პირველი ბიბლია პორტუგალიურ ენაზე შეუპოვრობის ნაყოფი
პირველი ბიბლია პორტუგალიურ ენაზე შეუპოვრობის ნაყოფი
„შეუპოვარი ადამიანი წარმატებული იქნება“. ასეთი ეპიგრაფი უძღვის XVII საუკუნით დათარიღებულ პამფლეტს, რომელიც ჟუან ფერეირა დე ალმეიდას ეკუთვნის. ეს ეპიგრაფი კარგად აღწერს იმ ადამიანის ბუნებას, რომელმაც მთელი ცხოვრება პორტუგალიურ ენაზე ბიბლიის თარგმნასა და გამოცემას მიუძღვნა.
ალმეიდა დაიბადა 1628 წელს ჩრდილოეთ პორტუგალიის სოფელ ტორე დი ტავარეჟში. ის ბავშვი იყო, როცა დაობლდა, რის შემდეგაც იშვილა ბიძამ, რომელიც პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ცხოვრობდა და რელიგიურ ორდენს მიეკუთვნებოდა. მღვდლად კურთხევამდე ალმეიდამ საუკეთესო განათლება მიიღო, რაც დაეხმარა მას, უცხო ენების შესწავლის არაჩვეულებრივი უნარი განევითარებინა.
ალმეიდა რომ პორტუგალიიდან არ წასულიყო, საეჭვოა, მას თავისი ნიჭი ბიბლიის სათარგმნელად გამოეყენებინა. როცა ჩრდილოეთი და ცენტრალური ევროპა რეფორმაციამ მოიცვა და სხვადასხვა ენაზე მრავალი ბიბლიის თარგმანი გამოვიდა, პორტუგალია კვლავაც კათოლიკური ინკვიზიციის გავლენაში რჩებოდა. მშობლიურ ენაზე თუ ვინმეს ბიბლიას აღმოუჩენდნენ, ის ინკვიზიციის სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო *.
შესაძლოა, სწორედ ამ რეპრესიულმა ატმოსფერომ უბიძგა 14 წლის ალმეიდას, რომ ნიდერლანდებში გადასულიყო საცხოვრებლად. მალევე ის გაემგზავრა აზიაში, კერძოდ ბატავიაში (ამჟამად ჯაკარტა, ინდონეზია), რომელიც მაშინ ჰოლანდიის ოსტინდოეთის სავაჭრო კომპანიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ახალგაზრდა მთარგმნელი
აზიაში მოგზაურობის ბოლოს ალმეიდას ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დადგა. 1 კორინთელები 14:9).
ბატავიიდან ის გემით გაემგზავრა მალაკასკენ (ამჟამად მელაკა, დასავლეთ მალაიზია). მას შემთხვევით ხელში ჩაუვარდა ესპანურ ენაზე გამოცემული პროტესტანტული პამფლეტი „განსხვავებები ქრისტიანობაში“ („Diferencias de la Cristiandad“). პამფლეტში ცრუ რელიგიის დოქტრინების კრიტიკის გარდა განიხილებოდა ისეთი საკითხიც, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა ალმეიდაზე. მასში ეწერა: „ეკლესიაში უცხო ენის გამოყენება, თუნდაც ღვთის განსადიდებლად, სრულიად უსარგებლოა გაუთვითცნობიერებელი მსმენელისთვის“ (ალმეიდამ შემდეგი დასკვნა გამოიტანა: მცდარი რელიგიური შეხედულებების სამხილებლად საჭირო იყო, ყველას წაეკითხა ბიბლია. ის ჩავიდა მალაკაში და ჰოლანდიის რეფორმატორული ეკლესიის მიმდევარი გახდა. მან დაუყოვნებლივ დაიწყო სახარებების ზოგიერთი ნაწილის ესპანურიდან პორტუგალიურზე თარგმნა და აძლევდა იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელად სურდა ჭეშმარიტების გაგება“ *.
