არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გხიბლავთ ქმნილება? აღიარეთ შემოქმედი!

გხიბლავთ ქმნილება? აღიარეთ შემოქმედი!

გხიბლავთ ქმნილება? აღიარეთ შემოქმედი!

ალბათ, გსმენიათ იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის, მიქელანჯელოს შესახებ. შეიძლება არ გინახავთ მისი ნამუშევრების ორიგინალი, მაგრამ ალბათ დაეთანხმებით ერთ ხელოვნებათმცოდნეს, რომელმაც ამ იტალიელ გენიოსს „შესანიშნავი და უბადლო ხელოვანი“ უწოდა. მიქელანჯელო მართლაც უნიჭიერესი ხელოვანი იყო. შესაძლებელია, რომ გხიბლავდეთ მისი ნამუშევრები და, ამავე დროს, არ აღიარებდეთ მას, როგორც უნიჭიერეს ხელოვანს?!

ახლა დაფიქრდით ცოცხალი ორგანიზმების რთულ აგებულებასა და მრავალგვარობაზე. ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ ციტირებული იყო ბიოლოგიის ერთი პროფესორის სიტყვები: „ცოცხალი ორგანიზმები ცხადყოფენ, რომ ისინი ჩანაფიქრის შედეგი არიან . . . ჩვენ გარშემო უამრავი ასეთი ქმნილებაა“. რამდენად გონივრულია, მოიხიბლო ქმნილებით, მაგრამ არ აღიარო შემქმნელი?

პავლე მოციქული, რომელიც აკვირდებოდა შემოქმედებას, ლაპარაკობდა ადამიანებზე, რომლებიც ‘პატივს მიაგებენ და წმინდა მსახურებას უსრულებენ ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად’ (რომაელები 1:25). ევოლუციური თეორიის გავლენაში მოქცეული ადამიანები უარყოფენ ან არ აღიარებენ, რომ ქმნილებას უნდა ჰყავდეს შემქმნელი. მაგრამ არის ევოლუციური თეორია მეცნიერულად დასაბუთებული? ყურადღება მიაქციეთ, ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ რა დასკვნას აკეთებს ვენის კათოლიკე არქიეპისკოპოსი კრისტოფ შონბორნი: „ნებისმიერი თეორია, რომელიც უარყოფს ან უგულებელყოფს იმას, რომ ცოცხალი ორგანიზმები ჩანაფიქრის შედეგია, იდეოლოგიაა და არა მეცნიერება“.

დაასამარებს მეცნიერებას შემოქმედის აღიარება?

ზოგიერთი ფიქრობს, რომ შემოქმედის აღიარება შეაფერხებს მეცნიერულ პროგრესს. ამის შესახებ ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“ ეწერა: «მეცნიერებას, რომელსაც შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს, გადაულახავ დაბრკოლებად ექცეოდა ისეთი ახსნა, როგორიცაა „შემოქმედმა შექმნა“». გამართლებულია ასეთი შიში? სრულებითაც არა. მოდი გავიგოთ, რატომ.

თუ სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობას ბრმა შემთხვევითობასა და ევოლუციას მივაწერთ, ლოგიკური ახსნის ნებისმიერ მცდელობას აზრი დაეკარგება. მაგრამ, თუ ქმნილებათა მიღმა ბრძენ შემოქმედს დავინახავთ, ეს დაგვეხმარება, გამოვიკვლიოთ სამყარო და ის სიბრძნე, რომელიც შემოქმედებაში ჩანს. მაგალითად, ხელოვნებათმცოდნეებმა იციან, რომ „მონა ლიზა“ ლეონარდო და ვინჩიმ დახატა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ, რომ გამოიკვლიონ, როგორ და რა მასალითაა ის შესრულებული. მსგავსად ამისა, ჩვენც არ შეგვიშლის ხელს შემოქმედის აღიარება, რომ დაწვრილებით გამოვიკვლიოთ მისი ქმნილებები.

