წინადაცვეთა დავაჟკაცების ნიშანია?
წინადაცვეთა დავაჟკაცების ნიშანია?
მსოფლიოს მრავალ კუთხეში პატარა ბიჭებს წინადაცვეთას უკეთებენ და ფიქრობენ, რომ ეს კარგია მათი ჯანმრთელობისთვის. სხვა ქვეყნებში კი მამაკაცები მთელი ცხოვრება წინადაცვეთის გარეშე ცხოვრობენ. ზოგი, მაგალითად, იუდეველები და მუსლიმანები, წინადაცვეთას იკეთებენ არა იმიტომ, რომ კარგია ჯანმრთელობისთვის, არამედ იმიტომ, რომ ამას მათთვის რელიგიური მნიშვნელობა აქვს.
არის ქვეყნები, სადაც ბიჭებს წინადაცვეთას მაშინ უკეთებენ, როდესაც ვაჟკაცდებიან. ბიჭებს, ჩვეულებისამებრ, ტრადიციულ სკოლაში გზავნიან, სადაც მათ წინადაცვეთას უკეთებენ და ჭრილობის მოშუშებამდე, რამდენიმე კვირას, საზოგადოებისგან იზოლირებული ჰყავთ. ამ დროს ბიჭები გარკვეულ რიტუალებს ასრულებენ და სწავლობენ, როგორი უნდა იყოს მამაკაცი. ამგვარი წინადაცვეთა დავაჟკაცების დამადასტურებელია? განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია წინადაცვეთაზე (იგავები 3:5, 6).
ღვთის თვალსაზრისი წინადაცვეთაზე
ძველ დროს ზოგ ქვეყანაში, მაგალითად ეგვიპტეში, ჩვეულებრივი რამ იყო წინადაცვეთა; ამ დროს მამაკაცს ჩუჩას აჭრიდნენ. მაგრამ აბრაამი მსგავსი ტრადიციის ქვეყანაში არ დაბადებულა; ცხოვრების ნახევარზე მეტი წინადაუცვეთელმა გაატარა. უფრო მეტიც, ის ჯერ კიდევ არ იყო წინადაცვეთილი, როცა სიმამაცე გამოავლინა. აბრაამმა შეკრიბა რაზმი, დაედევნა და სძლია ოთხ მეფესა და მათ ჯარს, რომლებსაც მისი ძმისწული ლოტი ტყვედ ჰყავდათ წაყვანილი (დაბადება 14:8—16). დაახლოებით თოთხმეტი წლის შემდეგ ღმერთმა უთხრა აბრაამს, რომ წინადაეცვითა თავად და მთელ მის ოჯახს. რატომ მოითხოვა ღმერთმა ეს მისგან?
ეს ნამდვილად არ ყოფილა იმის მაჩვენებელი, რომ აბრაამი უკვე პატარა აღარ იყო და დაკაცდა. იმ დროს ის 99 წლის იყო! (დაბადება 17:1, 26, 27). ღმერთმა უთხრა აბრაამს, რატომ უნდა გაეკეთებინა წინადაცვეთა: „წინადაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს თქვენსა და ჩემ შორის დადებული შეთანხმების ნიშანი“ (დაბადება 17:11). აბრაამთან დადებულ შეთანხმებაში შედიოდა ღვთის დანაპირები, რომ აბრაამის მეშვეობით იკურთხებოდა „ყველა ოჯახი დედამიწაზე“ (დაბადება 12:2, 3). ასე რომ, ღვთის თვალსაზრისით, წინადაცვეთას არაფერი ჰქონდა საერთო დავაჟკაცებასთან. წინადაცვეთა ცხადყოფდა, რომ ადამიანი აბრაამის შთამომავალი, ისრაელი იყო და მას „ღვთის წმინდა სიტყვები მიენდო“ (რომაელები 3:1, 2).
გარკვეული დროის შემდეგ ისრაელმა ღვთის ნდობა არ გაამართლა და აბრაამის ჭეშმარიტი შთამომავალი, იესო ქრისტე, უარყო; ამიტომ ღმერთმაც უარი თქვა მათზე, და ისრაელების წინადაცვეთამ ღვთის თვალში ყოველგვარი ფასი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ახ. წ. პირველ საუკუნეში ზოგი ქრისტიანი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ღმერთი კვლავაც მოითხოვდა წინადაცვეთას (საქმეები 11:2, 3; 15:5). ამის გამო მოციქულმა პავლემ ტიტე გაგზავნა კრებებში, რათა ‘ნაკლოვანებები გამოესწორებინა’. ტიტესთვის მიწერილ წერილში პავლემ ერთ-ერთი ნაკლოვანების შესახებ თქვა: „ბევრია ურჩი, ყბედი და ცბიერი, განსაკუთრებით — წინადაცვეთის დამცველები. მათ პირები უნდა აეკრათ, რადგან უპატიოსნო შემოსავლის მიზნით იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ და, ამგვარად ოჯახებს რწმენას უნგრევენ“ (ტიტე 1:5, 10, 11).