ორი წლის შემდეგ ალმეიდა მზად იყო უფრო სერიოზული საქმის დასაწყებად — ლათინური „ვულგატიდან“ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სრული თარგმანის გასაკეთებლად. მან ერთ წელზე ნაკლები მოანდომა ამ თარგმანის გაკეთებას, რაც 16 წლის ახალგაზრდისთვის დიდი მიღწევა იყო! თარგმანის ასლი მან გამოსაცემად გაუგზავნა ჰოლანდიელ გუბერნატორს ბატავიაში. როგორც ჩანს, ბატავიის რეფორმატორულმა ეკლესიამ ეს ხელნაწერი ამსტერდამში გადაგზავნა. ხანდაზმული მსახური, ვისაც ის მიანდეს, მოკვდა, ალმეიდას ნაშრომი კი დაიკარგა.
1651 წელს, როცა ალმეიდას სთხოვეს, ცეილონის (იმდროინდელი შრი-ლანკა) რეფორმატორული ეკლესიისთვის თავისი თარგმანის ერთი ასლი გაეკეთებინა, მან აღმოაჩინა, რომ მისი ხელნაწერი ეკლესიის არქივიდან გაუჩინარდა. მაგრამ ალმეიდამ გული არ გაიტეხა, მოძებნა ძველი ჩანაწერები და მომდევნო წლისთვის სახარებებისა და მოციქულთა საქმეების შესწორებული თარგმანი გააკეთა. ბატავიის კონსისტორიამ * ის ოცდაათი გულდენით დაასაჩუქრა. ალმეიდას თანამსახური იხსენებს, რომ ეს „ძალიან მცირე თანხა იყო იმ უზარმაზარი საქმისთვის, რაც ალმეიდამ შეასრულა“.
მიუხედავად იმისა, რომ აღიარება ვერ მოიპოვა, ალმეიდამ განაგრძო თარგმანზე მუშაობა და 1654 წელს კონსისტორიას „ახალი აღთქმის“ შესწორებული თარგმანი წარუდგინა. მათ კიდევ ერთხელ იმსჯელეს, გამოეცათ თუ არა ეს თარგმანი, მაგრამ რამდენიმე ეკლესიისთვის ასლების დამზადების გარდა, კონკრეტული არაფერი გაუკეთებიათ.
ინკვიზიციის მიერ მსჯავრდადებული
შემდგომი ათწლეულის განმავლობაში რეფორმატორული ეკლესიის სახელით ალმეიდა ღვთისმსახურებასა და მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა. 1656 წელს ის პასტორი გახდა და ცეილონში დაიწყო მსახურება, სადაც კინაღამ სპილომ გადათელა. შემდეგ მსახურობდა ინდოეთში, სადაც ერთ-ერთი პირველი პროტესტანტი მისიონერი იყო.
ალმეიდა, როგორც პროტესტანტული რელიგიის მიმდევარი, უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა. ამიტომ პორტუგალიურად მოლაპარაკე მრავალ დასახლებაში, სადაც ის ქადაგებდა, მას განდგომილად და მოღალატედ მიიჩნევდნენ. ის მკაცრად აკრიტიკებდა და ამხელდა ეკლესიის გარყვნილ მსახურებსა და სწავლებებს, რის გამოც
კათოლიკე მისიონერებსა და ალმეიდას შორის ურთიერთობა ხშირად კონფლიქტამდე მიდიოდა. უთანხმოებამ პიკს 1661 წელს მიაღწია, როცა ინკვიზიციის სასამართლომ გოაში (ინდოეთი) ალმეიდა ერეტიკოსობაში დაადანაშაულა და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მის არყოფნაში დაწვეს მისი გამოსახულება. ჰოლანდიელი გუბერნატორი ალბათ შეაშფოთა ალმეიდას მებრძოლმა ხასიათმა და მალევე გაიწვია ის ბატავიაში.ალმეიდა გულმოდგინე მისიონერი იყო, მაგრამ არასდროს ავიწყდებოდა, რომ საჭირო იყო პორტუგალიურ ენაზე ბიბლიის გამოცემა. მის გადაწყვეტილებას ამყარებდა ისიც, რომ სასულიერო და საერო პირებს ბიბლიური განათლება არ ჰქონდათ. 1668 წელს გამოცემული რელიგიური ტრაქტატის წინასიტყვაობაში ალმეიდა მკითხველს შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: „იმედი მაქვს . . . მალე თქვენს მშობლიურ ენაზე გამოვცემ სრულ ბიბლიას, უდიდეს ძღვენს და უძვირფასეს განძს, რისი მოცემაც კი ადამიანს შეუძლია“.
