არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სძლიე ბოროტებას სიკეთით“

„სძლიე ბოროტებას სიკეთით“

„სძლიე ბოროტებას სიკეთით“

„არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:21).

1. რატომ ვართ დარწმუნებულები, რომ ბოროტების ძლევა შესაძლებელია?

შესაძლებელია, მტკიცედ დავუდგეთ მათ, ვინც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას სასტიკად ეწინააღმდეგება? შესაძლებელია იმ ბოროტი ძალების დამარცხება, რომლებიც გვიბიძგებენ, უღვთო ქვეყნიერებას დავუბრუნდეთ? რასაკვირველია, შესაძლებელია! რატომ ვამბობთ ასე დარწმუნებით? პასუხს პავლე მოციქულის მიერ რომაელების მიმართ მიწერილი წერილიდან ვიგებთ: „არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:21). თუ მივენდობით იეჰოვას და ყველანაირად ვეცდებით, რომ ქვეყნიერებამ არ გვძლიოს, ჩვენ ვძლევთ ბოროტებას. სიტყვები „სძლიე ბოროტებას“ მიუთითებს იმაზე, რომ სულიერ ბრძოლას თუ არ შევწყვეტთ, შევძლებთ ბოროტების დამარცხებას. მაგრამ, ვინც შეწყვეტს ბრძოლას, მას სძლევს ბოროტი ქვეყნიერება და მისი ბოროტი მმართველი, სატანა ეშმაკი (1 იოანე 5:19).

2. რატომ განვიხილავთ ნეემიას ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდს?

2 ღვთის ერთ-ერთმა მსახურმა ნეემიამ, რომელიც იერუსალიმში ძვ. წ. V საუკუნეში ცხოვრობდა, დაადასტურა პავლეს სიტყვების ჭეშმარიტება. მან არა მარტო უღვთო ადამიანების წინააღმდეგობას გაუძლო, არამედ სიკეთით სძლია ბოროტებას. რა სირთულეებს შეხვდა ნეემია და რა დაეხმარა მათ დაძლევაში? ჩვენ როგორ მივბაძოთ მას? განვიხილოთ ნეემიას ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი *.

3. რა ვითარება იყო ნეემიას დროს და რა უზარმაზარი საქმე შეასრულა მან?

3 ნეემია სპარსეთის მეფის არტაქსერქსეს სამეფო კარზე მსახურობდა. თუმცა ნეემიას გარშემო ურწმუნოები ეხვია, „ქვეყნიერების ყაიდაზე“ არ უცხოვრია (რომაელები 12:2). იუდაში საჭირო გახდა ქალაქის გალავნის აღდგენა, ამიტომ ნეემიამ მიატოვა კომფორტული ცხოვრება, დაადგა იერუსალიმის არც თუ ისე უსაფრთხო გზას და საკუთარ თავზე აიღო ეს უზარმაზარი საქმე (რომაელები 12:1). მართალია იერუსალიმის გამგებელი იყო, ნეემია, „განთიადიდან ვარსკვლავების გამოჩენამდე“, ყოველდღე ისრაელების მხარდამხარ შრომობდა. გალავნის აღდგენა სულ რაღაც ორ თვეში დასრულდა! (ნეემია 4:21; 6:15). ეს დიდი გმირობა იყო, რადგან მშენებლობის განმავლობაში ისრაელები ბევრ წინააღმდეგობას ხვდებოდნენ. ვინ ეწინააღმდეგებოდა ნეემიას და რა მიზნით?

4. რა მიზანი ჰქონდათ ნეემიას მტრებს?

4 ნეემიას მთავარი მტრები — სანბალატი, ტობია და გეშემი — იუდას მახლობლად მცხოვრები გავლენიანი კაცები იყვნენ. ისინი ღვთის ხალხს მტრობდნენ, ამიტომ „დიდად არ მოეწონათ, რომ ისრაელის ძეთა სასიკეთოდ იყო მოსული კაცი“ (ნეემია 2:10, 19). მათ გადაწყვიტეს, ნეემიას წამოწყებული საქმე მზაკვრული ხერხებით ჩაეშალათ. ‘სძლევდა ბოროტება’ ნეემიას?

