არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვასთვის მსახურება უდიდესი პატივია

იეჰოვასთვის მსახურება უდიდესი პატივია

ბიოგრაფია

იეჰოვასთვის მსახურება უდიდესი პატივია

მოგვითხრო ზერახ სტიგერსმა

მეუღლე, რომელიც ჩემთან ერთად ერთგულად მსახურობდა სრული დროით, 1938 წელს დამეღუპა. ათი წლის ბიჭისა და თოთო ბავშვის გაზრდა მარტოს მომიწია. მთელი გულით მინდოდა სრული დროით მსახურება, მაგრამ როგორ შევძლებდი ამას? სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, თავდაპირველად ნება მიბოძეთ, მოკლედ მოგიყვეთ, რა მოხდა მანამდე ჩემს ცხოვრებაში.

დავიბადე ალაბამას შტატში 1907 წლის 27 ივლისს, ცოტა ხანში მშობლებთან ერთად მე და ჩემი სამი და-ძმა ჯორჯიის შტატში გადავედით საცხოვრებლად. მალე ტენესიში გადავსახლდით, შემდეგ კი ტამპას (ფლორიდის შტატი) მახლობლად დავსახლდით. იქ ყოფნისას, 1916 წელს, ვნახე გახმოვანებული „შემოქმედების ფოტოდრამა“ მოძრავი კადრებით. კინემატოგრაფია ის-ის იყო ფეხს იდგამდა, ამიტომ, ყველამ სიამოვნებით ვუყურეთ „შემოქმედების ფოტოდრამას“.

ჩემი მშობლები დიდ ინტერესს ავლენდნენ „საგუშაგო კოშკისა“ და სხვა ბიბლიური ლიტერატურის მიმართ. მამა სიამოვნებით კითხულობდა ამ ლიტერატურას, მაგრამ მაშინ მას ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა ბიბლიის მკვლევარებთან (ასე ეწოდებოდათ იმ დროს იეჰოვას მოწმეებს). დედას ბავშვები კრების შეხვედრებზე დავყავდით. მას შემდეგ, რაც ნაილსში (მიჩიგანის შტატი) გადავედით, საუთ-ბენდში (ინდიანას შტატი) კრების შეხვედრებზე დასასწრებად რეგულარულად გვიწევდა მატარებლით 16 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა.

1924 წლის 22 ივლისს იეჰოვასთვის თავის მიძღვნის ნიშნად მოვინათლე. მალე დედამ ისე დაგეგმა ყველაფერი, რომ წიგნების დამტარებლად (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმე სრული დროით მსახურებს) დაეწყო მსახურება. დედისა და სხვა წიგნების დამტარებელთა კარგმა მაგალითმა ჩემშიც გააღვივა სრული დროით მსახურების სურვილი.

თანამსახურის პოვნა

1925 წელს, ინდიანაპოლისში (ინდიანას შტატი) ჩატარებულ დიდ კონგრესზე ჩიკაგოელი ჯეიმს სტიგერსი გავიცანი. ჯეიმსმა, როგორც იეჰოვას გულმოდგინე მსახურმა, მაშინვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ჩვენთვის ერთმანეთის ნახვა არც ისეთი იოლი იყო, რადგან ჩიკაგოდან დაახლოებით 160 კილომეტრში ვცხოვრობდი. მაშინ ჩიკაგოში მხოლოდ ერთი კრება იყო და შეხვედრები ერთი შენობის მეორე სართულზე ნაქირავებ ოთახში ტარდებოდა. ჯეიმსი ხშირად სულიერად გამამხნევებელ წერილებს მწერდა. 1926 წლის დეკემბერში დავქორწინდით და დაახლოებით ერთ წელიწადში პირველი შვილი, ედი, შეგვეძინა.

მალე მე და ჯეიმსმა პიონერად მსახურება დავიწყეთ. ჩვენ ვიმსახურეთ რვა შტატში — მიჩიგანსა და ლუიზიანაში, მისისიპსა და სამხრეთ დაკოაში, აიოვასა და ნებრასკაში, კალიფორნიასა და ილინოისიში; ეს ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. მაგრამ ჯეიმსის ავადმყოფობამ ერთად მსახურებით განცდილ სიხარულს წერტილი დაუსვა.

