არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ასწავლეთ შვილებს იეჰოვას სიყვარული

ასწავლეთ შვილებს იეჰოვას სიყვარული

ასწავლეთ შვილებს იეჰოვას სიყვარული

„როგორც ისრები ძლიერი კაცის ხელში, ისე არიან სიყრმის შვილები“ (ფსალმუნი 127:4).

1, 2. რა გაგებით ჰგვანან შვილები „ისრებს ძლიერი კაცის ხელში“?

მშვილდოსანი ემზადება, რომ ისარი მიზანს მოახვედროს. ის დებს ისარს მშვილდში და იწყებს მშვილდის მოზიდვას. მართალია, ამ დროს მშვილდოსანს კუნთები ეჭიმება, მაგრამ ის გარკვეულ დროს მაინც ანდომებს დამიზნებას. ბოლოს კი ის ისარს ისვრის. მოხვდება ისარი მიზანს? ამაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგალითად, ის, თუ რამდენად გაწაფულია მშვილდოსანი, ქარი ხომ არ უცვლის ისარს მიმართულებას და რა მდგომარეობაშია ისარი.

2 მეფე სოლომონმა ბავშვები შეადარა „ისრებს ძლიერი კაცის ხელში“ (ფსალმუნი 127:4). ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ მაგალითის გამოყენება შვილებთან დაკავშირებით. მშვილდოსანს ისარი მხოლოდ ცოტა ხნით აქვს მშვილდში ჩადებული. მიზანს რომ მოახვედროს, მან დროულად უნდა გაისროლოს ისარი. მსგავსადვე, მშობლებს შედარებით ცოტა დრო აქვთ, რომ შვილებს იეჰოვასადმი გულწრფელი სიყვარული ჩაუნერგონ. გარბის წლები, შვილები იზრდებიან და საცხოვრებლად სახლიდან სხვაგან გადადიან (მათე 19:5). „მოარტყამენ მიზანში“ მშობლები, ანუ სახლის დატოვების შემდეგ კვლავაც ეყვარებათ შვილებს ღმერთი და გააგრძელებენ ღვთისადმი მსახურებას? ამაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. აქედან გავამახვილოთ ყურადღება სამ ფაქტორზე: იმაზე, თუ რამდენად გამჭრიახია მშობელი, რა გარემოში იზრდება შვილი და როგორ რეაგირებს „ისარი“, ანუ შვილი აღზრდაზე. მოდი დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ფაქტორი. თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, თუ რით გამოირჩევა გამჭრიახი მშობელი.

გამჭრიახი მშობლები კარგ მაგალითს აძლევენ შვილებს

3. რატომ უნდა აკეთებდნენ მშობლები იმას, რასაც ამბობენ?

3 იესო რასაც ასწავლიდა, იმას აკეთებდა, რითაც მან მშობლებს მაგალითი დაუტოვა (იოანე 13:15). იესომ მსჯავრი დასდო ფარისევლებს, რადგან ისინი „ამბობდნენ“, მაგრამ „არ აკეთებდნენ“ (მათე 23:3). შვილებში რომ იეჰოვას სიყვარული აღძრან, მშობლები იმას უნდა აკეთებდნენ, რასაც ამბობენ. როგორც მშვილდია ლარის გარეშე უსარგებლო, ისევეა ცარიელი სიტყვები საქმის გარეშე (1 იოანე 3:18).

4. რა კითხვები უნდა დაუსვან საკუთარ თავს მშობლებმა და რატომ?

4 რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მშობლების მაგალითი? როგორც ზრდასრულ ადამიანს შეუძლია შეიყვაროს ღმერთი იესოს მაგალითზე დაკვირვებით, ისე ბავშვებსაც შეუძლიათ იეჰოვას შეყვარება თავიანთი მშობლების კარგი მაგალითის მიყოლით. სულიერად გაძლიერდება ბავშვი თუ მისი ‘კარგი ჩვევები გაიხრწნება’, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისთან აქვს მას ურთიერთობა (1 კორინთელები 15:33). ბავშვობის წლებში, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, როდესაც ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება ხდება, მასზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ მშობლები, რადგან სწორედ მათ აქვთ მასთან ყველაზე ახლო ურთიერთობა. ამიტომაც მშობლებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: „რა გავლენას ვახდენ შვილზე? აღძრავს ბავშვს ჩემი მაგალითი იმისკენ, რომ კარგი ჩვევები განივითაროს? როგორ მაგალითს ვაძლევ შვილს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა ლოცვა და ბიბლიის შესწავლა?“

გამჭრიახი მშობლები შვილებთან ერთად ლოცულობენ

5. რისი სწავლა შეუძლიათ შვილებს მშობლების ლოცვებიდან?

