არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთმინებით დაელოდეთ იეჰოვას დღეს

მოთმინებით დაელოდეთ იეჰოვას დღეს

მოთმინებით დაელოდეთ იეჰოვას დღეს

‘რწმენას დაურთეთ მოთმინება’ (2 პეტრე 1:5, 6).

1, 2. რა არის მოთმინება და რატომ სჭირდებათ ეს თვისება ქრისტიანებს?

იეჰოვას დიდი დღე ძალიან ახლოსაა (იოელი 1:15; სოფონია 1:14). ჩვენ, ქრისტიანებს გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ღვთისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იმ დროს, როცა იეჰოვას უზენაესობა დამტკიცდება. ამასობაში კი, ჩვენი რწმენის გამო სიძულვილს, შეურაცხყოფასა და დევნას ვხვდებით. ზოგ ჩვენგანს ღვთისადმი ერთგულება სიცოცხლის ფასადაც კი უჯდება (მათე 5:10—12; 10:22; გამოცხადება 2:10). ამ ყოველივეს ასატანად საჭიროა მოთმინება — თვისება, რომელიც გვეხმარება, განსაცდელების დროს სიმტკიცე შევინარჩუნოთ. პეტრე მოციქული მოგვიწოდებს: ‘რწმენას დაურთეთ მოთმინება’ (2 პეტრე 1:5, 6). ჩვენ მოთმინება გვმართებს, როგორც ამას იესოს სიტყვებიდანაც ვხედავთ: „ბოლომდე მომთმენი გადარჩება“ (მათე 24:13).

2 ზემოხსენებული განსაცდელების გარდა ჩვენ ავადმყოფობასთან, საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებასთან თუ სხვა სატკივართან გვიწევს გამკლავება. თუ ასეთ დროს რწმენას დავკარგავდით, ამით სატანა ძალიან გაიხარებდა (ლუკა 22:31, 32). იეჰოვას მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია მოვითმინოთ განსაცდელები (1 პეტრე 5:6—11). მოდი დავფიქრდეთ ჩვენი და-ძმების რამდენიმე მაგალითზე, საიდანაც ჩანს, რომ შეგვიძლია მოთმინებითა და მტკიცე რწმენით დაველოდოთ იეჰოვას დღეს.

ავადმყოფობამ ვერ შეაჩერა ისინი

3, 4. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ავადმყოფობის მიუხედავად ერთგულად ვემსახუროთ იეჰოვას.

3 მართალია, ღმერთი ახლა სასწაულებრივად არ გვკურნავს, მაგრამ ის ძალას გვაძლევს, რომ მოთმინებით გავუმკლავდეთ სხვადასხვა ავადმყოფობას (ფსალმუნი 41:1—3). „რაც თავი მახსოვს, ინვალიდის სავარძელს ვარ მიჯაჭვული, — ამბობს შერონი. — დაბადებიდან თანდაყოლილმა ცერებრულმა დამბლამ ბავშვობა წამართვა“. შერონს იმედი მას შემდეგ ჩაესახა, რაც იეჰოვას შესახებ მოისმინა და გაიგო, რომ მას განზრახული აქვს სრულყოფილი ჯანმრთელობა მისცეს ადამიანებს. თუმცა შერონს ლაპარაკი და სიარული უჭირს, ის სიხარულით მონაწილეობს ქრისტიანულ მსახურებაში. დაახლოებით 15 წლის წინ მან თქვა: „ჯანმრთელობა შეიძლება გამიუარესდეს, მაგრამ იეჰოვასადმი რწმენა და მასთან ურთიერთობა სიცოცხლის ძალას მაძლევს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ღვთის ხალხს შორის ვიმყოფები და იეჰოვას მხარდაჭერას ვგრძნობ!“

