არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერნსტ გლუკი ურთულესი ამოცანის წინაშე

ერნსტ გლუკი ურთულესი ამოცანის წინაშე

ერნსტ გლუკი ურთულესი ამოცანის წინაშე

სამასზე მეტი წლის წინ ერნსტ გლუკი შეეჭიდა ისეთ საქმეს, რომლის წამოწყებაც არც თუ ისე ბევრ ადამიანს გაუბედავს მთელი ისტორიის განმავლობაში. მან გადაწყვიტა ეთარგმნა ბიბლია იმ ენაზე, რომელიც არ იცოდა.

გლუკი დაიბადა 1654 წელს პატარა ქალაქ ვეტინში, ჰალეს მახლობლად (გერმანია). მამამისი ლუთერანი პასტორი იყო. ოჯახში არსებულმა რელიგიურმა ატმოსფერომ პატარა ერნსტს სულიერი საკითხებისადმი ინტერესი აღუძრა. 21 წლის ასაკში მან თეოლოგიის შესწავლის კურსი გაიარა გერმანიაში და საცხოვრებლად ლივონიაში (დღევანდელი ლატვია) გადავიდა. იმ დროისთვის იქ უმრავლესობას არ ჰქონდა სათანადო განათლება. მათ ენაზე მხოლოდ რამდენიმე წიგნი იყო ხელმისაწვდომი. გლუკი წერდა: „ჩემს ახალგაზრდობაში, როცა ამ ქვეყანაში ჩავედი, პირველი, რაც შევნიშნე, იყო ის, რომ ეკლესიებში ბიბლია თითქმის არ ჰქონდათ . . . ამიტომ ღვთის წინაშე გადავწყვიტე, რომ კარგად შემესწავლა ეს ენა და სრულად დავუფლებოდი მას“. გლუკმა მიზნად დაისახა, რომ ლატვიელი ხალხისთვის ბიბლია ეთარგმნა.

თარგმნისთვის მზადება

ლატვია იმ დროს ლივონიის სახელით იყო ცნობილი. ქვეყანა შვედეთს ექვემდებარებოდა. ლივონიაში შვედეთის მეფის წარმომადგენელი იყო იოჰანეს ფიშერი. ის დაინტერესებული იყო იმით, რომ ქვეყანაში განათლების დონე ამაღლებულიყო და ამასთანავე ფულიც ეშოვა. გლუკი დაელაპარაკა ფიშერს იმის შესახებ, რომ ბიბლია ლატვიურ ენაზე ეთარგმნა. ფიშერს საკუთარი სტამბა ჰქონდა ლივონიის დედაქალაქში, რიგაში. ლატვიურ ენაზე ბიბლიის გამოცემით ის ხელს შეუწყობდა განათლების დონის ამაღლებას და, ამავე დროს, იმედოვნებდა, რომ ეს საქმე მოგებასაც მოუტანდა. ფიშერმა შვედეთის მეფე კარლ XI-ს სთხოვა, რომ ნებართვა მიეცა თარგმანის გაკეთებაზე. მეფე დათანხმდა მას და ფინანსური მხარდაჭერაც აღუთქვა. 1681 წლის 31 აგვისტოს მეფემ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც უფლებას იძლეოდა, რომ ბიბლიის თარგმნა დაწყებულიყო.

ამასობაში გლუკი დროს არ კარგავდა და თარგმნისთვის ემზადებოდა. თავისი გერმანული წარმოშობის გამო ის აპირებდა, რომ ლატვიური ბიბლიისთვის საფუძვლად მარტინ ლუთერის თარგმანი დაედო. გლუკს სურდა, რომ რაც შეიძლება კარგი თარგმანი გაეკეთებინა, ამიტომ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამისთვის აუცილებელი იყო ორიგინალიდან, ებრაულიდან და ბერძნულიდან თარგმნა. რადგან გლუკმა კარგად არ იცოდა ეს ენები, მათ შესასწავლად ის ჰამბურგში (გერმანია) გაემგზავრა. იქ ყოფნისას მას, როგორც ჩანს, დაეხმარა ერთი ლივონიელი მღვდელი სახელად იანის რეიტერსი, რომელმაც გლუკს ლატვიურ ენასთან ერთად შეასწავლა ის ბერძნული, რომელზეც ბიბლიის ნაწილი იყო დაწერილი.

