არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“

„თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“

„თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“

„ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

1, 2. ა) თქვენი აზრით, რაზე აქვს ხალხს დღეს მთელი ყურადღება გადატანილი? ბ) რა გავლენა შეიძლება იქონიოს ასეთმა აზროვნებამ ჩვენზე?

ფული, ქონება, პრესტიჟი, მაღალანაზღაურებადი სამსახური და ოჯახი ბევრისთვის წარმატებისა და უსაფრთხოების საწინდარია. აშკარაა, რომ მდიდარ თუ ღარიბ ქვეყნებში მრავალს მთელი ყურადღება იმაზე აქვს გადატანილი, როგორ დააგროვოს სიმდიდრე და როგორ მიაღწიოს წარმატებას; სულიერისადმი ინტერესი კი — თუ ის საერთოდ აქვთ ადამიანებს — ძალიან სწრაფად იკარგება.

2 სწორედ ეს არის ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში. მასში ნათქვამია: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:1—5). ასეთი აზროვნებისა და ცხოვრების წესის მქონე ხალხს შორის მცხოვრები ჭეშმარიტი ქრისტიანები გამუდმებით განიცდიან ზეწოლას. რა დაგვეხმარება იმაში, რომ ქვეყნიერებამ თავის ‘ყალიბში არ მოგვაქციოს’? (რომაელები 12:2, „ახალი აღთქმა თანამედროვე ინგლისურ ენაზე“).

3. იესოს რომელ რჩევას განვიხილავთ ახლა?

3 იესო ქრისტე, „ჩვენი რწმენის მეთაური და გამასრულყოფილებელი“, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის (ებრაელები 12:2). ერთხელ, როდესაც იესო ხალხს სულიერ საკითხებზე ესაუბრებოდა, ერთმა კაცმა საუბარი გააწყვეტინა და სთხოვა: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, მემკვიდრეობა გამიყოს“. პასუხად იესომ ამ კაცსა და ყველა მსმენელს სერიოზული რჩევა მისცა. მან სიხარბის შესახებ მკაცრად გააფრთხილა ისინი და დამაფიქრებელი თვალსაჩინო მაგალითიც მოუყვანა. ჩვენც ყურად უნდა ვიღოთ იესოს სიტყვები და დავფიქრდეთ, პირადად როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება (ლუკა 12:13—21).

უადგილო თხოვნა

4. რატომ იყო უადგილო ის, რომ ამ კაცმა იესოს საუბარი გააწყვეტინა?

4 სანამ ის კაცი საუბარს გააწყვეტინებდა, იესო თავის მოწაფეებსა და სხვებს ეუბნებოდა, მორიდებოდნენ თვალთმაქცობას, გაბედულად ეღიარებინათ კაცის ძესთან ერთობა, და ამავე დროს არწმუნებდა, რომ მიიღებდნენ წმინდა სულის დახმარებას (ლუკა 12:1—12). ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხები იყო, რაზეც მოწაფეები სერიოზულად უნდა დაფიქრებულიყვნენ. ასეთ დამაფიქრებელ თემაზე საუბრისას ეს კაცი მოულოდნელად ერთვება და ქონების გაყოფით გამოწვეული ოჯახური უთანხმოების მოგვარებას სთხოვს იესოს. ამ შემთხვევიდან მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეგვიძლია.

5. რა ცხადყო ამ კაცის მიერ დასმულმა კითხვამ?

