იეჰოვა აფასებს თქვენს მორჩილებას
იეჰოვა აფასებს თქვენს მორჩილებას
„შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე“ (იგავები 27:11).
1. რა სულითაა მოცული დღევანდელი მსოფლიო?
დღეს მთელი მსოფლიო დამოუკიდებლობისა და დაუმორჩილებლობის სულმა მოიცვა. ეფესოელი ქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში პავლე მოციქული გვიხსნის, თუ რა არის ამის მიზეზი: „ერთ დროს დადიოდით ქვეყნიერების გავლენით, იმ ჰაერის ძალაუფლების მთავრის ანუ იმ სულის გავლენით, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს“ (ეფესოელები 2:1, 2). დიახ, სატანა ეშმაკი, „ჰაერის ძალაუფლების მთავარი“, შეიძლება ითქვას, რომ დაუმორჩილებლობის სულით წამლავს მთელ მსოფლიოს. სატანა ასე იქცეოდა პირველ საუკუნეში, ხოლო ზეციდან გადმოგდების შემდეგ (დაახლოებით მაშინ, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო), ის კიდევ უფრო მეტად ცდილობს ამ სულის გაღვივებას (გამოცხადება 12:9).
2, 3. რატომ უნდა ვემორჩილებოდეთ იეჰოვას?
2 ქრისტიანებმა ვიცით, რომ იეჰოვა ღმერთი იმსახურებს იმას, რომ მას მთელი გულით ვემორჩილებოდეთ, რადგან ის არის ჩვენი შემოქმედი, სიცოცხლის მომცემი, უზენაესი უფალი, მოსიყვარულე მამა და მხსნელი (ფსალმუნი 148:5, 6; საქმეები 4:24; კოლოსელები 1:13; გამოცხადება 4:11). მოსეს დროს მცხოვრებმა ისრაელებმა იცოდნენ, რომ იეჰოვა მათი მხსნელი და სიცოცხლის მომცემი იყო. ამიტომაც მოსემ უთხრა მათ: „გულდასმით შეასრულეთ ის, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გიბრძანათ“ (კანონი 5:32). იეჰოვა მართლაც იმსახურებდა მათ მორჩილებას, მაგრამ ისინი მალევე ეურჩნენ თავიანთ უზენაეს უფალს.
3 რამდენად მნიშვნელოვანია სამყაროს შემოქმედისთვის ჩვენი მორჩილება? ერთხელ ღმერთმა წინასწარმეტყველ სამუელის პირით მეფე საულს უთხრა: ‘მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია’ (1 სამუელი 15:22, 23). რატომ?
რატომ არის ‘მორჩილება მსხვერპლზე უკეთესი’?
4. რისი მიცემა შეგვიძლია იეჰოვასთვის?
4 იეჰოვა შემოქმედია, ამიტომ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მას ეკუთვნის. და თუ ყოველივე მას ეკუთვნის, არსებობს კი რამე, რაც შეიძლება მას მივცეთ? დიახ, არსებობს. ჩვენ მისთვის ძალიან ძვირფასი რამის მიცემა შეგვიძლია. რისი მიცემა? ამის პასუხი შემდეგ სიტყვებშია ჩაწერილი: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავები 27:11). ჩვენ მორჩილება უნდა გამოვავლინოთ ღვთის მიმართ — ეს არის სწორედ ის, რისი მიცემაც შეგვიძლია ღვთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვადასხვა გარემოში ვართ აღზრდილი და განსხვავებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თითოეულს შეგვიძლია მორჩილება გამოვავლინოთ და პასუხი გავცეთ სატანა ეშმაკის ღვარძლიან მტკიცებას, თითქოს ადამიანები განსაცდელების დროს ღვთის ერთგულები არ დარჩებიან. ჩვენთვის ეს მართლაც დიდი პატივია!
5. ახსენით, როგორ მოქმედებს შემოქმედზე დაუმორჩილებლობა.
5 ღმერთისთვის სულერთი არ არის, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ. თუ დაუმორჩილებლობას ვავლენთ, ეს მასზე მოქმედებს. როგორ? მას გულს სტკენს, როდესაც ვინმე არასწორ გზას ადგება (ფსალმუნი 78:40, 41). დავუშვათ, დიაბეტით დაავადებული არღვევს დიეტას და ჭამს იმას, რაც მისი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. რას იგრძნობდა მისი ექიმი, რომელსაც გული შესტკივა მასზე? ჩვენ შეგვიძლია ერთ რამეში ვიყოთ დარწმუნებულნი: როცა ადამიანები არ ემორჩილებიან იეჰოვას, მას გული სტკივა, რადგან იცის, რომ მისი კანონების უგულებელყოფას ცუდი შედეგები მოაქვს.
