არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, განვაგრძოთ მსახურება

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, განვაგრძოთ მსახურება

ბიოგრაფია

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, განვაგრძოთ მსახურება

მოგვითხრო ლენა დეივისონმა

„ვეღარაფერს ვხედავ“, — ამოილუღლუღა პილოტმა. რამდენიმე წამში ხელები ჩამოუვარდა და უგრძნობლად გადაესვენა პატარა თვითმფრინავის სავარძელზე. ჩემი მეუღლე, რომელიც პირველად მგზავრობდა თვითმფრინავით, სასოწარკვეთილი ცდილობდა მის გონზე მოყვანას. ვიდრე მოგიყვებოდეთ, თუ როგორ გადავურჩით კატასტროფას, ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, როგორ მოვხვდით თვითმფრინავში პაპუა-ახალი გვინეის, მსოფლიოს უკიდურესი წერტილის, თავზე.

დავიბადე ავსტრალიაში 1929 წელს, გავიზარდე სიდნეიში, ახალი სამხრეთ უელსის დედაქალაქში. მამაჩემი, ბილ მუსკატი, კომუნისტი იყო, მაგრამ რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ღვთისაც სწამდა. 1938 წელს მან ხელიც კი მოაწერა წერილობით მიმართვას, რომ იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელს, ჯოზეფ რუტერფორდს, მოხსენება ქალაქ სიდნეის მერიაში წაეკითხა.

„ის უეჭველად რაღაც მნიშვნელოვანს იტყვის“, — გვითხრა მაშინ მამამ. რვა წლის შემდეგ ჩვენ გავეცანით ამ მოხსენების მთავარ აზრებს. მამამ ნორმან ბელოტი, სრული დროით მსახური იეჰოვას მოწმე, მოიწვია სახლში, რათა მასთან ბიბლიაზე გვესაუბრა. ჩვენმა ოჯახმა მალევე მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება და მოკლე ხანში აქტიურად ჩაება ქრისტიანულ მსახურებაში.

40-იან წლებში სკოლაში სიარული შევწყვიტე, რადგან დედას ქრონიკული დაავადება აწუხებდა და დახმარება სჭირდებოდა. იმ დროს თავის სარჩენად მკერავადაც ვმუშაობდი. შაბათ დღეს საღამოობით მე და ჩემი და როუზი პიონერებთან ერთად სიდნეის მერიის წინ ვქადაგებდით. 1952 წელს ჩემმა უფროსმა ძმამ, ჯონიმ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გალაადის მისიონერული სკოლა დაამთავრა; ის პაკისტანში დანიშნეს. მეც შემიყვარდა მსახურება და სურვილი გამიჩნდა, მისთვის მიმებაძა. ამიტომ, მომდევნო წელს პიონერად დავიწყე მსახურება.

დაქორწინება და მისიონერული მსახურება

ცოტა ხანში გავიცანი ჯონ დეივისონი, რომელიც ავსტრალიის ფილიალში მსახურობდა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა თავმდაბლობამ, მიზანსწრაფულობამ და ხასიათის სიმტკიცემ. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვის გამო სამჯერ იჯდა ციხეში. ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი ცხოვრება ქრისტიანული მსახურებისთვის მიგვეძღვნა.

მე და ჯონი 1955 წლის ივნისში დავქორწინდით. ვიყიდეთ ტრეილერი, რათა თავისუფლად შეგვძლებოდა გადაადგილება და საცხოვრებელიც გვქონოდა. გადაწყვეტილი გვქონდა, ტრეილერი ავსტრალიის დაშორებულ ტერიტორიებზე მსახურებისთვის გამოგვეყენებინა. მომდევნო წელს გამოცხადდა, რომ ახალ გვინეაში, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დიდ კუნძულზე, სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო *. იქ სამეფოს შესახებ ცნობა ჯერ კიდევ არ იყო ნაქადაგები. ჩვენ მაშინვე გამოვთქვით ამ კუნძულზე წასვლის სურვილი.

მაშინ ახალ გვინეაში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ დადებდი კონტრაქტს, რომ სრულ განაკვეთზე იმუშავებდი. ამიტომ ჯონმა სამუშაოს ძებნა დაიწყო. მან მალე გააფორმა ხელშეკრულება სახერხ ქარხანასთან ახალ ბრიტანეთში; ეს არის ახალი გვინეის ერთ-ერთი საკმაოდ პატარა კუნძული. რამდენიმე კვირაში გავემგზავრეთ და 1956 წლის ივლისში რაბაულში (ახალ ბრიტანეთში) ჩავედით. იქ ექვს დღეს ველოდით გემს, რომელიც უოტერფოლ ბეიში ჩაგვიყვანდა.