„განრისხდა და ძლიერ განაწყენდა“

5, 6. ა) როგორ შეხვდნენ მშენებლობის დაწყებას ნეემიას მტრები? ბ) რატომ არ უშინდებოდა ნეემია მოწინააღმდეგეებს?

5 ნეემიამ გაბედულად მიმართა თავის ხალხს: „მოდით, აღვადგინოთ იერუსალიმის გალავანი“. მათ უპასუხეს: „ავაშენოთ!“ როგორც ნეემიამ აღნიშნა, მათ „გაიმაგრეს ხელები კარგი საქმისთვის“, მაგრამ მოწინააღმდეგეებმა ‘დაცინვა და ზიზღით ყურება დაუწყეს და ეუბნებოდნენ: ამას რას აკეთებთ, მეფეს ხომ არ უჯანყდებითო?’ ნეემია არ შეუშინებია დაცინვასა და ცილისწამებას. მან უთხრა მოწინააღმდეგეებს: „ცათა ღმერთი მოგვიმართავს ხელს და ჩვენ, მისი მსახურები ავდგებით და ავაშენებთ“ (ნეემია 2:17—20). ნეემია მთელი შემართებით განაგრძობდა „კარგი საქმის“ კეთებას.

6 სანბალატი „განრისხდა და ძლიერ განაწყენდა“ და იუდეველების დაცინვაზე გადავიდა: „რას აკეთებენ ეს უღონო იუდეველები?! ნუთუ ვარგის ქვებს გამოიღებენ გადამწვარი ნანგრევების გროვიდან?!“ ტობიამაც მხარი აუბა სანბალატს: „მელა რომ მიადგეს მათ აშენებულს, ისიც კი დაანგრევს მათ გალავანს“ (ნეემია 4:1—3). როგორ მოიქცა ნეემია?

7. როგორ შეხვდა ნეემია მოწინააღმდეგეთა მხრიდან ცილისწამებას?

7 ნეემია ყურადღებას არ აქცევდა დაცინვას, ღვთის მითითებას ასრულებდა და სამაგიეროს გადახდაზე არ ფიქრობდა (ლევიანები 19:18). მან იეჰოვას მიანდო პრობლემის გადაწყვეტა. ნეემია ლოცულობდა: „ისმინე, ჩვენო ღმერთო, რადგან საძულველნი გავხდით! მათივე თავზე მოაქციე მათი შეურაცხყოფა“ (ნეემია 4:4). ის ენდობოდა იეჰოვას სიტყვებს: „ჩემია შურისძიებაც და საზღაურის მიგებაც“ (კანონი 32:35). ნეემიასა და მის ხალხს მტრებმა ხელი ვერ შეუშალეს; ისინი განაგრძობდნენ ‘გალავნის შენებას’. მათ ‘სანახევროდ ამოიყვანეს მთელი გალავანი და გული კვლავ სამუშაოდ ეწეოდა ხალხს’ (ნეემია 4:6). მტრებმა ვერ შეძლეს, მშენებლობის შეჩერება. ჩვენ როგორ მივბაძოთ ნეემიას?

8. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ნეემიას, როცა მოწინააღმდეგეები ცილს გვწამებენ? ბ) მოყევით შემთხვევები, რომლებიც ცხადყოფს, რომ სამაგიეროს გადახდისგან თავის შეკავება გონივრულია.