5 თქვენს შვილებს იეჰოვას შესახებ ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ თქვენი ლოცვებიდან. თუ ისინი ყოველთვის ისმენენ, რომ თქვენ ჭამის წინ მადლობას უხდით ღმერთს საკვებისთვის, და ხედავენ, რომ ლოცულობთ ბიბლიის შესწავლის დაწყებამდე, რა დასკვნას გამოიტანენ? ისინი ისწავლიან, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე — რისთვისაც ის ჩვენს მადლიერებას იმსახურებს — და რომ ის სულიერად გვმოძღვრავს. ამის ცოდნა კი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია (იაკობი 1:17).

6. როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაანახვონ შვილებს, რომ იეჰოვა პირადად მათით არის დაინტერესებული?

6 მაგრამ, თუ საკვების მიღებისა და ოჯახური შესწავლის გარდა ოჯახთან ერთად სხვა დროსაც ლოცულობთ და ლოცვებში ისეთ კონკრეტულ საკითხებს მოიხსენიებთ, რაც თქვენ და თქვენს შვილებს გეხებათ, ამით უფრო მეტს მიაღწევთ. თქვენი შვილები დაინახავენ, რომ იეჰოვას თქვენს ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და რომ ის თითოეულ თქვენგანზე სათუთად ზრუნავს (ეფესოელები 6:18; 1 პეტრე 5:6, 7). ერთი მამა იხსენებს: „ჩვენი ქალიშვილის დაბადების შემდეგ ყოველთვის მასთან ერთად ვლოცულობდით. როდესაც ის წამოიზარდა, ვლოცულობდით ყველა იმ საკითხზე, რაც მას ეხებოდა, მათ შორის სხვებთან მის ურთიერთობაზე. სანამ ის გათხოვდებოდა, დღე ისე არ გავიდოდა, რომ მასთან ერთად არ გველოცა“. თქვენც შეგიძლიათ ყოველდღე ილოცოთ შვილებთან ერთად? შეგიძლიათ დაანახვოთ მათ, რომ იეჰოვა არის მეგობარი, რომელიც არა მხოლოდ მათ ფიზიკურ და სულიერ, არამედ ემოციურ მოთხოვნილებებზეც ზრუნავს? (ფილიპელები 4:6, 7).

7. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომ მათი ლოცვები კონკრეტული იყოს?

7 ცხადია, იმისათვის, რომ თქვენი ლოცვები კონკრეტული იყოს, უნდა იცოდეთ, რა ხდება თქვენი შვილის ცხოვრებაში. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ერთი მამა, რომელმაც ორი შვილი გაზარდა: «ყოველი კვირის ბოლოს საკუთარ თავს ორ კითხვას ვუსვამდი: „რითი იყო ჩემი შვილების გონება დაკავებული ამ კვირის განმავლობაში? რა მოხდა ამ ერთ კვირაში მათთვის მნიშვნელოვანი?“» მშობლებო, შეგიძლიათ საკუთარ თავსაც დაუსვათ ასეთი კითხვები და შემდეგ ზოგიერთი პასუხი შვილებთან ერთად წარმოთქმულ ლოცვებში ჩართოთ? თუ ასე მოიქცევით, თქვენ არა მხოლოდ იმას ასწავლით შვილებს, რომ ლოცვით მიმართონ იეჰოვას — ლოცვების მომსმენს — არამედ იმასაც, რომ უყვარდეთ ღმერთი (ფსალმუნი 65:2).

გამჭრიახი მშობლები შესწავლის კარგ ჩვევებს უვითარებენ შვილებს

8. რატომ უნდა დაეხმარონ მშობლები შვილებს, რომ მათ ღვთის სიტყვის შესწავლის ჩვევა განავითარონ?

8 როგორ მოქმედებს ბიბლიის შესწავლისადმი მშობლების დამოკიდებულება შვილების ურთიერთობაზე ღმერთთან? ნებისმიერი ურთიერთობის განსავითარებლად და შესანარჩუნებლად საჭიროა არა მხოლოდ საუბარი, არამედ მოსმენაც. ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვას მოსმენა შეგვიძლია, არის ის, რომ შევისწავლოთ ბიბლია ‘ერთგული მონის’ მიერ მოწოდებული პუბლიკაციების საშუალებით (მათე 24:45—47; იგავები 4:1, 2). აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ შვილებს იეჰოვასთან მუდმივი და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობის განვითარებაში დაეხმარონ, მშობლებმა შვილებს ღვთის სიტყვის შესწავლის ჩვევა უნდა განუვითარონ.

