არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეიძლება გადაიჭრას ეთნიკური შეუწყნარებლობის პრობლემა?

როგორ შეიძლება გადაიჭრას ეთნიკური შეუწყნარებლობის პრობლემა?

როგორ შეიძლება გადაიჭრას ეთნიკური შეუწყნარებლობის პრობლემა?

ესპანეთში მაყურებელმა ერთ კამერუნელ ფეხბურთელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის იძულებული გახდა, მინდორი დაეტოვებინა; შედეგად მსაჯმა ფეხბურთის მატჩი შეწყვიტა. რუსეთში ჩვეულებრივი მოვლენაა აფრიკელებზე, აზიელებსა და სამხრეთ ამერიკელებზე თავდასხმა. 2004 წელს რუსეთში რასობრივ ნიადაგზე ჩადენილი თავდასხმების რიცხვი წინა წელთან შედარებით 55 პროცენტით გაიზარდა და 2005 წლისთვის მათმა რიცხვმა 394-ს მიაღწია. დიდ ბრიტანეთში გამოკითხულ აზიელთა და შავკანიანთა მესამედს მიაჩნია, რომ მათ სამსახური რასობრივი დისკრიმინაციის გამო დაკარგეს. მსგავსი ვითარებაა მთელ მსოფლიოში.

ეთნიკური შეუწყნარებლობა სხვადასხვა სახით ვლინდება. ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუფიქრებელი გამონათქვამები ან ისეთი პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს რომელიმე ეთნიკური ჯგუფის განადგურებას. რა არის ეთნიკური შეუწყნარებლობის მთავარი მიზეზი? რა დაგვეხმარება, რომ ვიყოთ შემწყნარებლები? რამდენად საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, მოველოდეთ, რომ ერთ დღესაც ყველა ეთნიკური ჯგუფი მშვიდობიანად იცხოვრებს? ბიბლია ამ კითხვებზე საინტერესო და ამომწურავ პასუხებს გვაძლევს.

ჩაგვრა და სიძულვილი

ბიბლიაში ნათქვამია: „სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის ადამიანის გული“ (დაბადება 8:21). ამიტომ ზოგს სიამოვნებს სხვების ჩაგვრა. ბიბლიაში აგრეთვე წერია: „აი, ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი. ძალა მათ მჩაგვრელთა ხელში იყო“ (ეკლესიასტე 4:1).

ბიბლიიდან ასევე ვიგებთ, რომ ეთნიკურმა სიძულვილმა დიდი ხნის წინათ იჩინა თავი. ძვ. წ. XVIII საუკუნეში ეგვიპტელმა ფარაონმა ებრაელი იაკობი და მისი დიდი ოჯახი ეგვიპტეში მიიწვია საცხოვრებლად. მოგვიანებით სხვა ფარაონმა იფიქრა, რომ იმიგრანტთა ეს ჯგუფი ქვეყანას საფრთხეს უქმნიდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «უთხრა მან თავის ხალხს: „ხედავთ?! ისრაელი ხალხი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია. მოდი, ჭკუით ვაჯობოთ, რომ არ გამრავლდნენ“ . . . დაუნიშნეს ზედამხედველები, რომ მძიმე, მონური შრომით დაეჩაგრათ» (გამოსვლა 1:9—11). ფარაონმა ბრძანებაც გასცა, რომ იაკობის შთამომავალთაგან ყველა ახალშობილი ბიჭი მოეკლათ (გამოსვლა 1:15, 16).

რა არის შეუწყნარებლობის მთავარი მიზეზი?

მსოფლიოს რელიგიები თითქმის არაფერს აკეთებენ ეთნიკური შეუწყნარებლობის აღმოსაფხვრელად. თუმცა ზოგიერთი სასულიერო პირი გაბედულად გამოდის ჩაგვრის წინააღმდეგ, მთლიანობაში რელიგიები მჩაგვრელების გვერდით დგანან. ამის თვალსაჩინო მაგალითია შეერთებული შტატები, სადაც შავკანიანებს ქვეყნის კანონებით ავიწროებდნენ და ლინჩის წესით ასამართლებდნენ. 1967 წლამდე მოქმედებდა კანონი, რომელიც კრძალავდა შავკანიანისა და თეთრკანიანის დაქორწინებას. მსგავსი მდგომარეობა იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპართეიდის დროს, როდესაც პრივილეგირებული უმცირესობა თავის მდგომარეობას იცავდა მათ მიერვე მიღებული კანონებით; ერთ-ერთი ასეთი კანონით იკრძალებოდა რასებს შორის ქორწინება. ორივე შემთხვევაში, იმ ეთნიკური ჯგუფის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც ხელს უწყობდა შეუწყნარებლობას, მეტისმეტად რელიგიური იყო.

