არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანობის გავრცელება მცირე აზიაში

ქრისტიანობის გავრცელება მცირე აზიაში

ქრისტიანობის გავრცელება მცირე აზიაში

მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) ახ. წ. პირველ საუკუნეში მრავალი ქრისტიანული კრება ყვაოდა. ბევრმა იუდეველმა და უცხოტომელმა მიიღო ქრისტიანული რწმენა. ერთ ბიბლიურ ლექსიკონში აღნიშნულია, რომ „სირიისა და პალესტინის მსგავსად, ქრისტიანული მიმდინარეობა მცირე აზიაშიც მალევე გავრცელდა“.

სხვადასხვა ისტორიული წყარო გვეხმარება, მეტი გავიგოთ ამ ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელების შესახებ. განვიხილოთ, რატომ არის საინტერესო ჩვენთვის ეს ინფორმაცია.

პირველი ქრისტიანები მცირე აზიაში

პირველი ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელიც მცირე აზიაში ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირდება, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულია. ამ დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები, რომელთა შორის იუდეველთა დიასპორა (პალესტინის გარეთ მცხოვრები იუდეველები) და იუდეველი პროზელიტები იყვნენ. ამ ხალხს სასიხარულო ცნობა იესოს მოციქულებმა უქადაგეს. ისტორიული ჩანაწერების თანახმად, მრავალი მოვიდა კაპადოკიიდან, პონტოდან, აზიიდან *, ფრიგიიდან და პამფილიიდან. ეს მხარეები მცირე აზიის დიდ ნაწილს შეადგენდა. დაახლოებით 3 000-მა ადამიანმა მიიღო ქრისტიანული რწმენა და მოინათლა. ახლად მიღებული რწმენა მათ თავიანთ სამშობლოში გაავრცელეს (საქმეები 2:5—11, 41).

ბიბლიიდან ასევე ვიგებთ მცირე აზიაში პავლე მოციქულის მისიონერული მოგზაურობების შესახებ. პირველი მოგზაურობის დროს, დაახლოებით ახ. წ. 47-48 წლებში, პავლემ თანამსახურებთან ერთად კვიპროსიდან მცირე აზიაში გასცურა და პამფილიის ქალაქ პერგეში ჩავიდა. ზღვიდან მოშორებით მდებარე პისიდიის ანტიოქიაში მათმა ქადაგებამ კარგი ნაყოფი გამოიღო, რის გამოც შურით აღვსილმა იუდეველებმა მათ დევნა დაუწყეს. როდესაც პავლე სამხრეთ-აღმოსავლეთით, იკონიონში ჩავიდა, მისიონერების წინააღმდეგ სხვა იუდეველები შეითქვნენ. ლისტრის მახლობლად მცხოვრებმა ემოციურმა ხალხმა თავიდან პავლე ღმერთად გამოაცხადა; მაგრამ როცა ანტიოქიიდან და იკონიონიდან განრისხებული იუდეველები ჩავიდნენ, ადგილობრივმა ბრბომ პავლე ქვებით ჩაქოლა და ქალაქგარეთ გაათრია. ამის შემდეგ პავლემ და ბარნაბამ განაგრძეს მოგზაურობა გალატიის ქალაქ დერბეში, რომლის მოსახლეობაც ლიკაონიურ ენაზე ლაპარაკობდა. იქ მათ დააარსეს კრებები და დანიშნეს უხუცესები. ასე რომ, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან 15 წლის შემდეგ მცირე აზიაში ქრისტიანობას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული (საქმეები 13:13—14:26).

პავლეს მეორე მოგზაურობის დროს, ახ. წ. დაახლოებით 49—52 წლებში, ის და მისი თანამსახურები ხმელეთით ლისტრაში ჩავიდნენ, შესაძლოა, პავლეს სამშობლოს, კილიკიის ტარსოსის გავლით. ლისტრაში ძმების მეორედ მონახულების შემდეგ პავლემ გზა განაგრძო ჩრდილოეთისკენ და ბითინიასა და აზიაში „სიტყვის ქადაგება“ მოინდომა. მაგრამ წმინდა სულმა აუკრძალა პავლეს იქ ქადაგება, რადგან ამ ადგილებში მოგვიანებით უნდა ექადაგათ. ღმერთმა პავლე გაგზავნა მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ტროაში, რომელიც ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა. ამის შემდეგ ხილვაში პავლეს ემცნო, რომ სასიხარულო ცნობა ევროპაში უნდა გაევრცელებინა (საქმეები 16:1—12; 22:3).

