არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘იეჰოვა გამომცადე’

‘იეჰოვა გამომცადე’

‘იეჰოვა გამომცადე’

„იეჰოვა გულების შემმოწმებელია“ (იგავები 17:3). ეს ძალიან დამამშვიდებელი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ გარეგნული ფაქტორებით განსჯიან, ჩვენი ზეციერი მამა „გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7).

სინამდვილეში, ჩვენც კი არ შეგვიძლია ბოლომდე ჩავწვდეთ, რა მოტივები გვაქვს გულის სიღრმეში და რა გვამოძრავებს. „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ მხოლოდ ღმერთს შეუძლია მისი შეცნობა. ის ამბობს: „მე, იეჰოვა, ვიკვლევ გულს და ვამოწმებ თირკმელებს“ (იერემია 17:9, 10). მართლაც, იეჰოვა იკვლევს „გულს“, ანუ ჩვენს შინაგან აღძვრებს, და „თირკმელებს“, ანუ ღრმა აზრებსა და ემოციებს.

რატომ იცდებიან ქრისტიანები?

მეფე დავითმა იცოდა, რომ ღმერთს შეეძლო საუკეთესოდ შეეფასებინა ადამიანები, ამიტომ სთხოვა: „შემამოწმე, იეჰოვა, და გამომცადე, განმიწმინდე თირკმელები და გული“ (ფსალმუნი 26:2). იმდენად სუფთა იყო დავითი სიტყვასა და საქმეში, რომ გამოცდის დროს იეჰოვა ნაკლს ვერ უპოვიდა? ცხადია, არა. დავითი ჩვენსავით არასრულყოფილი იყო და ბოლომდე ვერ დაიცავდა ღვთის ნორმებს. სისუსტეების გამო დავითმა სერიოზული შეცდომები დაუშვა, თუმცა ‘სუფთა გულით დადიოდა’ (1 მეფეები 9:4). რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ მან მიიღო შეგონება და გამოსწორდა. ამით დავითმა ცხადყო, რომ მართლა უყვარდა იეჰოვა. ის ღვთის ერთგული იყო ბოლომდე.

რის თქმა შეიძლება ჩვენზე? იეჰოვამ იცის, რომ არასრულყოფილები ვართ და შეიძლება შევცოდოთ სიტყვითა და საქმით. მას შეუძლია მომავლის განჭვრეტა, მაგრამ ის ჩვენს ცხოვრებას წინასწარ არ საზღვრავს. ღმერთმა ნების თავისუფლებით შეგვქმნა; ის არ ხელყოფს ჩვენი არჩევანის თავისუფლებას, რომლითაც დაგვასაჩუქრა.

მიუხედავად ამისა, იეჰოვამ შეიძლება გარკვეულწილად გამოგვცადოს. მან შეიძლება ჩვენი გულის მდგომარეობის გამჟღავნების შესაძლებლობა მოგვცეს ან დაუშვას, რომ სხვადასხვა ვითარებაში ან სხვადასხვა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ, რათა გაირკვეს, რა გვამოძრავებს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, იეჰოვას ერთგულება დავუმტკიცოთ. იეჰოვას მიერ დაშვებული გამოცდები ცხადყოფს, რამდენად ძლიერი რწმენა გვაქვს და ვართ თუ არა ‘სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და უნაკლონი’ (იაკობი 1:2—4).

რწმენის გამოცდა ძველად

იეჰოვას მსახურთა რწმენა და მოტივები ადრეც იცდებოდა. განვიხილოთ პატრიარქ აბრაამის შემთხვევა. „ჭეშმარიტმა ღმერთმა გამოსცადა აბრაამი“ (დაბადება 22:1). ამ სიტყვების დაწერამდე ღმერთს მისი რწმენა უკვე გამოცდილი ჰქონდა. ათწლეულებით ადრე იეჰოვამ უთხრა აბრაამს, ოჯახთან ერთად მიეტოვებინა აყვავებული ქალაქი ური და უცნობ მიწაზე წასულიყო (დაბადება 11:31; საქმეები 7:2—4). ურში მას საკუთარი სახლი ჰქონდა, ქანაანში კი ათობით წელი კარვებში ცხოვრობდა (ებრაელები 11:9). აბრაამსა და მის ოჯახს მომთაბარე ცხოვრების გამო სხვადასხვა საფრთხე ემუქრებოდათ, მაგალითად შიმშილი, შეიარაღებული ბრბოსგან და იქაური წარმართი მმართველებისგან თავდასხმა. მთელი ამ ხნის მანძილზე აბრაამმა სხვადასხვა გამოცდა აიტანა და დაამტკიცა, რომ ძლიერი რწმენა ჰქონდა.