8 დღეს შეიძლება დაცინვასა და ცილისწამებას ვხვდებით სკოლაში, სამსახურში და ოჯახშიც კი. ხშირად ასეთ შემთხვევაში საუკეთესოა შემდეგი ბიბლიური პრინციპის გამოყენება: ‘არის დუმილის დრო’ (ეკლესიასტე 3:1, 7). ნეემიას მსგავსად, ჩვენც არ უნდა გადავუხადოთ სამაგიერო და სარკასტულად არ უნდა ვუპასუხოთ მათ, ვინც შეურაცხყოფას გვაყენებს (რომაელები 12:17). ჩვენ უნდა ვილოცოთ და მივენდოთ ღმერთს, რომელიც ამბობს: „ჩემია შურისძიება“ (რომაელები 12:19; 1 პეტრე 2:19, 20). თუ ასე მოვიქცევით, მოწინააღმდეგეები ვერ შეძლებენ ხელი შეგვიშალონ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმიანობაში (მათე 24:14; 28:19, 20). როდესაც ვქადაგებთ და მოწინააღმდეგეებს ხელის შეშლის ნებას არ ვაძლევთ, ჩვენც ისეთივე სულისკვეთებას ვავლენთ, როგორსაც ნეემია ავლენდა.

‘დაგხოცავთ’

9. რა წინააღმდეგობას შეხვდნენ იუდეველები და როგორ მოიქცა ნეემია?

9 მას შემდეგ, რაც ნეემიას მტრებმა შეიტყვეს, რომ „წინ მიიწევდა იერუსალიმის გალავნის აღდგენის საქმე“, შეითქვნენ „იერუსალიმზე გასალაშქრებლად“. იუდეველებისთვის მდგომარეობა უიმედო ჩანდა. აღმოსავლეთით ამონელები ცხოვრობდნენ, დასავლეთით — აშდოდელები, ჩრდილოეთით — სამარიელები, ხოლო სამხრეთით — არაბები. მშენებლები ვერსად გაიქცეოდნენ. რა უნდა ექნათ? „ჩვენ ლოცვით მივმართეთ ჩვენს ღმერთს“, — ამბობს ნეემია. მტერი იმუქრებოდა: „დავხოცავთ და მუშაობას შევაწყვეტინებთ“. ამის შემდეგ ნეემიამ მშენებლებს დაავალა, დაეცვათ ქალაქი „მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით“. ადამიანური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, მცირერიცხოვანი იუდეველები წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ მტერს, მაგრამ ნეემია დაჟინებით მოუწოდებდა თავის ხალხს: „ნუ შეგეშინდებათ მათი, გახსოვდეთ იეჰოვა — დიდებული და შიშის მომგვრელი“ (ნეემია 4:7—9, 11, 13, 14).

10. ა) როგორ განვითარდა მოულოდნელად მოვლენები? ბ) რა ზომები მიიღო ნეემიამ?

10 მოულოდნელად მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. მოწინააღმდეგეებმა თავდასხმა შეწყვიტეს. რა მიზეზით? „ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩაშალა მათი განზრახვა“, — გვამცნობს ნეემია. თუმცა მას ესმოდა, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა და ამიტომ გონივრული ტაქტიკა შეიმუშავა. იმ დღიდან მოყოლებული მშენებლები „ცალი ხელით მუშაობდნენ, ცალ ხელში კი შუბი ეჭირათ“. ნეემიამ მესაყვირეც დააყენა, რომ მტრის თავდასხმის შემთხვევაში მშენებლები გაეფრთხილებინა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნეემია ხალხს ასეთი სიტყვებით ამხნევებდა: „ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის!“ (ნეემია 4:15—20). გამხნევებული და ბრძოლისთვის მომზადებული მშენებლები მუშაობას განაგრძობდნენ. რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან?

11. რა ეხმარებათ ქრისტიანებს, გაუძლონ ბოროტებას იმ ქვეყნებში, სადაც ქადაგება აკრძალულია, და როგორ ‘სძლევენ ბოროტებას სიკეთით’?