ჯეიმსის ავადმყოფობით გამოწვეული ფინანსური სიდუხჭირის გამო 1936 წელს ჩიკაგოში დაბრუნება მოგვიწია, სადაც ჩემს დედამთილთან ვცხოვრობდით; დედამთილიც იეჰოვას მოწმე მყავდა. ჯეიმსის ავადმყოფობის ბოლო პერიოდში მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად და კაფეტერიაში დღეში 1 დოლარად ვმუშაობდი. ჩემი საყვარელი დედამთილი საჭმელ-სასმელს არ გვაკლებდა და არც მის საფასურს გვახდევინებდა. ის საუკეთესოდ ზრუნავდა ჩვენზე.

ჯეიმსი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ავადმყოფობდა ენცეფალიტით (თავის ტვინის ანთება), რის შედეგადაც 1938 წლის ივლისში დაიღუპა. ავადმყოფობის დროს მას არ შეეძლო ავტომობილის მართვა და კარდაკარ მსახურებაში მონაწილეობა, მაგრამ ქადაგების შესაძლებლობას არასდროს უშვებდა ხელიდან. ოჯახი რომ მერჩინა, შევწყვიტე სრული დროით მსახურება. რამდენიმე სამუშაოს პოვნა შევძელი, მაგრამ დიდხანს არც ერთგან მიმუშავია.

ჩვენი ვაჟი, ბობი, 1938 წლის 30 ივლისს, მამის სიკვდილიდან 8 დღის შემდეგ, დაიბადა. დედამთილმა არ დამაწვინა სავადმყოფოში, სადაც უფასოდ მამშობიარებდნენ, მაგრამ ნაკლებად გამოცდილი მედპერსონალი ჰყავდათ. მან უკეთეს საავადმყოფოში მიმიყვანა და თავის მკურნალ ექიმს ჩამაბარა. უფრო მეტიც, მან დაფარა ხარჯები; ამ ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვიყავი.

ისევ სრული დროით მსახურება

სანამ ბობი 2 წლის გახდებოდა და ედი — 12-ის, დედამთილთან ვცხოვრობდი. მდგომარეობის შეცვლის გამო ცხოვრებაში ცვლილების მოხდენა მომიწია, მაგრამ კვლავაც ძლიერი სურვილი მქონდა, იეჰოვასთვის სრული დროით მემსახურა. 1940 წელს დეტროიტში (მიჩიგანის შტატი) გამართულ კონგრესზე გავიცანი ერთი პიონერი ცოლ-ქმარი, რომლებმაც წამახალისეს, სამხრეთ კაროლინაში პიონერად მემსახურა. ამიტომ, 150 დოლარად 1935 წელს გამოშვებული პონტიაკის მარკის მანქანა შევიძინე და იქ წასასვლელად მოვემზადე. 1941 წელს, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაება, მე და ჩემი ვაჟები ამერიკის სამხრეთ ნაწილში გადავედით; და იქ კვლავ დავიწყე სრული დროით მსახურება.

როდესაც სამხრეთ კაროლინაში ჩავედით, ჯერ კამდენში, შემდეგ ლიტელ-რივერში და ბოლოს კანვაიში დავსახლდით. კანვაიში პატარა ტრეილერი შევიძინე. ბენზინგასამართი სადგურის კეთილმა მეპატრონემ უფლება მომცა, მისი სადგურის გვერდით დამეყენებინა ტრეილერი, მესარგებლა ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიით და საპირფარეშოთიც კი. მეორე მსოფლიო ომის დროს მხოლოდ ტალონით შეიძლებოდა საწვავის ყიდვა, რის გამოც ვერ ვშოულობდი მას. ამიტომ ნახმარი ველოსიპედი ვიყიდე. 1943 წელს, როდესაც ვფიქრობდი, რომ უფულობის გამო ვერ შევძლებდი პიონერული მსახურების გაგრძელებას, სპეციალურ პიონერად დამნიშნეს; აუცილებელი ხარჯების დასაფარავად ყოველთვიურად ვიღებდი მცირეოდენ თანხას. წლების მანძილზე იეჰოვა უდიდეს დახმარებას მიწევდა!