4 პავლე მოციქულმა თესალონიკეში მცხოვრებ ქრისტიანებს მოუწოდა, რომ ‘ენუგეშებინათ დამწუხრებული სულები’ (1 თესალონიკელები 5:14). სხვადასხვა მიზეზის, მაგალითად, გულგატეხილობის გამო ადამიანი შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს. 1993 წელს შერონმა დაწერა: «ისეთი გრძნობა მქონდა, რომ არაფერი არ გამომდიოდა . . . ამის გამო სამი წელი ღრმა დეპრესიაში ვიყავი . . . უხუცესებმა მანუგეშეს და რჩევები მომცეს . . . ვგრძნობდი, როგორ ზრუნავდა ჩემზე იეჰოვა, როდესაც „საგუშაგო კოშკში“ ვკითხულობდი სტატიებს ღრმა დეპრესიის შესახებ. იეჰოვა ნამდვილად ზრუნავს თავის ხალხზე და მას ესმის ჩვენი გრძნობები» (1 პეტრე 5:6, 7). იეჰოვას დიდი დღის მოლოდინში შერონი კვლავაც ერთგულად ემსახურება ღმერთს.

5. რა გვარწმუნებს, რომ ქრისტიანებს შეუძლიათ დიდი სტრესის ატანა?

5 ზოგი ქრისტიანი დიდ სტრესს განიცდის იმის გამო, რაც წარსულში გადახდა. მეორე მსოფლიო ომში ნანახი სასტიკი შეტაკებების შემდეგ ჰარლის კოშმარები ტანჯავდა. ძილში ის ყვიროდა: „ფრთხილად! ფრთხილად!“ როდესაც იღვიძებდა, ის მთლიანად ოფლში ცურავდა. მიუხედავად ამისა, მან შეძლო, ცხოვრება ღვთის ნების თანახმად წარემართა, და დროთა განმავლობაში ის უფრო იშვიათად ნახულობდა ასეთ კოშმარულ სიზმრებს.

6. როგორ გაუმკლავდა ერთი ქრისტიანი ემოციურ პრობლემებს?

6 ერთ ძმას, რომელსაც ბიპოლარული დარღვევა (მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი) ჰქონდა, ძალიან უჭირდა კარდაკარ ქადაგება. მიუხედავად ამისა, ის მთელი მონდომებით ცდილობდა ექადაგა, რადგან ესმოდა, რომ მსახურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო როგორც მისთვის, ისე მათთვის, ვინც მოისმენდა სასიხარულო ცნობას (1 ტიმოთე 4:16). ზოგჯერ, კარის ზღურბლზე მდგარს, ზარის დარეკვაც კი უჭირდა. მაგრამ, მან თქვა: „როგორც იქნა, მე შევძელი ჩემი ემოციების მოთოკვა — ერთი კარიდან მეორე კართან მივდიოდი და განვაგრძობდი ქადაგებას. მსახურებაში რეგულარული მონაწილეობა დამეხმარა, რომ სულიერად ჯანმრთელი დავრჩენილიყავი“. შეხვედრებზე დასწრებაც ძალიან რთული იყო ამ ძმისთვის, მაგრამ მას კარგად ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სულიერ გარემოში ყოფნა. ამიტომაც ის დიდ ძალისხმევას ახმარდა იმას, რომ შეხვედრებს დასწრებოდა (ებრაელები 10:24, 25).

7. როგორ ავლენენ მოთმინებას ის და-ძმები, რომლებსაც საჯაროდ ლაპარაკის ან კრებებზე დასწრების ეშინიათ?

7 ზოგი ქრისტიანი იტანჯება ფობიით, აკვიატებული შიშით. მათ ეს გრძნობა ეუფლებათ გარკვეულ სიტუაციაში ან ამა თუ იმ საგნის მიმართ. მაგალითად, მათ შეიძლება შიში უჩნდებოდეთ საჯაროდ ლაპარაკის ან შეხვედრებზე დასწრების დროსაც კი. წარმოიდგინეთ, რა რთული უნდა იყოს მათთვის კრებაზე კომენტარის გაკეთება ან თეოკრატიული სამსახურის სკოლაში დავალებით გამოსვლა! მაგრამ, თავიანთი პრობლემის მიუხედავად ისინი მოთმინებას ავლენენ. ჩვენ ძალიან გვამხნევებს იმის დანახვა, რომ ეს და-ძმები კრებებზე მოდიან და მონაწილეობასაც იღებენ.

