიუთითებს ლევიანების 26:17-ზე, სადაც ნათქვამია: „მოვაქცევ ჩემს სახეს თქვენ წინააღმდეგ და მტერი დაგამარცხებთ. თქვენი მოძულეები გაგთელავენ და გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ“.

რას ვსწავლობთ:

1:1—9 ღამ-ღამობით გულამოსკვნით ტირის იერუსალიმი და ღვარად ჩამოსდის ცრემლი. მისი კარიბჭეები დაცარიელებულია და მისი მღვდლები ოხრავენ. მის ქალიშვილებს დარდი კლავთ, და თავადაც გამწარებულია. რატომ? იერუსალიმმა დიდად შესცოდა. მას ტანსაცმლის კალთებზე აქვს უწმინდურება. ცოდვის ნაყოფი არის ცრემლი, ოხვრა, მწუხარება, სიმწარე და არა სიხარული.

1:18 იეჰოვა ყოველთვის სამართლიანად სჯის ცოდვილებს.

2:20 ისრაელები გაფრთხილებული იყვნენ, რომ, თუ იეჰოვას ხმას არ მოუსმენდნენ, უბედურება დაატყდებოდათ; ამ უბედურებათაგან ერთ-ერთი იყო: „შეჭამ . . . შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს“ (კანონი 28:15, 45, 53). ღვთის ურჩობა მართლაც არაგონივრულია!

„ყურს ნუ მომარიდებ, როცა შველას გთხოვ!“

(გოდება 3:1—5:22).

„გოდების“ მე-3 თავში ისრაელი „კაცად“ არის მოხსენიებული. თავს დატეხილი უბედურებების მიუხედავად, ეს კაცი ამბობს: „კარგია იეჰოვა მისი მოიმედისთვის, მისი მძებნელისთვის“. ჭეშმარიტ ღმერთს ლოცვაში ის სთხოვს: „ისმინე ჩემი ხმა, ყურს ნუ მომარიდებ, როცა შვებას, შველას გთხოვ!“ ის სთხოვს იეჰოვას, უყურადღებოდ არ დატოვოს მტრების საქციელი: „იეჰოვა, შენ მიუზღავ მათ მათივე ნამოქმედარისამებრ“ (გოდება 3:1, 25, 56, 64).

იერემია მოთქვამს, თუ რა საშინელი შედეგები მოჰყვა წელიწადნახევრის განმავლობაში იერუსალიმის ალყაში ყოფნას: „დანაშაულის გამო მიღებულმა ჩემი ხალხის ასულის სასჯელმა სოდომის ცოდვის სასჯელს გადააჭარბა, იმ ქალაქის სასჯელს, რომელიც უცბად დაემხო და რომელსაც ხელი არ მიშველებია“. იერემია განაგრძობს: „მახვილით დახოცილები შიმშილით დახოცილებზე ბედნიერები არიან, რადგან ისე გამოიფიტნენ მინდვრის ნაყოფს მოკლებულნი, თითქოს ვინმემ განგმირაო“ (გოდება 4:6, 9).

მეხუთე თავში იერუსალიმის მკვიდრნი ამბობენ: „იეჰოვა, გახსოვდეს რა დაგვემართა, შემოგვხედე და დაინახე ჩვენი შეურაცხყოფა“. ისინი ყვებიან თავიანთ უბედურებას და ღმერთს სთხოვენ: „იეჰოვა, მარადიულად იჯდები ტახტზე, შენი ტახტი თაობიდან თაობაშია! იეჰოვა, დაგვაბრუნე შენთან და ჩვენც ხალისით დაგიბრუნდებით! განგვიახლე დღეები, ისე როგორც დიდი ხნის წინათ“ (გოდება 5:1, 19, 21).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

3:16 რას ნიშნავს გამოთქმა: „ხრეშით მიმტვრევს კბილებს“? ერთ ნაშრომში ნათქვამია: „როდესაც იუდეველები გადასახლებაში მიჰყავდათ, მათ აიძულებდნენ, ორმო ამოეთხარათ და პური იქ გამოეცხოთ, რის გამოც ხშირად პურს ქვიშა ერეოდა“. ასეთ პურს იუდეველებისთვის შეიძლებოდა კბილები დაემტვრია.

4:3, 10 რატომ ადარებს იერემია თავისი „ხალხის ასულებს“ „სირაქლემებს უდაბნოში“? სირაქლემა „უხეშად ეპყრობა თავის შვილებს, თითქოს სხვისები ყოფილიყვნენ“, — ნათქვამია იობის 39:16-ში. მაგალითად, როგორც კი კვერცხიდან ბარტყი გამოიჩეკება, დედალი სირაქლემა ტოვებს ბუდეს და ბარტყებზე მამალი სირაქლემა ზრუნავს. რა ხდება მაშინ, როდესაც მათ საფრთხე ემუქრება? დედალ-მამალი სირაქლემა გაქცევით შველის თავს და ბარტყებს ბუდეში ტოვებს. ბაბილონელთა ალყაში ყოფნის დროს იერუსალიმში საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა. დედები, რომლებსაც ჩვეულებრივ, უნდა შებრალებოდათ საკუთარი შვილები, უდაბნოში მყოფი სირაქლემებივით შეუბრალებელნი გახდნენ მაშინ, როცა ტურებიც კი ზრუნავდნენ თავიანთ ლეკვებზე.