მაშინ კანვაიში არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები, რის გამოც მე და ბავშვებს გვიჭირდა მარტო მსახურება. ამიტომ ფილიალს წერილობით მივმართე, რომ ამ მხარეში კიდევ ერთი სპეციალური პიონერი გამოეგზავნა; 1944 წელს იქ შესანიშნავი და ედიტ ვოლკერი გამოგზავნეს. ჩვენ ერთად სხვადასხვა ტერიტორიაზე 16 წელი ვიმსახურეთ. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ედიტს ოჰაიოში დაბრუნება მოუწია.

დაუვიწყარი კურთხევები

ის წლები სასიამოვნო მოგონებად დამრჩა; არასდროს დამავიწყდება 13 წლის ალბერტა, რომელიც კანვაიში ცხოვრობდა და ინვალიდ ბებიასა და ორ უმცროს ძმას უვლიდა. მას ძალიან შეუყვარდა ბიბლიური ჭეშმარიტება და სურდა, სხვებისთვისაც გაეზიარებინა ის. ალბერტას პიონერული მსახურებაც შეუყვარდა და საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1950 წელს, შემოგვიერთდა კიდეც ამ მსახურებაში. მას შემდეგ 57 წელზე მეტი გავიდა და ის დღემდე სრული დროით მსახურობს.

1951 წელს მე და ედიტი დროებით დაგვნიშნეს როკ-ჰილში (სამხრეთი კაროლინა), სადაც ძალიან ცოტა მოწმე ცხოვრობდა. მოგვიანებით ელბერტონში (ჯორჯიის შტატი) გადავედით და იქ სამი წელი ვიმსახურეთ. შემდეგ სამხრეთ კაროლინაში დავბრუნდით, სადაც მე 1945 წლიდან 1962 წლამდე დავრჩი. ვოლჰალეში გავიცანი სმენადაქვეითებული ხანდაზმული ქალბატონი, სახელად ნეტი. ის მარტო ცხოვრობდა. ბიბლიის შესწავლას ასე ვატარებდით, ის კითხულობდა აბზაცს, მე თითით მივუთითებდი ამ აბზაცის კითხვაზე, ის კი თითით აბზაცში პასუხს მიჩვენებდა.

როდესაც ის რამეს ვერ იგებდა, კითხვას მიწერდა და მეც იქვე ვუწერდი პასუხს. დროთა განმავლობაში ნეტისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება იმდენად ძვირფასი გახდა, რომ კრების შეხვედრებზე სიარული და კარდაკარ მსახურება დაიწყო. ის მარტო მიდიოდა კართან, მაგრამ მეც შორიახლოს, ქუჩის მეორე მხარეს ვიყავი, და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის ვეხმარებოდი.

ვოლჰალეში ჩემი ძველი მანქანა ისე გამოვიდა მწყობრიდან, რომ აღარაფერი ეშველებოდა. ამ დროს 100 დოლარად მანქანის ყიდვის შესაძლებლობა გამოჩნდა, მაგრამ ფული არ მქონდა. დავუკავშირდი ერთ მოწმეს, რომელსაც თავისი ბიზნესი ჰქონდა და 100 დოლარი გამოვართვი სესხად. ცოტა ხნის შემდეგ დისგან მოულოდნელი წერილი მივიღე, სადაც ის სიახლეს მწერდა — ჩემს და-ძმებს არც ისე დიდი ხნის წინ აღმოუჩენიათ, რომ მამას ბანკში ანგარიშზე ფული ჰქონია. მათ მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ ეს ფული ჩემთვის გამოეგზავნათ. თანხის რაოდენობა ზუსტად 100 დოლარი იყო.

შვილებთან ერთად პიონერად მსახურება

კარდაკარ მსახურებისას პატარა ედი და ბობი ყოველთვის თან მახლდნენ. დღევანდელთან შედარებით, მაშინ ნარკომანიისა და უზნეობის გავლენა ასეთი ძლიერი არ იყო. უბრალო ცხოვრება და მსახურების პირველ ადგილზე დაყენება დამეხმარა, თავიდან ამერიდებინა მრავალი პრობლემა, რომლებსაც დღეს მშობლები შვილების იეჰოვას მსახურებად აღზრდისას აწყდებიან.