8. ყველაზე მეტად რა დაეხმარება ქრისტიანს ემოციურ პრობლემებთან გამკლავებაში?

8 ემოციურ პრობლემებთან გამკლავებაში ასეთი ქრისტიანებისთვის შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს მეტი დასვენება და ძილი. შესაძლოა ექიმთან მისვლაც არ იყოს ურიგო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ღმერთზე ლოცვით მინდობაა. „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, — ნათქვამია ფსალმუნის 55:22-ში, — ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“. ამიტომ „მიენდე იეჰოვას მთელი გულით“ (იგავები 3:5, 6).

მოთმინება მძიმე დანაკლისის დროს

9—11. ა) რა დაგვეხმარება, რომ მოთმინებით გავუმკლავდეთ საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას? ბ) როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ამ მხრივ ანას მაგალითი?

9 როდესაც სიკვდილი ოჯახის წევრს გვართმევს, ეს ჩვენში დიდ მწუხარებას იწვევს. აბრაამი მწარედ დასტიროდა თავის საყვარელ ცოლს, სარას (დაბადება 23:2). სრულყოფილი ადამიანი, იესოც კი „აცრემლდა“, როდესაც მისი მეგობარი ლაზარე მოკვდა (იოანე 11:35). როდესაც სიკვდილი საყვარელ ადამიანთან გვაშორებს, სავსებით ბუნებრივია, თუ მწუხარებას განვიცდით. მაგრამ, ქრისტიანებმა იციან, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა (საქმეები 24:15). ამიტომ, ისინი არ წუხან „დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ“ (1 თესალონიკელები 4:13).

10 როგორ შეგვიძლია საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავება? ამაში შეიძლება შემდეგი მაგალითი დაგვეხმაროს. ჩვეულებრივ, როდესაც ჩვენი მეგობარი სადმე სამოგზაუროდ მიდის, ძალიან არ ვნაღვლობთ, რადგან ვიცით, რომ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ ვნახავთ მას. თუ ასეთივე კუთხით შევხედავთ ერთგული ქრისტიანის სიკვდილს, ამან შეიძლება მწუხარება შეგვიმსუბუქოს, რადგან ვიცით, რომ ის აღდგება (ეკლესიასტე 7:1).

11 თუ სრულად მივენდობით „ყოველგვარი ნუგეშის მამას“, ეს დაგვეხმარება, მოთმინებით გავუმკლავდეთ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ ტკივილს (2 კორინთელები 1:3, 4). ჩვენთვის ასევე მანუგეშებელი იქნება პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთი ქვრივი ქალის, ანას შემთხვევაზე დაფიქრება. გათხოვებიდან სულ რაღაც შვიდი წლის შემდეგ ის დაქვრივდა. მიუხედავად ამისა, ის 84 წლის ასაკშიც კი ერთგულად ასრულებდა წმინდა მსახურებას იეჰოვას ტაძარში (ლუკა 2:36—38). უეჭველია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ღვთის მსახურება ეხმარებოდა მას მარტოობასთან და დანაკლისის გრძნობასთან გამკლავებაში. ქრისტიანულ მსახურებაში რეგულარული მონაწილეობა ჩვენც დაგვეხმარება, რომ მოთმინებით გავუმკლავდეთ საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს.

სხვადასხვა განსაცდელთან გამკლავება

12. რა განსაცდელის ატანა უწევს ზოგ ქრისტიანს ოჯახში?

12 ზოგ ქრისტიანს მოთმინება მართებს, რათა გაუძლოს იმ განსაცდელებს, რომლებსაც ოჯახში ხვდება. მაგალითად, როცა ერთ-ერთი მეუღლე მრუშობას სჩადის, ეს მეორეზე გამანადგურებლად მოქმედებს. თავზარდაცემულ და დამწუხრებულ მეუღლეს შეიძლება ძილი გაუკრთეს და თავს ვერ იკავებდეს ტირილისგან. ნებისმიერი მარტივი საქმის შესრულება მისთვის შეიძლება ისეთ სტრესთან იყოს დაკავშირებული, რომ ამ დროს საქმეს უწინდებურად ვეღარ ართმევდეს თავს, საქმე უფუჭდებოდეს ან ზოგჯერ უნებლიედ საკუთარ თავსაც კი ვნებდეს. უდანაშაულო მეუღლეს შეიძლება მადა დაეკარგოს, მან შესაძლოა წონაში დაიკლოს და ემოციურად მოიშალოს. მისთვის შეიძლება რთული იყოს მსახურებაში მონაწილეობა. გარდა ამისა, ოჯახში მომხდარმა ასეთმა ფაქტმა ბავშვებზეც შეიძლება ძალიან იმოქმედოს!