ბიბლია არ გვიკრძალავს კვლევას, პირიქით, მოგვიწოდებს, რომ ვეძებოთ პასუხები მეცნიერულ და სულიერ საკითხებზე. ისრაელის მეფე დავითი ხშირად ფიქრობდა თავის საოცრად შექმნილ სხეულზე. ის ამბობდა: „შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი. საოცარია შენი საქმეები და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა“ (ფსალმუნი 139:14). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ერთხელ შემოქმედმა იობს ჰკითხა: „ჩასწვდომიხარ დედამიწის ვეება სივრცეებს?“ (იობი 38:18). ეს მუხლი ნამდვილად არ მიუთითებს კვლევა-ძიების აკრძალვაზე. პირიქით, შემოქმედმა მოუწოდა იობს, გამოეკვლია მისი შემოქმედება. წინასწარმეტყველი ესაიაც გვირჩევს, რომ მეტი გავიგოთ შემოქმედის შესახებ: „მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი?“ ესაიას 40:26 მოგვაგონებს აინშტაინის ცნობილ ფორმულას E=mc2. ეს მუხლი ადასტურებს, რომ სამყარო დინამიკური ენერგიისა და ძალის წყალობით შეიქმნა.

ფაქტია, რომ შემოქმედებასთან დაკავშირებით წამოჭრილ კითხვებზე პასუხების მიღება ყოველთვის ადვილი არ არის. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს საზღვარი აქვს და ბოლომდე ვერ ვწვდებით სამყაროს. იობს ეს კარგად ესმოდა. ის განადიდებდა შემოქმედს, რომლის ძალითაც ჩვენი პლანეტა და წყლით სავსე ღრუბლები სივრცეში არაფერზე ჰკიდია (იობი 26:7—9). მაგრამ იობი ხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ ‘შემოქმედის გზების კიდეებია’ (იობი 26:14). მას უეჭველად ენდომებოდა, მეტი გაეგო სამყაროს შესახებ. დავითიც აღიარებდა თავის შეზღუდულ შესაძლებლობებს: „ასეთი ცოდნა მეტისმეტად გასაოცარია ჩემთვის; იმდენად მაღლაა, რომ ვერ ვწვდები“ (ფსალმუნი 139:6).

შემოქმედის აღიარება ხელს არ უშლის მეცნიერულ პროგრესს. სამყაროსა და სულიერი საკითხების კვლევა უსასრულოდ გაგრძელდება. ძველად ერთმა მეფემ, რომელიც დიდი სიბრძნით გამოირჩეოდა, მოკრძალებით აღნიშნა: „მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა“ (ეკლესიასტე 3:11).

„ღმერთი გამოუვალი მდგომარეობისთვის“?

ზოგის აზრით, ღმერთი „გამოსავალია“ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მეცნიერულად რაიმეს დასაბუთება არ შეუძლიათ. ასეთი შემოქმედი ხდება „ღმერთი გამოუვალი მდგომარეობისთვის“, თითქოს „ღმერთი“ ჯადოსნური სიტყვა იყოს, რომელიც მაშინ გამოიყენება, როდესაც რაღაცის ახსნა შეუძლებელია. მაგრამ რას ნიშნავს „გამოუვალი მდგომარეობა“? მიანიშნებს ეს უმნიშვნელო გაურკვევლობაზე? არა, ეს არის ის დიდი გაურკვევლობა, რომელიც დარვინის ევოლუციურ თეორიაში არსებობს. ამაში იგულისხმება ის გაურკვეველი საკითხები, რომლებსაც ევოლუციური თეორია ვერანაირად ვერ ხსნის. სინამდვილეში კი ევოლუციონისტებმა დაუსაბუთებელი მტკიცებებით თავად გახადეს დარვინის თეორია „ღმერთი გამოუვალი მდგომარეობისთვის“.

ბიბლია არ ახასიათებს შემოქმედს, როგორც „ღმერთს გამოუვალი მდგომარეობისთვის“. პირიქით, მასში ნათქვამია, რომ მთელი სამყარო თანამიმდევრულად შეიქმნა ღვთის ხელით. ფსალმუნმომღერალმა ხაზი გაუსვა ამ აზრს: „შენა ხარ ყოველი სიცოცხლის წყარო და შენი სინათლით ვხედავთ ნათელს“ (ფსალმუნი 36:9, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“). სწორედ მან შექმნა „ცა და დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია“ (საქმეები 4:24; 14:15; 17:24). ამიტომ უწოდა მას პირველი საუკუნის ერთ-ერთმა მოძღვარმა „ყოვლის შემქმნელი ღმერთი“ (ეფესოელები 3:9).

ღმერთმა დაადგინა „წესები ზეცაში“ ანუ ფიზიკური კანონები, რომელთაც მატერია და ენერგია ემორჩილება და რომელთაც მეცნიერები დღემდე იკვლევენ (იობი 38:33). მან ყველაფერი სრულყოფილად და მიზანმიმართულად შექმნა, რითაც შესაძლებელი გახადა, რომ დედამიწა საოცრად მრავალფეროვანი ცოცხალი არსებებით დასახლებულიყო.