შრომისა და ლოდინის წლები

ენების შესწავლის შემდეგ, 1680 წელს, გლუკი დაბრუნდა ლატვიაში და პასტორად მსახურება დაიწყო. მალევე ის თარგმნასაც შეუდგა. 1683 წელს პასტორი გლუკი ალუქსნეს ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც მას საკმაოდ მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავდა. სწორედ აქ, ალუქსნეში, გააკეთა მან ბიბლიის თარგმანი.

იმ დროს ლატვიურ ენაში არ არსებობდა ზოგი ბიბლიური ტერმინი. ამიტომ გლუკმა თავის თარგმანში ზოგიერთი გერმანული სიტყვა გამოიყენა. ის არ იშურებდა თავის უნარსა და შესაძლებლობებს, რომ ღვთის სიტყვა ლატვიურად ეთარგმნა. სპეციალისტებიც ერთხმად აღიარებენ, რომ მისი თარგმანი საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული. გლუკმა ახალი სიტყვებიც კი გამოიგონა. რამდენიმე მათგანი დღესაც ფართოდ გამოიყენება ლატვიურ ენაში, მაგალითად: „გიგანტი“, „დადასტურება“, „თვალთვალი“, „მაგალითი“ და „ნადიმი“.

იოჰანეს ფიშერი ყოველთვის ახალ-ახალ ინფორმაციას აწვდიდა შვედეთის მეფეს იმის თაობაზე, თუ როგორ მიიწევდა წინ თარგმნის საქმე. როგორც მათი მიმოწერიდან ჩანს, 1683 წლისთვის გლუკს უკვე დასრულებული ჰქონდა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმნა. მთლიანი ბიბლიის თარგმნა მან 1689 წელს დაამთავრა — გლუკმა სულ რაღაც რვა წელიწადში გაართვა თავი ამ ურთულეს ამოცანას *. ბიბლიის თარგმნიდან მის გამოცემამდე საკმაო ხანი გავიდა. ბოლოს კი გლუკმა თავის საწადელს მიაღწია — 1694 წელს მთავრობის ნებართვით მისი ნაშრომი, ლატვიური ბიბლია გამოიცა.

ზოგ ისტორიკოსს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მხოლოდ გლუკმა გაართვა თავი მთლიანი ბიბლიის თარგმნას. უეჭველია, მუშაობის პროცესში ის იყენებდა ლუთერის თარგმანს და თავის ტექსტში რთავდა ბიბლიის იმ ზოგიერთ მონაკვეთს, რომელიც უკვე არსებობდა ლატვიურ ენაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაკვეთები მისი თარგმანის საკმაოდ მცირე ნაწილს შეადგენს. ეხმარებოდნენ მას სხვა მთარგმნელებიც? თარგმანზე მუშაობისას გლუკს ერთი ასისტენტი ჰყავდა, სხვები კი ტექსტს ამოწმებდნენ და აკორექტორებდნენ. როგორც ჩანს, უშუალოდ თარგმნაში ისინი არ მონაწილეობდნენ. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ გლუკმა თარგმნა მთელი ბიბლია.

