არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჰბაძავთ იეჰოვას სხვებზე ზრუნვაში?

ჰბაძავთ იეჰოვას სხვებზე ზრუნვაში?

ჰბაძავთ იეჰოვას სხვებზე ზრუნვაში?

„ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). როგორი თბილი მოწოდებაა! იეჰოვა ღმერთი ზრუნავს თავის ხალხზე, ამიტომ შეგვიძლია თავი მშვიდად ვიგრძნოთ მისი მზრუნველი ხელის ქვეშ.

ჩვენც უნდა ვზრუნავდეთ სხვებზე. როდესაც სხვების მიმართ პირად ინტერესს ვავლენთ, უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ შეცდომები, რომლებიც შეიძლება არასრულყოფილების გამო მოგვივიდეს. ვიდრე ვისაუბრებდეთ, თუ რა შეცდომები შეიძლება მოგვივიდეს, მოდი ჯერ ვნახოთ, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე.

ფსალმუნმომღერალმა დავითმა იეჰოვას მზრუნველობა ცხვრისადმი მწყემსის მოპყრობას შეადარა. მან დაწერა: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება. აბიბინებულ საძოვრებზე მასვენებს, წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ მიმიძღვის. სულს მიცოცხლებს . . . უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ ბოროტება არ მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან“ (ფსალმუნი 23:1—4).

დავითი თავად იყო მწყემსი, ამიტომ კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ფარაზე ზრუნვა. მწყემსი იცავს ცხვარს ისეთი მტაცებელი ცხოველებისგან, როგორიცაა დათვი, ლომი და მგელი. მწყემსი თვალყურს ადევნებს ფარას, რომ ცხვარი არ დაიფანტოს, ის ეძებს დაკარგულ ცხვარს, ხელში აყვანილს ატარებს დაღლილ ბატკანს და ზრუნავს ავადმყოფსა და დასახიჩრებულზე. მწყემსი ყოველდღე არწყულებს ცხვარს. ცხადია, ეს ყოველივე იმას არ ნიშნავს, რომ მწყემსი ცხვრის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს. ცხვარი თავს თავისუფლად გრძნობს, მაგრამ ამავე დროს დაცულია.

სწორედ ასე ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე. პეტრე მოციქულმა თქვა: „ღვთის ძალით ხართ დაცულნი“. აქ გამოყენებული ფრაზა „ხართ დაცულნი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას“ (1 პეტრე 1:5). იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე, ამიტომ ყოველთვის თვალს გვადევნებს და მზად არის ნებისმიერ დროს დაგვეხმაროს, როცა ამის შესახებ ვთხოვთ. როდესაც იეჰოვამ შეგვქმნა, მან ნების თავისუფლება გვიბოძა, ამიტომ ის არ ერევა ყველა ჩვენს გადაწყვეტილებასა და იმაში, თუ როგორ მოვიქცევით. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას ამ მხრივ?

მიჰბაძეთ ღმერთს შვილებზე ზრუნვისას

‘შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან’. ამიტომ, მშობლებმა უნდა იზრუნონ მათზე და დაიცვან ისინი (ფსალმუნი 127:3). ამაში ისიც იგულისხმება, რომ მშობელს ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომ მან თავისუფლად გამოხატოს თავისი ფიქრები და გრძნობები. თავის მხრივ, მშობელმაც უნდა გაითვალისწინოს ეს ყოველივე შვილთან ურთიერთობისას. თუ მშობელი შვილის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს და სრულიად უგულებელყოფს მის სურვილებს, ის დაემსგავსება მწყემსს, რომელსაც ცხვრისთვის თოკი აქვს გამობმული და მას გასაქანს არ აძლევს. არც ერთ მწყემსს არ მოუვა აზრად ასეთი რამის გაკეთება და არც ჩვენი მწყემსი, იეჰოვა, გვეპყრობა ასე.