ქმნილება და საღი აზრი

ბოლოს ვისაუბროთ, თუ რას გვკარნახობს საღი აზრი. მწერალმა ჯონ ჰორგანმა სხვადასხვა მეცნიერული თეორიის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას აღნიშნა: „თუ დასაბუთებული მტკიცება არ გაგვაჩნია, საღი აზრით ხელმძღვანელობა არ უნდა გვეთაკილებოდეს“.

რამდენად გონივრულია, ვამტკიცოთ, რომ სიცოცხლე ბრმა შემთხვევითობის წყალობით წარმოიშვა? ევოლუციის თეორიის პოპულარობის მიუხედავად, ბევრი მოაზროვნე ადამიანი, მათ შორის მრავალი მეცნიერი, დარწმუნებულია, რომ არსებობს ბრძენი შემოქმედი. ერთი პროფესორის აზრით, საზოგადოების „ძირითადი ნაწილი ფიქრობს, რომ სიცოცხლე გონივრული ჩანაფიქრის შედეგია“. რატომ ფიქრობენ ასე? უმეტესობა დაეთანხმებოდა პავლე მოციქულის სიტყვებს: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია“ (ებრაელები 3:4). შემდეგ პავლე ლოგიკურ დასკვნას აკეთებს: „ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“. როგორც ბიბლიიდან ჩანს, უაზრობაა იმის თქმა, რომ სახლს დამპროექტებელი და მშენებელი სჭირდება და, ამავე დროს, იმის მტკიცება, რომ რთული აგებულების უჯრედი შემთხვევით წარმოიქმნა.

იმ ადამიანებზე, რომლებიც განზრახ უარყოფენ შემოქმედის არსებობას, ბიბლია ამბობს: «უგუნური გულში ამბობს: „არ არსებობს იეჰოვა“» (ფსალმუნი 14:1). ამ სიტყვებით ფსალმუნმომღერალი შეაგონებს მათ, ვინც არ არის დარწმუნებული შემოქმედის არსებობაში. ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად შეაფასოს მოვლენები, ზოგი თავის შეხედულებას იცავს. თუმცა გონიერი და გამჭრიახი ადამიანი თავმდაბლურად აღიარებს შემოქმედის არსებობას (ესაია 45:18).

მრავალი მოაზროვნე ადამიანისთვის არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცება, რომ დიდებული შემოქმედის არსებობაში დარწმუნდნენ.

თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ შემოქმედი

თუ ვფიქრობთ, რომ გონივრული ჩანაფიქრის შედეგად გავჩნდით, იბადება კითხვა: რატომ ვარსებობთ? რა არის სიცოცხლის აზრი? მეცნიერებას არ შეუძლია ამ კითხვებზე სრული პასუხების გაცემა. თუმცა ეს მნიშვნელოვანი კითხვები სარწმუნო და დამაჯერებელ პასუხებს მოითხოვს. ამაში ბიბლია დაგვეხმარება. მასში წერია, რომ იეჰოვა არა მხოლოდ შემოქმედია, არამედ განზრახვების ღმერთიცაა, რომელიც მიზანდასახულად მოქმედებს. ბიბლიიდან ვიგებთ, რა განზრახვა აქვს ღმერთს ადამიანებისთვის და რა იმედსა და მომავალს აღუთქვამს მათ.

და მაინც, ვინ არის იეჰოვა? როგორი ღმერთია? იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან, რომ გაიცნოთ დიდებული შემოქმედი როგორც რეალური პიროვნება. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ღვთის სახელის მნიშვნელობის, მისი თვისებებისა და ადამიანებისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ. ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, იმასაც გაიგებთ, რომ არა მარტო უნდა გვხიბლავდეს მისი საუცხოო ქმნილებები, არამედ უნდა განვადიდებდეთ კიდეც მას როგორც შემოქმედს (ფსალმუნი 86:12; გამოცხადება 4:11).

[სურათი 4 გვერდზე]

მიქელანჯელო

[სურათები 5 გვერდზე]

შემოქმედის აღიარება არ ეწინააღმდეგება მეცნიერებას

[სურათი 6 გვერდზე]

მრავალფეროვნება და ადაპტაციის უნარი ცხადყოფს, რომ ყველაფერი გონივრული ჩანაფიქრის შედეგად შეიქმნა

[სურათები 7 გვერდზე]

ქმნილება შემოქმედის არსებობაზე მეტყველებს