9. რა დაეხმარება შვილებს შესწავლის კარგი ჩვევის განვითარებაში?

9 რა დაეხმარება შვილებს შესწავლის კარგი ჩვევის განვითარებაში? ისევ და ისევ მშობლების კარგი მაგალითი. ხედავენ თქვენი შვილები, რომ რეგულარულად კითხულობთ და სწავლობთ ბიბლიას? გასაგებია, რომ შვილებზე ზრუნვის გამო საკმაოდ დაკავებულები ხართ და შეიძლება ფიქრობთ, როგორღა უნდა გამონახოთ დრო კითხვისა და შესწავლისთვის. მაგრამ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ხომ არ ხედავენ ბავშვები, რომ სისტემატურად ვუყურებ ტელევიზორს?“ თუ ასეა, შეგიძლიათ აქედან გარკვეული დროის გამოყოფა იმისთვის, რომ ბავშვებს პირადი შესწავლის კარგი მაგალითი მისცეთ?

10, 11. რატომ უნდა ჩაატარონ მშობლებმა რეგულარულად ოჯახური შესწავლა?

10 კიდევ ერთი პრაქტიკული ნაბიჯი, რომლის წყალობითაც მშობლებს შეუძლიათ, შვილებს იეჰოვას მოსმენა ასწავლონ, ოჯახური შესწავლის რეგულარულად ჩატარებაა (ესაია 30:21). თუმცა ზოგმა შეიძლება იკითხოს: „რა საჭიროა შვილებთან ერთად ოჯახური შესწავლის ჩატარება, თუკი მშობლებს ისინი ისედაც ყოველთვის დაჰყავთ კრების შეხვედრებზე?“ არსებობს ამის რამდენიმე საფუძვლიანი მიზეზი. იეჰოვამ მშობლებს შვილების სწავლების პასუხისმგებლობა დააკისრა (იგავები 1:8; ეფესოელები 6:4). ბიბლიის ოჯახური შესწავლის მეშვეობით ბავშვი იგებს, რომ თაყვანისმცემლობა საჯაროდ შესასრულებელი ფორმალური რიტუალი კი არ არის, არამედ ის ოჯახური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია (კანონი 6:6—9).

11 გარდა ამისა, ოჯახური შესწავლის წყალობით მშობლებს შეუძლიათ ჩასწვდნენ იმას, თუ რა შეხედულება აქვთ მათ შვილებს სულიერ და ზნეობრივ საკითხებზე. მაგალითად, როდესაც ბავშვები ჯერ პატარები არიან, შესწავლის დროს მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი წიგნი, როგორიცაა „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ *. ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ამ სახელმძღვანელოს თითქმის ყველა აბზაცშია დასმული ისეთი შეკითხვები, რომ ბავშვებმა შეძლონ, საკუთარი აზრი გამოთქვან განხილულ საკითხთან დაკავშირებით. წიგნში მოყვანილ ბიბლიურ მუხლებზე მსჯელობისას მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ შვილებს, განავითარონ აღქმის უნარი „კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14).

12. როგორ შეუძლიათ მშობლებს, ოჯახური შესწავლა შვილის მოთხოვნილებებს შეუსაბამონ, და პირადად თქვენთვის რა აღმოჩნდა ამ მხრივ ეფექტური?

