არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთი კონგრესის ორი „სასწაული“ საქართველოში

ერთი კონგრესის ორი „სასწაული“ საქართველოში

ერთი კონგრესის ორი „სასწაული“ საქართველოში

საქართველოში 2006 წელს ორი „სასწაულის“ მოწმენი გავხდით. ეს დაუვიწყარი მოვლენა იყო. 7—9 ივლისს იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესი „ხსნა ახლოსაა!“ ქვეყნის ექვს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. ამ სულიერ ნადიმს 17 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

2006 წლის იანვარში ძმებმა თბილისში, დედაქალაქში, კონგრესის ჩასატარებლად ისეთი ადგილის ძებნა დაიწყეს, რომელიც ათასობით დელეგატს დაიტევდა. კონგრესის მთავარი მოხსენებები ტელეფონის საშუალებით პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა სხვა ქალაქებში გამართულ კონგრესებზე.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ქართველ და-ძმებს მეტი რელიგიური თავისუფლება მიეცათ. წარსულში დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, ქართველი მოწმეები მიზანმიმართულად განაგრძობდნენ მოქმედებას და დარწმუნებული იყვნენ, რომ დედაქალაქში შეძლებდნენ კონგრესის ჩასატარებლად შესაფერისი ადგილის პოვნას. ქართველი ხალხი ბუნებით ძალიან თბილი და სტუმართმოყვარეა. მაგრამ ზოგ სახელმწიფო მოხელეს წინასწარაკვიატებული არასწორი შეხედულება აქვს არატრადიციული რელიგიის მიმდევრებზე. მოერეოდნენ ისინი ამ გრძნობას და დართავდნენ მოწმეებს შესაფერისი შენობის დაქირავების ნებას?

იეჰოვას მოწმეების ოფისმა საქართველოში სხვადასხვა სტადიონი და დიდი სპორტული დარბაზი ნახა. თავიდან ყველა ამ დაწესებულების დირექცია თანხმდებოდა თანამშრომლობაზე, მაგრამ, როგორც კი კონგრესის ჩატარების თარიღს იგებდნენ, უარს ამბობდნენ. მოწმეების გასაოცრად, თბილისის ფილარმონიის ადმინისტრაციამ თანხმობა განაცხადა, იეჰოვას მოწმეებისთვის მიექირავებინა ეს დიდი საკონცერტო დარბაზი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და სადაც ყველაზე ღირსშესანიშნავი ღონისძიებები იმართება.

საქმის ამგვარად დასრულებით გახარებული ძმები კონგრესის ორგანიზებას შეუდგნენ როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში: გორში, ზუგდიდში, კასპში, ქუთაისსა და წნორში. ძმებმა დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ პროგრამის მთავარი მოხსენებები ტელეფონის საშუალებით ერთდროულად მოესმინათ ამ ქალაქებში. ყველაფერი მზად იყო, მაგრამ მოულოდნელად, კონგრესამდე ერთი კვირით ადრე, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციამ ყველანაირი ახნა-განმარტების გარეშე კონტრაქტი გააუქმა.

პირველი „სასწაული“

რა უნდა ექნათ ძმებს ახლა, როცა კონგრესამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი? მათ სხვა არჩევანი აღარ ჰქონდათ — ისევ მარნეულში, თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქში, უნდა ჩაეტარებინათ კონგრესი. იქ, ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის ეზოში, არაერთი კონგრესი ჩატარებულა. ერთ დროს ამ ადგილას ბაღი იყო გაშენებული. გასული ათი წლის განმავლობაში ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც თბილისის კრებებისთვის კონგრესები ტარდებოდა. მაგრამ იყო დრო, როცა მარნეულში შეკრებილი იეჰოვას მოწმეები არაერთხელ დაურბევია გახელებულ ბრბოს.

ერთ-ერთი ასეთი თავდასხმა 2000 წლის 16 სექტემბერს მოხდა. მარნეულის პოლიციამ თბილისიდან მიმავალ მოწმეებს გზა გადაუკეტა. შემდეგ მარნეულს მიადგა იმ მოძალადეებით სავსე ავტობუსი, რომელთაც სათავეში მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი ედგა. ისინი აჩერებდნენ კონგრესზე მიმავალ მანქანებსა თუ ავტობუსებს, მანქანებიდან იძულებით გადმოჰყავდათ ზოგი დელეგატი და უმაწყალოდ სცემდნენ, სხვებს კი ყველაფერს ართმევდნენ, მათ შორის ბიბლიასა და ბიბლიურ ლიტერატურას.

