არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიური განათლება რწმენას ამტკიცებს

ბიბლიური განათლება რწმენას ამტკიცებს

ბიბლიური განათლება რწმენას ამტკიცებს

„მართლაც დიდი პატივი იყო, რომ ხუთი თვის განმავლობაში იეჰოვას აზრებს ვიკვლევდით და ვსწავლობდით, ჩვენი თვალსაზრისი ღვთის თვალსაზრისთან შეგვესაბამებინა“, — აღნიშნა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 122-ე კლასის ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა გამოსაშვებ დღეს. 2007 წლის 10 მარტი დაუვიწყარი დღე იქნება 56 კურსდამთავრებულისთვის, რომლებიც მალე 26 ქვეყანაში შეუდგებიან მისიონერულ საქმიანობას.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი თეოდორ იარაჩი გულთბილად მიესალმა 6 205 დამსწრეს და აღნიშნა: „დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გამოსაშვები დღე რწმენას განგიმტკიცებთ და სულიერად გაგაძლიერებთ“. მან დაასახელა ოთხი მომხსენებელი, რომლებიც გაამხნევებდნენ კურსდამთავრებულებს ბიბლიის მეშვეობით და დროულ რჩევებს მისცემდნენ, რათა წარმატებული მისიონერები ყოფილიყვნენ.

გამამხნევებელი სიტყვები რწმენას განამტკიცებს

ლიონ ვივერმა, შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა, განიხილა თემა „აკეთეთ ის, რაც კარგია“. მან შეახსენა კურსდამთავრებულებს, რომ ისინი საშუალოდ 13 წელია, რაც სრული დროით მსახურობენ და ხალხს ბიბლიას ასწავლიან, რითაც მათ რწმენის განმტკიცებაში ეხმარებიან. მან თქვა: „ეს მართლაც კარგი საქმეა, რადგან ემსახურება ადამიანების გადარჩენას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას განადიდებს“. ძმა ვივერმა მოუწოდა კურსდამთავრებულებს, ‘სულისთვის ეთესათ’ და არ ‘მოეშალათ კარგის კეთება’ (გალატელები 6:8, 9).

დეივიდ სპლეინმა, ხელმძღვანელი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, წაიკითხა მოხსენება „თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ“, და შემდეგი პრაქტიკული რჩევები მისცა კურსდამთავრებულებს: „გქონდეთ დადებითი თვალსაზრისი. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. გაიღიმეთ. ნუ იქნებით კრიტიკულები. იყავით თავმდაბლები და პატივი ეცით ადგილობრივ ძმებს“. შემდეგ აღნიშნა: «თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ. დაე, იეჰოვამ აკურთხოს თქვენი, ‘უკეთესობის მახარობელთა მშვენიერი ფეხები’! (ესაია 52:7).

სკოლა „გალაადის“ ინსტრუქტორმა, ლორენს ბოუენმა განიხილა თემა „მემკვიდრეობა, რომელსაც უეჭველად მიიღებთ“. მან შეახსენა კურსდამთავრებულებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს სკოლა „გალაადი“ იმ იმედით დაარსდა, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვა უეჭველად შესრულდებოდა (ებრაელები 11:1; გამოცხადება 17:8). მას შემდეგ ეს სკოლა სტუდენტების რწმენის განმტკიცებას ემსახურება; მტკიცე რწმენა კი აღძრავს მათ, გულმოდგინედ იქადაგონ.

„გალაადის“ კიდევ ერთმა ინსტრუქტორმა, მარკ ნიუმარმა, წაიკითხა ინტერესის აღმძვრელი მოხსენება „თქვენ მე ვიღაცას მახსენებთ“. მან წინასწარმეტყველი ელისე გაიხსენა, რომელიც რწმენასა და გაბედულებას ავლენდა თავის საქმეში. 1 მეფეების 19:21-დან გამომდინარე, ძმა ნიუმარმა თქვა: „ელისე მზად იყო ცხოვრებაში ცვლილებების მოსახდენად. იეჰოვას ნების შესრულებას ის პირად ინტერესებზე წინ აყენებდა“. მან შეაქო კურსდამთავრებულები ისეთივე სულისკვეთებისთვის, როგორიც ელისეს ჰქონდა, და მოუწოდა, მსგავსად შეესრულებინათ ახალი დავალება.

რწმენა თამამად ლაპარაკის შესაძლებლობას გვაძლევს

სწავლის პერიოდში რწმენის განმტკიცების გარდა, მომავალი მისიონერები შაბათ-კვირას სასიხარულო ცნობასაც ქადაგებდნენ, რასაც საინტერესო შემთხვევები მოჰყვა. ამ შემთხვევების მოყოლა და ინსცენირება პროგრამის ერთ-ერთ ნაწილში შედიოდა, რომელსაც უძღვებოდა „გალაადის“ ინსტრუქტორი უოლეს ლივერანსი. მან წარმოადგინა თემა „ჩვენ გვწამს და იმიტომ ვლაპარაკობთ“, რაც ყველას შეახსენებდა პავლე მოციქულის სიტყვებს, რომლებიც 2 კორინთელების 4:13-ში წერია.

