არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ჰქონდა ფეხები გველს, რომელიც ევას ელაპარაკა?

როგორც დაბადების 3:14-დან ვიგებთ, იეჰოვა ღმერთმა მიმართა გველს, რომელმაც ედემის ბაღში ევა შეაცდინა. ღმერთმა უთხრა მას: „რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი ხარ ყველა შინაურ და გარეულ ცხოველს შორის. მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლე“. ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, რომ ქვეწარმავალს, რომელმაც ევა შეაცდინა, ჰქონდა ფეხები, სანამ ღმერთი მას დასწყევლიდა. დაბადების 3:14-ში ჩაწერილი სიტყვები ზოგმა შეიძლება ასეც გაიგოს, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, დავასკვნათ, რომ დაწყევლამდე გველს ფეხები ჰქონდა. რატომ?

უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ სინამდვილეში იეჰოვას განსჯის ობიექტი იყო სატანა — უხილავი სული, რომელმაც ბოროტად გამოიყენა ეს ქვეწარმავალი. ბიბლია სატანას „სიცრუის მამასა“ და „ძველ გველს“ უწოდებს. ეს ორივე გამოთქმა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სატანამ გამოიყენა ხილული არსება, გველი, რათა მისი მეშვეობით ევას დალაპარაკებოდა და ის ღვთის კანონის დარღვევისკენ აღეძრა (იოანე 8:44; გამოცხადება 20:2).

ღმერთმა შექმნა ქვეწარმავლები, და აშკარაა, რომ ადამს უკვე დარქმეული ექნებოდა მათთვის სახელები მანამ, სანამ სატანა გველის მეშვეობით შეაცდენდა ევას. გველს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ინსტინქტი მართავს, არანაირი ბრალი არ მიუძღოდა ევას შეცდენაში. გველი ვერ მიხვდებოდა, რომ სატანა იყენებდა მას და ვერც ღვთის მიერ გამოტანილ განაჩენს გაიგებდა.

მაშ, რატომ უთხრა იეჰოვამ გველს, რომ მუცლით იხოხებდა და მტვერს შეჭამდა? ის, თუ როგორ იქცევა გველი ბუნებაში — მუცლით ხოხავს და ენით მიწას ეხება, თითქოს მტვერი უნდა ალოკოსო — კარგად ასახავს სატანის დამცირებულ მდგომარეობას. თავდაპირველად მას, როგორც ღვთის ერთ-ერთ ანგელოზს, მაღალი მდგომარეობა ეკავა, მაგრამ მან დაკარგა ეს მდგომარეობა. სატანის დამცირებულ მდგომარეობას ბიბლია ტარტაროზად მოიხსენიებს (2 პეტრე 2:4).

გარდა ამისა, ისევე როგორც ნამდვილ გველს შეუძლია ადამიანის ქუსლის დაგესვლა, დამცირებულ მდგომარეობაში მყოფ სატანას შეეძლო ღვთის ‘შთამომავლობის ქუსლის დაგესვლა’ (დაბადება 3:15). ამ შთამომავლობის მთავარი ნაწილი იყო იესო ქრისტე, რომელსაც სატანის მომხრეების მხრიდან გარკვეული დროით ტანჯვის ატანა მოუწია. მაგრამ, ბოლოს დადგება დრო, როცა ქრისტე და ზეცად აღდგენილი მისი ცხებული ძმები ერთხელ და სამუდამოდ თავს გაუჭეჭყავენ სიმბოლურ გველს (რომაელები 16:20). ამგვარად, ღვთის მიერ გველის დაწყევლა არ ეხება ქვეწარმავალს; წყევლაში იგულისხმება უხილავი „ძველი გველის“, სატანა ეშმაკის დამცირება და განადგურება.