უოტერფოლ ბეიში მსახურება

მღელვარე ზღვაში რამდენიმე დღის მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, უოტერფოლ ბეიში ჩავედით; ეს არის რაბაულის სამხრეთით დაახლოებით 240 კილომეტრში მდებარე დიდი ყურე. იქ ჯუნგლებში იყო განაკაფი, სადაც დიდი სახერხი ქარხანა აეშენებინათ. იმ საღამოს, როცა ყველა მუშა სავახშმოდ მაგიდას შემოუსხდა, დირექტორმა თქვა: „სხვათა შორის, მისტერ და მისის დეივისონებო, ჩვენთან მოითხოვება, ვიცოდეთ, ვინ რომელ რელიგიას ეკუთვნის“.

ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ასეთი რამ არ მოითხოვებოდა, მაგრამ, როდესაც სიგარეტის მოწევაზე უარი ვთქვით, როგორც ჩანს, ამან ისინი დააეჭვა. ასე იყო თუ ისე, ჯონმა უპასუხა: „ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ“. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. იქ მყოფთა შორის იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლებიც იეჰოვას მოწმეების მიმართ ცუდად იყვნენ განწყობილი, რადგან მათ ომის დროს ნეიტრალური პოზიცია ეკავათ. მას შემდეგ ისინი ფიქრობდნენ, როგორ გაერთულებინათ ჩვენთვის ცხოვრება.

თავიდან დირექტორმა მაცივარი და ქურა არ მოგვცა, თუმცა გვეკუთვნოდა. მალფუჭებად საჭმელს ვეღარ ვინახავდით; იძულებული ვიყავით, ჯუნგლებში ნაპოვნ ძველ ქურაზე გვემზადებინა კერძები. ამას ისიც დაემატა, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ჩვენთვის ახალი პროდუქტების მოყიდვა აუკრძალეს; ასე რომ, თავი იმ ბოსტნეულით გაგვქონდა, რასაც ვიშოვიდით. ჯაშუშის იარლიყიც მოგვაკრეს და საგულდაგულოდ გვითვალთვალებდნენ, ვინმეს ხომ არ ვასწავლიდით ბიბლიას. შემდეგ მალარიაც დამემართა.

მიუხედავად ამისა, მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, გაგვეგრძელებინა მსახურება. ინგლისურად მოლაპარაკე ორ იქაურ მუშას ვთხოვეთ, ჩვენთვის ადგილობრივი სახელმწიფო ენა, მელანეზიური პიჯინი, ესწავლებინათ. სანაცვლოდ მათ ბიბლიას ვასწავლიდით. შაბათ-კვირას „ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად“ მთელ ქვეყანას ვუვლიდით. გზად დიდი სიფრთხილით ვქადაგებდით ნებისმიერ შემხვედრთან; მთარგმნელებად კი ბიბლიის შემსწავლელები გვყავდა. არაერთხელ გადაგვიცურავს ჩქარი მდინარეები, რომელთა სანაპიროებიც ნიანგებით იყო სავსე. თუ არ ჩავთვლით ერთ შემთხვევას, ეს საშიში მტაცებლები იშვიათად გვაწუხებდნენ.

ბიბლიური ჭეშმარიტების გადასაცემად მოძებნილი ხერხები

მსახურების გასაფართოებლად გადავწყვიტეთ, დაგვებეჭდა მარტივი ბიბლიური შეთავაზებები და დაინტერესებულებისთვის დაგვერიგებინა. სახერხ ქარხანაში მომუშავეთაგან ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესებულები დაგვეხმარნენ პირველი შეთავაზების თარგმნაში. ჩვენ არაერთი ღამე გაგვიტარებია ასობით ასეთი შეთავაზების ბეჭდვაში; შემდეგ კი მათ სოფლის მცხოვრებლებსა და იმ გემის ეკიპაჟს ვაძლევდით, რომელიც ქვეყნის გავლით მიცურავდა.