12 შვილების ზრდასთან ერთად შესასწავლი მასალა მათ მოთხოვნილებებს შეუსაბამეთ. ვნახოთ, როგორ დაეხმარა ერთი წყვილი თავიანთ მოზარდ შვილებს, რომლებსაც დისკოთეკაზე წასვლა უნდოდათ. მამა გვიყვება: „შვილებს ვუთხარით, რომ მომდევნო ოჯახური შესწავლის დროს ცოტა ხნით როლებს გავცვლიდით — მე და ჩემი ცოლი შვილების როლში გამოვიდოდით, ჩვენი გოგონები კი მშობლების როლში იქნებოდნენ. მართალია, ბავშვებს თავად შეეძლოთ გადაეწყვიტათ, რომელი იქნებოდა მამა და რომელი — დედა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მათ ერთად უნდა გამოეკვლიათ ეს საკითხი და დისკოთეკასთან დაკავშირებით ჩვენთვის რჩევები მოეცათ“. როგორი შედეგი გამოიღო ამან? «ჩვენ გაოცებული დავრჩით იმით, თუ რა პასუხისმგებლობით მოეკიდნენ გოგონები თავიანთ როგორც „მშობლების“ როლს და რა დამაჯერებელი ბიბლიური არგუმენტები მოგვიყვანეს იმის თაობაზე, თუ რატომ იყო არაგონივრული დისკოთეკაზე წასვლა, — განაგრძობს მამა. — ჩვენ იმანაც გაგვაოცა, რომ გოგონებმა კონკრეტულად დაგვისახელეს ქრისტიანისთვის მისაღები გართობის ისეთი სახეობები, რომლებიც შეგვეძლო დისკოთეკის სანაცვლოდ აგვერჩია. ასეთი მიდგომის წყალობით ჩვენ ჩავწვდით შვილების აზროვნებას და გავიგეთ, რა სურდათ მათ». მართალია, შეუპოვრობა და ცოტაოდენი ფანტაზიაა საჭირო იმისათვის, რომ ოჯახური შესწავლა რეგულარულად და ოჯახის თითოეული წევრის მოთხოვნილებების გათვალისწინებით ტარდებოდეს, მაგრამ შედეგი ღირს ძალისხმევად (იგავები 23:15).

შეუქმენით შვილებს მშვიდი გარემო

13, 14. ა) როგორ შეუძლიათ მშობლებს ოჯახში მშვიდი გარემოს შექმნა? ბ) რატომ არის სასარგებლო, რომ მშობლებმა აღიარონ თავიანთი შეცდომები?

13 ისარი უფრო ადვილად მოხვდება მიზანს, თუ გასროლისას მშვილდოსანს ქარი ხელს არ შეუშლის. მსგავსადვე, ბავშვებიც უფრო ადვილად შეიყვარებენ იეჰოვას, თუ მშობლები მათ მშვიდ ოჯახურ გარემოს შეუქმნიან. „სიმართლის ნაყოფი მშვიდობიან პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის“, — დაწერა იაკობმა (იაკობი 3:18). როგორ შეუძლიათ მშობლებს ოჯახში მშვიდი გარემოს შექმნა? ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მეუღლეებს, რომლებსაც ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა ამოძრავებთ, უკეთ შეუძლიათ ასწავლონ შვილებს სხვებისადმი, მათ შორის იეჰოვასადმი, სიყვარული და პატივისცემა (გალატელები 6:7; ეფესოელები 5:33). სიყვარული და პატივისცემა ხელს უწყობს მშვიდობას. წყვილი, რომელსაც ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს, უკეთ აგვარებს იმ უთანხმოებებს, რომლებიც შეიძლება ოჯახში წამოიჭრას.

14 რა თქმა უნდა, ისევე როგორც დღესდღეობით დედამიწაზე არ არსებობს სრულყოფილი წყვილი, შესაბამისად, არც სრულყოფილი ოჯახები არსებობს. მშობლები ზოგჯერ შვილებთან ურთიერთობისას შეიძლება ვერ ავლენდნენ სულის ნაყოფს (გალატელები 5:22, 23). როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ასეთ შემთხვევაში? დაკარგავენ ისინი შვილების პატივისცემას, თუ აღიარებენ შეცდომებს? დავფიქრდეთ პავლე მოციქულის მაგალითზე. შეიძლება ითქვას, რომ ბევრისთვის ის სულიერი მამა იყო (1 კორინთელები 4:15). მიუხედავად ამისა, ის აღიარებდა, რომ შეცდომებს უშვებდა (რომაელები 7:21—25). მართალია, პავლე ზოგჯერ ცდებოდა, მაგრამ ის თავმდაბლობასა და პატიოსნებას ავლენდა, რაც მის მიმართ პატივისცემას კი არ გვიკარგავს, არამედ პირიქით — გვიღრმავებს. შეცდომების მიუხედავად, პავლეს სრული საფუძველი ჰქონდა, მიეწერა კორინთის კრებისთვის: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორინთელები 11:1). თუ თქვენც აღიარებთ შეცდომებს, შესაძლოა, თქვენმა შვილებმა საერთოდ არ გაამახვილონ მათზე ყურადღება.

15, 16. რატომ უნდა დაეხმარონ მშობლები შვილებს, რომ ქრისტიანი და-ძმები უყვარდეთ, და როგორ შეუძლიათ მშობლებს ამის გაკეთება?