ვერც მარნეულში ჩასული კონგრესის დელეგატები გადაურჩნენ დარბევას; მათ დაახლოებით 60 კაციანი ბრბო დაესხა თავს. ორმოცამდე მოწმე დაშავდა. ერთ ძმას გულმკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენეს. ზოგი გახელებული თავდამსხმელი დელეგატთა დასაშინებლად ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში ისროდა. ერთ-ერთმა მათგანმა ამ ადგილის მეპატრონეს იარაღი დაუმიზნა და ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვა. ბრბო ამ ძმას სახლში შეუვარდა, რომელიც ეზოს ერთ ბოლოში მდებარეობდა, და, რაც ფასეული ჰქონდა, ყველაფერი წაიღო. მათ ფანჯრები ჩალეწეს, დაწვეს ბიბლიური ლიტერატურა და სკამები, რომლებიც სპეციალურად კონგრესისთვის იყო გაკეთებული. ტონა-ნახევარი ლიტერატურა გაანადგურეს. ბოროტმოქმედების აღკვეთის ნაცვლად, პოლიცია თავად იღებდა მონაწილეობას მოწმეთა დარბევაში *.

იეჰოვას მოწმეების ოფისს საქართველოში არა მარტო იმაზე უნდა ეფიქრა, რომ დელეგატები კვლავ შეიძლებოდა დამდგარიყვნენ დარბევის საშიშროების წინაშე, არამედ იმაზეც, თუ როგორ განეთავსებინა 2 500 კაციან ადგილზე 5 000 დელეგატი. როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის ასე მოკლე დროში გადაჭრა? მართლაც სასწაული იყო, როდესაც ორმა მეზობელმა ძმებს თავიანთი მიწის ნაკვეთების დაქირავება შესთავაზა.

ამ მიწის ნაკვეთების საკონგრესო ადგილად ქცევა საკმაოდ რთული იყო. მდგომარეობას ამინდიც ართულებდა — კონგრესამდე მთელი კვირა წვიმდა. მეზობლებს მიწის ნაკვეთებზე კარტოფილი ჰქონდათ დათესილი და მოსავალი ასაღები იყო. თავსხმა წვიმაში მოხალისეებმა ჯერ კარტოფილი ამოიღეს, შემდეგ კი ღობე დაქირავებული ტერიტორიის ბოლოს გადაიტანეს და ახალი ტერიტორია გადახურეს, რათა დელეგატები მზისგან და წვიმისგან დაცული ყოფილიყვნენ. საჭირო იყო, დამატებით ხის სკამების გაკეთება და ხმის გამაძლიერებლების დაყენება. მოხალისეები დღესა და ღამეს ასწორებდნენ ხერხვაში, ჭედვასა და ბურღვაში.

„რა მოხდება, წვიმამ მთელი კონგრესის განმავლობაში რომ არ გადაიღოს?! — ფიქრობდა ყველა. — ტალახში ხომ არ ჩაიხრჩობიან დელეგატები?!“ მიწა რომ არ ატალახებულიყო, ძმებმა ნახერხი იყიდეს და მოაყარეს. ბოლოს, როგორც იქნა, მზე გამოვიდა! კონგრესის სამივე დღეს იქაურობას მზის სხივები ათბობდა.

კონგრესის ჩატარების ადგილას ჩასულ დელეგატებს თვალწინ მშვენიერი სანახაობა გადაეშალათ. ამ მშვიდ გარემოში მოხვედრილ კაცს თავი ახალ ქვეყნიერებაში ეგონებოდა. საკონგრესო ტერიტორიის გარშემო ლეღვი და ათასგვარი ხეხილი ხარობდა, ბიბინებდა სიმინდის ყანები და მოჩანდა პომიდვრის ბაღები. სცენის უკან ვაზი იზრდებოდა. პროგრამის მსვლელობისას დროდადრო მამლის ყივილი და კრუხის კრიახი ისმოდა. გაიგონებდით სოფლისთვის დამახასიათებელ კიდევ ათასგვარ ხმას, მაგრამ კონგრესზე დამსწრეებს ეს მხოლოდ სასიამოვნო მელოდიურ ფონს უქმნიდა და ყურადღებას არ უფანტავდა; ისინი მთელი გულისყურით ისმენდნენ შესანიშნავ პროგრამას, რომელშიც ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებები შედიოდა. მაგრამ მხოლოდ ამის გამო როდი იყო კონგრესი დაუვიწყარი.