6. რა დაგვეხმარება, რომ ღვთის მორჩილები ვიყოთ?
6 რა დაგვეხმარება თითოეულ ჩვენგანს, რომ ვიყოთ მორჩილები? მეფე სოლომონის მსგავსად ჩვენც „მორჩილი გული“ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას. სოლომონი სთხოვდა იეჰოვას, „მორჩილი გული“ მიეცა მისთვის, რათა ‘სიკეთე ბოროტებისგან გაერჩია’, რაც ისრაელების სწორად განსჯაში დაეხმარებოდა (1 მეფეები 3:9). დაუმორჩილებლობის სულით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში ჩვენ „მორჩილი გული“ გვჭირდება, რომ სიკეთე ბოროტებისგან გავარჩიოთ. ასეთი გული რომ შევიძინოთ, ღმერთმა მრავალი რამით უზრუნველგვყო — ჩვენ გვაქვს მისი სიტყვა, ბიბლია, ბიბლიის შესწავლაში დამხმარე საშუალებები და ქრისტიანული შეხვედრები; გარდა ამისა, კრებებში გვყავს უხუცესები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენზე. საუკეთესოდ ვიყენებთ ყველაფერს, რითაც ღმერთმა სიყვარულით უზრუნველგვყო?
7. რატომ არის იეჰოვასთვის მორჩილება მსხვერპლზე მნიშვნელოვანი?
7 მოდი გავიხსენოთ, რა უთხრა იეჰოვამ თავის ხალხს წარსულში მორჩილებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ მისთვის მორჩილება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ცხოველის შეწირვა (იგავები 21:3, 27; ოსია 6:6; მათე 12:7). რატომ თქვა იეჰოვამ, რომ მისთვის მორჩილება უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაშინ როცა მას თავადვე ჰქონდა ნაბრძანები თავისი ხალხისთვის მსხვერპლის შეწირვა? დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: რა აღძვრებით სწირავდა ადამიანი მსხვერპლს? იმიტომ აკეთებდა ამას, რომ ღვთისთვის ესიამოვნებინა? თუ ეს მისთვის მხოლოდ რიტუალის შესრულება იყო? ღვთის თაყვანისმცემელს თუ ნამდვილად სურს, ღმერთს ასიამოვნოს, ის ყველანაირად ეცდება, ღვთის ყველა მითითებას დაემორჩილოს. ღმერთს არ სჭირდება ცხოველური შესაწირავი. ერთადერთი რამ, რაც მისთვის ძვირფასია და რასაც ის ითხოვს ჩვენგან, ჩვენი მორჩილებაა.
გამაფრთხილებელი მაგალითი
8. რატომ უარყო ღმერთმა მეფე საული?
8 მეფე საულის შესახებ ბიბლიის მონათხრობი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მორჩილება. თავიდან საული თავმდაბალი და მოკრძალებული მმართველი იყო, რომელიც საკუთარ თავს მეფობის ღირსად არ თვლიდა. მაგრამ, დროთა განმავლობაში ის გაამაყდა და არასწორი აზროვნება განივითარა, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენდა მის გადაწყვეტილებებზე (1 სამუელი 10:21, 22; 15:17). ერთხელ საული ფილისტიმელებს უნდა შებრძოლებოდა. სამუელმა უთხრა მეფეს, რომ დალოდებოდა მას იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად და შემდგომი მითითებების მისაღებად. მაგრამ სამუელი დათქმულ დროზე არ მივიდა და ხალხმაც დაფანტვა დაიწყო. ამის შემხედვარე, საულმა ღმერთს „შესწირა დასაწვავი მსხვერპლი“. იეჰოვამ ეს არ მოიწონა. ბოლოს, როცა სამუელი მივიდა, მეფემ თავისი დაუმორჩილებლობა იმით ახსნა, რომ რაკი სამუელი არ ჩანდა, ‘თავი ვალდებულად ჩათვალა’, იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად დასაწვავი შესაწირავი აღევლინა. მეფე საულისთვის მსხვერპლის შეწირვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მორჩილება — იმ მითითების მიყოლა, რომელიც სამუელისგან ჰქონდა მიღებული მსხვერპლის შეწირვასთან დაკავშირებით. სამუელმა უთხრა მას: „უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი იეჰოვას, შენი ღვთის მცნება, რომელიც გიბრძანა“. იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობა საულს მეფობის დაკარგვის ფასად დაუჯდა (1 სამუელი 10:8; 13:5—13).