15 კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობდა იმას, რომ მათ შვილებს იეჰოვას სიყვარული განევითარებინათ? მოციქულმა იოანემ დაწერა: „თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს, მატყუარაა, რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოანე 4:20, 21). ამგვარად, როდესაც შვილებს ასწავლით, რომ უყვარდეთ ქრისტიანი და-ძმები, ამით თქვენ მათ ღვთისადმი სიყვარულს ასწავლით. მშობლებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: „კრების შესახებ ძირითადად დადებითად ვსაუბრობ თუ კრიტიკულად?“ ამას იმით გაიგებთ, თუ დაუკვირდებით, რას ლაპარაკობენ თქვენი შვილები კრების შეხვედრებისა და კრების წევრების შესახებ. თქვენ ალბათ ზუსტად იმას მოისმენთ მათგან, რასაც თავად ლაპარაკობთ.

16 რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, რომ მათ შვილებს სულიერი და-ძმები უყვარდეთ? პიტერი, ორი მოზარდი ვაჟის მამა, ამბობს: „იმ დროიდან მოყოლებული, როცა ჩვენი ბიჭები პატარები იყვნენ, ყოველთვის ვეპატიჟებოდით სულიერად მოწიფულ და-ძმებს, რათა ურთიერთობა გვქონოდა მათთან. ჩვენ ერთად ბევრი დაუვიწყარი წუთი გვაქვს გატარებული. ჩვენი ბიჭები მათ გვერდით გაიზარდნენ, ვისაც უყვარს იეჰოვა, და ახლა ისინი ხედავენ, რომ ღვთისადმი მსახურება ცხოვრებაში საუკეთესო გზაა“. დენისი, ხუთი ქალიშვილის მამა, ამბობს: „გოგონებს ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ დამეგობრებოდნენ ასაკოვან პიონერებს. რამდენადაც შესაძლებელი იყო, ყოველთვის ვცდილობდით, რომ გავმასპინძლებოდით მიმომსვლელ ზედამხედველებსა და მათ ცოლებს“. შეგიძლიათ თქვენც პირადი მაგალითით დაეხმაროთ შვილებს, რომ თანამორწმუნეებს ისე უყურონ, როგორც ოჯახის წევრებს? (მარკოზი 10:29, 30).

ბავშვის პასუხისმგებლობა

17. რა არის საბოლოოდ ბავშვზე დამოკიდებული?

17 მოდი კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მშვილდოსნის მაგალითს. რაგინდ გაწაფულიც არ უნდა იყოს მშვილდოსანი, ისარს ის ვერ მოახვედრებს მიზანს, თუ ისარი მოღუნულია. რა თქმა უნდა, მშობლები ყოველ ძალ-ღონეს მოახმარენ იმას, რომ „გაასწორონ მოღუნული ისარი“, ანუ გამოასწორონ შვილის არასწორი აზროვნება. მაგრამ საბოლოოდ მაინც ბავშვზეა დამოკიდებული, ქვეყნიერებას მისცემს იმის უფლებას, რომ „მოღუნოს“ ის, თუ იეჰოვას მისცემს საშუალებას, ‘სავალი გაუსწოროს’ (იგავები 3:5, 6; რომაელები 12:2).

18. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვის არჩევანმა სხვებზე?

18 მართალია, მშობლებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ ‘იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ’ შვილები, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც ბავშვი გაიზრდება, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა გზას აირჩევს (ეფესოელები 6:4). ამიტომ, ბავშვებო, დაუსვით საკუთარ თავს ასეთი კითხვა: „მოვიქცევი იმის თანახმად, რასაც მშობლები სიყვარულით მასწავლიან?“ თუ დიახ, თქვენ ცხოვრებაში საუკეთესო გზას აირჩევთ. ეს კი ძალიან გაახარებს თქვენს მშობლებს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ იეჰოვას გაუხარებთ გულს (იგავები 27:11).

[სქოლიო]

^ აბზ. 11 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• როგორ შეუძლიათ მშობლებს, რომ ლოცვისა და ბიბლიის შესწავლის კარგი მაგალითი მისცენ შვილებს?

• როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილებისთვის მშვიდი ოჯახური გარემოს შექმნა?

• რა გადაწყვეტილების წინაშე დგანან ბავშვები და რა გავლენას ახდენს მათი გადაწყვეტილება სხვებზე?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 28 გვერდზე]

აძლევთ შვილს პირადი შესწავლის კარგ მაგალითს?

[სურათი 29 გვერდზე]

მშვიდი ოჯახური გარემო ხელს უწყობს ბედნიერებას