ცვალებადი ფასეულობების მორევში
ცვალებადი ფასეულობების მორევში
ცნობილი ლეგენდის თანახმად ერთი კაცი დღისით ანთებულ ფარანს დაატარებდა, რომ სათნო ადამიანი ეპოვა. ეს კაცი იყო ფილოსოფოსი დიოგენე, რომელიც ძვ. წ. მე-4 საუკუნეში ათენში ცხოვრობდა.
ვერავინ იტყვის დანამდვილებით, შეეფერება თუ არა ეს ლეგენდა სიმართლეს. როგორც უნდა იყოს, დღეს რომ დიოგენე ცოცხალი ყოფილიყო, გასაკვირი არ იქნებოდა, თუ მას კიდევ უფრო გაუჭირდებოდა მაღალზნეობრივი ნორმების დამცველი ადამიანების პოვნა. როგორც ჩანს, მრავალი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ადამიანები გარკვეული ეთიკური ნორმების თანახმად უნდა ცხოვრობდნენ. ხშირად მასმედიაც ამახვილებს ყურადღებას ზნეობის დაცემაზე, როცა საუბრობს ვინმეს პირად ცხოვრებაზე, მთავრობაზე, რაიმე დარგზე, სპორტზე, ბიზნესის სამყაროსა თუ სხვა სფეროებზე. მრავალი რამ, რაც წარსულში ფასეული იყო, დღეს გაუფასურებულია. ახლა იმის გადაფასება ხდება, რაც ადრე ქცევის დადგენილ ნორმებად ითვლებოდა. ხშირად ამ ნორმებს საერთოდ უგულებელყოფენ კიდეც. ზოგ ნორმას თეორიულად იწონებენ, მაგრამ პრაქტიკულად არ იყენებენ.
„საყოველთაოდ მიღებული ნორმები წარსულს ჩაჰბარდა“, — ამბობს სოციოლოგი ალან ვულფი. მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „ისტორიის განმავლობაში საზოგადოებას ასე ერთხმად არასოდეს უთქვამს უარი ზნეობრივ ფასეულობებზე. დღეს ადამიანები აღარ მიჰყვებიან ტრადიციებს და დადგენილი ზნეობრივი ნორმების თანახმად აღარ ცხოვრობენ“. გაზეთ „ლოს-ანჯელეს ტაიმზში“, რომელიც მიმოიხილავდა განვლილი 100 წლის მოვლენებს, მოყვანილი იყო ფილოსოფოს ჯონათან გლოვერის სიტყვები, რომლის დაკვირვებითაც რელიგიის გავლენის დაკარგვამ და საყოველთაოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფამ დიდად შეუწყო ხელი მსოფლიოში ძალადობის გავრცელებას.
თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ საყოველთაოდ მიღებული ფასეულობების მიმართ გავრცელებული ასეთი არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, ზოგიერთები მაინც ცდილობენ, იცხოვრონ ზნეობრივი ნორმების თანახმად. რამდენიმე წლის წინ იუნესკოს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ფედერიკო მაიორმა აღნიშნა, რომ „მთელ მსოფლიოს ისე, როგორც არასდროს, ძალიან, ძალიან უნდა აღელვებდეს ეთიკური ნორმების დაცემა“. მართალია, მსოფლიო არ ცნობს მაღალზნეობრივ ნორმებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ასეთი
ნორმები, რომელთა დაცვაც შეგვიძლია და მოგვეთხოვება კიდეც.შესაძლებელია, ყველა შეთანხმდეს იმაზე, თუ რა ნორმები დაიცვან? როგორც ჩანს, არა. და თუ არ არსებობს სწორისა და არასწორის განმსაზღვრავი საერთო სტანდარტები, როგორღა შეძლებს ადამიანი ამა თუ იმ ნორმის შეფასებას?! დღეს მართლაც ფართოდ არის გავრცელებული რელატივიზმი, ანუ ისეთი შეხედულება, რომ ყველას თვითონ შეუძლია საკუთარი ქცევის ნორმების დადგენა. მაგრამ, როგორც თავადაც შეგიძლიათ დაინახოთ, ასეთი თვალსაზრისი სინამდვილეში არ აუმჯობესებს საზოგადოების მორალურ მდგომარეობას.
ბრიტანელი ისტორიკოსი პოლ ჯონსონი ემხრობა იმ აზრს, რომ რელატივიზმის ფილოსოფია „ძირს უთხრის . . . პირადი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობას, რომელიც უნდა გაგვაჩნდეს საზოგადოებაში მიღებული ნამდვილი ზნეობრივი ნორმების მიმართ“, რომლებითაც მე-20 საუკუნემდე, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობდნენ.
შესაძლებელია „ნამდვილი ზნეობრივი ნორმების“ პოვნა ან „საყოველთაოდ მიღებული ზნეობრივი კანონების“ თანახმად ცხოვრება? არსებობს რაიმე წყარო, რომელიც გაგვაცნობდა მუდმივ, უცვლელ ფასეულობებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას სტაბილურს გახდიდა და მომავლის იმედს ჩაგვინერგავდა? ამ კითხვებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.