9. როგორ გამოავლინა საულმა ღვთისადმი დაუმორჩილებლობა?
9 ისწავლა მეფემ რამე არ შემთხვევიდან? არა! მოგვიანებით იეჰოვამ უბრძანა საულს, რომ მუსრი გაევლო ამალეკელებისთვის, რომლებიც წარსულში უმიზეზოდ შეებრძოლნენ ისრაელს. საულს მათი პირუტყვიც კი არ უნდა დაენდო. მეფე მხოლოდ ნაწილობრივ დაემორჩილა იეჰოვას და ‘ამალეკს ხავილადან შურამდე შეუტია’. მასთან შესახვედრად მისულ სამუელს გამარჯვებულმა მეფემ სიხარულით უთხრა: „კურთხეული ხარ იეჰოვასგან, შევასრულე იეჰოვას სიტყვა“. მაგრამ, პირდაპირი მითითებების საპირისპიროდ საულმა და მისმა ხალხმა დაინდეს მეფე აგაგი და „მისი საუკეთესო, ნასუქი ცხვარ-ძროხა, ვერძები და ყოველივე კარგი“. მეფე საულმა, რომელმაც დაუმორჩილებლობა გამოავლინა, თავი შემდეგი სიტყვებით იმართლა: „დაინდო ხალხმა საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის მსხვერპლად შეეწირათ“ (1 სამუელი 15:1—15).
10. რა ვერ ისწავლა საულმა?
10 სამუელმა მიუგო საულს: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი შესაწირავი და მსხვერპლი, როგორც იეჰოვას მოსმენა? მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია და მორჩილება — ვერძის ქონზე!“ (1 სამუელი 15:22). რაკი იეჰოვას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ პირუტყვი უნდა გაენადგურებინათ, მათი მსხვერპლად შეწირვა მისთვის მიუღებელი იქნებოდა.
ყველაფერში მორჩილება გამოავლინეთ
11, 12. ა) როგორ უყურებს იეჰოვა ჩვენს მცდელობას, რომ ვასიამოვნოთ მას? ბ) როგორ შეიძლება ქრისტიანმა თავი მოიტყუოს, თუ ფიქრობს, რომ ასრულებს იეჰოვას ნებას, მაგრამ ამ დროს დაუმორჩილებლობას ავლენს?
11 იეჰოვას ძალიან სიამოვნებს, როდესაც მისი ერთგული მსახურები დევნებს მტკიცედ ხვდებიან, ხალხის გულგრილობის გამო ხალისს არ კარგავენ და ქადაგებენ სამეფოს შესახებ. მას ისიც ახარებს, როცა მისი მსახურები რეგულარულად დადიან ქრისტიანულ შეხვედრებზე მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის სარჩენად ბევრი შრომა უწევთ. როდესაც ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მხარეებში მორჩილებას ვავლენთ, ამით იეჰოვას გულს ვუხარებთ! იეჰოვა აფასებს ნებისმიერ ძალისხმევას, რასაც ჩვენ სიყვარულით ვახმართ მის თაყვანისმცემლობას. ადამიანები შეიძლება არ აფასებდნენ ჩვენს მძიმე შრომას, მაგრამ ღმერთს მხედველობიდან არ რჩება და იმახსოვრებს კიდეც იმას, რასაც მისთვის მთელი გულით ვაკეთებთ (მათე 6:4).
12 თუ გვინდა რომ ღმერთს ვასიამოვნოთ, ცხოვრების ნებისმიერ მხარეში მორჩილები უნდა ვიყოთ. თავი არასოდეს არ უნდა მოვიტყუოთ იმით, რომ თუკი ღმერთს გარკვეულ საკითხებში ვემორჩილებით და მას თაყვანს ვცემთ, ამ დროს შეგვიძლია სხვა რომელიმე მოთხოვნა დავარღვიოთ. მაგალითად, ვინმემ შეიძლება მცდარი აზროვნება გალატელები 6:7, 8).
