არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაქვთ უკვდავი სული?

გაქვთ უკვდავი სული?

გაქვთ უკვდავი სული?

მხოლოდ ხორცისგან და სისხლისგან შევდგებით? თუ სხვა რამეც არის ჩვენში? დღეს ვართ და ხვალ აღარ ვიქნებით? თუ ჩვენში არსებობს რაღაც უხილავი, რაც სხეულის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობს?

მართალია, მსოფლიო რელიგიებში მრავალი დამაბნეველი შეხედულებაა გავრცელებული საიქიო ცხოვრების შესახებ, მაგრამ ერთ რამეში მათ საერთო აზრი მაინც აქვთ — მათი უმეტესობა ასწავლის, რომ ადამიანში არსებობს უკვდავი რაღაც, რაც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს განაგრძობს. მრავალს სჯერა, რომ ეს „რაღაც“ არის სული. თქვენ რა გწამთ? სხეულისგან და სულისგან შევდგებით? რა არის სული? აქვს ადამიანს უკვდავი სული? ჩვენთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჭეშმარიტება სულის შესახებ!

„ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“

აქვს ადამიანს „სული“, რომელიც სიკვდილის შემდეგ ამოდის სხეულიდან და განაგრძობს სიცოცხლეს? ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად „ბიბლიაში სული ხშირად თავად ადამიანთან არის გაიგივებული“ (Holman Illustrated Bible Dictionary). მაგალითად, დაბადების 2:7-ში ნათქვამია: „დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“. პირველი ადამიანი, ადამი, სული იყო.

სიტყვა „სულში“ რომ ხშირად ადამიანი იგულისხმება, ამას ბიბლიის სხვა მუხლებიც უჭერს მხარს. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ სულს შეუძლია საქმის კეთება (ლევიანები 23:30, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“). სულზე ბიბლია იმასაც ამბობს, რომ ის შეიძლება შეწუხდეს, შეშფოთდეს, ძილი გაუკრთეს, შეშინდეს და დამწუხრდეს კიდეც (მსაჯულები 16:16, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“; იობი 19:2; ფსალმუნი 119:28; საქმეები 2:43; 1 თესალონიკელები 5:14). რომაელების 13:1-ში სული ადამიანთან არის გაიგივებული. ამ მუხლში ნათქვამია: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ“. 1 პეტრეს 3:20-ში ვკითხულობთ: „ნოეს დროს . . . რამდენიმე ადამიანი, სულ რვა სული გადაურჩა წყალს“. ამ მუხლებიდან არსად ჩანს, რომ თითქოს სული იყოს უხილავი რაღაც, რაც ადამიანის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას.

რისი თქმა შეიძლება ცხოველებსა და მცენარეებზე? ისინიც სულები არიან? ვნახოთ, როგორ აღწერს ბიბლია ცხოველების შექმნას: «თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები“». მეექვსე შემოქმედებით დღეს ღმერთმა ბრძანა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები, ქვეწარმავლები და გარეული ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით“ (დაბადება 1:20, 24). ასე რომ, ყველა ცოცხალი არსება — ადამიანიც და ცხოველიც — არის სული. ბიბლიაში მცენარეები არ მოიხსენიება სულებად.

ბიბლიაში სიტყვა „სული“ სხვა მნიშვნელობითაც გამოიყენება. იობის 33:22-ში ვკითხულობთ: ‘საფლავს უახლოვდება მისი სული, მისი სიცოცხლე — სიცოცხლის მომსწრაფველებს’. აქ ჩაწერილი სიტყვები „სული“ და „სიცოცხლე“ ერთმანეთის სინონიმებად გამოიყენება — „სული“ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს „სიცოცხლეს“. ამგვარად, სიტყვა „სულში“ შეიძლება აგრეთვე იგულისხმებოდეს ცოცხალი სულის ანუ ადამიანის სიცოცხლე. „სული“ სწორედ ამ მნიშვნელობით არის გამოყენებული ბიბლიის იმ მონაკვეთში, სადაც მოსეს მტრები, რომლებიც მას მოსაკლავად დაეძებდნენ, მოხსენიებული არიან როგორც მისი სულის მაძიებლები (გამოსვლა 4:19, სქოლიო). იესო ქრისტეს შესახებ ბიბლია ამბობს: ‘კაცის ძე იმისთვის მოვიდა, რომ მისცეს თავისი სული [სიცოცხლე] მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28).