ედიმ კამდენში რვა კლასის დამთავრების შემდეგ პიონერად მსახურება მოისურვა ჩემთან ერთად. ჩვენ რამდენიმე წელი ერთად ვიმსახურეთ. შემდეგ მას გაუჩნდა სურვილი, ბრუკლინში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში ემსახურა; მან იქ 1947 წლიდან 1957 წლამდე იმსახურა. 1958 წელს ის დაქორწინდა ალბერტაზე, რომელსაც ადრე ბიბლიას ვასწავლიდი და მათ ერთად დაიწყეს პიონერებად მსახურება. რა სასიხარულო იყო, როდესაც 2004 წელს სამივე ერთად ვესწრებოდით პიონერული მსახურების სკოლას!

მახსოვს, მრავალი წლის წინ როგორ სთხოვდა პატარა ბობი იეჰოვას ლოცვაში, იმდენი საწვავი მეშოვნა, რომ დანიშნულ დროს ყოველთვის მივსულიყავით ბიბლიის შესწავლებზე. ბობს ძალიან უყვარდა მსახურება; ის რამდენიმე წელი პიონერად მსახურობდა. სამწუხაროდ, ბობის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 1970 წელს მან დაახლოებით ორი წლის მოყვანილი ცოლი დაკარგა, რომელიც ტყუპების მშობიარობას გადაყვა; ვერც ბავშვები გადაარჩინეს. მე და ბობი ყოველთვის ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით და ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა.

კვლავაც პიონერად ვმსახურობ!

1962 წელს დამნიშნეს ლამბერტონის (ჩრდილოეთი კაროლინა) კრებაში, სადაც დღემდე, უკვე 45 წელია, ვმსახურობ. დაახლოებით 84 წლამდე შემეძლო მანქანის ტარება. ახლა კი ჩემს მეზობლად მცხოვრებ მოწმეების ერთ ოჯახს დავყავარ კრების შეხვედრებზე და მსახურებაში.

მაქვს ინვალიდის სავარძელი და სიარულში დამხმარე სპეციალური მოწყობილობა, მაგრამ არც ერთს არ ვიყენებ, რადგან მათ გარეშეც კარგად დავდივარ. მადლობელი ვარ იეჰოვასი ასეთი არაჩვეულებრივი ჯანმრთელობისთვის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბოლო დროს ოდნავ თვალთ დამაკლდა. თუ ძალიან ცუდად არ ვგრძნობ თავს, არასდროს ვაცდენ კრების შეხვედრებს; კვლავ პიონერად ვმსახურობ, მაგრამ, როგორც ხანდაზმულს, დადგენილი საათების ნორმა შემიმცირდა.

დღეს, პიონერულ მსახურებაში 70 წელზე მეტი ხნის გატარების შემდეგ, შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე იეჰოვა მეხმარებოდა *. ვიცი, არასდროს ვყოფილვარ ძალიან განათლებული ან საქმეში მკვირცხლი, მაგრამ იეჰოვამ იცის, რა შემიძლია და რა — არა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ იეჰოვა ხედავს ჩემს მცდელობას და მიყენებს.

ვფიქრობ, რომ იეჰოვასთვის მაქსიმალურად დახარჯვა მნიშვნელოვანია, რადგან თუკი რამ გვაქვს, მისგან გვაქვს. სანამ შემეძლება, პიონერად ვიმსახურებ. ეს მართლაც დიდი პატივია! ვლოცულობ, რომ იეჰოვამ მთელი მარადიულობის განმავლობაში გამომიყენოს.

[სქოლიო]

^ აბზ. 30 და სტიგერსმა 2007 წლის 20 აპრილს, ასი წლის შესრულებამდე სამი თვით ადრე, დაასრულა მიწიერი ცხოვრება. ჩვენთვის გამამხნევებელია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ის ასე ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს, და გვიხარია, რომ მან ზეციერი ჯილდო მიიღო.

[სურათი 13 გვერდზე]

ავტომობილი, რომლითაც მე და ჩემი მეუღლე მსახურებაში დავდიოდით

[სურათი 14 გვერდზე]

შვილებთან ერთად 1941 წელს

[სურათი 15 გვერდზე]

ახლახან ედისთან და ბობთან