პავლეს ეს რჩევა დღემდე ყურადსაღებია. ბიბლიური სწავლების საპირისპირო იქნებოდა, ერთ ჭეშმარიტ ქრისტიანს მეორესთვის ბავშვის წინადაცვეთა რომ ერჩია. ქრისტიანები „სხვის საქმეში“ არ ერევიან და მათ ესმით, რომ ასეთი პირადი საკითხი მშობლების გადასაწყვეტია (1 პეტრე 4:15). გარდა ამისა, წინადაცვეთის შესახებ, რომელიც მოსეს კანონით მოითხოვებოდა, პავლე ღვთის შთაგონებით წერდა: „წინადაცვეთილია რომელიმე მოწოდებული? ნუ გახდება წინადაუცვეთელი. წინადაუცვეთელია რომელიმე მოწოდებული? ნუ გახდება წინადაცვეთილი. არც წინადაცვეთა ნიშნავს რამეს და არც წინადაუცვეთელობა, მთავარი ღვთის მცნებების დაცვაა. ვინც როგორ იყო მოწოდებული, ისე დარჩეს“ (1 კორინთელები 7:18—20).
რა შეიძლება ითქვას „წინადაცვეთის სკოლებზე“?
რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა ქრისტიანი მშობლები ფიქრობენ, წინადაცვითონ თუ არა თავიანთი ვაჟიშვილები? ბიბლიური სწავლების შესაბამისი იქნებოდა ვაჟიშვილების გაგზავნა, ეგრეთ წოდებულ, წინადაცვეთის სკოლებში? ასეთ სკოლებში ყოფნა მარტო ჩუჩის მოჭრას არ ნიშნავს. კვირების განმავლობაში ბავშვს ახლო ურთიერთობა ექნება იმ ბიჭებთან და მასწავლებლებთან, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები არ არიან. ბევრი რამ, რასაც ასეთ სკოლებში ასწავლიან, ეწინააღმდეგება ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს. ბიბლია გვაფრთხილებს: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33).
დღეს სულ უფრო საშიში ხდება ასეთ სკოლებში ყოფნა. 2003 წლის ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში მოცემული იყო გაფრთხილება: „ახალი ამბების ყველა დიდი მსოფლიო სააგენტოს ცნობით, წელსაც შეინიშნა წინადაცვეთის შემაძრწუნებელი შედეგები — სიკვდილიანობა და დასახიჩრება . . . მოკლედ რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ, წინადაცვეთის სკოლებში ხალხს ატყუებენ; წინადაცვეთა ხშირად სიკვდილითაც მთავრდება“.
გარდა იმისა, რომ წინადაცვეთის დროს არსებობს სასქესო ორგანოს დასახიჩრების საშიშროება, ამ დროს მეტი საფრთხე სულიერობას ემუქრება. ის, რასაც წინადაცვეთის სკოლებში ასწავლიან, მჭიდროდ უკავშირდება სპირიტიზმსა და გარდაცვლილ წინაპართა თაყვანისცემას. მაგალითად, მრავალი არ აღიარებს, რომ პაციენტის სიკვდილის მიზეზი ოპერაციების დაუდევრად და ყოველგვარი ჰიგიენის დაცვის გარეშე გაკეთებაა და არა ჯადოქრობა ან გარდაცვლილ წინაპართა უკმაყოფილება. ცრუ რელიგიისადმი დამოკიდებულების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: «ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან. რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?. . „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“, „და მე მიგიღებთ თქვენ“» (2 კორინთელები 6:14—17). აქედან გამომდინარე, უდიდესი უგუნურებაა ქრისტიანმა მშობლებმა თავიანთი ვაჟები წინადაცვეთის სკოლაში მიიყვანონ.
რას ნიშნავს ქრისტიანისთვის ვაჟკაცობა?
ქრისტიანისთვის წინადაცვეთა ნამდვილად არ არის ვაჟკაცობის დამადასტურებელი. ჭეშმარიტი ქრისტიანის მთავარი საზრუნავი ის კი არ არის, რომ „ხორციელად კარგი შთაბეჭდილება“ მოახდინოს, არამედ ის, რომ ასიამოვნოს ღმერთს (გალატელები 6:12).
ქრისტიანმა ღმერთს რომ ასიამოვნოს, ‘გულის წინადაცვეთაა’ საჭირო (კანონი 10:16; 30:6; მათე 5:8). მაგრამ „გულის წინადაცვეთა“ დანით კი არ ხდება, არამედ არასწორი და ამპარტავნული აზრების მოშორებით; ერთ-ერთი ამპარტავნული აზრი ის არის, რომ ხორცის წინადაცვეთა ადამიანს სხვაზე უკეთესს ხდის. განსაცდელების ატანა და ‘რწმენაში მტკიცედ დგომაა’ ქრისტიანისთვის ვაჟკაცობის დამადასტურებელი და არა წინადაცვეთა (1 კორინთელები 16:13; იაკობი 1:12).