13, 14. ა) რით არის თქვენთვის გამამხნევებელი სოლომონის ლოცვა, რომელიც მან ტაძრის მიძღვნისას წარმოთქვა? ბ) რატომ ვლოცულობთ წმინდა სულისთვის?

13 როდესაც მსგავს განსაცდელში ვვარდებით, იეჰოვა დახმარების ხელს გვიწვდის (ფსალმუნი 94:19). ღმერთი თავისი ხალხის ლოცვებს ისმენს, რაც კარგად ჩანს მეფე სოლომონის ლოცვიდან, რომელიც მან იეჰოვას ტაძრის მიძღვნისას წარმოთქვა. სოლომონი ლოცულობდა: „ყოველი ლოცვა და სათხოვარი წყალობის მისაღებად, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი გულის ტკივილი, და გამოიწვდიან ხელებს ამ სახლისკენ, ისმინე შენი მტკიცე ზეციური სამყოფლიდან, აპატიე და თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე, რადგან შენ იცი მათი გული (მხოლოდ შენ იცი კარგად ადამიანის ძეების გული), რათა ყოველთვის ეშინოდეთ შენი, სანამ ცოცხლები არიან ამ მიწაზე, ჩვენს მამა-პაპას რომ მიეცი“ (1 მეფეები 8:38—40).

14 განსაკუთრებით დამხმარე იქნება ჩვენთვის წმინდა სულისთვის ლოცვა (მათე 7:7—11). სულის ნაყოფში შედის ისეთი თვისებები, როგორიცაა სიხარული და მშვიდობა (გალატელები 5:22, 23). ჩვენ მართლაც დიდ შვებას ვგრძნობთ, როდესაც ზეციერი მამა პასუხობს ჩვენს ლოცვებს — ამ დროს მწუხარებას სიხარული ცვლის, შფოთს კი — მშვიდობა!

15. რომელი ბიბლიური მუხლები გვეხმარება მწუხარების შემსუბუქებაში?

15 როდესაც ძლიერი სტრესის გამო ვწუხვართ, ეს სავსებით ნორმალურია. მაგრამ, თუ ყოველთვის გვემახსოვრება იესოს სიტყვები, ამან შეიძლება გარკვეულწილად გაგვიქარვოს წუხილი. იესომ თქვა: „ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ  . . . უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:25, 33, 34). პეტრე მოციქული მოგვიწოდებს, რომ ‘ყველა ჩვენი საწუხარი ღმერთს მივანდოთ, რადგან ის ზრუნავს ჩვენზე’ (1 პეტრე 5:6, 7). ამავე დროს გონივრულია, რომ ძალისხმევა მოვახმაროთ პრობლემის გადაჭრას. მას შემდეგ, რაც ყველაფერს გავაკეთებთ პრობლემის მოსაგვარებლად, დანარჩენი უკვე ლოცვით იეჰოვას უნდა მივანდოთ. „იეჰოვას მიანდე შენი გზა, მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს“, — წერდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 37:5).

16, 17. ა) რატომ არ ვართ სრულად გათავისუფლებულნი წუხილისგან? ბ) რას ვიგრძნობთ, თუ გამოვიყენებთ ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილ რჩევას?