პავლეს მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს, ახ. წ. დაახლოებით 52—56 წლებში ის მცირე აზიის გავლით ჩავიდა ეფესოში, რომელიც აზიის მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო. ეფესოში ის მეორე მოგზაურობიდან დაბრუნების დროსაც გაჩერდა. ამ ქალაქში იყო ქრისტიანთა აქტიური ჯგუფი. პავლემ და მისმა თანამსახურებმა იქ დაახლოებით სამი წელი დაჰყვეს. ამ ხნის მანძილზე მათ ბევრი სირთულე და საფრთხე შეექმნათ, მათ შორის ეფესოელი ვერცხლის მჭედლებისგან, რომლებმაც არეულობა გამოიწვიეს თავიანთი წარმატებული კომერციული საქმიანობის დასაცავად (საქმეები 18:19—26; 19:1, 8—41; 20:31).

ეფესოში მისიონერების ქადაგებამ ნამდვილად კარგი შედეგი გამოიღო. საქმეების 19:10-ში ნათქვამია: „უფლის სიტყვა მოისმინეს აზიის მცხოვრებლებმა, იუდეველებმაც და ბერძნებმაც“.

შემდგომი ზრდა მცირე აზიაში

ეფესოდან გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე პავლემ კორინთელებს მისწერა: „მოკითხვას გითვლიან აზიის კრებები“ (1 კორინთელები 16:19). რომელ კრებებს გულისხმობდა პავლე? ალბათ კოლოსეს, ლაოდიკეისა და ჰიერაპოლისის კრებებს (კოლოსელები 4:12—16). წიგნში „პავლე და მისი ისტორია“ ნათქვამია: „ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სმირნაში, პერგამონში, სარდისსა და ფილადელფიაში [ქრისტიანული] ჯგუფების ჩამოყალიბება ეფესოში მიმდინარე მისიონერული საქმიანობის შედეგი იყო . . . ყველა ეს ქალაქი ეფესოდან 192 კილომეტრის რადიუსში მდებარეობდა და კარგი გზებით იყო დაკავშირებული ერთმანეთთან“.

აქედან გამომდინარე, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში რამდენიმე ქრისტიანული კრება არსებობდა. რის თქმა შეიძლება მცირე აზიის სხვა მხარეებზე?

პეტრეს წერილები მცირე აზიის ქრისტიანებს

რამდენიმე წლის შემდეგ, დაახლოებით ახ. წ. 62—64 წლებში, მოციქულმა პეტრემ პირველი ღვთივშთაგონებული წერილი მისწერა ქრისტიანებს პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში, აზიასა და ბითინიაში. პეტრე თავის წერილში მოუწოდებდა უხუცესებს, ‘დაემწყემსათ სამწყსო’, რაც მიანიშნებს, რომ იმ ტერიტორიებზე ქრისტიანული კრებები არსებობდა. როდის დაარსდა ეს კრებები? (1 პეტრე 1:1; 5:1—3).

პეტრეს წერილი მიიღეს აზიასა და გალატიაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა, იქ, სადაც ერთ დროს პავლე ქადაგებდა. მაგრამ პავლეს კაპადოკიასა და ბითინიაში არ უქადაგია. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, როგორ გავრცელდა ქრისტიანობა ამ ტერიტორიებზე. შესაძლოა, იქ იმ იუდეველებმა და პროზელიტებმა იქადაგეს, რომლებიც ახ. წ. 33 წელს იერუსალიმში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს ესწრებოდნენ და შემდგომ თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ. როგორც უნდა იყოს, ამ მოვლენიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ, როცა პეტრემ თავისი წერილი დაწერა, კრებები „მცირე აზიაში მრავლად იყო“, როგორც ამას ერთი სწავლული აცხადებს.

გამოცხადების წიგნში მოხსენიებული შვიდი კრება

რომაელების წინააღმდეგ იუდეველთა აჯანყების გამო ახ. წ. 70 წელს იერუსალიმი განადგურდა. შესაძლოა, იუდეაში მცხოვრები ზოგი ქრისტიანი მცირე აზიაში გადავიდა საცხოვრებლად *.

პირველი საუკუნის მიწურულს იესო ქრისტემ იოანე მოციქულის მეშვეობით წერილები მისწერა მცირე აზიის შვიდ კრებას. ეფესოს, სმირნის, პერგამონის, თიატირას, სარდისის, ფილადელფიისა და ლაოდიკეის კრებებისთვის მიწერილი წერილებიდან ჩანს, რომ ქრისტიანებს მცირე აზიის ამ ნაწილში სხვადასხვა საფრთხე ემუქრებოდა, მათ შორის უზნეობა, სექტანტობა და განდგომილება (გამოცხადება 1:9, 11; 2:14, 15, 20).