მართალია, გლუკის თარგმანი ლატვიური სამწერლო ენის განვითარების ნიშანსვეტი გახდა, მაგრამ ამ თარგმანმა სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა. როგორც იქნა ლატვიელ ხალხსაც მიეცა შესაძლებლობა, საკუთარ ენაზე წაეკითხა ღვთის სიტყვა და გაეგო მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწავლებები. ისინი არ ივიწყებენ იმას, რაც ერნსტ გლუკმა მათთვის გააკეთა. ამას ისიც მოწმობს, რომ 300 წელზე მეტია, რაც ალუქსნეში მცხოვრები ხალხი უვლის ორ მუხის ხეს, რომლებიც „გლიკა ოზოლის“, ანუ გლუკის მუხების სახელითაა ცნობილი. გლუკმა ისინი ლატვიური ბიბლიის გამოცემის აღსანიშნავად დარგო. ამავე ქალაქში არის პატარა მუზეუმი, სადაც შემონახულია ბიბლიის რამდენიმე თარგმანი, მათ შორის გლუკისეული თარგმანის ის ეგზემპლარი, რომელიც 1694 წელს გამოიცა. გარდა ამისა, ქალაქ ალუქსნეს გერბზე გამოსახულია ბიბლია და ბიბლიის თარგმანის დასრულების თარიღი — 1689.

მისი მომდევნო ნაშრომი

ლატვიაში ჩასვლის შემდეგ გლუკმა მალევე დაიწყო რუსული ენის შესწავლა. 1699 წელს ის წერდა, რომ კიდევ ერთი მიზნის მიღწევისკენ ილტვოდა — მას სურდა, ბიბლია რუსულ ენაზეც ეთარგმნა. 1702 წლით დათარიღებულ წერილში ის წერდა, რომ დაწყებული ჰქონდა მუშაობა ლატვიურ ბიბლიაზე, რათა მისი განახლებული ვარიანტი გამოეცა. მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალა, რამაც შეუძლებელი გახადა მისი ჩანაფიქრის განხორციელება. მრავალი მშვიდობიანი წლის შემდეგ ლატვიაში საომარი მოქმედებები დაიწყო. 1702 წელს რუსეთის ჯარმა დაამარცხა შვედეთის ჯარი და ალუქსნე რუსეთის დაქვემდებარებაში გადავიდა. გლუკი და მისი ოჯახი რუსეთში გადაასახლეს *. იმ მშფოთვარე პერიოდში გლუკმა დაკარგა თავისი ახალი ლატვიური ბიბლიისა და რუსული თარგმანის ხელნაწერები. გლუკი 1705 წელს მოსკოვში გარდაიცვალა.

გლუკის ამ გვიანდელი ნაშრომების დაკარგვა დიდი დანაკარგი იყო. და მაინც, გლუკის თავდაპირველ ლატვიურ ბიბლიას დღესაც დიდი სარგებლობა მოაქვს მკითხველისთვის.

ერნსტ გლუკი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ბიბლიის თარგმნის უზარმაზარ საქმეს შეეჭიდა. მისნაირი ადამიანების თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ თითქმის ყველა ენობრივ ჯგუფს შეუძლია ღვთის სიტყვის წაკითხვა და უძვირფასესი ჭეშმარიტების გაგება. 2000-ზე მეტ ენაზე შესრულებული ბიბლიის თარგმანების საშუალებით იეჰოვა მთელ დედამიწაზე აცნობს ხალხს საკუთარ თავს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 შედარებისთვის, 47 სწავლული შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა 1611 წელს გამოცემულ ბიბლიის ინგლისურ თარგმანზე, რომელიც „ოფიციალური ვარიანტის“, ანუ „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ სახელითაა ცნობილი.

^ აბზ. 14 გოგონა, რომელიც გლუკმა იშვილა, მოგვიანებით ცოლად გაჰყვა რუსეთის მეფეს, პეტრე პირველს. 1725 წელს, პეტრეს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა რუსეთის იმპერატორი ეკატერინე I.

[სურათი 13 გვერდზე]

გლუკის თარგმანი.

[სურათი 14 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები ასწავლიან ბიბლიას იმ ქალაქში, სადაც გლუკმა მისი თარგმანი გააკეთა.