16 პავლემ დაწერა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7). ბუნებრივია, რომ ადამის არასრულყოფილი შთამომავლები სრულად ვერ გავთავისუფლდებით წუხილისგან (რომაელები 5:12). ესავის ხეთელი ცოლები „სულს უმწარებდნენ“ ესავის ღვთისმოსავ მშობლებს, ისაკსა და რებეკას (დაბადება 26:34, 35). შესაძლოა, ქრისტიანი მსახურები, ტიმოთე და ტროფიმე წუხდნენ თავიანთი ავადმყოფობის გამო (1 ტიმოთე 5:23; 2 ტიმოთე 4:20). პავლე კი თავის თანამორწმუნეებზე წუხდა (2 კორინთელები 11:28). მაგრამ „ლოცვების მომსმენი“ ყოველთვის მხარში ედგა თავის მოყვარულთ და ახლაც თავისი მსახურების გვერდითაა (ფსალმუნი 65:2).

17 იეჰოვას დღის მოლოდინში ჩვენ ვგრძნობთ, როგორ გვიჭერს მხარს და გვანუგეშებს „მშვიდობის ღმერთი“ (ფილიპელები 4:9). იეჰოვა „გულმოწყალე და მწყალობელია“, ის ‘კარგია და მზად არის პატიებისთვის’ და მას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (გამოსვლა 34:6; ფსალმუნი 86:5; 103:13, 14). ამიტომ მოდი ‘ვაცნობოთ ყველა ჩვენი სათხოვარი მას’, რის შედეგადაც გვექნება „ღვთის მშვიდობა“ — სიმშვიდე, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ გაგებას აღემატება.

18. იობის 42:5-ის თანახმად, რა გაგებით შეგვიძლია ღვთის ‘დანახვა’?

18 როდესაც ლოცვებზე პასუხს ვიღებთ, ვიცით, რომ ღმერთი ჩვენთან არის. მას შემდეგ, რაც იობმა მოთმინებით აიტანა განსაცდელები, მან თქვა: „ყურმოკვრით მქონდა შენზე [იეჰოვა] გაგონილი, მაგრამ ახლა ნამდვილად გხედავს ჩემი თვალი“ (იობი 42:5). მადლიერი გული და გონებისა და რწმენის თვალი აღგვძრავს, დავფიქრდეთ, თუ როგორ გვეპყრობა ღმერთი, და ‘დავინახავთ’ მას ისე, როგორც არასდროს. ღმერთთან ასეთი ახლო ურთიერთობა სულის სიმშვიდეს მოგვანიჭებს.

19. რისგან გავთავისუფლდებით, თუ ‘ყველა ჩვენს საწუხარს იეჰოვას მივანდობთ’?

19 თუ ‘ყველა ჩვენს საწუხარს იეჰოვას მივანდობთ’, განსაცდელებს ისეთი შინაგანი სიმშვიდით ავიტანთ, რომელიც ჩვენს გულსა და გონებას დაიცავს. ჩვენს სიმბოლურ გულში არ დაისადგურებს შიში, მღელვარება და დარდი, ჩვენი გონება კი გათავისუფლდება წუხილისა და შფოთისგან.

20, 21. ა) როგორ გვარწმუნებს სტეფანეს შემთხვევა, რომ დევნების დროს სიმშვიდეს შევინარჩუნებთ? ბ) მოიყვანეთ თანამედროვე დროის მაგალითები, საიდანაც ჩანს, რომ ღვთის ერთგული მსახურები განსაცდელებს მშვიდად შეხვდნენ.

20 რწმენის საშინელ გამოცდას მოწაფე სტეფანე მშვიდად შეხვდა. როდესაც სიკვდილის წინ ის სინედრიონის წინაშე ქადაგებდა, ყველა ხედავდა, რომ მას „სახე ანგელოზის სახეს მიუგავდა“ (საქმეები 6:15). ღვთის მაცნის, ანგელოზის მსგავსად, მისი სახე სიმშვიდეს ირეკლავდა. მას შემდეგ, რაც სტეფანემ სინედრიონის წევრები იესოს მკვლელობაში დაადანაშაულა, მოსამართლეები „გულზე სკდებოდნენ და კბილებს უღრჭიალებდნენ“. სტეფანემ, „წმინდა სულით სავსემ, აიხედა ცაში და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო“. ამ ხილვით გაძლიერებული სტეფანე სიკვდილამდე ერთგული დარჩა (საქმეები 7:52—60). მართალია, ჩვენ ასეთი ხილვები არა გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ დევნების დროს ღმერთი სიმშვიდეს მოგვცემს.