5 ერთ-ერთ რელიგიურ ნაშრომში ნათქვამია, რომ „ადამიანის მისწრაფება ხშირად იქიდან ჩანს, თუ რაზე ფიქრობს ის რელიგიური თემების მოსმენისას“. მაშინ, როდესაც იესო სერიოზულ სულიერ საკითხებზე ლაპარაკობდა, ეს კაცი, ალბათ, იმაზე ფიქრობდა, როგორ შეძლებდა ქონების მიღებას. ბიბლიაში ნათქვამი არ არის, ჰქონდა თუ არა ამ კაცს ჩივილის საფუძვლიანი მიზეზი. შეიძლება ის ცდილობდა, გამოეყენებინა იესოს ავტორიტეტი, რამდენადაც ის ყოველთვის სამართლიანად განსჯიდა ხალხს (ესაია 11:3, 4; მათე 22:16). ასე იყო თუ ისე, ამ კაცის დასმული კითხვა ცხადყოფდა, რომ მისი გულის მდგომარეობა არ იყო კარგი — ის არ აფასებდა სულიერს. განა არ გვაძლევს ეს იმის საფუძვლიან მიზეზს, რომ გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი?! მაგალითად, ქრისტიანული კრების შეხვედრებზე ადვილი შესაძლებელია, გონება გაგვეფანტოს ან იმაზე ვიფიქროთ, რაც მოგვიანებით გვაქვს გასაკეთებელი. მაგრამ ამ დროს ყურადღებით უნდა ვუსმინოთ პროგრამას და ვიფიქროთ, თუ როგორ გამოვიყენოთ მოსმენილი ცხოვრებაში, რათა ზეციერ მამასთან, იეჰოვა ღმერთთან, და თანაქრისტიანებთან უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს (ფსალმუნი 22:22; მარკოზი 4:24).

6. რატომ არ დააკმაყოფილა იესომ ამ კაცის თხოვნა?

6 რა მოტივიც უნდა ჰქონოდა ამ კაცს, იესომ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ნაცვლად ამისა, მას უთხრა: „ადამიანო, ვინ დამნიშნა თქვენს მოსამართლედ ანდა გამნაწილებლად?“ (ლუკა 12:14). ამ სიტყვებით იესომ ყველასთვის კარგად ცნობილ ფაქტზე მიუთითა, კერძოდ იმაზე, რომ მოსეს კანონის თანახმად, ასეთი საკითხების მოსაგვარებლად ქალაქებში მოსამართლეები იყვნენ დანიშნული (კანონი 16:18—20; 21:15—17; რუთი 4:1, 2). მეორე მხრივ, იესოს ბევრად მნიშვნელოვანი რამ აფიქრებდა — სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების ქადაგება და ხალხისთვის ღვთის ნების სწავლება (იოანე 18:37). ნაცვლად იმისა, რომ ყოველდღიურმა საზრუნავმა ყურადღება ნაკლებად მნიშვნელოვანზე გადაგვატანინოს, საჭიროა, მივყვეთ იესოს მაგალითს, და ჩვენი დრო და ენერგია სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და ‘ყველა ერიდან ხალხის მოწაფეებად მომზადებას’ მოვახმაროთ (მათე 24:14; 28:19).

ერიდეთ სიხარბეს

7. რა სერიოზული რამ დაინახა იესომ ამ კაცში?

7 იესომ, რომელსაც შეეძლო გულის ზრახვების ამოცნობა, მამაკაცის თხოვნის მიღმა უფრო სერიოზული რამ დაინახა. ამიტომ მისი თხოვნის უბრალოდ იგნორირების ნაცვლად, იესო შეეხო იმ მიზეზს, რამაც ეს კაცი აღძრა, თხოვნით მიემართა მისთვის, და თქვა: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

8. რა არის სიხარბე და სადამდე მიჰყავს მას ადამიანი?

8 სიხარბე არ არის, უბრალოდ, იმის სურვილი, რომ გქონდეს ფული და გარკვეული ნივთები, რომლებიც გჭირდება. ის არის სიმდიდრის დაგროვების ან სხვისი ქონების დაუფლების დაუცხრომელი სურვილი. სიხარბე მას ახასიათებს, ვინც ყოველთვის მეტის მოხვეჭას ცდილობს და არასდროს კმაყოფილდება; სიხარბე არის შედეგებზე დაუფიქრებლად რაღაცის ქონის დაუოკებელი სურვილი, თუნდაც ეს რაღაც თავად სულ არ სჭირდებოდეს ან სხვას ეკუთვნოდეს. ხარბი ადამიანი იმდენად არის შეპყრობილი რაღაცის დაუფლების სურვილით, რომ ეს რაღაც მას, ფაქტობრივად, ღმერთად ექცევა. გაიხსენეთ, რომ მოციქული პავლე ხარბ ადამიანს აიგივებს კერპთაყვანისმცემელთან, რომელიც ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს (ეფესოელები 5:5; კოლოსელები 3:5).