ალმეიდა შემმოწმებელი კომისიის წინააღმდეგ
1676 წელს ალმეიდამ „ახალი აღთქმის“ ბოლო თარგმანი შესამოწმებლად წარუდგინა ეკლესიის კონსისტორიას ბატავიაში. მთარგმნელსა და შემმოწმებლებს შორის ურთიერთობა თავიდანვე დაძაბული იყო. ბიოგრაფი ლუდვიკ სველენგრებელი აღნიშნავს, რომ ალმეიდას ჰოლანდიელი კოლეგები თარგმანში აზრებისა და სტილის ზოგ დეტალს ბოლომდე ვერ წვდებოდნენ. დავა გამოიწვია იმანაც, თუ როგორი ენით უნდა დაწერილიყო ნაშრომი. უნდა დაწერილიყო პორტუგალიელებისთვის ჩვეული უბრალო ენით, თუ მაღალფარდოვანი ენით, რომელიც ბევრისთვის გაუგებარი იქნებოდა? თავისი ნაშრომის ბოლომდე მიყვანა ალმეიდას მუდმივი უთანხმოებების ფასად უჯდებოდა.
საქმე ნელა მიიწევდა წინ, შესაძლოა, მუდმივი უთანხმოებებისა და შემმოწმებლების მხრიდან ინტერესის ნაკლებობის გამო. ოთხი წლის შემდეგაც კი შემმოწმებლები ისევ ლუკას პირველ თავებზე დავობდნენ. საქმის შეფერხებით უკმაყოფილო ალმეიდამ შემმოწმებლებისგან ფარულად თავისი ნაშრომის ასლი ნიდერლანდებში გაგზავნა გამოსაცემად.
კონსისტორია ცდილობდა ხელი შეეშალა ნაშრომის გამოქვეყნებისთვის, მაგრამ 1681 წელს ალმეიდას „ახალი აღთქმა“ მაინც გამოქვეყნდა ამსტერდამში. მომდევნო წელს ამ ასლებმა ბატავიაშიც ჩააღწია. წარმოიდგინეთ, რა იმედგაცრუებული დარჩებოდა ალმეიდა, როცა ნახავდა, რომ ნიდერლანდელმა შემმოწმებლებმა მის ნაშრომში ცვლილებები შეიტანეს! ალმეიდამ აღმოაჩინა, რომ პორტუგალიურ ენაში გაუთვითცნობიერებელი შემმოწმებლების მიერ შეტანილი ცვლილებები უხეში და ურთიერთგამომრიცხავი იყო, რაც წმინდა წერილების მნიშვნელობას ბუნდოვანს ხდიდა.
უკმაყოფილო იყო ჰოლანდიის მთავრობაც, რომელმაც ბრძანა მთელი გამოცემის განადგურება. მიუხედავად ამისა, ალმეიდამ დაარწმუნა მთავრობის წარმომადგენლები, არ გაენადგურებინათ რამდენიმე ასლი იმ პირობით, რომ სერიოზული შეცდომების უმეტესობას ის ხელით შეასწორებდა. ამ ასლებს მანამდე გამოიყენებდნენ, სანამ შესწორებული ვარიანტი გამოქვეყნდებოდა.