თუმცა ბიბლია უფრო საფუძვლიანად ხსნის, თუ რატომ ჩაგრავს ერთი ეთნიკური ჯგუფი მეორეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს, მატყუარაა, რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოანე 4:8, 20). ეს აზრი ნათელს ხდის ეთნიკური შეუწყნარებლობის მთავარ მიზეზს. მორწმუნეა თუ ურწმუნო, ადამიანი იმიტომ ავლენს შეუწყნარებლობას, რომ არ იცნობს ღმერთს და სიყვარულს არ ავლენს ღვთისადმი.

ღვთის გაცნობა ეთნიკური ერთობის საწინდარია

როგორ უწყობს ხელს ღვთის გაცნობა და სიყვარული ეთნიკურ ერთობას? როგორ გვეხმარება ბიბლია, რომ ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებს ცუდად არ მოვეპყროთ? იეჰოვა ყველა ადამიანის მამაა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა, ვისგანაც არის ყოველივე“ (1 კორინთელები 8:6). „მან ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი“ (საქმეები 17:26). აქედან გამომდინარე, ყველანი ერთმანეთის ძმები ვართ.

ყველას შეგვიძლია მადლიერები ვიყოთ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლისთვის, თუმცა ყველას ერთნაირად შეგვეხო ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჩაიდინეს. პავლე მოციქულმა, ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა აღნიშნა: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში“. ამიტომ „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23; 5:12). იეჰოვა ღმერთს უყვარს მრავალფეროვნება; სამყაროში არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი ქმნილება. მაგრამ ღმერთს არც ერთი ეთნიკური ჯგუფისთვის არ მიუცია საბაბი, რომ თავი სხვებზე აღმატებულად ჩაეთვალა. საყოველთაოდ გავრცელებულია თვალსაზრისი, რომ ერთი ეთნიკური ჯგუფი მეორეზე უპირატესობს, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ბიბლიის თვალსაზრისს. როგორც ვხედავთ, ღვთის გაცნობა ხელს უწყობს ეთნიკურ ჯგუფებს შორის მშვიდობას.

ღმერთი დაინტერესებულია ყველა ადამიანით

ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ღმერთი ეთნიკურ შეუწყნარებლობას უწყობდა ხელს, როცა ისრაელი ერი გამოარჩია და უთხრა, რომ სხვა ერებთან საერთო არაფერი ჰქონოდათ (გამოსვლა 34:12). ოდესღაც ღმერთმა ისრაელი ერი თავისთვის გამორჩეულ საკუთრებად აქცია, რადგან მათ წინაპარს, აბრაამს ძლიერი რწმენა ჰქონდა. ღმერთი ისრაელს თავად ხელმძღვანელობდა იმით, რომ კანონთა კრებული მისცა და მათ მმართველებს უდგენდა. როცა ისრაელი ღვთის ხელმძღვანელობას ემორჩილებოდა, სხვა ერებს შეეძლოთ დაენახათ, რამდენად განსხვავდებოდა ღვთის მმართველობა ადამიანთა მმართველობისგან. ასევე იეჰოვა ასწავლიდა ისრაელს, რომ მსხვერპლის შეწირვა იყო საჭირო, რათა კაცობრიობასა და იეჰოვას შორის კარგი ურთიერთობა აღმდგარიყო. ამგვარად, იეჰოვასა და ისრაელს შორის ურთიერთობით ყველა ერს შეეძლო კურთხევების მიღება. ეს კარგად ჩანს იეჰოვას მიერ აბრაამისთვის ნათქვამ სიტყვებში: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან შენ მოისმინე ჩემი ხმა“ (დაბადება 22:18).

გარდა ამისა, ისრაელ ერს წილად ხვდა პატივი, მიეღო ღვთის წმინდა სიტყვები და ყოფილიყო ერი, რომელშიც მესია დაიბადებოდა. ესეც ყველა ერის კეთილდღეობას მოემსახურებოდა. ებრაული წერილები, რომლებიც ისრაელებს მიეცათ, აღწერს დროს, როცა ყველა ეროვნების ადამიანი მიიღებს კურთხევებს: «წავა მრავალი ერი და იტყვის: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს“ . . . ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს. თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ» (მიქა 4:2—4).

იესო ქრისტე ძირითადად ებრაელებთან ქადაგებდა, თუმცა იმასაც ამბობდა, რომ ‘ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად’ (მათე 24:14). სასიხარულო ცნობას ყველა ერი მოისმენდა. აქედან ჩანს, რომ იეჰოვა ყველას სამართლიანად ეპყრობა, რითაც სრულყოფილ მაგალითს გვაძლევს. „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

ის კანონები, რომლებიც ღმერთმა ისრაელს მისცა, ცხადყოფს, რომ ღმერთი ყველა ადამიანზე ზრუნავს. მოსეს კანონი ისრაელებისგან შემწყნარებლობის გამოვლენაზე მეტს მოითხოვდა. იქ ნათქვამი იყო: „არ განასხვაო შენთან მცხოვრები ხიზანი მკვიდრისგან; საკუთარი თავივით შეიყვარე იგი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის მიწაზე“ (ლევიანები 19:34). ღვთის მრავალი კანონი ასწავლიდა ისრაელებს, სიკეთე გამოევლინათ მათ მიწაზე მცხოვრები უცხოელების მიმართ. ამიტომ, როცა იესოს წინაპარმა ბოაზმა დაინახა, როგორ კრეფდა თავთავებს გაჭირვებული, უცხოტომელი ქალი, ის ღვთისგან მიღებული ცოდნის თანახმად მოიქცა და იზრუნა, რომ ქალს მინდორში ასაკრეფად დიდი რაოდენობით თავთავი დარჩენოდა (რუთი 2:1, 10, 16).

