არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქმნილება შემოქმედის გარეშე?!

ქმნილება შემოქმედის გარეშე?!

ქმნილება შემოქმედის გარეშე?!

დაახლოებით 150 წლის წინათ ჩარლზ დარვინმა შეიმუშავა თეორია, რომლის მიხედვითაც ცოცხალი ორგანიზმების აგებულების სირთულესა და მრავალგვარობას ბუნებრივი გადარჩევა განაპირობებს. მაგრამ დარვინის ევოლუციურ თეორიასა და მის თანამედროვე მიმართულებებს ოპონენტები გამოუჩნდნენ. მათი აზრით, ცოცხალი ორგანიზმების საოცარი აგებულება მიუთითებს, რომ ისინი მიზანმიმართულად არიან შექმნილნი. ბევრი სახელგანთქმული მეცნიერი უარყოფს იმ აზრს, რომ უამრავი სახეობის ცოცხალი ორგანიზმი ევოლუციის შედეგად წარმოიქმნა.

ზოგიერთ ასეთ მეცნიერს ევოლუციის საწინააღმდეგო არგუმენტი მოჰყავს, რომელიც ცნობილია „გონივრული ჩანაფიქრის“ თეორიის სახელით. მათი მტკიცებით, ბიოლოგია, მათემატიკა და საღი აზრი ადასტურებს, რომ ნებისმიერი ქმნილება ჩანაფიქრის შედეგია. ისინი ცდილობენ, ეს საკითხი სკოლაში ისწავლებოდეს. ევოლუციური თეორიის გარშემო პოლემიკა ძირითადად შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს, მაგრამ ამ საკითხზე თურქეთში, ინგლისში, პაკისტანში, სერბიასა და ჰოლანდიაშიც დაობენ.

რა რჩება გაუგებარი

თუმცა ეს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი ქმნილება გონივრული ჩანაფიქრის შედეგია, ისინი არაფერს ამბობენ შემოქმედის შესახებ. გჯერათ, რომ ქმნილება შემოქმედის გარეშე გაჩნდა? „გონივრული ჩანაფიქრის“ მხარდამჭერები „კონკრეტულად არაფერს ამბობენ, ვისი ან რისი წყალობით გაჩნდა ყველაფერი“, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზში“. მწერალი კლაუდია უოლისი აღნიშნავს, რომ ამ თეორიის მომხრეები „თავს არიდებენ ღმერთის ხსენებას“. ჟურნალ „ნიუსუიკშიც“ აღნიშნული იყო, რომ «„გონივრული ჩანაფიქრის“ თეორია არაფერს ამბობს შემოქმედის არსებობასა და ვინაობაზე».

როგორც უნდა იყოს, შემოქმედის საკითხს გვერდს ვერ ავუვლით. თუ შემოქმედის ვინაობას ჩქმალავენ ან საერთოდ უარყოფენ მის არსებობას, როგორ შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვანად იმის ახსნა, რომ სამყარო და ცოცხალი ქმნილებები ჩანაფიქრის შედეგია?!

შემოქმედის არსებობისა თუ არარსებობის შესახებ დავას შემდეგ კითხვებამდე მივყავართ: ხომ არ შეანელებს მეცნიერულ პროგრესს ზეადამიანური შემოქმედის აღიარება? მხოლოდ მაშინ უნდა ვაღიაროთ ბრძენი შემოქმედის არსებობა, როცა საკითხს სხვანაირად ვერ ვხსნით? რამდენად ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ქმნილებას შემქმნელიც უნდა ჰყავდეს? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

[სურათები 3 გვერდზე]

ჩარლზ დარვინის აზრით, ცოცხალი ორგანიზმების აგებულების სირთულეს ბუნებრივი გადარჩევა განაპირობებს

[საავტორო უფლება]

Darwin: From a photograph by Mrs. J. M. Cameron/U.S. National Archives photo