ბატავიაში შემმოწმებლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რომ ალმეიდას „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებზე“ მუშაობა განეახლებინათ და მზად იყვნენ, შეემოწმებინათ „ებრაული წერილებიც“, როგორც კი ალმეიდა მათზე მუშაობას დაასრულებდა. იმის შიშით, რომ ალმეიდას მოუთმენლობა მათ კარგს არაფერს მოუტანდა, შემმოწმებლებმა გადაწყვიტეს, შემოწმებული და ხელმოწერილი ასლი ეკლესიის საცავში შეენახათ. რა თქმა უნდა, ალმეიდამ გააპროტესტა მათი გადაწყვეტილება.
ათწლეულების მანძილზე მძიმე შრომამ და მკაცრმა ტროპიკულმა კლიმატმა თავისი კვალი დატოვა ალმეიდას ჯანმრთელობაზე. შერყეული ჯანმრთელობის გამო 1689 წელს ალმეიდამ შეწყვიტა ეკლესიის საქმიანობა და მთლიანად „ებრაული წერილების“ თარგმნას მიუძღვნა თავი. 1691 წელს ალმეიდა გარდაიცვალა; ამ დროს ის ეზეკიელის ბოლო თავს თარგმნიდა.
ალმეიდას „ახალი აღთქმის“ მეორე გამოცემა, რომელზე მუშაობაც მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა, 1693 წელს გამოქვეყნდა. როგორც ჩანს, მისი ნაშრომი კვლავაც არაკომპეტენტური შემმოწმებლების ხელში აღმოჩნდა და ცვლილება განიცადა. გილიერმო სანტოს ფერეირა
თავის წიგნში „ბიბლია პორტუგალიურ ენაზე“ ამბობს: „შემმოწმებლებმა სერიოზული ცვლილებები შეიტანეს ალმეიდას შესანიშნავ ნაშრომში, დაამახინჯეს და დაუკარგეს ის თავდაპირველი ხიბლი, რაც პირველი გამოცემის შემმოწმებლებს შენარჩუნებული ჰქონდათ“ („A Biblia em Portugal“).ბიბლიის თარგმნა პორტუგალიურ ენაზე დასრულდა
ალმეიდას სიკვდილის შემდეგ შემმოწმებლებისა და ბატავიაში პორტუგალიურ ენაზე ბიბლიის გამომცემლების მამოძრავებელი ძალა გაქრა. ამიტომ ლონდონში არსებულმა ქრისტიანობის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ტრანკუბარში (სამხრეთი ინდოეთი) მოღვაწე დანიელი მისიონერების თხოვნით, 1711 წელს დააფინანსა ალმეიდას „ახალი აღთქმის“ მესამე გამოცემა.
ამ საზოგადოებამ გადაწყვიტა, საბეჭდი დანადგარები ტრანკუბარში ჩაეტანა. მაგრამ ინდოეთისკენ მიმავალი გემი, რომელსაც გადაჰქონდა ეს დანადგარები და დიდი რაოდენობით ბიბლია პორტუგალიურ ენაზე, ფრანგმა მეკობრეებმა გაიტაცეს და რიო-დე-ჟანეიროს (ბრაზილია) პორტში მიატოვეს. სანტოს ფერეირა წერს: „აუხსნელი მიზეზებისა და გარემოებების გამო, რასაც ბევრი სასწაულად მიიჩნევს, საბეჭდი დანადგარებით სავსე ყუთები ხელუხლებელი იპოვეს გემის ტრიუმში და იმავე გემით ჩაიტანეს ტრანკუბარში“. დანიელმა მისიონერებმა საგულდაგულოდ შეამოწმეს და გამოაქვეყნეს ალმეიდას მიერ ნათარგმნი ბიბლიის დარჩენილი წიგნები. პორტუგალიურ ენაზე ბიბლიის ბოლო ტომი 1751 წელს გამოიცა, მაშინ როცა ალმეიდას მიერ ბიბლიის თარგმანის დაწყებიდან 110 წელი იყო გასული.
