არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთი წელი „მადლიან მიწაზე“

ერთი წელი „მადლიან მიწაზე“

ერთი წელი „მადლიან მიწაზე“

ათას ცხრაას რვა წელს საინტერესო რამ აღმოაჩინეს ბიბლიური ქალაქის, გეზერის ტერიტორიაზე, რომელიც იერუსალიმიდან დასავლეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ახლოს, ვაკეზე მდებარეობს. ეს იყო კირქვის პატარა დაფა. ვარაუდობენ, რომ ეს დაფა ძვ. წ. მე-10 საუკუნეს მიეკუთვნება. მასზე გაკეთებული იყო წარწერა ძველ ებრაულ ენაზე. როგორც დღეს ფიქრობენ, ეს წარწერა მარტივად გადმოსცემდა ერთი წლის განმავლობაში შესასრულებელ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. ეს დაფა მოგვიანებით გეზერის კალენდრის სახელით გახდა ცნობილი.

ამ დაფაზე ბოლოში ეწერა სახელი — აბია. მართალია, ყველა არქეოლოგი ერთი აზრის არ არის, მაგრამ მრავალი მათგანი თვლის, რომ დაფაზე გაკეთებული წარწერა წარმოადგენს მოსწავლე ბიჭის სავარჯიშოს, რომელიც ლექსის სახით იყო შესრულებული *. გსურთ, იმ დროს მცხოვრები ბავშვის თვალით დაინახოთ, თუ რა სამუშაოები სრულდებოდა მთელი წლის განმავლობაში? ეს ზოგ ბიბლიურ შემთხვევასაც გაგახსენებთ.

ორი თვე მოსავლის აღებისთვის

ამ ძველ კალენდარში თავდაპირველად მოსავლის აღება მოიხსენიება. თუმცა ეს კალენდრის თავში გვხვდება, მაგრამ თქვენთვის ალბათ გასაგებია, რატომ თვლიდნენ ისრაელები მოსავლის აღებას ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დამამთავრებელ ეტაპად. ეთანის თვე (რომელსაც მოგვიანებით თიშრი ეწოდა) შეესაბამება თანამედროვე კალენდრის სექტემბერ-ოქტომბერს. ძირითადი მოსავლის აღების დრო განსაკუთრებით სასიხარულო იქნებოდა ხალხისთვის, მათ შორის პატარა აბიასთვის. წარმოიდგინეთ, რა ხალისით დაეხმარებოდა აბია თავის მამას იმ კარვის აგებაში, რომელშიც ერთი კვირა იცხოვრებდნენ და გულმხიარულები მადლობას გადაუხდიდნენ იეჰოვას მოსავლისთვის (კანონი 16:13—15).

დაახლოებით იმ დროისთვის თითქმის უკვე მოწეული ზეთისხილიც მზად იყო დასაბერტყად. ამის გაკეთება პატარა აბიასთვის ცოტა ძნელი იქნებოდა, მაგრამ ის ალბათ დიდი სიამოვნებით მიადევნებდა თვალს უფროსების მუშაობას (კანონი 24:20). შემდეგ აბიას ოჯახის წევრები აკრეფდნენ ჩამოცვენილ ზეთისხილს და მას უახლოეს საწნეხში წაიღებდნენ ზეთის გამოსაწურად. ან მისი ოჯახი ზეთის მისაღებად შესაძლოა უფრო მარტივ მეთოდსაც მიმართავდა — დანაყილ ან დახეთქილ ზეთისხილს წყალში ყრიდნენ და წყლის ზედაპირზე მოგდებულ ზეთს აგროვებდნენ. რა მეთოდითაც არ უნდა მიეღოთ ზეთი, ამ ძვირფას სითხეს მხოლოდ საჭმელში როდი იყენებდნენ. მისით ლამპრებსაც ანათებდნენ; გარდა ამისა, ზეთით მკურნალობდნენ დაჟეჟილობებსა და პატარა ჭრილობებს, რომლებიც აბიასნაირი ბავშვებისთვის თამაშის დროს ალბათ იშვიათობას არ წარმოადგენდა.

ორი თვე თესვისთვის

აბიას ალბათ სიამოვნებას ანიჭებდა ადრეულად მოსული წვიმის გრილი წვეთები. მამამისს ნათქვამი ექნებოდა მისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მიწისთვის წვიმა (კანონი 11:14). თვეების განმავლობაში მზისგან გამოფიტული მიწა ლბება, რის შემდეგაც მოსახნავად მზად არის. ძველ დროს გუთნისდედა მარჯვედ მიუყვებოდა ხის გუთანს, რომელსაც შესაძლოა ლითონის საკვეთი ჰქონდა. გუთანში პირუტყვი იყო შებმული. გუთნისდედა ცდილობდა, სწორი კვალი გაევლო. მიწა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისრაელების ცხოვრებაში, ამიტომ მიწათმოქმედი მაქსიმალურად იყენებდა მიწის სულ პატარა ნაკვეთსაც კი, მათ შორის ფერდობს. გლეხი ფერდობებს ძირითადად ხელით ამუშავებდა.