შემდეგ დენიელ ბარნზმა და ჩარლზ ვუდიმ, რომლებიც ბეთელის ოჯახის წევრები არიან, ინტერვიუები აიღეს ამჟამინდელი და ყოფილი მისიონერებისგან. მისიონერებმა აღნიშნეს, რომ იეჰოვა ზრუნავს და აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს (იგავები 10:22; 1 პეტრე 5:7). ერთმა მისიონერმა თქვა: «„გალაადში“ მიღებულმა ცოდნამ მე და ჩემს მეუღლეს დაგვანახვა, რომ იეჰოვა ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე, რამაც რწმენა განგვიმტკიცა. რწმენა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ღვთის ყველა მსახურს აქვს პრობლემები და განსაცდელები, მათ შორის მისიონერებსაც“.

კვლავაც ასწავლეთ ხალხს ბიბლია რწმენის განსამტკიცებლად

პროგრამის დასასრულს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სამუელ ჰერდმა წაიკითხა მოხსენება „განამტკიცეთ თქვენი ძმების რწმენა“. რა მიზნით მიიღეს კურსდამთავრებულებმა განათლება? ჰერდმა განმარტა: „იმ მიზნით, რომ იცოდეთ, ენით როგორ განადიდოთ იეჰოვა, როგორ ასწავლოთ სხვებს ჭეშმარიტება იქ, სადაც დაგნიშნეს და როგორ განუმტკიცოთ ერთმანეთს რწმენა“. მან აგრეთვე შეახსენა, რომ ენას რწმენის დანგრევაც შეუძლია (იგავები 18:21; იაკობი 3:8—10). ჰერდმა მოუწოდა კურსდამთავრებულებს, ისე გამოეყენებინათ ენა, როგორც იესო იყენებდა. ერთხელ იესოს მოსმენის შემდეგ მისმა მოწაფეებმა თქვეს: „განა არ გვიღვიოდა გულები როცა . . . წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ (ლუკა 24:32). „თუ დადებითად ილაპარაკებთ, და-ძმებს გულს გაუხარებთ“, — დასძინა ძმა ჰერდმა.

შემდეგ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს. ასევე წაიკითხეს კლასის სამადლობელი წერილი, სადაც ეწერა: „ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას, რომ ნასწავლი მისიონერულ მსახურებაში ერთგულების შესანარჩუნებლად გამოვიყენოთ. ჩვენ მზად ვართ, დედამიწის კიდეებამდე მივაღწიოთ და ვლოცულობთ, რომ ჩვენი მსახურებით ხოტბა შევასხათ ჩვენს დიდებულ მოძღვარს, იეჰოვა ღმერთს“. აუდიტორიამ აპლოდისმენტებით დააჯილდოვა კურსდამთავრებულები. გამოსაშვებმა პროგრამამ თითოეულ დამსწრეს რწმენა განუმტკიცა.

[ჩანართი 17 გვერდზე]

„თუ დადებითად ილაპარაკებთ, და-ძმებს გულს გაუხარებთ“.

[ჩარჩო 15 გვერდზე]

კლასის სტატისტიკური მონაცემები

წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 9

ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 26

მისიონერების რაოდენობა: 56

საშუალო ასაკი: 33,4

ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 16,8

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 13

[სურათი 16 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 122-ე კლასი

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.

1) რ. ჰაუიტი; პ. სმითი; ა. მარტინეზი; ს. პოცობონი; ი. კიტამურა; ს. ლოდი. 2) ი. ფიდლერი; კ. ბისლი; შ. მატკოვიჩი; დ. ბელი; უ. ლიპინკოტი. 3) უ. საიტსი; ა. ანდერსენი; ლ. ტოუვსი; ჯ. ფუსანო; კ. როდრიგესი; ი. იუ. 4) მ. სობომეჰინი; ლ. თომასი; ს. გასონი; ვ. დობა; ა. ბერტო; ს. უინი; მ. დობროვოლსკი. 5) ჯ. იუ; ჯ. დობა, ჰ. მიქსერი; მ. ნიუტონი; ფ. როდრიგესი; ნ. მიქსერი. 6) მ. ლოდი; კ. ლიპინკოტი; რ. მარტინეზი; ა. ჰობი; რ. სკამპი; ლ. პოცობონი; შ. ტოუვსი. 7) ს. ჰაუიტი; უ. კიტამურა; დ. ნიუტონი; ჯ. ჰობი; ჯ. საიტსი; დ. თომასი. 8) ლ. სობომეჰინი; ჯ. მატკოვიჩი; ბ. ფუსანო; ჯ. უინი; ჯ. სკამპი; დ. ანდერსენი; ი. დობროვოლსკი. 9) პ. ფიდლერი; ი. ბელი; ბ. ბისლი; ბ. სმითი; ფ. ბერტო; მ. გასონი.