სავლე ძველ მეგობრებსა და ყოფილ მტრებს ხვდება
სავლე ძველ მეგობრებსა და ყოფილ მტრებს ხვდება
სავლეს, რომელიც მოგვიანებით მოციქულ პავლეს სახელით გახდა ცნობილი, ალბათ გარკვეულწილად შიშის გრძნობა ექნებოდა, როდესაც პირველად ჩავიდა იერუსალიმში მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა მიიღო *. სამი წლის წინ იესოს მოწაფეებზე განრისხებულმა და მათი მოკვლის სურვილით შეპყრობილმა სავლემ ქალაქი იმ მიზნით დატოვა, რომ ყველანაირად შეევიწროებინა ქრისტიანები. მას უფლება ჰქონდა მიცემული, შეეპყრო ყველა მოწაფე, ვისაც დამასკოში ნახავდა (საქმეები 9:1, 2; გალატელები 1:18).
როდესაც სავლემ ირწმუნა იესო და ქრისტიანი გახდა, მან გაბედულად დაიწყო ქადაგება მკვდრეთით აღმდგარი მესიის შესახებ. ამის გამო დამასკოელ იუდეველებს მისი მოკვლა სურდათ (საქმეები 9:19—25). უნდა ჰქონოდა სავლეს იმის მოლოდინი, რომ მას გულთბილად შეხვდებოდნენ იერუსალიმში ყოფილი იუდეველი მეგობრები? შესაძლოა სავლეს ეს აფიქრებდა, მაგრამ სინამდვილეში მას ის უფრო აღელვებდა, თუ როგორ მიიღებდნენ ქრისტეს მიმდევრები. მათთან დაახლოება მისთვის ადვილი არ იქნებოდა.
„იერუსალიმში მისვლისას ის ცდილობდა მოწაფეებს შეერთებოდა, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, რადგან არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო“ (საქმეები 9:26). ეს გასაგებიცაა. სავლეს შესახებ მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ უმოწყალოდ დევნიდა ქრისტიანებს. შესაძლოა იესოს მიმდევრები ფიქრობდნენ, რომ სავლე თავს ქრისტიანად ასაღებდა, რათა კრებაში შეეღწია. ამიტომ იერუსალიმში მცხოვრები ქრისტიანები მასთან ახლო ურთიერთობას ერიდებოდნენ.
ასეთ სიტუაციაში მყოფ სავლეს ერთ-ერთი მათგანი დაეხმარა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ბარნაბამ ეს ყოფილი მდევნელი მიიყვანა „მოციქულებთან“, როგორც ჩანს პეტრესთან (კეფასთან) და იაკობთან, უფლის ძმასთან, და მოუყვა მათ სავლეს ქრისტიანად მოქცევისა და დამასკოში მისი ქადაგების შესახებ (საქმეები 9:27; გალატელები 1:18, 19). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რამ დაარწმუნა ბარნაბა სავლეს გულწრფელობაში. ამ ორი მოციქულის დავალებით ხომ არ გამოსცადა ბარნაბამ, თუ რამდენად გულწრფელი იყო სავლე? ან ხომ არ ჰქონდა ბარნაბას ურთიერთობა დამასკოელ ქრისტიანებთან და მათგან იცოდა სავლეს ქრისტიანად მოქცევის ამბავი? როგორც უნდა ყოფილიყო, ბარნაბამ გააქარწყლა სავლესთან დაკავშირებით წამოჭრილი ეჭვები. ამის შემდეგ, სავლე 15 დღე დარჩა პეტრე მოციქულთან.
თხუთმეტი დღე პეტრესთან
სავლემ დავალება უშუალოდ იესოსგან მიიღო, ამიტომ ამ დავალების შესასრულებლად მას არ სჭირდებოდა რომელიმე ადამიანისგან ნებართვის აღება. ის ამას გალატელების მიმართ მიწერილ წერილშიც მოიხსენიებს (გალატელები 1:11, 12). მაგრამ, უეჭველია, სავლეს ისიც ესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, უფრო მეტი გაეგო იესოს მსახურების შესახებ. სწორედ რომ ამაში დაეხმარებოდა მას პეტრესთან დარჩენა (ლუკა 24:12; 1 კორინთელები 15:3—8). სავლეს ბევრი კითხვა ექნებოდა პეტრესთან და იაკობთან; თავის მხრივ ისინიც ბევრ შეკითხვას დაუსვამდნენ სავლეს მისი ხილვისა და დავალების შესახებ.
სავლე ყოფილ მეგობრებს გადაურჩა
სტეფანე პირველი ქრისტიანი იყო, რომელიც რწმენის გამო მოკლეს. სტეფანეს ედავებოდნენ „ეგრეთ წოდებულ გათავისუფლებულთა სინაგოგიდან, აგრეთვე კირენეის, ალექსანდრიის, კილიკიისა და აზიის მკვიდრთაგან ზოგიერთები“. ახლა კი სავლე „ეკამათებოდა ბერძნულენოვან იუდეველებს“ და მათ გაბედულად უმოწმებდა. როგორი რეაქცია ჰქონდათ იუდეველებს? მათ სავლეს მოკვლა გადაწყვიტეს (საქმეები 6:9; 9:28, 29).