მოხვნის შემდეგ მიწათმოქმედი ხორბალსა და ქერს თესავდა. საინტერესოა, რომ გეზერის კალენდრის ჩამონათვალში შემდეგი ორი თვე თესვისთვის იყო განკუთვნილი. მთესველს მარცვალი კალთაში ჰქონდა ჩაყრილი და თესვის დროს თესლს ხელით აბნევდა.

ორი თვე საგვიანო თესვისთვის

„მადლიანი მიწა“ ყოველთვის უხვად იძლეოდა მოსავალს (კანონი 3:25). დეკემბერში წვიმები მაქსიმალურად მატულობდა, მიწა გამწვანებული იყო. ამ დროს საგვიანო თესვა იწყებოდა, თესავდნენ პარკოსნებს, მაგალითად, ბარდასა და მუხუდოს, აგრეთვე სხვა ბოსტნეულს (ამოსი 7:1, 2). დაფაზე აბიამ ამ პერიოდს „საგაზაფხულო საძოვრები“ უწოდა. ერთ-ერთი თარგმანის თანახმად მას აგრეთვე „საგვიანო თესვა“ ეწოდება. ეს იყო დრო, როდესაც სხვადასხვა ბოსტნეულისგან უგემრიელეს საჭმელს ამზადებდნენ.

როდესაც სიცივე იკლებდა და თბებოდა, ნუშის ხის ტოტებზე გამოტანილი თეთრი და ვარდისფერი ყვავილები გაზაფხულის მოსვლას აუწყებდა. ეს პროცესი შეიძლება იანვრიდანაც კი დაწყებულიყო (იერემია 1:11, 12).

ერთი თვე სელის აღებისთვის

აბია შემდგომ სელს მოიხსენიებს. ეს ალბათ გაგახსენებთ ერთ შემთხვევას, რომელიც აბიას დაბადებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე მოხდა იუდეის მთიანეთის აღმოსავლეთ მხარეში. ქალაქ იერიხონში რახაბმა ორი მზვერავი დამალა „სელის ძნებში“, რომლებიც გასაშრობად ბანზე ჰქონდა გაშლილი (იესო ნავეს ძე 2:6). სელს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ისრაელების ცხოვრებაში. სელის ბოჭკოების მისაღებად მცენარის დალპობა იყო საჭირო. ლპობის პროცესი შედარებით ნელა მიმდინარეობდა, როცა სელი მხოლოდ ნამით სველდებოდა, მაგრამ ამ პროცესის დასაჩქარებლად მას დაგუბებულ ან გამდინარე წყალში აწყობდნენ. ერთმანეთისგან გამოცალკევებულ სელის ბოჭკოებს იყენებდნენ ქსოვილის დასამზადებლად, რომლისგანაც შემდეგ კარვებს, ტანსაცმელსა და აფრებს კერავდნენ. მას, ასევე, პატრუქების დასამზადებლადაც იყენებდნენ.

ზოგი არ იზიარებს იმ აზრს, რომ სელი გეზერში იზრდებოდა, სადაც წყალი საკმაო რაოდენობით არ იყო. სხვები კი ამბობენ, რომ სელი წლის უფრო გვიანდელ პერიოდში იზრდებოდა. ამიტომაც, ზოგი ფიქრობს, რომ გეზერის კალენდარში გამოყენებულ სიტყვა „სელში“ უბრალოდ თივა იგულისხმება.

ერთი თვე ქერის მკისთვის

ყოველ წელს გაზაფხულის ბუნიობის მოახლოებისას აბიას შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ქერის მწვანე თავთავები. აბიამ კალენდარში შემდეგ სწორედ ეს მარცვლეული მოიხსენია. იმ თვეს, როდესაც ქერი მწვანე თავთავებს იკეთებს, ებრაულ ენაზე ეწოდება აბიბი, რაც „მწვანე თავთავებს“ ნიშნავს; ეს შესაძლოა, მიუთითებდეს იმ პერიოდზე, როდესაც თავთავი მოწეულია, მაგრამ ჯერ კიდევ რბილია. იეჰოვამ უთხრა ისრაელებს: „დაიცავი აბიბის თვე და იდღესასწაულე პასექი იეჰოვასთვის“ (კანონი 16:1). აბიბი (რომელსაც მოგვიანებით ნისანი ეწოდა) დღევანდელი კალენდრის მიხედვით მარტ-აპრილს შეესაბამება. შესაძლოა, ქერის მოწევის დრო გარკვეულ როლს ასრულებდა იმის განსაზღვრაში, თუ როდის დაიწყებოდა ეს თვე. დღესაც კი ყარაიმი იუდეველები ქერის მოწევას აკვირდებიან, რომ ახალი წლის დაწყება განსაზღვრონ. როგორც უნდა იყოს, იუდეველებს 16 აბიბს ქერის პირველნაყოფი იეჰოვას წინაშე შესარხევად უნდა მიეტანათ (ლევიანები 23:10, 11).

