არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლებო, სიყვარულით აღზარდეთ შვილები!

მშობლებო, სიყვარულით აღზარდეთ შვილები!

მშობლებო, სიყვარულით აღზარდეთ შვილები!

„ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ“ (1 კორინთელები 16:14).

1. რა გრძნობები ეუფლებათ მშობლებს ბავშვის დაბადების დროს?

მშობლების უმრავლესობისთვის ბავშვის დაბადება ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო მოვლენაა. „ენით აუწერელი გრძნობა დამეუფლა, როდესაც პირველად ჩემი ახალშობილი გოგონა დავინახე, — ამბობს ალია. — ჩემთვის ის ყველაზე ლამაზი ბავშვი იყო, რომელიც კი ოდესმე მინახავს“. ასეთ სიხარულს თან სდევს მრავალი საზრუნავი. „ყველაზე მეტად ის მაფიქრებდა, — ამბობს ალიას ქმარი, — შევძლებდი თუ არა ჩემი ქალიშვილის სათანადოდ მომზადებას იმ სირთულეებისთვის, რომლებიც ცხოვრებაში შეხვდებოდა“. მრავალ მშობელს აქვს მსგავსი საფიქრალი. მათ ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილების აღზრდა სიყვარულით. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი მშობლები ცდილობენ, სიყვარულით აღზარდონ თავიანთი შვილები, ისინი სხვადასხვა სირთულეს ხვდებიან. რომელია ზოგიერთი მათგანი?

2. რა სირთულეებს ხვდებიან მშობლები?

2 ჩვენ ახლა ამ ქვეყნიერების ბოლო დღეების მიწურულს ვცხოვრობთ. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ხალხში სიყვარული განელდა. ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართაც კი არ ავლენენ „თბილ გრძნობებს“ და „უმადურები, ორგულები . . . თავშეუკავებლები [და] სასტიკები“ ხდებიან (2 ტიმოთე 3:1—5). ასეთი თვისებების მქონე ადამიანებთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ქრისტიანული ოჯახის წევრებზე და ეს მათ ურთიერთობაზე აისახოს. გარდა ამისა, მშობლებს თავადაც უწევთ ბრძოლა მემკვიდრეობით მიღებულ არასრულყოფილებასთან, რომლის გამოც შეიძლება თავშეკავებას ვერ ავლენდნენ, ამბობდნენ ისეთ რამეს, რის თქმაც არ უნდოდათ, და ყოველთვის ვერ იჩენდნენ გამჭრიახობას (რომაელები 3:23; იაკობი 3:2, 8, 9).

3. როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილები ბედნიერ ადამიანებად აღზარდონ?

3 ამ სირთულეების მიუხედავად მშობლებს შეუძლიათ შვილები ბედნიერ, სულიერად მოწიფულ ადამიანებად აღზარდონ. რა დაეხმარება მათ? ამაში მათ შემდეგი ბიბლიური რჩევა დაეხმარება: „ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ“ (1 კორინთელები 16:14). სიყვარული მართლაც რომ „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:14). მოდი განვიხილოთ სიყვარულის სამი მხარე, რომელიც პავლე მოციქულმა მოიხსენია კორინთელების მიმართ მიწერილ პირველ წერილში, და ვნახოთ, კონკრეტულად როგორ შეუძლიათ მშობლებს ამ თვისების გამოვლენა შვილების აღზრდისას (1 კორინთელები 13:4—8).

მშობლები სულგრძელები უნდა იყვნენ

4. რატომ უნდა იყვნენ მშობლები სულგრძელები?

4 პავლე წერდა: „სიყვარული სულგრძელია“ (1 კორინთელები 13:4). ბერძნულ სიტყვაში, რომელიც ნათარგმნია როგორც „სულგრძელობა“, იგულისხმება მოთმინება და რისხვისგან თავშეკავება. რატომ უნდა იყვნენ მშობლები სულგრძელები? მრავალი მშობელი ამის ბევრ მიზეზს დაასახელებს. მაგალითად, როდესაც ბავშვს რაღაცა უნდა, ის მოსვენებას არ აძლევს მშობელს. მაშინაც კი, როცა მშობელი მტკიცე უარს ეუბნება, ბავშვი მაინც არ იშლის თავისას იმ იმედით, რომ თავისას გაიტანს. მოზარდებიც სხვადასხვა მიზეზის მოყვანით ცდილობენ დაიყოლიონ დედ-მამა, რომ ნება დართონ ისეთ რამეზე, რასაც თვითონ მშობლები უგუნურებად თვლიან (იგავები 22:15). და როგორც ყველა ჩვენგანი, ბავშვებიც იმისკენ არიან მიდრეკილები, რომ არაერთხელ გაიმეორონ თავიანთი შეცდომები (ფსალმუნი 130:3).