განივითაროს და იფიქროს, რომ თუ რომელიმე საკითხში ღმერთს ფორმალურად სცემს თაყვანს, თავიდან აირიდებს იმ სასჯელს, რაც უზნეობისა თუ სხვა სერიოზული ცოდვის ჩადენას მოჰყვება. ასეთი ადამიანი მწარედ იტყუებს თავს! (13. როგორ შეიძლება გამოიცადოს ჩვენი მორჩილება, როდესაც მარტო ვართ?
13 კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვას: „ვემორჩილები იეჰოვას ყოველდღე თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებში?“ იესომ თქვა: „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში უმართლო კი ბევრშიც უმართლოა“ (ლუკა 16:10). ‘დავდივართ უმწიკვლო გულით საკუთარ სახლშიც კი’, სადაც ვერავინ გვხედავს? (ფსალმუნი 101:2). ჩვენი ერთგულება შეიძლება გამოიცადოს მაშინ, როდესაც სახლში მარტო ვიმყოფებით. მრავალ ქვეყანაში, სადაც დღეს კომპიუტერი თითქმის უკვე ყველა ოჯახშია, საკმარისია ადამიანმა რამდენჯერმე დააჭიროს ღილაკს თითი და ეკრანზე უხამსი სურათები გამოჩნდება. რამდენიმე წლის წინ ასეთი სურათების ნახვა მხოლოდ ისეთ გასართობ ადგილებში შეიძლებოდა, სადაც უზნეობას სჩადიოდნენ. იესომ თქვა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“. როგორ მოვიქცევით? ყურად ვიღებთ იესოს სიტყვებს და არც კი შევხედავთ უზნეო სურათებს? (მათე 5:28; იობი 31:1, 9, 10; ფსალმუნი 119:37; იგავები 6:24, 25; ეფესოელები 5:3—5). რა შეიძლება ითქვას ძალადობის ამსახველ ფილმებზე? ჩვენც ისეთივე თვალსაზრისი გვაქვს ძალადობაზე, როგორიც ღმერთს, რომელსაც ‘სძულს ძალადობის მოყვარული’? (ფსალმუნი 11:5). მარტო ყოფნისას სასმელს ხომ არ ეძალებით? ბიბლია განსჯის ლოთობას. გარდა ამისა, ის ქრისტიანებს აფრთხილებს, რომ ღვინის სმა ჩვევად არ ექცეთ (ტიტე 2:3; ლუკა 21:34, 35; 1 ტიმოთე 3:3).
14. რა მხრივ შეგვიძლია ღვთისადმი მორჩილების გამოვლენა, როცა საქმე ფულს ეხება?
14 კიდევ ერთი მხარე, რაშიც სიფრთხილე გვმართებს, ფულთან ჩვენი დამოკიდებულებაა. მაგალითად, ფულის შოვნის ისეთ სწრაფ მეთოდს ხომ არ მივმართავთ, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად თაღლითობად ჩაითვალოს? არაკანონიერი გზებით ხომ არ ვცდილობთ თავი ავარიდოთ გადასახადებს? თუ პირიქით, კეთილსინდისიერად ვემორჩილებით იმ მოთხოვნას, რომ ‘ვისაც რა ეკუთვნის, ის მივცეთ: ვისაც გადასახადი — გადასახადი’? (რომაელები 13:7).
სიყვარულზე დაფუძნებული მორჩილება
15. რატომ ემორჩილებით იეჰოვას?
15 ღვთის მითითებებისადმი მორჩილებას კურთხევები მოაქვს. მაგალითად, როდესაც უარს ვამბობთ თამბაქოზე, არ ვეწევით უზნეო ცხოვრებას და პატივისცემით ვეკიდებით სისხლის სიწმინდეს, ამით თავს ვარიდებთ უამრავ დაავადებას. გარდა ამისა, როდესაც ცხოვრების სხვა სფეროებშიც ბიბლიური ჭეშმარიტების თანახმად ვცხოვრობთ, ეს აშკარად დადებითად აისახება ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, სხვებთან ურთიერთობასა და ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაზე (ესაია 48:17). როდესაც ცხოვრებაში ასეთ დადებით შედეგებს ვაღწევთ, ეს შეიძლება მართებულად მივიჩნიოთ კურთხევად, რაც ღვთის კანონების პრაქტიკულობას ამტკიცებს. და მაინც, უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ ვემორჩილებით იეჰოვას, მისდამი ჩვენი სიყვარულია. ჩვენ ღმერთს ეგოისტური მიზნებით არ ვემსახურებით (იობი 1:9—11; 2:4, 5). ღმერთმა უფლება მოგვცა, რომ თავად ავირჩიოთ, ვის დავემორჩილოთ. ჩვენ იეჰოვას მორჩილებას ვირჩევთ, რადგან გვსურს, ვასიამოვნოთ მას და ვაკეთოთ ის, რაც სწორია (რომაელები 6:16, 17; 1 იოანე 5:3).