11 დროდადრო ჭეშმარიტი ქრისტიანები ძლიერ წინააღმდეგობას ხვდებიან. ზოგ ქვეყანაში ღვთის თაყვანისმცემელთა სასტიკ მტრებს დიდი გავლენა აქვთ. ადამიანური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ასეთ ქვეყნებში წინააღმდეგობის დაძლევა ქრისტიანებისთვის შეუძლებელი ჩანს. მაგრამ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ‘ღმერთი იბრძოლებს მათთვის’. ვისაც რწმენის გამო დევნიან, არაერთხელ გამოუცდიათ საკუთარ თავზე, რომ იეჰოვა პასუხობს მათ ლოცვებს და ‘შლის’ ძლიერი მტრების განზრახვას. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ქადაგება აკრძალულია, იეჰოვას მოწმეები შესაძლებლობებს ეძებენ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. როგორც იერუსალიმში შეცვალეს მშენებლებმა მუშაობის ტაქტიკა, ისე იეჰოვას მოწმეები ცვლიან ქადაგების ტაქტიკას წინააღმდეგობის დროს, თუმცა იარაღს არ იღებენ (2 კორინთელები 10:4). ისინი მაშინაც კი არ წყვეტენ ქადაგებას, როცა ფიზიკური შეურაცხყოფის საშიშროება არსებობს (1 პეტრე 4:16). პირიქით, გაბედული და-ძმები ‘სიკეთით სძლევენ ბოროტებას’.

„მოდი და დავთქვათ შეხვედრა“

12, 13. ა) რა ტაქტიკას მიმართეს ნეემიას მოწინააღმდეგეებმა? ბ) რატომ თქვა უარი ნეემიამ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრაზე?

12 ნეემიას მტრებმა დაინახეს, რომ პირდაპირ იერიშს შედეგები არ მოჰყვა, ამიტომ წინააღმდეგობის გაწევა ფარული ფორმით სცადეს. მათ სამ მზაკვრულ ხერხს მიმართეს.

13 თავიდან, მტრებმა ნეემიას მოტყუება სცადეს. მათ უთხრეს: „მოდი და დავთქვათ შეხვედრა ონოს ველის ერთ-ერთ სოფელში“. ონო იერუსალიმსა და სამარიას შორის მდებარეობდა. მტრებმა ნეემიას უთანხმოების მოსაგვარებლად ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზეს. ნეემიას შეეძლო ეფიქრა, რომ ეს გონივრული წინადადება იყო და ბრძოლას მოლაპარაკებაზე წასვლა სჯობდა. მაგრამ ნეემიამ შემოთავაზებული წინადადება არ მიიღო. უარის მიზეზი მან თვითონვე ახსნა: „ბოროტების გაკეთება ჰქონდათ ჩემთვის განზრახული“. ის მიუხვდა მათ ზრახვებს და არ მოტყუვდა. ნეემიამ თავის მოწინააღმდეგეებს ოთხჯერ გაუმეორა: „ვერ ჩამოვალ. რატომ უნდა მივატოვო და შევაჩერო საქმე თქვენთან ჩამოსვლის გულისთვის?“ მოწინააღმდეგეების მცდელობა, რომ დაეყოლიებინათ ნეემია, უშედეგო აღმოჩნდა. მისი ყურადღება მთლიანად მშენებლობისკენ იყო მიმართული (ნეემია 6:1—4).

14. როგორ უპასუხა ნეემიამ მტრებს?

14 შემდეგ მტრებმა ხმები დაყარეს, თითქოს ნეემია მეფე არტაქსერქსეს წინააღმდეგ ‘აჯანყებას აპირებდა’. ნეემიას კიდევ ერთხელ შესთავაზეს შეხვედრა. ის არც ამჯერად დასთანხმდა, რადგან იცოდა მათი განზრახვა. ნეემია ამბობს: „ისინი ჩვენ დაშინებას ცდილობდნენ და ამბობდნენ: ჩამოუშვებენ ხელებს, შეწყვეტენ მუშაობას და საქმე აღარ გაკეთდებაო“. ნეემიამ მათ ბრალდებას ასეთი სიტყვებით უპასუხა: „არ მომხდარა ის, რასაც შენ ამბობ, შენ თვითონ იგონებ-მეთქი ამას“. ნეემიამ იეჰოვას მიმართა დახმარებისთვის: „გამიმაგრე ხელები!“ მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვა ჩაშლიდა მტრის შეთქმულებას და მშენებლობა არ შეჩერდებოდა (ნეემია 6:5—9).

