არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

როგორც ვიცით, მოსავლის აღება მაშინ იწყებოდა, როცა ისრაელი მამაკაცები უფუარობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. მაშ, ვინ იღებდა ქერის პირველ ნაყოფს, რომელიც საწმინდარში უნდა მიეტანათ?

მოსეს კანონი ისრაელებს მოუწოდებდა: „ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს — უფუარობის დღესასწაულზე, კვირების დღესასწაულსა და კარვობის დღესასწაულზე“ (კანონი 16:16). ღვთის მიერ ამორჩეული ადგილი მეფე სოლომონის დროიდან იერუსალიმის ტაძარი იყო.

ამ სამი დღესასწაულიდან პირველი ადრეულ გაზაფხულზე იმართებოდა. უფუარობის დღესასწაული იწყებოდა პასექის აღნიშვნიდან მეორე დღეს, 15 ნისანს, და გრძელდებოდა შვიდი დღე, 21 ნისანამდე. წმინდა კალენდრის მიხედვით წლის პირველ ნაყოფს იღებდნენ უფუარობის დღესასწაულის მეორე დღეს, 16 ნისანს. ამ დღეს ქერის „პირველი ძნა“ მღვდელმთავართან მიჰქონდათ, რათა მას ძნა „იეჰოვას წინაშე“ შეერხია საწმინდარში (ლევიანები 23:5—12). თუ ყველა მამაკაცისგან მოითხოვებოდა, რომ დასწრებოდა უფუარობის დღესასწაულს, მაშ, ვინ იღებდა მოსავალს შესაწირავისთვის?

კანონი, რომელიც მოითხოვდა, რომ უფუარობის დღესასწაულის დროს პირველი ნაყოფი იეჰოვასთვის შეეწირათ, მთელი ერისთვის იყო მიცემული. ამგვარად, თითოეულისგან ინდივიდუალურად კი არ მოითხოვებოდა, რომ დაეწყოთ მკა და პირველი ნაყოფი საწმინდარში მიეტანათ თავისთვის, არამედ საკმარისი იყო, რომ რამდენიმე ადამიანს მთელი ერის სახელით მიეტანა პირველი ნაყოფი მღვდელმთავართან. ასე რომ, პირველი ნაყოფის ასაღებად და დღესასწაულზე ძნების მისატანად რამდენიმე კაცს გზავნიდნენ ახლომდებარე ქერის მინდორში. ამასთან დაკავშირებით „იუდაურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „თუ ქერი მოწეული იყო, მას იერუსალიმის რომელიმე ახლომდებარე მინდვრიდან იღებდნენ, მაგრამ თუ ჯერ არ იყო მოწეული, მაშინ ის ისრაელის სხვა ადგილიდან მოჰქონდათ. ქერის ასაღებად სამ კაცს აგზავნიდნენ. თითოეულ მათგანს თან ცელი და კალათი ჰქონდა“. მათ ქერის ძნები მოჰქონდათ მღვდელმთავართან, რომელიც ამ პირველ ნაყოფს იეჰოვას სწირავდა.

პირველ ნაყოფთან დაკავშირებული ეს მოთხოვნა ისრაელებს კარგ შესაძლებლობას აძლევდა, რომ მადლიერება გამოეხატათ ღვთისადმი, რომელმაც მათი მიწა და მოსავალი აკურთხა (კანონი 8:6—10). მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღესასწაულთან დაკავშირებული პირველი ნაყოფის შეწირვა „მომავალ კურთხევათა ჩრდილი“ იყო (ებრაელები 10:1). აღსანიშნავია, რომ იესო ქრისტე ახ. წ. 33 წლის 16 ნისანს აღდგა, სწორედ იმ დღეს, როცა მოსავლის პირველ ნაყოფს სწირავდნენ იეჰოვას. იესოს შესახებ მოციქული პავლე წერდა: „მკვდრეთით აღდგა ქრისტე, სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი . . . თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება“ (1 კორინთელები 15:20—23). მღვდელმთავრის მიერ იეჰოვას წინაშე პირველი ნაყოფის ძნის შერხევა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის „ჩრდილი“ იყო — ის პირველი აღდგა მკვდრეთით მარადიული სიცოცხლისთვის. ამგვარად, იესომ კაცობრიობას ცოდვისგან და სიკვდილისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა.

[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]

© 2003 BiblePlaces.com