16, 17. ა) როგორ ცხადყო იესომ, რომ სიყვარულით ემორჩილებოდა ღმერთს? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?
16 იესო სიყვარულით ემორჩილებოდა იეჰოვას, რითაც სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა (იოანე 8:28, 29). როდესაც იესო დედამიწაზე იყო, მან „მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა“ (ებრაელები 5:8, 9). როგორ? იმით, რომ მან „თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“ (ფილიპელები 2:7, 8). მართალია იესო ზეცაშიც მორჩილი იყო, მაგრამ მისი მორჩილება დედამიწაზეც გამოიცადა. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იესო ყოველმხრივ არის მომზადებული, რათა თავისი სულიერი ძმებისა თუ სხვა უამრავი მორჩილი ადამიანის მღვდელმთავრად იმსახუროს (ებრაელები 4:15; 1 იოანე 2:1, 2).
17 რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს იმით, რომ პირველ ადგილზე ღვთისადმი მორჩილება დავაყენოთ (1 პეტრე 2:21). ჩვენ კმაყოფილებას ვიგრძნობთ, როდესაც სიყვარულით აღძრულები მაშინაც კი დავემორჩილებით ღმერთს, როცა ეს ჩვენთვის ძნელი იქნება ან როცა ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებით (რომაელები 7:18—20). ამაში ისიც შედის, რომ მზადყოფნით დავემორჩილოთ მათ მითითებებს, ვისაც ღვთის ორგანიზაციაში ხელმძღვანელობა აკისრია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასრულყოფილები არიან (ებრაელები 13:17). იეჰოვა ძალიან აფასებს, როცა ყოველთვის ვემორჩილებით მის მითითებებს.
18, 19. რა შედეგები მოაქვს ჩვენთვის გულიდან მომდინარე მორჩილებას?
18 დღეს იეჰოვასადმი ჩვენი მორჩილება შეიძლება იმით გამოიცადოს, დავრჩებით თუ არა ერთგულები წინააღმდეგობის დროს (საქმეები 5:29). იეჰოვას ბრძანებისადმი მორჩილება, რომ ხალხს ვუქადაგოთ და ვასწავლოთ, ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე მოთმინებასაც მოიცავს (მათე 24:13, 14; 28:19, 20). სწორედ მოთმინება გვჭირდება, რომ კვლავაც შევიკრიბოთ ძმებთან ერთად მაშინაც კი, როცა ქვეყნიერების მხრიდან დიდ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. ჩვენმა მოსიყვარულე ღმერთმა კარგად იცის, თუ რა ძალისხმევას ვახმართ იმას, რომ ამ საკითხებშიც მორჩილები დავრჩეთ. ყველაფერში მორჩილები რომ ვიყოთ, ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ცოდვილ სხეულს, მოვერიდოთ ბოროტებას და სიკეთე შევიყვაროთ (რომაელები 12:9).
19 როდესაც იეჰოვას სიყვარულით და მადლიერებით აღსავსე გულით ვემსახურებით, ის ‘გვაჯილდოებს გულმოდგინე ძებნისთვის’ (ებრაელები 11:6). იეჰოვას სიამოვნებს, როდესაც მისი ნებისამებრ სათანადო მსხვერპლს ვწირავთ, მაგრამ მას ყველაზე მეტად სიყვარულიდან მომდინარე სრული მორჩილება ახარებს (იგავები 3:1, 2).
როგორ უპასუხებთ?
• რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ისეთი რამ, რაც შეგვიძლია მივცეთ იეჰოვას?
• რა შეცდომები დაუშვა საულმა?
• როგორ შეგიძლიათ პირადად ცხადყოთ, რომ მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია?
• რა აღგძრავთ, რომ იეჰოვას დაემორჩილოთ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 26 გვერდზე]
როგორ იგრძნობს თავს მზრუნველი ექიმი, თუ პაციენტი მის რჩევებს უგულებელყოფს?
[სურათი 28 გვერდზე]
რატომ დაკარგა მეფე საულმა იეჰოვას კეთილგანწყობა?
[სურათები 30 გვერდზე]
მაშინაც ემორჩილებით ღმერთს, როცა სახლში მარტო ხართ?