9. რა და რა სახით შეიძლება გამოვლინდეს სიხარბე? მოიყვანეთ მაგალითები.

9 აღსანიშნავია, რომ იესო ხალხს აფრთხილებდა, თავი დაეცვათ „ყველანაირი სიხარბისგან“. არსებობს სხვადასხვაგვარი სიხარბე. მეათე მცნებაში რამდენიმე მათგანია მოხსენიებული: „არ ისურვო შენი მოძმის სახლი, არ ისურვო შენი მოძმის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი ვირი და არაფერი, რაც შენი მოძმისაა“ (გამოსვლა 20:17). ბიბლიაში არაერთი ადამიანია მოხსენიებული, რომლებმაც სიხარბის ამა თუ იმ სახით გამოვლენის შედეგად სერიოზული ცოდვა ჩაიდინეს. პირველად სატანამ მოინდომა იმის მითვისება, რაც სხვას ეკუთვნოდა — იმ დიდების, პატივისა და ძალაუფლების მითვისება, რაც მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნოდა (გამოცხადება 4:11). ევამ მიითვისა უფლება, თავად განესაზღვრა, რა იყო სიკეთე და ბოროტება, რითაც დაჰყვა ცდუნებას და ამით ადამიანები ცოდვამდე და სიკვდილამდე მიიყვანა (დაბადება 3:4—7). დემონები ის ანგელოზები იყვნენ, რომლებიც არ დაკმაყოფილდნენ ‘თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობით და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო’, რათა ისეთი რამ გაეკეთებინათ, რისი უფლებაც არ ჰქონდათ (იუდა 6; დაბადება 6:2). დაფიქრდით აგრეთვე ბალაამსა და აქანზე, გეხაზსა და იუდაზე. ნაცვლად იმისა, რომ კმაყოფილი ყოფილიყვნენ იმით, რაც ჰქონდათ, ქონების დაგროვების დაუცხრომელმა სურვილმა ეს ადამიანები აღძრა, ბოროტად გამოეყენებინათ თავიანთი მდგომარეობა; ამან კი მათ უბედურება დაატეხა თავს.

10. იესოს გაფრთხილების თანახმად, როგორ უნდა ვიფხიზლოთ?

10 მართლაც მართებულია, რომ სიხარბის შესახებ გაფრთხილებას იესო ასეთი სიტყვებით იწყებს: „იფხიზლეთ“! რატომ? ადამიანები ადვილად ამჩნევენ სხვებში ამ თვისებას, მაგრამ თავად იშვიათად აღიარებენ, რომ ხარბები არიან. პავლე მოციქული საფუძვლიანად აღნიშნავს: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ (1 ტიმოთე 6:9, 10). მოწაფე იაკობი კი ამბობს, რომ არასწორი სურვილი, „როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“ (იაკობი 1:15). იესოს გაფრთხილების თანახმად, უნდა ვიფხიზლოთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს თვისება სხვებში დავინახოთ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავი გამოვიკვლიოთ და დავინახოთ, რა ხდება ჩვენს გულში, რათა თავი დავიცვათ „ყველანაირი სიხარბისგან“.

ქონების სიუხვე

11, 12. ა) სიხარბესთან დაკავშირებით რა გაფრთხილება მოგვცა იესომ? ბ) რატომ უნდა ვიღოთ ყურად იესოს გაფრთხილება?

11 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც თავი უნდა დავიცვათ სიხარბისგან. ყურადღება მიაქციეთ, როგორ განაგრძობს იესო საუბარს: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15). ამაზე ღირს სერიოზულად დაფიქრება ჩვენს დროში, როდესაც ხალხი ქონებას დიდ ყურადღებას აქცევს და მას ბედნიერებისა და წარმატების საწინდრად მიიჩნევს. იესოს სიტყვების თანახმად, ნამდვილად აზრიანი და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება იმაზე არ არის დამოკიდებული, თუ რა ქონების პატრონია ადამიანი.