ქერის მოსავალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისრაელების უმრავლესობისთვის. ქერი ხორბალზე იაფი იყო და ხშირად პურს მისგან აცხობდნენ, განსაკუთრებით კი ღარიბები (ეზეკიელი 4:12).

ერთი თვე მკისთვის და აწყვისთვის

ერთ დილითაც გამოღვიძებულ აბიას მხედველობიდან არ გამორჩებოდა გაფანტული შავი ღრუბლები, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ აღარ გაწვიმდებოდა. ამ დროიდან მოყოლებული მადლიანი მიწა მხოლოდ ნამითღა ისაზრდოებდა (დაბადება 27:28; ზაქარია 8:12). ისრაელმა გლეხმა კარგად იცოდა, რომ ზოგიერთი ჯიშის მარცვლეულს, რომლის მოსავალსაც ცხელ თვეებში იღებდნენ, ზომიერი ქარი სჭირდებოდა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე, რათა საუკეთესო მოსავალი მოსულიყო. ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი ქარი, რომელსაც წვიმა მოჰქონდა, შესაძლოა სასარგებლო ყოფილიყო მარცვლეულისთვის, მაგრამ საზიანო — ხეხილისთვის, რომელსაც კვირტები ჰქონდა გამოტანილი. სამხრეთის ცხელი და მშრალი ქარი ხელს უწყობდა კვირტის გაშლას და დამტვერიანებას (იგავები 25:23; ქებათა ქება 4:16).

იეჰოვამ, სამყაროს შემოქმედმა, რომელმაც დასაბამი მისცა წელიწადის დროებს, იდეალურად დაარეგულირა ეკოლოგიური სისტემა. აბიას დროს ისრაელის ტერიტორია მართლაც იყო ისეთი მიწა, სადაც უხვად იყო ‘ხორბალი, ქერი, ვაზი, ლეღვი, ბროწეული, ზეთისხილის ზეთი და თაფლი’ (კანონი 8:8). აბიას ალბათ პაპა მოუყვებოდა იმ დროზე, როცა მიწა განსაკუთრებულად უხვ მოსავალს იძლეოდა ბრძენი მეფის, სოლომონის მმართველობისას — რაც აშკარად იეჰოვას კურთხევებზე მიუთითებდა (1 მეფეები 4:20).

მკის მოხსენიების შემდეგ კალენდარში მოცემულია სიტყვა, რაც ზოგის აზრით „აწყვას“ ნიშნავს. ეს შესაძლოა მიუთითებდეს მოსავლის აწყვაზე, რათა თავისი წილი მიეცათ მინდვრის პატრონისთვის და მუშისთვის ან გადასახადები გადაეხადათ. მაგრამ, ზოგი მეცნიერი აცხადებს, რომ ეს ებრაული სიტყვა ნიშნავს „ნადიმს“, რასაც უკავშირებენ კვირების დღესასწაულს, რომელსაც სივანის თვეში (მაისი-ივნისი) ზეიმობდნენ (გამოსვლა 34:22).

ორი თვე ვაზის გაფურჩქნისთვის

შემდეგ აბია იმ ორ თვეზე წერს, როდესაც ვაზს ფურჩქნავდნენ. შეიძლება აბია ვაზის გაფურჩქნაში იღებდა მონაწილეობას — ვაზს ზედმეტ ფოთლებს აცლიდა, რათა მზის სხივებს მტევნებამდე მიეღწია (ესაია 18:5). შემდეგ რთველი იწყებოდა, რაც განსაკუთრებით სასიხარულო იყო ბავშვებისთვის. რა გემრიელი იქნებოდა პირველი მტევანი! აბიას ალბათ მოუყვებოდნენ იმ თორმეტ მზვერავზე, რომლებიც მოსემ აღთქმულ მიწაზე გაგზავნა. მზვერავები იმ დროს შევიდნენ აღთქმულ მიწაზე, როცა ყურძნის პირველი ნაყოფი მწიფდებოდა და საკუთარი თვალით იხილეს, თუ რა ნაყოფიერი იყო ეს მიწა. ვაზის მტევნიანი ლერწი იმხელა იყო, რომ ის ორმა კაცმა წამოიღო (რიცხვები 13:20, 23).