შემდეგ იეჰოვამ აბრაამი უფრო დიდი გამოცდის წინაშე დააყენა. მან უთხრა: „წაიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან გიყვარს, ისაკი . . . და აღავლინე იგი დასაწვავ შესაწირავად“ (დაბადება 22:2). აბრაამისთვის ისაკი გამორჩეული, ერთადერთი ვაჟი იყო, რომელიც სარასთან შეეძინა. ისაკი აღთქმული შვილი იყო. ღვთის დანაპირების თანახმად, სწორედ მისი მეშვეობით დაიმკვიდრებდა ქანაანის მიწას აბრაამის შთამომავლობა, რომელიც ბევრისთვის კურთხევა გახდებოდა. აბრაამისთვის ისაკი დაპირებული ვაჟი იყო, რომელიც ღვთის სასწაულის შედეგად დაიბადა (დაბადება 15:2—4, 7).

წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა აბრაამისთვის ამ მითითების მიღება. ნუთუ მოითხოვდა იეჰოვა ადამიანის შეწირვას? ნუთუ იმიტომ გაახარა იეჰოვამ აბრაამი სიბერის შვილით, რომ ახლა მისი შეწირვა მოეთხოვა? *

ამ კითხვებზე აბრაამს ნათელი პასუხები არ ჰქონდა, მაგრამ ის მაშინვე დაემორჩილა ღმერთს. მას სამი დღე დასჭირდა, რომ ღვთის მითითებულ მთაზე ასულიყო. იქ მან ააგო სამსხვერპლო და ზედ შეშა დააწყო. დადგა გამოცდის კულმინაციური მომენტი. აბრაამმა აიღო დანა, მაგრამ სანამ შვილს მოკლავდა, იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით შეაჩერა და უთხრა: „ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ, ვინაიდან არ დაგენანა ჩემთვის ერთადერთი ვაჟი“ (დაბადება 22:3, 11, 12). წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა აბრაამს ამ სიტყვების მოსმენა! აბრაამის რწმენაზე იეჰოვას წარმოდგენა გამართლდა (დაბადება 15:5, 6). ისაკის ნაცვლად, აბრაამმა ღმერთს ვერძი შესწირა. შემდეგ იეჰოვამ გაუმეორა მას შთამომავლის შესახებ შეთანხმება. გასაგებია, რატომ ეწოდა აბრაამს იეჰოვას მეგობარი (დაბადება 22:13—18; იაკობი 2:21—23).

ჩვენი რწმენაც იცდება

ყველას კარგად გვესმის, რომ ღვთის მსახურები გამოცდებს ვერ გავექცევით. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში გამოცდა შეიძლება იყოს ის, რასაც იეჰოვა უშვებს და არა ის, რის გაკეთებასაც გვავალებს.

მოციქული პავლე წერდა: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). ასეთ დევნას შეიძლება შევხვდეთ კლასელებისგან, მეგობრებისგან, ნათესავებისგან, მეზობლებისგან ან ხელისუფლების დეზინფორმირებული წარმომადგენლებისგან. ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, ან სამსახურთან დაკავშირებით პრობლემების შექმნა. სხვა ადამიანების მსგავსად, ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ხდებიან ავად, განიცდიან იმედგაცრუებას და აწყდებიან უსამართლობას. ეს განსაცდელები სცდის მათ რწმენას.

მოციქული პეტრე ყურადღებას ამახვილებდა რწმენის გამოცდის დადებით მხარეებზე. მან თქვა: „ცოტა ხნით უნდა დამწუხრდეთ კიდეც სხვადასხვა განსაცდელის გამო, რათა ასე გამონაცადი რწმენა, ბევრად ძვირფასი ოქროზე, რომელიც ცეცხლშია გამობრძმედილი, მაგრამ მაინც ისპობა, ქების, დიდებისა და პატივის მიზეზი იყოს იესო ქრისტეს გამოცხადებისას“ (1 პეტრე 1:6, 7). განსაცდელები ცეცხლში ოქროს გაწმენდას ჰგავს. ამ დროს მას მინარევები სცილდება. მსგავსი რამ ხდება, როცა განსაცდელები ჩვენს რწმენას სცდის.

მაგალითად, უბედური შემთხვევის ან სტიქიური უბედურების გამო შეიძლება განსაცდელში აღმოვჩნდეთ. თუმცა, ვისაც ჭეშმარიტი რწმენა აქვს, სასოწარკვეთილებას არ მიეცემა. ჩვენ ნუგეშს ვპოულობთ იეჰოვას სიტყვებში: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5). ჩვენ კვლავაც სულიერ საკითხებს ვაყენებთ პირველ ადგილზე და გვჯერა, რომ იეჰოვა ღმერთი აკურთხებს ჩვენს მცდელობას, გვქონდეს აუცილებელი. რწმენა გვეხმარება, გავუძლოთ რთულ პერიოდებს და მოვერიდოთ ზედმეტ წუხილს, რაც მდგომარეობას უფრო გაგვირთულებდა.