ბუნებრივია, სავლეს ენდომებოდა ყოფილი მეგობრებისთვის იმის ახსნა, თუ რამ გამოიწვია მის ცხოვრებაში ასეთი რადიკალური ცვლილება, და სურვილი ექნებოდა მათთან მესიის შესახებ ექადაგა. მაგრამ გაბოროტებულმა ბერძნულენოვანმა იუდეველებმა სავლე მოღალატედ ჩათვალეს.
ესმოდა სავლეს, თუ რამდენად საშიშ სიტუაციაში იმყოფებოდა? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ტაძარში ლოცვისას სავლე ბურანში წავიდა და იხილა იესო, რომელმაც უთხრა: „იჩქარე, მალე გადი იერუსალიმიდან, რადგან ისინი არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემ შესახებ“. ამაზე სავლემ მიუგო: „უფალო, მათ ხომ კარგად იციან, რომ შენს მორწმუნეებს საპყრობილეში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი. და როცა შენი მოწმის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი ამას“ (საქმეები 22:17—20).
ზოგის აზრით, სავლეს პასუხიდან ჩანს, რომ ის აცნობიერებდა, თუ რა საშიშროების წინაშე იდგა. სხვები კი მის სიტყვებში შემდეგ აზრს ხედავენ: „მე მათსავით ვდევნიდი ქრისტიანებს და ეს თავადაც კარგად იციან. ამიტომ ისინი სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რატომ გავხდი ქრისტიანი. იქნებ შევძლო კიდეც მათი დახმარება, რომ ქრისტიანები გახდნენ“. მაგრამ იესომ იცოდა, რომ იუდეველები განდგომილად თვლიდნენ სავლეს, ამიტომ არ მიიღებდნენ მის დამოწმებას. იესომ სავლეს უთხრა: „წადი, შორს გგზავნი, უცხოტომელებთან“ (საქმეები 22:21, 22).
როდესაც ქრისტიანებმა გაიგეს, თუ რა საშიშროება ელოდა სავლეს, მათ ჩაიყვანეს ის საპორტო ქალაქ კესარეაში და 500 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ტარსოსში (სავლეს მშობლიურ ქალაქში) გაგზავნეს (საქმეები 9:30). სავლე იერუსალიმში რამდენიმე წლის შემდეგღა დაბრუნდა.
სავლეს ასეთი სასწრაფო გამგზავრება ქრისტიანული კრებისთვის ალბათ დამცავი იყო. ყოფილი მდევნელის იქ დარჩენა საშიშროებას ქმნიდა. სავლეს წასვლის შემდეგ „კრებას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობის დრო დაუდგა და შენდებოდა; იეჰოვას შიშითა და წმინდა სულის ნუგეშით რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქმეები 9:31).
საჭიროა სიფრთხილის გამოვლენა
ისევე როგორც პირველ საუკუნეში, დღესაც შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაციები, როდესაც სიფრთხილის გამოვლენა იქნება საჭირო. ჩვენ არა გვაქვს იმის მიზეზი, რომ უსამართლოდ დავუწყოთ ვინმეს ეჭვის თვალით ყურება. თუმცა ზოგჯერ არაკეთილსინდისიერი ადამიანები ცდილობენ იეჰოვას ხალხის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის ან იმისთვის, რომ კრებას ზიანი მიაყენონ. ამიტომ გამჭრიახობის გამოვლენა გვმართებს, რომ თვითმარქვიების მსხვერპლი არ გავხდეთ (იგავები 3:27; 2 ტიმოთე 3:13).
ის, თუ რა რეაქცია მოჰყვა სავლეს ქადაგებას იერუსალიმში, კიდევ ერთ საშიშროებაზე მიგვითითებს, რასაც შეიძლება ქრისტიანები შეხვდნენ. ზოგ უბანში ან ზოგიერთ ადამიანთან ქადაგება, მათ შორის ყოფილ მეგობრებთან, შეიძლება სახიფათო იყოს ფიზიკურად, სულიერად და ზნეობრივადაც კი. კარგია, თუ სათანადო სიფრთხილეს გამოვიჩენთ და დავუკვირდებით, სად და როდის ვიქადაგოთ (იგავები 22:3; მათე 10:16).
შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ნაქადაგები იქნება ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდე. სავლემ მართლაც შესანიშნავი მაგალითი მოგვცა იმით, რომ ყველასთან, მათ შორის ძველ მეგობრებთან და ყოფილ მტრებთან, „გაბედულად ლაპარაკობდა უფლის სახელით“! (საქმეები 9:28).
[სქოლიო]
^ აბზ. 2 სავლეს დღეს ძირითადად მოციქული პავლეს სახელით იცნობენ. ამ სტატიაში მოყვანილ ბიბლიურ მუხლებში ის ძირითადად თავისი ებრაული სახელით, სავლეთი მოიხსენიება (საქმეები 13:9).
[სურათი 16 გვერდზე]
იერუსალიმში ჩასული სავლე გაბედულად ქადაგებდა ბერძნულენოვან იუდეველებთან.