15. რა ურჩია ცრუ წინასწარმეტყველმა ნეემიას და რატომ არ მიიღო მან ეს რჩევა?

15 ბოლოს, მტრებმა მოისყიდეს ისრაელი შემაია, რომ ნეემიას ღვთის კანონი დაერღვია. შემაიამ ნეემიას უთხრა: „ჭეშმარიტი ღვთის სახლში, ტაძარში დავთქვათ შეხვედრა და ჩავკეტოთ ტაძრის კარები, რადგან შენ მოსაკლავად მოდიან ისინი, ღამით მოვლენ შენ მოსაკლავად“. შემაიას სიტყვების თანახმად, ნეემიას მოკვლას უპირებდნენ, ამიტომ გადარჩენის მიზნით შეეძლო ტაძრისთვის შეეფარებინა თავი. მაგრამ ნეემია მღვდელი არ იყო და ღვთის სახლში შესვლა ცოდვად ჩაეთვლებოდა. დაარღვევდა ღვთის კანონს, თავი რომ გადაერჩინა? ნეემიამ უპასუხა შემაიას: „განა ჩემნაირი კაცი შევა ღვთის ტაძარში და იცოცხლებს?! მე იქ არ შევალ!“ რატომ არ გაება ნეემია მტრის მახეში? მართალია შემაიაც ისრაელი იყო, მაგრამ ის „ღმერთს არ გამოუგზავნია“. ნეემიამ იცოდა, რომ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი ღვთის კანონის დარღვევისკენ არ უბიძგებდა. ბოროტმა მტრებმა მას ვერც ამჯერად სძლიეს. ცოტა ხნის შემდეგ ნეემიამ დაწერა: „ბოლოს დასრულდა გალავნის აღდგენა ორმოცდათორმეტ დღეში, ელულის თვის ოცდამეხუთე დღეს“ (ნეემია 6:10—15; რიცხვები 1:51; 18:7).

16. ა) როგორ მოვიქცეთ, თუ მოწინააღმდეგეები ცრუ მეგობრების, ცილისმწამებლებისა და ცრუ ძმების სახით გვევლინებიან? ბ) რით ცხადყოფთ, რომ არ არღვევთ ქრისტიანულ პრინციპებს არც ოჯახში, არც სკოლაში და არც სამსახურში?

16 ჩვენც შეიძლება მოგვევლინონ მოწინააღმდეგეები ცრუ მეგობრების, ცილისმწამებლებისა და ცრუ ძმების სახით. მათ შეიძლება კომპრომისზე წასვლისკენ გვიბიძგონ. შეიძლება გვირჩიონ, რომ იეჰოვას მსახურებას თუ ნაკლებ დროს დავუთმობთ, სხვა მიზნების მიღწევასაც შევძლებთ. მაგრამ ჩვენ კომპრომისზე არ მივდივართ, რადგან ღვთის სამეფოს პირველი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში (მათე 6:33; ლუკა 9:57—62). მოწინააღმდეგეები ჩვენ შესახებ სიცრუესაც ავრცელებენ. როგორც ნეემიას ადანაშაულებდნენ მეფის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობაში, ისე ჩვენ გვადანაშაულებენ ზოგიერთ ქვეყანაში, თითქოს სახელმწიფოს საფრთხეს ვუქმნიდეთ. ზოგი ასეთი ბრალდება სასამართლოს ძალით ბათილდება. მაგრამ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, ჩვენ ვლოცულობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა ყველაფერს თავისი ნებისამებრ გააკეთებს (ფილიპელები 1:7). წინააღმდეგობას შეიძლება მათი მხრიდანაც შევხვდეთ, ვინც თვლის, რომ იეჰოვას ემსახურება. როგორც შემაია ცდილობდა, რომ ნეემიას თავის გადასარჩენად ღვთის კანონი დაერღვია, ისე განდგომილები შეიძლება სხვადასხვაგვარად შეეცადონ, რომ კომპრომისზე წავიდეთ. მაგრამ ჩვენ ვერიდებით განდგომილებს, რადგან გადარჩენა ღვთის კანონების დარღვევაზე კი არა, დაცვაზეა დამოკიდებული (1 იოანე 4:1). იეჰოვას დახმარებით ნებისმიერი ბოროტების დამარცხებას შევძლებთ.

