„წადი, მოიბანე სილოამის აუზში“
„წადი, მოიბანე სილოამის აუზში“
იესომ თიხა მოზილა, ერთ ბრმა მამაკაცს თვალებზე წაუსვა და უთხრა: „წადი, მოიბანე სილოამის აუზში“. მამაკაცი იესოს სიტყვისამებრ მოიქცა და „თვალახელილი დაბრუნდა“ (იოანე 9:6, 7). სად იყო სილოამის აუზი? ახლახან ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელი მოჰფინა იმას, თუ ზუსტად სად მდებარეობდა ეს აუზი.
მრავალი ტურისტი ჩადის იერუსალიმში იმ ადგილის სანახავად, რომელიც სილოამის აუზის სახელით არის ცნობილი. მათი აზრით სწორედ ამ ადგილზე მდებარეობდა იოანეს 9:7-ში მოხსენიებული აუზი. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ხიზკიას მიერ ძვ. წ. მე-8 საუკუნეში გაკეთებული 530-მეტრიანი წყლის გვირაბი მთავრდება. რაც შეეხება იმ აუზს, რომელიც ახლა იქ მდებარეობს, ის ახ. წ. IV საუკუნით თარიღდება. ეს აუზი ბიზანტიელმა „ქრისტიანებმა“ გააკეთეს, რომლებმაც შეცდომით დაასკვნეს, რომ იოანეს სახარებაში მოხსენიებული აუზი გვირაბის ბოლოს მდებარეობდა.
საინტერესოა, რომ 2004 წელს არქეოლოგებმა ერთ ადგილას აღმოაჩინეს ისეთი რამ, რაც იმის მიმანიშნებელი იყო, რომ დედამიწაზე იესოს ცხოვრების დროს სწორედ იქ მდებარეობდა სილოამის აუზი. იმ ადგილიდან, რომელსაც შეცდომით სილოამის აუზის ადგილმდებარეობად თვლიდნენ, ეს ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 100 მეტრით არის დაშორებული. როგორ აღმოაჩინეს ეს ადგილი? ქალაქის ადმინისტრაციას საკანალიზაციო მილი უნდა შეეკეთებინა იმ ადგილზე, რისთვისაც იქ მუშები გაგზავნა. იქვე ახლოს მომუშავე არქეოლოგი აკვირდებოდა მუშების მიერ ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს. მოულოდნელად მისი ყურადღება მიიპყრო ორმა საფეხურმა, რომლებიც გათხრის დროს გამოჩნდა. სარემონტო სამუშაოები შეჩერდა და ისრაელის ძეგლთა დაცვის სამსახურის
გადაწყვეტილებით ამ ადგილას არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. გათხრების შედეგად გამოჩნდა აუზის ორი კუთხე და ერთი მხარე, რომლის სიგრძეც დაახლოებით 70 მეტრი იყო.აგრეთვე ნაპოვნი იყო მონეტები, რომლებიც თარიღდებოდა რომის წინააღმდეგ იუდეველთა აჯანყების მეორე, მესამე და მეოთხე წლებით. ეს აჯანყება მოხდა დაახლოებით ახ. წ. 66—70 წლებში. მონეტებმა დაადასტურა, რომ სილოამის აუზი გამოიყენებოდა ახ. წ. 70 წლამდე, ვიდრე რომაელები იერუსალიმს გაანადგურებდნენ. ჟურნალში „ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა“ აღნიშნული იყო: „აუზით სარგებლობდნენ აჯანყების ბოლო წლამდე, მას შემდეგ კი ის აღარ გამოიყენებოდა. ეს ადგილი, რომელიც იერუსალიმში ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარეობს, ბიზანტიის იმპერიის აღზევებამდე არ დასახლებულა. ყოველწლიურად მოსულ ზამთრის წვიმებს აუზში ლაფი ჩაჰქონდა. რომაელების მიერ ქალაქის განადგურების შემდეგ აუზი აღარ გაწმენდილა. საუკუნეების განმავლობაში ლაფმა მთლიანად დაფარა აუზი. როდესაც არქეოლოგებმა აუზი აღმოაჩინეს, ზოგ ადგილებში ის 3 მეტრის სისქის მიწით იყო დაფარული“.
რატომ აინტერესებთ ბიბლიის გულწრფელ მკვლევარებს სილოამის აუზის ადგილმდებარეობა? იმიტომ, რომ ეს ეხმარება მათ, უფრო უკეთ ჩასწვდნენ პირველი საუკუნის იერუსალიმის გეოგრაფიას, რადგან ესა თუ ის ადგილი საკმაოდ ხშირად არის მოხსენიებული სახარებებში, რომლებიც იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ მოგვითხრობს.
[სურათი 7 გვერდზე]
ახლახან აღმოჩენილი სილოამის აუზი.
[საავტორო უფლება]
© 2003 BiblePlaces.com