1957 წელს ჯონ კატფორტმა, გამოცდილმა მიმომსვლელმა მსახურმა, მოგვინახულა და ძალიან გაგვამხნევა *. მან გვირჩია, რომ წერა-კითხვის უცოდინარი ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სასწავლებლად ეფექტური იქნებოდა სურათების გამოყენება. ბიბლიის ძირითადი სწავლებების ასახსნელად ჯონიმ და ჩემმა ქმარმა მარტივი სურათები დახატეს. მოგვიანებით საკმაოდ დიდი დრო მოვანდომეთ ამ სურათების გადახატვას და სახელმძღვანელოს შესადგენად გამოვიყენეთ. ბიბლიის თითოეულმა შემსწავლელმა მიიღო ამ სახელმძღვანელოს თითო ეგზემპლარი, რომელსაც საქადაგებლად იყენებდნენ. სწავლების ეს მეთოდი თანდათანობით მთელ ქვეყანაში დამკვიდრდა.

უოტერფოლ ბეიში ჩვენი ჩასვლიდან ორწელიწად-ნახევარში კონტრაქტის მოქმედების ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც სახელმწიფომ ქვეყანაში დარჩენის ნება დაგვრთო. ამიტომ, უარი არ გვითქვამს შემოთავაზებაზე, იქ სპეციალურ პიონერებად გვემსახურა.

რაბაულში დაბრუნება

როცა ჩრდილოეთით რაბაულისკენ მივცურავდით, გემი ღამით უაიდ ბეიში გაჩერდა, სადაც კაკაოსა და ქოქოსის პლანტაციებია. ამ პლანტაციების მფლობელებს, ხანში შესულ წყვილს, რომლებიც პენსიაზე გასვლას და ავსტრალიაში დაბრუნებას აპირებდნენ, სურდათ, პლანტაცია ჯონისთვის ჩაებარებინათ. ეს წინადადება საკმაოდ მაცდური იყო, მაგრამ იმ ღამეს ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ არ დავთანხმებულიყავით, რადგან ახალ გვინეიაში ქონების დასაგროვებლად არ ჩავსულვართ. ჩვენი მიზანი პიონერული მსახურების გაგრძელება იყო; ამიტომ, მომდევნო დღეს ამ წყვილს ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ შევატყობინეთ და გემზე დავბრუნდით.

რაბაულში ჩასვლის შემდეგ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოწმეების პატარა ჯგუფს შევუერთდით. ადგილობრივი მოსახლეობა სამეფო ცნობისადმი დიდ ინტერესს ავლენდა, ბევრ მათგანთან დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა. ქრისტიანული შეხვედრებისთვის დარბაზს ვქირაობდით; შეხვედრებს დაახლოებით 150 კაცი ესწრებოდა. მათგან ბევრმა მიიღო ჭეშმარიტება და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავცელებაში დაგვეხმარა (მათე 24:14).

ჩვენ აგრეთვე ვესტუმრეთ რაბაულიდან დაახლოებით 50 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ვუნებალს, სადაც ბევრი დაინტერესდა ბიბლიური ჭეშმარიტებით. მალე გავლენიანი ადგილობრივი კათოლიკების ყურადღებაც მივიქციეთ. თავის მრევლთან ერთად მათ ბიბლიის შესწავლა ჩაგვიშალეს და სოფლიდან გამოგვყარეს. როდესაც გავიგეთ, რომ მომდევნო კვირას უარესი გველოდებოდა, პოლიციას ვთხოვეთ, გამოგვყოლოდა.

იმ დღეს მთელ სოფლის გზაზე კათოლიკები ჩამკრივებულიყვნენ და დამცინავ რეპლიკებს გვესროდნენ, ბევრს ქვაც კი მოემარჯვებინა. ამასობაში მღვდელმა ასობით თანასოფლელი შეკრიბა. პოლიციამ დაგვარწმუნა, რომ გვქონდა შეხვედრის ჩატარების უფლება; მან ხალხი გაწი-გამოწია და ბრბოში გაგვატარა. მაგრამ როგორც კი შეხვედრა დავიწყეთ, მღვდლის წაქეზებით ბრბო გახელდა. პოლიციამ ვერ შეძლო მათი შეჩერება; ამიტომ მათმა უფროსმა გვირჩია, სასწრაფოდ დაგვეტოვებინა იქაურობა, და ჩვენს ავტომობილამდე მიგვიყვანა.