მარიკო * აღიარებს: «წლების განმავლობაში შვილებს სულ ასე ველაპარაკებოდი: „ეს გააკეთე!“, „ეს არ გააკეთო!“ ვფიქრობდი, რომ ვალდებული ვიყავი, ასე მოვქცეულიყავი. მე არასოდეს ვაქებდი მათ და არც ნამდვილი ურთიერთობა მქონია მათთან». მართალია, მარიკოს ქალიშვილი საათობით ელაპარაკებოდა ტელეფონით თავის მეგობრებს, მაგრამ დედასთან სიტყვაძუნწი იყო. «დროთა განმავლობაში მივხვდი, რა იყო ამის მიზეზი, — განაგრძობს მარიკო. — მეგობრებთან საუბრისას ჩემი ქალიშვილი თანაგრძნობის გამომხატველ სიტყვებს იყენებდა. მაგალითად, ის ამბობდა: „კი, გეთანხმები“ ან „მეც ასე მოვიქცეოდი“. ჩემს ქალიშვილთან საუბრისას მეც დავიწყე მსგავსი გამოთქმების გამოყენება, რომ მის გრძნობებს ჩავწვდომოდი, და მალევე ჩვენი საუბრები უფრო ხანგრძლივი და სასიამოვნო გახდა». ეს შემთხვევა ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შვილთან კარგი ურთიერთობა, რაც ჩვეულებრივ, ორმხრივი უნდა იყოს და არა ცალმხრივი.

მშობელი უნდა ჩასწვდეს შვილის გრძნობებსა და სურვილებს. თავის მხრივ, შვილსაც უნდა ესმოდეს, რომ მშობლის მზრუნველობა მისთვის დამცავია. ბიბლია ურჩევს შვილებს, რომ დაემორჩილონ მშობლებს და ამის მიზეზსაც უხსნის: „რომ ხელი მოგემართოს და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“ (ეფესოელები 6:1, 3). შვილები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ მორჩილება მათთვის სასარგებლოა, უფრო ადვილად ემორჩილებიან მშობლებს.

იეჰოვას ფარაზე ზრუნვისას

იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა კარგად ჩანს ქრისტიანულ კრებაში. კრების თავი, იესო ქრისტე ხელმძღვანელობს უხუცესებს, რათა მათ ფარაზე იზრუნონ (იოანე 21:15—17). ბერძნული სიტყვა, რომელიც ბიბლიაში ნათარგმნია როგორც „ზედამხედველი“, უკავშირდება ზმნას, რომლის მნიშვნელობაცაა: „მზრუნველობით გაწეული მეთვალყურეობა“. პეტრე მიუთითებს უხუცესებს, თუ როგორ უნდა იზრუნონ ფარაზე: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით. ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტრე 5:2, 3).

უხუცესების საქმიანობა მწყემსის საქმიანობას ჰგავს. ქრისტიან უხუცესებს ევალებათ, იზრუნონ სულიერად დასუსტებულებზე და გამოასწორონ ისინი, რათა მათ სამართლიანი ნორმების თანახმად იცხოვრონ. უხუცესების პასუხისმგებლობაში შედის, რომ ორგანიზება გაუწიონ კრების საქმიანობას, შეხვედრების ჩატარებასა და კრებაში წესრიგის შენარჩუნებას (1 კორინთელები 14:33).

აღსანიშნავია, რომ პეტრეს სიტყვები, რომლებიც ზემოთ არის მოყვანილი, ყურადღებას ამახვილებს ერთ საშიშროებაზე — უხუცესებმა შეიძლება ‘იბატონონ’ კრებაზე. ეს შეიძლება იმით გამოიხატოს, რომ უხუცესმა რაღაც წესები დაადგინოს. ფარის დაცვის მეტისმეტი სურვილის გამო უხუცესი შეიძლება უკიდურესობაში გადავარდეს. აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში უხუცესებმა კრებაში დააწესეს, როგორ უნდა მისალმებოდნენ სამეფო დარბაზში შემოსულებს. ამ წესებში ერთ-ერთი ის იყო, თუ პირველი ვინ უნდა გამოლაპარაკებოდა კრებაზე მისულს. უხუცესები ფიქრობდნენ, რომ ასეთი წესების დაცვით კრებაში მშვიდობის შენარჩუნებას შეუწყობდნენ ხელს. გასაგებია, რომ ისინი კარგი აღძვრებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ, მაგრამ ზრუნავდნენ კი ისინი კრებაზე ისე, როგორც იეჰოვა ზრუნავს თავის ხალხზე? საყურადღებოა პავლე მოციქულის სიტყვები, საიდანაც ჩანს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას კრების მიმართ. მან დაწერა: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ, არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით დგახართ“ (2 კორინთელები 1:24). იეჰოვა ენდობა თავის ხალხს.