21 დაუკვირდით, რას გრძნობდა ზოგი ქრისტიანი, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა სიკვდილი მიუსაჯეს. ერთმა მათგანმა საკუთარი გრძნობების შესახებ წერილში თქვა: «სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს. მე მოვისმინე განაჩენი. მას შემდეგ, რაც წარმოვთქვი სიტყვები „სიკვდილამდე ერთგული დარჩი“ და ჩვენი უფლის კიდევ რამდენიმე სიტყვა, ყველაფერი ამით დამთავრდა . . . მაგრამ ამაზე ნუ იფიქრებთ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ახლა როგორ სიმშვიდეს ვგრძნობ!» კიდევ ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა, რომლისთვისაც თავი უნდა მოეკვეთათ, მშობლებს მისწერა: „შუაღამე უკვე გადავიდა. მე ჯერ კიდევ მაქვს დრო, რომ აზრი შევიცვალო. მაგრამ ვიქნებოდი კი ისევ ბედნიერი, თუ ჩვენს უფალს უარვყოფდი?! რა თქმა უნდა, არა! მაგრამ გჯეროდეთ, რომ ამ ქვეყნიერებიდან ბედნიერი და მშვიდი მივდივარ“. უეჭველია, რომ იეჰოვა მხარს უჭერს თავის ერთგულ მსახურებს.

თქვენ შეგიძლიათ მოითმინოთ!

22, 23. რაში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებულნი, ვიდრე მოთმინებით ელით იეჰოვას დღეს?

22 თქვენ შესაძლოა არ გიწევთ ისეთ სირთულეებთან გამკლავება, რომლებიც ამ სტატიაში განვიხილეთ. მაგრამ, ღვთისმოშიშმა იობმა სწორად თქვა: „კაცი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და შფოთით აღსავსე“ (იობი 14:1). თქვენ შესაძლოა ხართ მშობელი და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ შვილები ბიბლიური პრინციპებით აღზარდოთ. მათ შეიძლება სკოლაში განსაცდელების ატანა უწევთ, მაგრამ უდავოდ ძალიან ხარობთ, როდესაც ისინი იეჰოვას მხარეს იკავებენ და მის სამართლიან პრინციპებს იცავენ. შესაძლოა სამსახურში სირთულეებს ხვდებით ან სხვადასხვა ცდუნების წინაშე დგებით. მაგრამ ამ და სხვა სიტუაციებში თქვენ შეძლებთ მოთმინების გამოვლენას, რადგან ‘იეჰოვა ყოველდღიურად ატარებს თქვენს ტვირთს’ (ფსალმუნი 68:19).

23 შესაძლოა ფიქრობთ, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იეჰოვა არასოდეს დაივიწყებს თქვენს შრომას და სიყვარულს, რომელსაც მისი წმინდა სახელისთვის ავლენთ (ებრაელები 6:10). ღვთის დახმარებით შეძლებთ, მოთმინებით აიტანოთ რწმენის გამოცდები. ამიტომ მიზნად დაისახეთ ღვთის ნების შესრულება და ამის შესახებ ღმერთს ლოცვებში ესაუბრეთ. გჯეროდეთ, რომ თუ ასე მოიქცევით და კვლავაც მოთმინებით დაელოდებით იეჰოვას დიდ დღეს, ღმერთი აუცილებლად გაკურთხებთ და მხარს დაგიჭერთ.

როგორ უპასუხებთ?

• რატომ სჭირდებათ ქრისტიანებს მოთმინება?

• რა დაგვეხმარება ავადმყოფობასთან და მძიმე დანაკლისთან გამკლავებაში?

• როგორ გვეხმარება ლოცვები განსაცდელების გადატანაში?

• რატომ შეგვიძლია მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას დღეს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 29 გვერდზე]

იეჰოვაზე მინდობა დაგვეხმარება, რომ მოთმინებით ავიტანოთ ძვირფასი ადამიანის სიკვდილი.

[სურათი 31 გვერდზე]

გულწრფელი ლოცვა გვეხმარება, რომ მოთმინებით გადავლახოთ რწმენის გამოცდები.