12 მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება ეს აზრი არ გაიზიაროს. ისინი შეიძლება ამბობდნენ, რომ მდიდარი უფრო კომფორტულად და ლაღად ცხოვრობს, რაც მის ცხოვრებას უფრო ღირებულს ხდის. ამიტომ ისინი დღე და ღამე მუშაობენ, რათა შეიძინონ ქონება, მათ შორის, უახლესი ელექტროტექნიკა. მათი აზრით, ამას მოაქვს კარგი ცხოვრება. მაგრამ ვინც ამგვარად აზროვნებს, ვერ სწვდება იესოს სიტყვების არსს.

13. როგორია სიცოცხლესა და ქონებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი?

13 იესო იმაზე კი არ ამახვილებდა ყურადღებას, სიმდიდრე კარგია თუ ცუდი, არამედ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლე „მის ქონებაზე“ არ არის დამოკიდებული. ყველამ ვიცით, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად ადამიანს ბევრი რამ არ სჭირდება. მას ესაჭიროება ცოტაოდენი საკვები, სხეულის შესამოსი და თავის დასადები ადგილი. მდიდრებს ეს ყველაფერი თავზე საყრელად აქვთ, ღარიბებს კი აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დღე-ღამის გასწორება უწევთ. ეს განსხვავება მხოლოდ მაშინ ქრება, როცა კაცი კვდება და ყველაფერი მთავრდება (ეკლესიასტე 9:5, 6). ამგვარად, ადამიანის სიცოცხლეს აზრიანსა და ღირებულს ვერ გახდის ვერანაირი ნივთი, რისი შეძენაც შესაძლებელია, და არც უნდა გახადოს. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მაშინ დავრწმუნდებით, როდესაც გამოვიკვლევთ, როგორ სიცოცხლეზე ლაპარაკობდა იესო.

14. რას ვიგებთ ბიბლიაში „სიცოცხლედ“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის მნიშვნელობიდან?

14 როდესაც იესომ თქვა, რომ ადამიანის „სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“, ლუკას სახარებაში „სიცოცხლედ“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „ზოე“ ცხოვრების წესს კი არ გულისხმობს, არამედ თავად სიცოცხლეს, ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით *. ფაქტობრივად, იესომ თქვა, რომ მდიდრები ვართ თუ ღარიბები, ფუფუნებაში ვცხოვრობთ თუ თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს თავი, ჩვენზე დიდად არ არის დამოკიდებული, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ ან ვიქნებით თუ არა ხვალ ცოცხალი. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?“ (მათე 6:27). ბიბლია ცხადყოფს, რომ მხოლოდ იეჰოვაა „სიცოცხლის წყარო“ და მხოლოდ მას შეუძლია თავის ერთგულებს „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ ანუ „მარადიული სიცოცხლე“ მისცეს, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე (ფსალმუნი 36:9; 1 ტიმოთე 6:12, 19).

15. რატომ არის მრავალი ქონებაზე დაიმედებული?

15 იესოს სიტყვები იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად ადვილად შეიძლება, კაცს სიცოცხლეზე დამახინჯებული თვალსაზრისი განუვითარდეს. მდიდარი თუ ღარიბი ყველა არასრულყოფილია, და ყველას ერთი ბოლო აქვს. ძველად მცხოვრებმა მოსემ თქვა: „ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი, მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე; სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ“ (ფსალმუნი 90:10; იობი 14:1, 2; 1 პეტრე 1:24). ამიტომ ისინი, ვისაც ღმერთთან ახლო ურთიერთობა არა აქვთ, ხშირად ივითარებენ მათ აზროვნებას, ვინც პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად ამბობს: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32). სხვები ფიქრობენ, რომ სიცოცხლე წუთიერი და მოულოდნელობებით სავსეა; ამიტომ ცდილობენ დააგროვონ ქონება და ამით უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება და სტაბილური ცხოვრება. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ თუ ბევრ ისეთ რამეს ფლობენ, რაც მატერიალურია, ეს გარკვეულწილად უსაფრთხოს გახდის მათ ცხოვრებას. ამგვარად, ისინი დღე-ღამეს ასწორებენ იმისათვის, რომ ქონება დააგროვონ, რადგან ჰგონიათ, რომ ეს უსაფრთხოებასა და ბედნიერებას მოუტანთ (ფსალმუნი 49:6, 11, 12).