მეორე „სასწაული“

პარასკევს, დილის პროგრამის დასასრულს, დელეგატებისთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო, როდესაც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი ჯექსონმა, „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული გამოცემის ქართულ ენაზე გამოსვლა გამოაცხადა *. მოულოდნელობისგან გაოგნებულ მსმენელებს თვალები ცრემლით აევსოთ. ერთმა გულაჩუყებულმა ოჯახმა აღნიშნა: „გაუთავებლად ვმადლობთ იეჰოვას ამ სასწაულისთვის — ასეთ მოკლე დროში ასეთი შრომატევადი საქმის შესრულებისთვის!“

ერთმა წალენჯიხელმა დამ, რომელმაც სატელეფონო კავშირით მოისმინა პროგრამა, თქვა: „ვერ აგიწერთ იმ სიხარულს, რაც ახალი ქვეყნიერების სრული ბიბლიის მიღებით განვიცადე. გმადლობთ შესანიშნავი სამდღიანი ისტორიული მნიშვნელობის მქონე კონგრესის ორგანიზებისთვის“. დასავლეთ საქართველოში, შავ ზღვასთან ახლოს, მცხოვრებმა ერთმა ოჯახმა აღნიშნა: «ოჯახში მხოლოდ ერთი ბიბლია გვქონდა, ახლა კი ოჯახის ოთხივე წევრს საკუთარი ბიბლია — „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ — გვაქვს. ახლა ყველას გვაქვს შესაძლებლობა, ბიბლიის პირადი შესწავლა გვქონდეს».

უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნმა კონგრესის ადგილამდე შეუფერხებლად როდი მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ დროულად დაიბეჭდა და საზღვრამდეც დროულად ჩამოიტანეს, მისი განბაჟება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ძმებმა საქართველოში სახალხო დამცველის ოფისს მიმართეს. ლიტერატურის განბაჟება სახალხო დამცველის დახმარებით მხოლოდ კონგრესის წინა დღეებში გახდა შესაძლებელი. სახალხო დამცველმა თავისი წარმომადგენელიც კი გაგზავნა კონგრესზე, სადაც მან ახალი ბიბლიის რამდენიმე ეგზემპლარი აიღო.

თბილი ქართული შეხვედრა

მარნეულში ჩატარებული იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესი კიდევ ერთი რამით გამოირჩეოდა — ამ კონგრესს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ესწრებოდა. დამსწრეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა; ყველას უნდოდა, გულთბილად მისალმებოდა ძმა ჯეფრის და პირადად გასცნობოდა მას. ძმა ჯეფრის კონგრესის დაწყებამდე, შესვენებაზე და დამთავრების შემდეგ საათობით უწევდა დგომა და და-ძმების გაცნობა, მაგრამ ამას დიდი სიამოვნებით აკეთებდა.

1903 წლის მიწურულს გამართულ ერთ-ერთ კონგრესზე ერთმა ძმამ აღნიშნა: „ათასობით დოლარზეც არ გავცვლიდი იმ სიამოვნებას, რაც ამ კონგრესზე მივიღე, თუმცა ღარიბი კაცი ვარ“. საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ზუსტად ასეთივე გრძნობა ჰქონდათ 2006 წლის ზაფხულში საქართველოში გამართული კონგრესების დელეგატებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 საქართველოში იეჰოვას მოწმეთა დევნის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ შეიტყოთ 2002 წლის 1 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“-დან, გვერდები 18—24.

^ აბზ. 16 ქართულ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 2004 წელს გამოიცა.

[ჩარჩო 19 გვერდზე]

„მცირე ათასად გადაიქცევა“

ესაიას 60:22-ში ჩაწერილი სიტყვები საქართველოშიც გამართლდა: „მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“. 20 წელიწადში საქართველოში სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი დაახლოებით 100-დან 16 000-მდე გაიზარდა. ღვთის სიტყვის ეს გულმოდგინე მქადაგებლები ყოველკვირა დაახლოებით 8 000 ბიბლიის შესწავლას ატარებენ, რაშიც შემდგომი ზრდის საოცარი პოტენციალი ჩანს.

[დიაგრამა⁄რუკები 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

რუსეთის ფედერაცია

საქართველო

⇨ ზუგდიდი

⇨ ქუთაისი

მარნეული ⇨ გორი

⇨ კასპი

⇨ წნორი

თბილისი

თურქეთი

სომხეთი

აზერბაიჯანი

[საავტორო უფლება]

Globe: Based on NASA/Visible Earth imagery

[სურათი 16 გვერდზე]

თბილისის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის, ძეგლი

[სურათები 17 გვერდზე]

კონგრესის მთავარი მოხსენებები მარნეულიდან ტელეფონის საშუალებით პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა ხუთ სხვადასხვა ქალაქში გამართულ კონგრესებზე

[სურათები 18 გვერდზე]

დელეგატებისთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო, როდესაც „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული გამოცემის ქართულ ენაზე გამოსვლა გამოცხადდა