არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არის ღვთის თვალი თქვენკენ მოპყრობილი?

არის ღვთის თვალი თქვენკენ მოპყრობილი?

არის ღვთის თვალი თქვენკენ მოპყრობილი?

აქვს იეჰოვას, დიდებულ შემოქმედს, დანახვის უნარი? რა თქმა უნდა! ბიბლია ნათლად ამბობს: „თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს?“ (ფსალმუნი 94:9). იეჰოვა გაცილებით უკეთ ხედავს, ვიდრე ადამიანები. ის არა მარტო იმას ხედავს, რაც გარეგნულად ჩანს, არამედ „გულების შემმოწმებელია“ და „გულებს . . . აფასებს“ (იგავები 17:3; 21:2). დიახ, იეჰოვას შეუძლია დაინახოს ჩვენი მოტივები და ჩვენი გულისნადები.

იეჰოვამ იცის, რა სირთულეებს ვაწყდებით ცხოვრებაში და უპასუხოდ არ ტოვებს ჩვენს ვედრებას. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ. იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:15, 18). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი მდგომარეობა და პასუხობს ჩვენს მხურვალე ლოცვებს!

იეჰოვა ღმერთი უკუნ სიბნელეში ჩადენილ საქმეებსაც კი ხედავს. დიახ, „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13). ასე რომ, კარგს ვაკეთებთ თუ ცუდს, იეჰოვას არაფერი რჩება შეუმჩნეველი (იგავები 15:3). მაგალითად, დაბადების 6:8, 9-ში ნათქვამია, რომ „ნოემ . . . კეთილგანწყობა პოვა იეჰოვას თვალში“ და ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“. დიახ, ნოე ემორჩილებოდა ღმერთს და მის სამართლიან პრინციპებს უჭერდა მხარს, რის გამოც ღვთის მოწონება დაიმსახურა და კურთხევები მიიღო (დაბადება 6:22). ამის საპირისპიროდ, ნოეს დღეებში მცხოვრები ხალხი მოძალადე და ზნეობრივად გახრწნილი იყო. ღმერთმა ძალიან კარგად იცოდა ამის შესახებ. „დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო“. საბოლოოდ იეჰოვამ გაანადგურა ბოროტები, ხოლო ნოე და მისი ოჯახი გადაარჩინა (დაბადება 6:5; 7:23).

დაიმსახურებთ პირადად თქვენ იეჰოვას კეთილგანწყობას? „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9). მალე ის კვლავ გაანადგურებს დედამიწაზე ყველა ბოროტს, ხოლო გულით თავმდაბლებს გადაარჩენს (ფსალმუნი 37:10, 11).