უსაფრთხო მომავალი

16. რა არ ხდის სიცოცხლეს ჭეშმარიტად ღირებულს?

16 ცხოვრების მაღალი დონე — მაგალითად, საკვების სიუხვე, კარგი ტანსაცმელი, სახლი თუ ფუფუნების საგნები — საშუალებას აძლევს ადამიანს კომფორტულად იცხოვროს ან უკეთესი სამედიცინო დახმარებით ისარგებლოს და, ამგვარად, სიცოცხლე რამდენიმე წლით გაიხანგრძლივოს. მაგრამ არის ასეთი ცხოვრება უფრო აზრიანი და უსაფრთხო? სიცოცხლეს ჭეშმარიტად ღირებულს ის არ ხდის, თუ რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანი ან რა ქონების პატრონია. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ საშიშია მასზე დაიმედება. მან ტიმოთეს მისწერა: „მიუთითე ახლანდელ ქვეყნიერებაში მცხოვრებ მდიდრებს, რომ ქედმაღლები არ იყვნენ და იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დაამყარონ, რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს“ (1 ტიმოთე 6:17).

17, 18. ა) ქონებასთან დაკავშირებით ვინ დაგვიტოვა მისაბაძი მაგალითი? ბ) იესოს რომელ იგავს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

17 არაგონივრულია სიმდიდრეზე დაიმედება, რადგან ის არასაიმედოა. პატრიარქი იობი ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ სიმდიდრემ ვერ იხსნა იგი მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურებისგან; მან ყველაფერი თვალის დახამხამებაში დაკარგა. მას მხოლოდ ღმერთთან ახლო ურთიერთობამ აატანინა ეს უბედურება (იობი 1:1, 3, 20—22). აბრაამისთვის ქონების სიუხვეს ხელი არ შეუშლია იეჰოვასგან მიღებული რთული დავალების შესრულებაში, რის გამოც ის „მრავალი ერის მამად“ იქცა (დაბადება 12:1, 4; 17:4—6). კარგი იქნება, თუ მივბაძავთ ამ და სხვა ერთგულ მსახურებს. ახალგაზრდა ვართ თუ ხანდაზმული, საჭიროა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი, რათა დავინახოთ, რა არის ცხოვრებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რაზე ვამყარებთ იმედს (ეფესოელები 5:10; ფილიპელები 1:10).

18 მართლაც რომ მნიშვნელოვანი და პრაქტიკულია იესოს სიტყვები, რომლებიც სიხარბესა და ზოგადად ცხოვრების შესახებ სწორ თვალსაზრისს ეხება. მაგრამ იესოს მეტის თქმა სურდა, რის გამოც შემდეგ მან მსმენელებს დამაფიქრებელი იგავი მოუთხრო უგუნურ მდიდარზე. როგორ გვეხება ეს იგავი დღეს ჩვენ და რისი სწავლა შეგვიძლია აქედან? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.

[სქოლიო]

^ აბზ. 14 სიცოცხლედ ნათარგმნი სხვა ბერძნული სიტყვა „ბიოს“, ისეთი სიტყვების ფუძისეული ნაწილია, როგორიცაა „ბიოგრაფია“ და „ბიოლოგია“. „ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, სიტყვა „ბიოს“ ნიშნავს, როგორც „სიცოცხლის ხანგრძლივობას“, ისე „ცხოვრების წესსა“ თუ „საარსებო საშუალებებს“.

როგორ უპასუხებდით?

• რას გვასწავლის ის შემთხვევა, როცა იესომ ერთ კაცს თხოვნა არ შეუსრულა?

• რატომ და როგორ უნდა დავიცვათ თავი სიხარბისგან?

• რატომ არ არის სიცოცხლე ქონებაზე დამოკიდებული?

• რა ხდის ცხოვრებას ნამდვილად ღირებულსა და უსაფრთხოს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

რატომ არ შეუსრულა იესომ ერთ კაცს თხოვნა?

[სურათი 23 გვერდზე]

სიხარბეს სავალალო შედეგები მოაქვს

[სურათები 25 გვერდზე]

როგორ ცხადყო აბრაამმა, რომ ქონებაზე სწორი თვალსაზრისი ჰქონდა?