ბიბლიური მუხლები მარტივად და ურთიერთშეთანხმებულად გვიხსნის, თუ რა არის სული. სიტყვა „სულში“ შეიძლება იგულისხმებოდეს ადამიანი, ცხოველი ან ცოცხალი სულის სიცოცხლე. ჩვენ დავინახავთ, რომ სულის ასეთი განმარტება სრულიად შეესაბამება ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს იმაზე, თუ რა ემართება სულს სიკვდილის დროს.

„სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“

ბიბლიაში ნათქვამია: „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკიელი 18:4). გასაჭირში მყოფი წინასწარმეტყველი ელია თავისი სულის სიკვდილს სთხოვდა ღმერთს (1 მეფეები 19:4, სქოლიო). მსგავსადვე, იონაც „თავისი სულის სიკვდილს ითხოვდა“ (იონა 4:8). დიახ, როცა ადამიანი კვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სული კვდება. სული არ არის უკვდავი. რამდენადაც ადამიანი სულია, როდესაც ვამბობთ, რომ ვინმე მოკვდა, შეიძლება ითქვას, რომ მისი სული მოკვდა.

მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას ბიბლიის ის ადგილები, სადაც ნათქვამია, რომ ვინმეს ამოუვიდა სული ან დაუბრუნდა? რახელის შესახებ, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა, ბიბლიაში წერია: „სული რომ ამოსდიოდა (კვდებოდა), მას [ვაჟს] ბენ-ონი დაარქვა, მამამისმა კი — ბენიამინი“ (დაბადება 35:18). ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგენის შესახებ 1 მეფეების 17:22-ში ვკითხულობთ: „ისმინა იეჰოვამ ელიას ხმა [ლოცვა], დაუბრუნდა ბავშვს სული და გაცოცხლდა იგი“. შეიძლება ამ სიტყვების მხედველობაში მიღებით დავასკვნათ, რომ სული არის რაღაც უხილავი, რაც სხეულიდან ამოდის ან უბრუნდება მას?

მოდი გავიხსენოთ, რომ სიტყვა „სულის“ ერთ-ერთი მნიშვნელობა არის „სიცოცხლე“. ამგვარად, რახელს რომ სული ამოსდიოდა, ნიშნავს იმას, რომ ის სიცოცხლეს ეთხოვებოდა. ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში სიტყვები „სული ამოსდიოდა“ შემდეგნაირადაა ნათარგმნი: „სულის ამოხდომისას“ („საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“) და „უკანასკნელი ამოსუნთქვისას“ („იერუსალიმის ბიბლია“). იმავეს თქმა შეიძლება ქვრივის ვაჟის შემთხვევაზეც — მას სიცოცხლე დაუბრუნდა (1 მეფეები 17:23).

როგორ არის შექმნილი ადამიანი

ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ არის შექმნილი ადამიანი. მას არა აქვს უკვდავი სული; ის თვითონ არის სული. და რადგან ადამიანი მოკვდავია და უკვდავი სული არა აქვს, სიკვდილის შემდეგ მისი ერთადერთი იმედი მკვდრეთით აღდგომაა. ბიბლია გვპირდება: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29). სწორედ მკვდრეთით აღდგომა — და არა უკვდავი სულის შესახებ სწავლება — არის ერთადერთი იმედი გარდაცვლილთათვის.

მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანი ცოდნა გვქონდეს მკვდრეთით აღდგომაზე და ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს ეს ადამიანებისთვის! ასევე მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ღმერთს და ქრისტეს, როგორც ეს თავად იესომ თქვა ლოცვაში: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თქვენს მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან, რომ ბიბლიის შესწავლის საშუალებით უფრო მეტი გაიგოთ ღმერთის, მისი ძისა და ღვთის დანაპირების შესახებ. გიწვევთ, რომ დაუკავშირდეთ მოწმეებს ან მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.

[სურათები 4 გვერდზე]

თითოეული მათგანი სულია.

[საავტორო უფლება]

Goat: CNPC—Centro Nacional de Pesquisa de Caprinos (Sobral, CE, Brasil)