ბრბომ ჩვენს მანქანას ალყა შემოარტყა; ისინი ილანძღებოდნენ, იფურთხებოდნენ და მუშტებს იქნევდნენ, მღვდელი კი გულხელდაკრეფილი იდგა და იღიმებოდა. როცა სამშვიდობოს გავედით, პოლიციის უფროსმა აღიარა, რომ ასეთი რამ არასდროს ენახა. ვუნებალის მკვიდრთა უმეტესობა შეშინებული იყო, მაგრამ ბიბლიის ერთმა შემსწავლელმა გაბედულება გამოავლინა და მტკიცედ დადგა ჭეშმარიტების მხარეს. მას შემდეგ ახალ ბრიტანეთში ასობით ადამიანმა გამოავლინა მსგავსი სულისკვეთება.

ახალ გვინეაში ხალხი იღებს ჭეშმარიტებას

1960 წლის ნოემბერში მადანგში, ახალი გვინეის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე დიდ ქალაქში დაგვნიშნეს. იქ მე და ჯონის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვთავაზობდნენ სამუშაოს სრული განაკვეთით. ერთმა კომპანიამ ტანსაცმლის მაღაზიის მენეჯერობა შემომთავაზა, მეორემ კი მკერავად მუშაობა. ზოგმა ემიგრანტმა ქალმა ისიც კი შემომთავაზა, რომ ტანსაცმლის საკუთარი ატელიე გამეხსნა. ჩვენ თავაზიანად ვთქვით უარი ამ და სხვა წინადადებებზე, რადგან ყოველთვის გვახსოვდა, თუ რა იყო ამ ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის მიზანი (2 ტიმოთე 2:4).

მადანგის ტერიტორია ნაყოფიერი აღმოჩნდა; მალე იქ კრება ჩამოყალიბდა. ჩვენ ხან ფეხით და ხან მოტოციკლით მივდიოდით შორეულ სოფლებში საქადაგებლად, რასაც რამდენიმე დღეს ვანდომებდით. გზაზე ვხვდებოდით მიტოვებულ ქოხებს და ღამ-ღამობით ამ ქოხებში რამდენიმე ფენად დაგებულ ფოთლებზე გვეძინა. თან მხოლოდ კონსერვები, ორცხობილები და კოღოებისგან დამცავი ბადე მიგვქონდა.

ერთხელ მადანგის ჩრდილოეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე სოფელ ტალიდინგში დაინტერესებულთა ჯგუფი მოვინახულეთ. სკოლის დირექტორმა ამ ჯგუფის წევრებს, რომლებიც მაშინ უკვე მყარად იდგნენ ჭეშმარიტების მხარეს, ბიბლიის შესწავლა აუკრძალა. მოგვიანებით მისი წაქეზებით პოლიციამ ამ ხალხს სახლები დაუნგრია და სოფლიდან გაყარა. მაგრამ მეზობელი სოფლის გამგებელმა მათ თავის სოფელში ცხოვრების ნება დართო. მოგვიანებით სოფლის ამ კეთილმა გამგებელმა მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება, რის შემდეგაც იმ მხარეში თანამედროვე სამეფო დარბაზი აშენდა.

თარგმნა და მიმოსვლითი მსახურება

1956 წელს, ახალ ბრიტანეთში ჩვენი ჩასვლიდან სულ რაღაც ორ წელიწადში, მე და ჯონის შემოგვთავაზეს სხვადასხვა ბიბლიური პუბლიკაციების თარგმნა მელანეზიურ პიჯინიზე. ამ საქმეს წლების მანძილზე ვემსახურებოდით. მოგვიანებით, 1970 წელს, პორტ-მორზბიში (პაპუა-ახალი გვინეის დედაქალაქი) არსებულ ფილიალში მიგვიწვიეს სრული დროით მთარგმნელებად. ჩვენ იქ უცხო ენასაც ვასწავლიდით.