იესო სიკეთეს ასწავლის ხალხს

არავის უსწავლებია ღვთის შესახებ ისე კარგად, როგორც იესოს. მან დაგვანახვა, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ. ერთხელ იესო ერთ სამარიელ ქალს ელაპარაკა. იუდეველთა უმეტესობას სძულდა სამარიელები, ამიტომ ქალს გაუკვირდა იესოს საქციელი. საუბრის დროს იესომ თბილად აუხსნა მას, თუ როგორ შეეძლო მარადიული სიცოცხლის მიღება (იოანე 4:7—14).

იესოს მაგალითი კეთილ სამარიელზე ასევე გვასწავლის, როგორ მოვეპყროთ სხვა ეროვნების ადამიანებს. სამარიელმა დაინახა მძიმედ დაჭრილი იუდეველი, რომელსაც ყაჩაღები დაესხნენ თავს. მას თავისუფლად შეეძლო ეფიქრა: „რატომ უნდა დავეხმარო იუდეველს, მათ ხომ სძულთ ჩემი ხალხი?“ მაგრამ იესოს მაგალითიდან ჩანს, რომ სამარიელს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა უცხოელების მიმართ. თუმცა სხვა გამვლელებმა გვერდი აუარეს დაჭრილს, სამარიელს „გული დაეწვა“ და დახმარება აღმოუჩინა. ამ იგავის დასასრულს იესომ თქვა, რომ ვისაც სურს ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება, მსგავსად უნდა მოიქცეს (ლუკა 10:30—37).

მოციქული პავლე წერდა, რომ ვისაც სურს ღმერთს ასიამოვნოს, უნდა შეიცვალოს და ისე მოეპყროს ადამიანებს, როგორც ღმერთი ეპყრობა: „გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ, და რომელშიც არ არის არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არც უცხოელი, არც სკვითი . . . გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:9—14).

ცვლის ადამიანს ღვთის გაცნობა?

მართლა იცვლება ადამიანის დამოკიდებულება სხვა ეროვნების ადამიანებისადმი იეჰოვა ღმერთის გაცნობის შემდეგ? განვიხილოთ კანადაში მცხოვრები ერთი აზიელი იმიგრანტის შემთხვევა, რომელიც გულგატეხილი იყო იმის გამო, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. ეს ქალი იეჰოვას მოწმეებს შეხვდა და მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მოგვიანებით მან სამადლობელი წერილი მისწერა მოწმეებს. წერილში ნათქვამი იყო: „თქვენ ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები ხართ. შევნიშნე, რომ ძალიან განსხვავდებით სხვა თეთრკანიანებისგან და დავინტერესდი, რატომ. ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ნამდვილად ღვთის მოწმეები ხართ. გეტყობათ, ბიბლია დიდ გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე. თქვენს შეკრებებზე უამრავი თეთრკანიანი, შავკანიანი, ყვითელკანიანი და მულატია; მაგრამ ყველას ერთი ფერის გული აქვს — გამჭვირვალე; და ეს იმიტომ, რომ ყველანი და-ძმები ხართ. ახლა ვიცი, ღვთის დამსახურებაა, ასეთი კარგები რომ ხართ“.

ღვთის სიტყვა წინასწარმეტყველებს იმ დროზე, როცა „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (ესაია 11:9). დღესაც სრულდება ბიბლიის წინასწარმეტყველება და უამრავი ხალხი, მილიონობით ადამიანი, „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში ერთიანდება (გამოცხადება 7:9). ისინი ელიან დროს, როცა მთელ მსოფლიოში ბოროტებას სიყვარული შეცვლის და შესრულდება იეჰოვას მიერ აბრაამისთვის ნათქვამი სიტყვები: „იკურთხება დედამიწის ყველა ოჯახი“ (საქმეები 3:25).

[სურათი 4, 5 გვერდებზე]

ღვთის კანონი ასწავლიდა ისრაელებს, ჰყვარებოდათ ხიზნები.

[სურათი 5 გვერდზე]

რას ვსწავლობთ კეთილი სამარიელის შესახებ იგავიდან?

[სურათები 6 გვერდზე]

ღმერთს არც ერთი ეთნიკური ჯგუფისთვის არ მიუცია საბაბი, რომ თავი სხვებზე აღმატებულად ჩათვალონ.