არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„დიდი საჩუქარი“ პოლონელებს

„დიდი საჩუქარი“ პოლონელებს

„დიდი საჩუქარი“ პოლონელებს

ჰერცოგმა ალბრეხტ ბრანდენბურგელმა 1525 წლის 6 ივლისს ლუთერანიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. პრუსიის საჰერცოგო, იმ დროისთვის პოლონეთის სამეფოს საფეოდალო, პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც ოფიციალურად მიიღო მარტინ ლუთერის სწავლებები.

ალბრეხტს უნდოდა აღმოსავლეთ პრუსიის დედაქალაქი კენიგსბერგი პროტესტანტიზმის ცენტრად ექცია. მან უნივერსიტეტი დააარსა იქ და ხელს უწყობდა რამდენიმე ენაზე ლუთერანული ლიტერატურის გამოცემას. 1544 წელს ჰერცოგმა გასცა განკარგულება, რომ მის საფეოდალოში მცხოვრები პოლონელებისთვის მშობლიურ ენაზე წაეკითხათ წმინდა წერილები. მაგრამ მაშინ პოლონურ ენაზე ბიბლია არ არსებობდა.

უბრალო ენით შესრულებული თარგმანი

ალბრეხტი ისეთი ადამიანის ძებნას შეუდგა, ვინც შეძლებდა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების პოლონურ ენაზე გამოცემას. დაახლოებით 1550 წელს მან ამ საქმისთვის დაიქირავა იან სეკლუციანი, რომელიც მწერალი, წიგნებით მოვაჭრე და მბეჭდავი იყო. მას დამთავრებული ჰქონდა ლაიფციგის უნივერსიტეტი და ცნობილი იყო როგორც პროტესტანტული იდეების გამავრცელებელი, რითაც კათოლიკური ეკლესიის რისხვას იწვევდა. რამდენიმე წლით ადრე ის კენიგსბერგში გაიქცა, რათა რელიგიური შეხედულებების გავრცელების გამო არ გაესამართლებინათ.

იან სეკლუციანი მთელი ენთუზიაზმით შეუდგა პოლონურ ენაზე ბიბლიის გამოცემას. დავალების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ მან მათეს სახარების პირველი ეგზემპლარები გამოსცა. ამ გამოცემას დართული ჰქონდა ვრცელი კომენტარები და მარგინალური შენიშვნები ალტერნატიული ვარიანტებით. ცოტა ხნის შემდეგ სეკლუციანი ხელმძღვანელობდა გამოცემას, რომელშიც შედიოდა ოთხივე სახარება. სულ რაღაც სამ წელიწადში მან სრულად გამოსცა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები.

აზრის ზუსტად გადმოსაცემად მთარგმნელმა ბერძნული ტექსტი გამოიყენა. 1551 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ ლათინურ თარგმანთან ერთად „გამოყენებული იყო სხვა ენებზე შესრულებული თარგმანებიც“. თავის წიგნში „პოლონური ენა XVI საუკუნეში“ სტანისლავ როსპონდი ამ თარგმანის შესახებ ამბობს, რომ ის „შესანიშნავია და თავისუფლად იკითხება“. მთარგმნელს არ დასჭირდა „მაღალფარდოვანი ენის გამოყენება“. როსპონდის აზრით, მთარგმნელი ცდილობდა ნაშრომი უბრალო, სამეტყველო ენაზე შეესრულებინა.

მართალია ამ საქმეს სეკლუციანი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ფაქტები ცხადყოფს, რომ ის მთარგმნელი არ იყო. მაშ, ვინ გააკეთა ეს შესანიშნავი თარგმანი? დაახლოებით 20 წლის სტანისლავ მურჟინოვსკიმ, რომელიც სეკლუციანმა ამ რთული საქმისთვის დაიქირავა.

მურჟინოვსკი სოფელში დაიბადა; როცა წამოიზარდა, მამამ ის კენიგსბერგში გაგზავნა ბერძნული და ებრაული ენების შესასწავლად. მოგვიანებით მურჟინოვსკიმ გერმანიაში, ვიტენბერგის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, სადაც, შესაძლოა, მარტინ ლუთერი გაიცნო. ის ესწრებოდა ფილიპ მელანქთონის ლექციებს და სწორედ მისი დახმარებით შეისწავლა ბერძნული და ებრაული ენები. მას შემდეგ, რაც იტალიაში დაასრულა სწავლა-განათლება, მურჟინოვსკი დაბრუნდა კენიგსბერგში და ჰერცოგ ალბრეხტს თავისი სამსახური შესთავაზა.

„მურჟინოვსკი გულმოდგინედ და ეფექტურად მუშაობდა, მაგრამ ცდილობდა ყურადღება არ მიექცია; ის არ ისწრაფოდა დიდებისკენ და არ ითხოვდა, რომ თარგმანის თავფურცელზე მისი სახელი დაწერილიყო“, — წერს მარია კოსოვსკა თავის წიგნში „ბიბლია პოლონურ ენაზე“. ეს ახალგაზრდა კაცი საკუთარ თავზე წერდა: „არც ლათინურად ვწერ კარგად და არც პოლონურად“. მიუხედავად ამისა, მურჟინოვსკიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომ ღვთის სიტყვა ხელმისაწვდომი ყოფილიყო პოლონელებისთვის. მისმა თანამშრომელმა სეკლუციანმა ამ ერთობლივ ნაშრომს უწოდა „დიდი საჩუქარი“ პოლონელებისთვის.

ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი

პოლონურ ენაზე ბიბლიის ამ პირველ თარგმანს სხვა თარგმანებიც მოჰყვა. 1994 წელს პოლონურ ენაზე გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, 1997 წელს კი — „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. მთარგმნელები, რომლებიც ყურადღებას არ ამახვილებდნენ საკუთარ თავზე, ცდილობდნენ ღვთის სიტყვა ზუსტად და თანამედროვე ენით გადმოეცათ, და არა XVI საუკუნის ენით.

დღეს ბიბლია სრულად ან ნაწილობრივ ხელმისაწვდომია დაახლოებით 2 400 ენაზე. თუ გაქვთ ღვთის სიტყვის ზუსტი თარგმანი მშობლიურ ენაზე, ეს ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარია; ეს არის ძღვენი, რომელიც იეჰოვა ღმერთმა სახელმძღვანელოდ მოგვცა (2 ტიმოთე 3:15—17).

[სურათი 20 გვერდზე]

მემორიალური ქვა, რომელიც ეკუთვნის პოლონურ ენაზე „ახალი აღთქმის“ მთარგმნელს, სტანისლავ მურჟინოვსკის

[სურათი 21 გვერდზე]

მათეს სახარების მე-3 თავი, რომელიც თარგმნა სტანისლავ მურჟინოვსკიმ

[საავტორო უფლება]

Dzięki uprzejmości Towarzystwa Naukowego Płockiego