შეუძლებელია ბოროტების აღმოფხვრა?
შეუძლებელია ბოროტების აღმოფხვრა?
ცნობისმოყვარე ბიჭუნა ველზე რაღაცას, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ნაღმს პოულობს და ხელში იღებს; ბიჭუნა ბრმავდება და სამუდამოდ სახიჩრდება. დედა ახალშობილს გზის პირას სანაგვეზე ტოვებს. სამსახურიდან დათხოვილი მამაკაცი ბრუნდება სამუშაო ადგილას, ყველას კლავს და ბოლოს თავსაც იკლავს. პატივდებული მოქალაქე უმწეო ბავშვებს აუპატიურებს.
სამწუხაროდ, დღეს არცთუ ისე იშვიათად მოისმენთ ამგვარ ცნობებს. კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და ტერორიზმის შემდეგ ხშირად მსგავსი ცნობები აღარავის ახსენდება. „ყველაზე უარესი კი ის არის, რომ დღეს სატანის საუკუნეში ვცხოვრობთ — ნათქვამი იყო 1995 წელს ერთ-ერთი გაზეთის წამყვან სტატიაში. — ადრე ხალხს არასდროს ჰქონია რასობრივი, რელიგიური თუ კლასობრივი განსხვავების საფუძველზე სხვათა ხოცვის ასეთი ძლიერი სურვილი“.
გარდა ამისა, ადამიანები აბინძურებენ ატმოსფეროსა და დედამიწას, უმოწყალოდ აჩანაგებენ ბუნებრივ რესურსებს და გადაშენებამდე მიჰყავთ უამრავი სახეობის ცოცხალი არსება. შეუძლიათ ადამიანებს ამგვარი ბოროტების მოსპობა და დედამიწის უკეთეს, უსაფრთხო ადგილად ქცევა? თუ ამის მცდელობა ზღვის მოქცევის ცოცხით შეჩერების ტოლფასი იქნებოდა? ერთმა პროფესორმა, რომელმაც ბოროტების შესახებ არაერთი სტატია გამოაქვეყნა, აღნიშნა: „ვფიქრობ, საჭიროა მსოფლიოს რადიკალურად შეცვლა, მაგრამ უკეთესობისკენ არანაირი ცვლილება არ შეინიშნება“. ალბათ თქვენც მსგავსი გრძნობა გეუფლებათ.
ქვეყნიერება შეიძლება იმ გემს შევადაროთ, რომელიც აბობოქრებულ ზღვაში მიცურავს, ცურვა კი უფრო და უფრო სახიფათო ხდება. არავის სურს ამ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ კურსის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა კრახით მთავრდება. გემი თავს ვეღარ აღწევს აზვირთებულ ტალღებს, რომლებიც მას დამსხვრევას უქადის.
გარკვეულწილად ამ საშინელი მდგომარეობის მიზეზი ადამიანთა არასრულყოფილებაა (რომაელები 3:23). და მაინც, ბოროტება ისეთი მასშტაბურია, რომ შეუძლებელია ამის მიზეზი მხოლოდ ადამიანები იყვნენ. შესაძლებელია, ადამიანებს უხილავი, ძლიერი და ბოროტი ძალა მართავდეს? თუ დიახ, რა ძალაა ეს და როგორ შეგვიძლია მისგან თავის დაცვა? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
[საავტორო უფლებები დაცულია 3 გვერდზე]
© Heldur Netocny/Panos Pictures