ერთი თვე ზაფხულის ხილის კრეფისთვის

აბიას კალენდარში ბოლოს ზაფხულის ხილი მოიხსენიება. ძველად ახლო აღმოსავლეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ზაფხულშიც მიმდინარეობდა; ამ დროს ძირითადად ხილს კრეფდნენ. აბიას ცხოვრებიდან გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვამ გამოიყენა გამოთქმა „ზაფხულის ხილით სავსე კალათა“, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ‘მოაწია მისი ხალხის, ისრაელის აღსასრულმა’. ბიბლიის ამ მონაკვეთში ჩვენ ვხვდებით სიტყვათა თამაშს — ებრაულ ენაზე სიტყვები „ზაფხულის ხილი“ და „აღსასრული“ ჟღერადობით ერთმანეთს ძალიან ჰგავს (ამოსი 8:2). ამას უნდა შეეხსენებინა ორგული ისრაელისთვის, რომ აღსასრული კარს იყო მომდგარი და იეჰოვას განაჩენი სამართლიანი იყო. აბიას მიერ მოხსენიებულ ზაფხულის ხილში ალბათ ლეღვიც შედიოდა. ზაფხულის ლეღვით შესაძლოა ლეღვის ჩირს აკეთებდნენ, რომელსაც საჭმელად ან წყლულების სამკურნალოდ იყენებდნენ (2 მეფეები 20:7).

გეზერის კალენდარი და თქვენ

პატარა აბია, როგორც ჩანს, კარგად ერკვეოდა სოფლის სამუშაოებში. იმ დროს სამეურნეო სამუშაოებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ისრაელების ცხოვრებაში. მაშინაც კი, თუ სასოფლო-სამეურნეო საქმეებთან ახლო შეხება არა გაქვთ, გეზერში ნაპოვნი დაფა დაგეხმარებათ, რომ ბიბლიაში აღწერილი მოვლენები უფრო ცოცხლად წარმოიდგინოთ და ბიბლიის კითხვა თქვენთვის უფრო გასაგები და საინტერესო გახდეს.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 გეზერის კალენდარში მოცემული ჩამონათვალი სრულად არ შეესაბამება ბიბლიაში მოხსენიებული თვეების თანმიმდევრობას. გარდა ამისა, ზოგი სამიწათმოქმედო სამუშაო აღთქმული მიწის სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს სრულდებოდა.

[ჩარჩო⁄სურათი 11 გვერდზე]

გეზერის კალენდრის თარგმანის დაახლოებითი ვარიანტი:

„თვეები რთვლისთვის და ზეთისხილის მოსავლისთვის;

თვეები თესვისთვის;

თვეები საგაზაფხულო საძოვრებისთვის;

ერთი თვე სელის აღებისთვის;

ერთი თვე ქერის მოსავლისთვის;

ერთი თვე ხორბლის მოსავლისა და აწყვისთვის;

თვეები გაფურჩქნისთვის;

ერთი თვე ზაფხულის ხილის კრეფისთვის“.

[ბოლოში წერია სახელი:] აბია *

[სქოლიო]

^ აბზ. 41 დაფუძნებულია ჯონ გიბსონის „Textbook of Syrian Semitic Inscriptions“-ზე, (ტომი I, 1971 წ.).

[საავტორო უფლება]

Archaeological Museum of Istanbul

[ცხრილი⁄სურათები 9 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ნისანი (აბიბი)

მარტი—აპრილი

იარი (ზივი)

აპრილი—მაისი

სივანი

მაისი—ივნისი

თამუზი

ივნისი—ივლისი

აბი

ივლისი—აგვისტო

ელული

აგვისტო—სექტემბერი

თიშრი (ეთანი)

სექტემბერი—ოქტომბერი

ხეშვანი (ბული)

ქისლევი

ნოემბერი—დეკემბერი

ტებეთი

დეკემბერი—იანვარი

შებატი

იანვარი—თებერვალი

ადარი

თებერვალი—მარტი

ვეადარი

მარტი

[საავტორო უფლება]

Farmer: Garo Nalbandian

[სურათი 8 გვერდზე]

არქეოლოგიური გათხრები გეზერში.

[საავტორო უფლება]

© 2003 BiblePlaces.com

[სურათები 10 გვერდზე]

ნუშის ხე

[სურათი 10 გვერდზე]

სელი

[საავტორო უფლება]

Dr. David Darom

[სურათი 10 გვერდზე]

ქერი

[საავტორო უფლება]

U.S. Department of Agriculture