5:7 უნდა ეგო პასუხი იეჰოვას ხალხს მამა-პაპათა ცოდვებისთვის? არა, იეჰოვა არ სჯის ადამიანებს წინაპართა ცოდვებისთვის. „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ — ნათქვამია ბიბლიაში (რომაელები 14:12). მაგრამ წინაპართა შეცდომების შედეგები შეიძლება დიდხანს იგრძნობოდეს და რამდენიმე თაობამაც კი იწვნიოს. მაგალითად, ძველ ისრაელში კერპთაყვანისმცემლობის გავრცელებამ მოგვიანებით ზოგ ერთგულ ისრაელსაც გაუძნელა სწორი კურსით სვლა (გამოსვლა 20:5).

რას ვსწავლობთ:

3:8, 43, 44 თავს დატეხილი უბედურების დროს იეჰოვა არ უსმენდა იერუსალიმის მკვიდრთ, რომლებიც დახმარებას სთხოვდნენ. რატომ? იმიტომ რომ, ხალხი ურჩი და მოუნანიებელი იყო. თუ გვსურს, რომ იეჰოვამ გვიპასუხოს ლოცვებზე, მისდამი მორჩილების გამოვლენაა საჭირო (იგავები 28:9).

3:20 იეჰოვა, „უზენაესი მთელ დედამიწაზე“, იმდენად ამაღლებულია, რომ უნდა დაიხაროს, რათა ‘დაჰყურებდეს ცასა და მიწას’ (ფსალმუნი 83:18; 113:6). იერემიასთვის კარგად იყო ცნობილი ყოვლისშემძლე ღვთის მზადყოფნა, ადამიანებისკენ დახრილიყო, ანუ მათ გასამხნევებლად თავი დაემდაბლებინა. რა სასიხარულოა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი არა მხოლოდ ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენია, არამედ თავმდაბალიც!

3:21—26, 28—33 როგორ შეგვიძლია გავუძლოთ ძლიერ ტანჯვასაც კი? როგორც იერემია ამბობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას სიკეთესა და წყალობას არა აქვს საზღვარი. ისიც უნდა გვახსოვდეს, ცოცხლები რომ ვართ, ეს უკვე იმედის საფუძველს გვაძლევს; ჩვენ მომთმენი უნდა ვიყოთ და წუწუნის გარეშე, მდუმარედ უნდა ველოდოთ იეჰოვასგან ხსნას. უფრო მეტიც, უნდა ‘ჩავემხოთ მტვერში’, ანუ თავმდაბლად უნდა ავიტანოთ განსაცდელები და გვესმოდეს, რომ ღმერთი ტყუილუბრალოდ არაფერს უშვებს.

3:27 ახალგაზრდობაში რწმენის გამოცდა შეიძლება გაჭირვებისა და დაცინვის ატანას გულისხმობდეს. მაგრამ „კარგია, კაცი ახალგაზრდობაშივე რომ ატარებს ტვირთს“. რატომ? ახალგაზრდობაში ტვირთის ტარება ადამიანს მოწიფულობის ასაკში სირთულეებთან გასამკლავებლად ამზადებს.

3:39—42 არაგონივრულია წუწუნი მაშინ, როცა ჩადენილი ცოდვის შედეგებს ვიმკით. ნაცვლად ამისა, „ვეძებოთ ჩვენი გზები და გამოვიკვლიოთ ისინი, დავუბრუნდეთ იეჰოვას“. გონიერებას ვავლენთ, როცა ვინანიებთ და გამოსასწორებლად კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ.

მიენდეთ იეჰოვას

ბიბლიის წიგნი „გოდება“ გვიჩვენებს, როგორ უყურებდა იეჰოვა იერუსალიმსა და იუდას მას შემდეგ, რაც ბაბილონელებმა იერუსალიმი გადაწვეს და იუდა გააუკაცრიელეს. ამ წიგნში ჩაწერილია, თუ როგორ აღიარებენ ცოდვებს ისრაელები, რაც ცხადყოფს, რომ, იეჰოვას თვალსაზრისით, უბედურების მიზეზი ხალხის ცოდვები იყო. ღვთის შთაგონებით დაწერილ ამ ლირიკული ხასიათის წიგნში ნაჩვენებია, რომ ხალხს იეჰოვას იმედი და სწორ გზაზე დაბრუნების ძლიერი სურვილი აქვს. მასში იერემიას თანამედროვეთა უმრავლესობის გრძნობები არ არის ასახული, მაგრამ გადმოცემულია იერემიასა და მომნანიე ისრაელთა გრძნობები.

წიგნში „გოდება“ ნაჩვენებია, როგორ შეაფასა იეჰოვამ იერუსალიმში არსებული მდგომარეობა, რაც ორ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის. პირველი, იერუსალიმის განადგურებისა და იუდას გაუდაბურების ცნობა იეჰოვასადმი მორჩილებისკენ აღგვძრავს და გვაფრთხილებს, არ უგულებელვყოთ ღვთის ნება (1 კორინთელები 10:11). მეორე, იერემიას მაგალითი კარგი გაკვეთილია ჩვენთვის (რომაელები 15:4). ღრმად დამწუხრებული წინასწარმეტყველი ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაშიც კი იეჰოვასგან მოელოდა ხსნას. მართლაც მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივენდოთ იეჰოვასა და მის სიტყვას! (ებრაელები 4:12).

[სურათი 9 გვერდზე]

იერემიამ იხილა იმ განაჩენის შესრულება, რომლის შესახებაც თავად წინასწარმეტყველებდა.

[სურათი 10 გვერდზე]

ამ კორეელი მოწმეების რწმენა ქრისტიანული ნეიტრალიტეტის საკითხში გამოიცადა.