სასიხარულო ცნობის ქადაგება წინააღმდეგობის მიუხედავად

17, 18. ა) რას ცდილობს სატანა თავის მომხრეებთან ერთად? ბ) რა უნდა გააკეთოთ და რატომ?

17 ქრისტეს ცხებული ძმების შესახებ ბიბლიაში წერია: „სძლიეს მას [სატანას] . . . დამოწმების სიტყვით“ (გამოცხადება 12:11). როგორც ვხედავთ, სამეფოს შესახებ ქადაგებით შეგვიძლია სატანის დამარცხება, რომლის მიზეზითაც ხდება ყოველგვარი ბოროტება. ამიტომ სატანა დაუნდობლად ებრძვის როგორც ცხებულებს, ისე უამრავ ხალხს (გამოცხადება 7:9; 12:17).

18 როგორც დავინახეთ, წინააღმდეგობა შეიძლება გამოვლინდეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფით ან სხვა ნაკლებად შესამჩნევი სახით. როგორიც არ უნდა იყოს წინააღმდეგობა, სატანას ყოველთვის ერთი მიზანი ამოძრავებს — შეაჩეროს სასიხარულო ცნობის ქადაგება. მაგრამ სატანა თავის მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან ნეემიას მსგავსად ღვთის ხალხი მზად არის, რომ ‘სიკეთით სძლიონ ბოროტებას’. ამიტომ ისინი მანამდე იქადაგებენ სასიხარულო ცნობას, სანამ იეჰოვა არ იტყვის, რომ ქადაგების საქმე დასრულებულია (მარკოზი 13:10; რომაელები 8:31; ფილიპელები 1:27, 28).

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ნეემიას ცხოვრების ეპიზოდების შესახებ უფრო მეტის გასაგებად წაიკითხეთ ნეემიას 1:1—4; 2:1—6, 9—20; 4:1—23; 6:1—15.

გახსოვთ?

• რა წინააღმდეგობას ხვდებოდნენ ძველად ღვთის მსახურები და დღეს რა წინააღმდეგობას ხვდებიან ქრისტიანები?

• რა მიზანი ჰქონდათ ნეემიას მტრებს და დღეს რა მიზანი აქვთ ღვთის ხალხის მტრებს?

• როგორ ვძლიოთ ბოროტებას სიკეთით?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]

რას ვსწავლობთ ნეემიას წიგნიდან

ღვთის მსახურები ხვდებიან:

• დაცინვას

• მუქარას

• სიცრუეს

ჩვენს მოტყუებას შეიძლება შეეცადონ:

• ცრუ მეგობრები

• ცილისმწამებლები

• ცრუ ძმები

ღვთის მსახურები ბოროტებას ამარცხებენ:

• ღვთის დავალების გულმოდგინე შესრულებით

[სურათი 27 გვერდზე]

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნეემიამ თანამსახურებთან ერთად ბოლომდე მიიყვანა იერუსალიმის გალავნის მშენებლობა.

[სურათი 31 გვერდზე]

ჭეშმარიტი ქრისტიანები უშიშრად ქადაგებენ სასიხარულო ცნობას.