1975 წელს ახალ ბრიტანეთში დავბრუნდით და მიმოსვლითი მსახურება დავიწყეთ. მომდევნო 13 წლის განმავლობაში თვითმფრინავით, გემით, ავტომობილით თუ ფეხით თითქმის მთელი ქვეყანა შემოვიარეთ. მოგზაურობისას არაერთხელ დავმდგარვათ საფრთხის წინაშე; ერთ-ერთი მათგანი სტატიის დასაწყისში მოსხენიებული შემთხვევაა. მაშინ პილოტმა გასტრიტის გამწვავების გამო დაკარგა გონება; იმ დროს კანდრიანის (ახალი ბრიტანეთი) საველე აეროდრომს ვუახლოვდებოდით. ჩვენი თვითმფრინავი ავტომატური მართვის რეჟიმზე გადავიდა და ჯუნგლების თავზე წრიულად დაიწყო ფრენა; ამ ხნის მანძილზე სასოწარკვეთილი ჯონი პილოტის გონზე მოყვანას ცდილობდა. ბოლოს, როგორც იქნა, პილოტი გონს მოვიდა, თვალებში გამოიხედა და როგორღაც შეძლო თვითმფრინავის დასმა, შემდეგ კი ისევ დაკარგა გონება.

ახალი დანიშნულება

1988 წელს პორტ-მორზბიში არსებულ ფილიალში ისევ მთარგნელობით განყოფილებაში დაგვნიშნეს. დაახლოებით 50 კაცი ვცხოვრობდით და ვმუშაობდით ფილიალში, სადაც ახალ მთარგმნელებსაც ვამზადებდით. ერთოთახიან მოკრძალებულ ბინებში ვცხოვრობდით. მე და ჯონიმ გადავწყვიტეთ, ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია ყოფილიყო, რათა ბეთელის ოჯახის წევრები გაგვემხნევებინა, სტუმრებს კი ჩვენი ოთახი დაეთვალიერებინათ. ამგვარად ძალიან დავუახლოვდით ბეთელის ოჯახს და მოგვეცა შესაძლებლობა, ერთმანეთის გვერდით ვმდგარიყავით და ერთმანეთი სიყვარულში დაგვერწმუნებინა.

1993 წელს ჯონი გულის შეტევით დაიღუპა. თავს ფრთამოტეხილივით ვგრძნობდი. ჩვენ 38 წელი ვიცხოვრეთ ერთად და ეს წლები ერთად გავატარეთ მსახურებაში. დღეს იეჰოვას დახმარებით მაინც განვაგრძობ მსახურებას (2 კორინთელები 4:7). ჩემი ოთახის კარი დღემდე ღიაა და ახალგაზრდები ისევ მოდიან ჩემთან. ასეთი ურთიერთობა დადებითი თვალსაზრისის შენარჩუნებაში მეხმარება.

2003 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო სიდნეიში (ავსტრალია) არსებულ ფილიალში დამნიშნეს. დღესაც, 77 წლის ასაკში, მთარგმნელობით განყოფილებაში ვმსახურობ სრული დროით და ქადაგებაშიც ვიღებ მონაწილეობას. მეგობრებს, სულიერ შვილებსა და შვილიშვილებს დიდი სიხარული მოაქვთ ჩემთვის.

ბეთელში ჩემი ოთახის კარი კვლავაც ღიაა და თითქმის სულ სტუმრები მყავს. და თუ კარი მიხურულია, და-ძმები ხშირად აკაკუნებენ და მეკითხებიან, რამე ხომ არ მოხდაო. სანამ პირში სული მიდგას, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ჩემს ღმერთს, იეჰოვას, ვემსახურო (2 ტიმოთე 4:5).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 იმ დროს კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი ორად იყო გაყოფილი; სამხრეთ ნაწილს პაპუა ეწოდებოდა, ხოლო ჩრდილოეთს — ახალი გვინეა. დღეს ამ კუნძულის დასავლეთი ნაწილი ინდონეზიას ეკუთვნის, აღმოსავლეთი ნაწილი კი პაპუა-ახალ გვინეას.

^ აბზ. 19 „საგუშაგო კოშკის“ 1958 წლის 1 ივნისის ნომერში იხილეთ ჯონ კატფორტის ბიოგრაფია, გვერდები 333—336 (ინგლ.).

[რუკები 18 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ახალი გვინეა

ავსტრალია

სიდნეი

ინდონეზია

პაპუა-ახალი გვინეა

ტალიდინგი

მადანგი

პორტ-მორზბი

ახალი ბრიტანეთი

რაბაული

ვუნებალი

უაიდ ბეი

უოტერფოლ ბეი

[საავტორო უფლება]

Map and globe: Based on NASA/Visible Earth imagery

[სურათი 17 გვერდზე]

ჯონთან ერთად კონგრესზე 1973 წელს ლაეში (ახალი გვინეა).

[სურათი 20 გვერდზე]

პაპუა-ახალ გვინეაში არსებულ ფილიალში, 2002 წელი.