განსაცდელებს შეუძლია გამოააშკარაოს ჩვენი რწმენის ნაკლოვანებები; თუ დავინახავთ გამოსწორების აუცილებლობას, მათ სიკეთის მოტანაც შეუძლიათ. კარგი იქნება, თუ ადამიანი დაფიქრდება: „როგორ შემიძლია რწმენის გაძლიერება? ხომ არ მჭირდება, უფრო მეტი დრო ღვთის სიტყვის შესწავლისა და ნასწავლზე დაფიქრებისთვის? ვესწრები კრების ყველა შეხვედრას? ვარ საკუთარ თავზე დანდობილი, მაშინ როცა იეჰოვას უნდა მივანდო ყველა ჩემი საწუხარი?“ საკუთარი თავის ამგვარად შემოწმება მხოლოდ დასაწყისია.

ძლიერი რწმენა რომ გვქონდეს, უნდა გავიძლიეროთ სულიერი საზრდოს მიღების სურვილი და განვივითაროთ „წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი სწრაფვა“ (1 პეტრე 2:2; ებრაელები 5:12—14). ჩვენ უნდა დავემსგავსოთ ისეთ ადამიანს, რომელზეც ფსალმუნმომღერალი წერდა: „იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას და კითხულობს მის კანონს დღედაღამ“ (ფსალმუნი 1:2).

თუმცა მხოლოდ ბიბლიის კითხვა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ღვთის სიტყვაზე და მისი რჩევები გამოვიყენოთ (იაკობი 1:22—25). შედეგად, მეტად შეგვიყვარდება ღმერთი, ჩვენი ლოცვები უფრო კონკრეტული და გულწრფელი იქნება და რწმენაც გაგვიძლიერდება.

გამონაცადი რწმენის ფასი

იმის ცოდნა, რომ ღვთის მოწონების მისაღებად რწმენა აუცილებელია, აღგვძრავს გავიძლიეროთ ის. ბიბლია შეგვახსენებს: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6). ამიტომ ჩვენც უნდა ვითხოვოთ იმ კაცის მსგავსად, რომელმაც სთხოვა იესოს: „დამეხმარე იმაში, რაშიც რწმენა მაკლია!“ (მარკოზი 9:24).

ჩვენი რწმენის გამოცდები შეიძლება სხვებსაც დაეხმაროს. მაგალითად, როცა ქრისტიანს საყვარელი ადამიანი უკვდება, ღვთის დაპირებული აღდგომის შესახებ ძლიერი რწმენა ძალას მისცემს. ის გლოვობს, მაგრამ ‘არ წუხს დანარჩენებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ’ (1 თესალონიკელები 4:13, 14). ვინც ხედავს, როგორ ეხმარება რწმენა ქრისტიანს, შეიძლება მიხვდეს, რომ ეს ქრისტიანი ძვირფას განძს ფლობს. ამან შეიძლება აღძრას ის, რომ მსგავსი რწმენა ჰქონდეს, ისწავლოს ღვთის სიტყვა და იესო ქრისტეს მოწაფე გახდეს.

იეჰოვამ იცის, რომ გამონაცადი რწმენა ძალიან ძვირფასია. გამოცდებს შეუძლია ცხადყოს, ძლიერია თუ არა ჩვენი რწმენა. განსაცდელებმა შეიძლება რწმენის ნაკლოვანებები დაგვანახვოს, რაც გამოსწორებაში დაგვეხმარება. ამასთანავე, თუ განსაცდელებს რწმენით ვიტანთ, ამან შეიძლება სხვებიც აღძრას, რომ იესოს მოწაფეები გახდნენ. მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ძლიერი რწმენა, რომელიც სხვადასხვა განსაცდელის შედეგად „ქების, დიდებისა და პატივის მიზეზი იყოს იესო ქრისტეს გამოცხადებისას“ (1 პეტრე 1:7).

[სქოლიო]

^ აბზ. 11 ისაკის „შეწირვის“ სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ იხილეთ 1989 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 14 (რუს.).

[სურათი 13 გვერდზე]

აბრაამი რწმენით იეჰოვას მეგობარი გახდა

[სურათები 15 გვერდზე]

განსაცდელები ცხადყოფს, ძლიერია თუ არა ჩვენი რწმენა

[სურათის საავტორო უფლება 12 გვერდზე]

From the Illustrated Edition of the Holy Scriptures, by Cassell, Petter, & Galpin