გარდა იმისა, რომ უხუცესები არ ადგენენ ისეთ წესებს, რომლებსაც ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია, ისინი კრებაზე იმითაც ზრუნავენ, რომ კონფიდენციალურ საკითხებს საიდუმლოდ ინახავენ. მათ ყოველთვის ახსოვთ ღვთის გაფრთხილება: „სხვის საიდუმლოს ნუ გააცხადებ“ (იგავები 25:9).

პავლე მოციქულმა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი კრება ადამიანის სხეულს შეადარა: „ღმერთმა ისე შექმნა სხეული . . . რათა განხეთქილება არ იყოს სხეულში და მისი ნაწილები თანაბრად ზრუნავდნენ ერთმანეთზე“ (1 კორინთელები 12:12, 24—26). ბერძნული გამოთქმა, რომელიც ითარგმნა როგორც „თანაბრად ზრუნავდნენ ერთმანეთზე“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ერთიმეორეზე წუხილს“. ქრისტიანული კრების წევრები გულწრფელ ინტერესს უნდა ავლენდნენ ერთმანეთის მიმართ (ფილიპელები 2:4).

როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს იმის ჩვენება, რომ „ერთიმეორეზე წუხან“? მათ შეუძლიათ იზრუნონ კრების წევრებზე — ილოცონ მათთვის და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ გაჭირვებულებს. ასე მოქმედება სხვებზე დადებითად მოქმედებს. ვნახოთ, როგორ დაეხმარა სიყვარულით გაწეული ასეთი დახმარება ტადათაკას. ის 17 წლის იყო, როცა მოინათლა. ტადათაკა ერთადერთი იყო ოჯახში, ვინც იეჰოვას ემსახურებოდა. ის ყვება: „კრებაში ერთი ოჯახი ხშირად მიწვევდა ვახშამსა თუ წვეულებებზე. თითქმის ყოველ დილით, როცა სკოლაში მივდიოდი, მათთან შევდიოდი და ერთად განვიხილავდით ბიბლიის ყოველდღიურ მუხლს. ისინი რჩევებს მაძლევდნენ, თუ როგორ გავმკლავებოდი სკოლაში წამოჭრილ პრობლემებს და ამ პრობლემებზე ჩემთან ერთად ლოცულობდნენ. ამ ოჯახმა მასწავლა, რას ნიშნავს გაცემა“. ტადათაკა ნასწავლს ახლა თავად იყენებს იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ ფილიალში.

პავლე მოციქულმა გაგვაფრთხილა, რომ სხვებზე ზრუნვისას შეცდომები არ დავუშვათ. მან მოიხსენია ზოგიერთი ქალი, რომლებმაც ისწავლეს „ჭორიკნობა, სხვის საქმეში ჩარევა და იმაზე ლაპარაკი, რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ“ (1 ტიმოთე 5:13). ბუნებრივია, დაინტერესებული ვართ სხვების კეთილდღეობით, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მათ პირად საქმეებში არ ჩავერიოთ. სხვების მიმართ მეტისმეტი ინტერესი შეიძლება იმით გამოვლინდეს, რომ ‘იმაზე ვილაპარაკოთ, რაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ’, მაგალითად, კრიტიკულად მოვიხსენიოთ ვინმე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ქრისტიანი შეიძლება თავისებურად აგვარებდეს პირად საქმეებს, ამასთანავე მისი გადასაწყვეტია, რა ჭამოს და როგორ დაისვენოს. თუ ბიბლიური პრინციპები არ ირღვევა, თითოეულს აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა გააკეთოს. პავლე რომაელ ქრისტიანებს ურჩევდა: „ნუღარ გავასამართლებთ ერთმანეთს . . . იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომაელები 14:13, 19). კრების წევრებისადმი ჩვენი გულწრფელი ინტერესი უნდა ვლინდებოდეს არა იმით, რომ მათ საქმეებში ჩავერიოთ, არამედ იმით, რომ მზად ვიყოთ მათ დასახმარებლად. ერთმანეთზე ასეთი ზრუნვა ხელს უწყობს სიყვარულსა და ერთიანობას ოჯახსა თუ კრებაში.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათი 19 გვერდზე]

საქებარი და თანამგრძნობი სიტყვებით ჩასწვდით შვილების გრძნობებს.