უკვდავი მემკვიდრეობა
ალმეიდას ბავშვობიდანვე ესმოდა, რამდენად საჭირო იყო ბიბლია პორტუგალიურ ენაზე, რათა უბრალო ადამიანებს ჭეშმარიტება გაეგოთ. კათოლიკური ეკლესიის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის, თანამედროვეების გულგრილობის, შემმოწმებლებთან შექმნილი უსასრულო პრობლემებისა და შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, ის მთელი სიცოცხლის მანძილზე შეუპოვრად იბრძოდა ამ მიზნის მისაღწევად. მისმა შეუპოვრობამ კარგი ნაყოფი გამოიღო.
ბევრი პორტუგალიური დასახლება, სადაც ალმეიდა ქადაგებდა, ნელ-ნელა გაქრა, მაგრამ მისი ბიბლია დღემდე არსებობს. XIX საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთისა და უცხოეთის ბიბლიის საზოგადოებამ და ამერიკის ბიბლიის საზოგადოებამ ალმეიდას მიერ პორტუგალიური ბიბლიის თარგმანის ათასობით ეგზემპლარი გაავრცელეს პორტუგალიასა და ბრაზილიის სანაპირო ქალაქებში. ალმეიდას ხელნაწერების საფუძველზე გამოცემული ბიბლიები პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკე ხალხში დღემდე პოპულარული და გავრცელებულია.
ეჭვგარეშეა, ბევრი დავალებულად თვლის თავს ბიბლიის ისეთი ძველი დროის მთარგმნელებისგან, როგორიც ალმეიდა იყო. მაგრამ გაცილებით მადლიერნი უნდა ვიყოთ იეჰოვასი, რომელიც ბიბლიის მეშვეობით გველაპარაკება და სურს, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:3, 4). ის ერთადერთია, ვინც შემოინახა თავისი სიტყვა, ბიბლია, და ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახადა. ყოველთვის უნდა დავაფასოთ და გულმოდგინედ შევისწავლოთ ჩვენი ზეციერი მამისგან ბოძებული ეს „უძვირფასესი განძი“.
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში კათოლიკურმა ეკლესიამ გამოაქვეყნა აკრძალული წიგნების სია, მათ შორის აკრძალა მშობლიურ ენაზე ბიბლიის წაკითხვა. „ახალი ენციკლოპედია ბრიტანიკას“ თანახმად, ამან „საგრძნობლად შეაფერხა კათოლიკეთა მთარგმნელობითი საქმიანობა მომდევნო 200 წლის მანძილზე“.
^ აბზ. 8 ბიბლიის ძველ გამოცემებში ის პადრე (მამა) ალმეიდად მოიხსენიება, რის გამოც ზოგს ეგონა, რომ ის კათოლიკე მღვდელი იყო. მაგრამ ეს შეცდომა ჰოლანდიელმა გამომცემლებმა დაუშვეს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს ტერმინი პროტესტანტი მღვდლების მიმართაც გამოიყენებოდა.
^ აბზ. 10 რეფორმატორული ეკლესიის მმართველი საბჭო.
[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]
ღვთის სახელი
ალმეიდა ცდილობდა, ზუსტი თარგმანი გაეკეთებინა, რასაც შესანიშნავად ცხადყოფს ის ფაქტი, რომ ღვთის სახელი ებრაული ტეტრაგრამატონის მიხედვით გადმოჰქონდა.
[საავტორო უფლება]
Cortesia da Biblioteca da Igreja de Santa Catarina (Igreja dos Paulistas)
[რუკა 18 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ატლანტის ოკეანე
პორტუგალია
ლისაბონი
ტორე დი ტავარესი
[სურათი 18 გვერდზე]
ბატავია მე-17 საუკუნეში.
[საავტორო უფლება]
From Oud en Nieuw Oost-Indiën, Franciscus Valentijn, 1724
[სურათი 18, 19 გვერდებზე]
1681 წელს პორტუგალიურ ენაზე გამოცემული პირველი „ახალი აღთქმის“ თავფურცელი.
[საავტორო უფლება]
Courtesy Biblioteca Nacional, Portugal