მთელი გულით და მოკრძალებით მსახურება

პირველ საუკუნეში ქრისტიანობის გავრცელება უფრო მეტს მოიცავდა, ვიდრე ამის შესახებ „მოციქულთა საქმეები“ მოგვითხრობს. წიგნ „საქმეებში“ საუბარია ყველასთვის ცნობილი მოციქულების, პეტრესა და პავლეს მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ უცნობია, კიდევ რამდენი ადამიანი ქადაგებდა სხვა ტერიტორიებზე. ქრისტიანობის ზრდამ მცირე აზიაში ცხადყო, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებმა გულთან ახლოს მიიტანეს იესოს მითითება: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათე 28:19, 20).

დღესაც საერთაშორისო საძმოსთვის ყველაფერი არ არის ცნობილი სხვა მოწმეების ერთგული საქმეების შესახებ. პირველ საუკუნეში მცირე აზიაში მცხოვრებ ერთგულ მახარობელთა უმეტესობის მსგავსად, დღესაც სასიხარულო ცნობის მქადაგებელთა უმეტესობა მეტ-ნაკლებად უცნობია. მიუხედავად ამისა, ისინი დაკავებულნი არიან ღირებული საქმიანობით და კმაყოფილებას ანიჭებთ, რომ მორჩილებით ემსახურებიან სხვების გადარჩენას (1 ტიმოთე 2:3—6).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებსა და ამ სტატიაში „აზიაში“ იგულისხმება რომის ერთ-ერთი პროვინცია, რომელიც მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა და არა — აზიის კონტინენტი.

^ აბზ. 17 ისტორიკოსი ევსები (ახ. წ. 260—340) აღნიშნავს, რომ ახ. წ. 66 წლამდე „მოციქულები, რომელთაც გამუდმებით საფრთხე ემუქრებოდათ, იძულებული გახდნენ, იუდეა დაეტოვებინათ. ქრისტეს ძალით ისინი სხვა ქვეყნებში გადავიდნენ, რათა ხალხისთვის ექადაგათ“.

[ჩარჩო 11 გვერდზე]

პირველი საუკუნის ქრისტიანები ბითინიასა და პონტოში

პროვინცია, რომელსაც ბითინია და პონტო ეკუთვნის, მდებარეობს მცირე აზიაში შავი ზღვის სანაპიროზე. ამ პროვინციის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ბევრ რამეს ვიგებთ პლინიუს უმცროსის, ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელის წერილებიდან, რომლებიც რომის იმპერატორ ტრაიანეს მისწერა.

დაახლოებით 50 წლის შემდეგ, რაც პეტრეს წერილები ამ ტერიტორიაზე არსებულ კრებებში ვრცელდებოდა, პლინიუსი ეკითხებოდა ტრაიანეს, როგორ მოპყრობოდა ქრისტიანებს. ის წერდა: „არასდროს დავსწრებივარ ქრისტიანების დაკითხვას. ამიტომ არ ვიცი, ჩვეულებრივ, როგორი განაჩენი გამოაქვთ მათთვის. სასამართლოში მოჰყავთ ყველანაირი ასაკისა და მდგომარეობის ადამიანები — კაცები და ქალები. როგორც ვხედავ, ამას დასასრული არ უჩანს. არა მხოლოდ ქალაქებს, არამედ სოფლებსა და დაბებსაც კი მოედო ეს საზიზღარი კულტი“.

[დიაგრამა⁄რუკა 9 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

პავლეს მოგზაურობები

პირველი მისიონერული მოგზაურობა

კვიპროსი

პამფილია

პერგე

ანტიოქია (პისიდია)

იკონიონი

ლისტრა

დერბე

მეორე მისიონერული მოგზაურობა

კილიკია

ტარსოსი

დერბე

ლისტრა

იკონიონი

ანტიოქია (პისიდია)

ფრიგია

გალატია

ტროა

მესამე მისიონერული მოგზაურობა

კილიკია

ტარსოსი

დერბე

ლისტრა

იკონიონი

ანტიოქია (პისიდია)

ეფესო

აზია

ტროა

[შვიდი კრება]

პერგამონი

თიატირა

სარდისი

სმირნა

ეფესო

ფილადელფია

ლაოდიკეა

[სხვა ქალაქები]

ჰიერაპოლისი

კოლოსე

ლიკია

ბითინია

პონტო

კაბადოკია

[სურათი 9 გვერდზე]

ანტიოქია

[სურათი 9 გვერდზე]

ტროა

[საავტორო უფლება]

© 2003 BiblePlaces.com

[სურათი 10 გვერდზე]

თეატრი ეფესოში (საქმეები 19:29)

[სურათი 10 გვერდზე]

ზევსის სამსხვერპლოს საძირკველი პერგამონში. იქაური ქრისტიანები ცხოვრობდნენ „იქ, სადაც სატანის ტახტია“ (გამოცხადება 2:13)

[საავტორო უფლება]

Pictorial Archive (Near Eastern History) Est.