5. რა დაეხმარება მშობლებს, რომ იყვნენ სულგრძელნი?

5 რა დაეხმარება მშობლებს, რომ სულგრძელები და მომთმენები იყვნენ შვილების მიმართ? მეფე სოლომონი წერდა: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“ (იგავები 19:11). თუ მშობლები გაიხსენებენ, რომ ერთ დროს თვითონაც ‘ბავშვებივით ლაპარაკობდნენ, ბავშვებივით აზროვნებდნენ და ბავშვებივით მსჯელობდნენ’, უკეთ გაუგებენ თავიანთ შვილებს (1 კორინთელები 13:11). მშობლებო, გახსოვთ, რომ ერთ დროს თქვენც მოსვენებას არ აძლევდით დედ-მამას თქვენი ბავშვური სურვილების გამო? როცა მოზარდები იყავით, არ გიფიქრიათ, რომ მშობლები ვერ გიგებდნენ და მათ თქვენი პრობლემები არ ესმოდათ? თუ დიახ, ალბათ მიხვდებით, რატომ იქცევიან თქვენი შვილები ისე, როგორც სურთ და რატომ არის საჭირო, რომ ყოველთვის მოთმინებით აუხსნათ, რა მიზეზით მიიღეთ ესა თუ ის გადაწყვეტილება (კოლოსელები 4:6). აღსანიშნავია, რომ იეჰოვამ ისრაელ მშობლებს უთხრა, შვილებისთვის მისი კანონები ‘ჩაეგონებინათ’ (კანონი 6:6, 7). „ჩაგონებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ნიშნავს „გამეორებას“, „არაერთხელ თქმას“ და „გონებაში ღრმად ჩაბეჭდვას“. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა მანამდე უნდა გაუმეორონ შვილებს ღვთის კანონები, სანამ ისინი საბოლოოდ არ ისწავლიან მათ გამოყენებას. მშობლები ანალოგიურად უნდა მიუდგნენ შვილებს, როცა სხვა საკითხებშიც სურთ მათი განსწავლა.

6. თუ მშობელი სულგრძელია, ნიშნავს ეს იმას, რომ ის ყველაფრის ნებას დართავს შვილს?

6 მშობელი რომ სულგრძელია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის შვილს ყველაფრის ნებას დართავს. ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“. თუ რა არის საჭირო ამის თავიდან ასარიდებლად, იმავე იგავში ნათქვამია: „ჯოხი და შეგონება სიბრძნეს იძლევა“ (იგავები 29:15). ზოგჯერ შვილებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მშობლებს არა აქვთ მათთვის შენიშვნების მიცემის უფლება. მაგრამ ქრისტიანული ოჯახი დემოკრატიის პრინციპით არ უნდა ხელმძღვანელობდეს, თითქოს მშობლებს მხოლოდ ისეთი წესების დადგენის უფლება ჰქონდეთ, რომლებიც მათ შვილებს მოეწონებათ. პირიქით, იეჰოვა, რომელიც ყველა ოჯახის თავია, მშობლებს სრულ უფლებას აძლევს, სიყვარულით აღზარდონ და დაარიგონ შვილები (1 კორინთელები 11:3; ეფესოელები 3:15; 6:1—4). აღზრდა მჭიდროდ უკავშირდება სიყვარულის კიდევ ერთ მხარეს, რომელიც პავლემ მოიხსენია.

როგორ აღვზარდოთ შვილები სიყვარულით

7. რატომ ზრუნავენ კეთილი მშობლები შვილების აღზრდაზე და რა იგულისხმება ასეთ აღზრდაში?

7 პავლე წერდა, რომ „სიყვარული  . . . კეთილია“ (1 კორინთელები 13:4). კეთილი მშობელი შვილს ისე აღზრდის, რომ წამდაუწუმ ახალ-ახალ წესებს არ დაუდგენს მას და არც თავის გადაწყვეტილებებს შეცვლის. ასე მოქმედებით ის იეჰოვას მიჰბაძავს. „იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს“, — თქვა პავლემ. ყურადღება მიაქციეთ, რომ აღზრდის მეთოდში, რომელიც ბიბლიაში მოიხსენიება, უბრალოდ დასჯა არ იგულისხმება. მასში სწავლა-დარიგება შედის. რა მიზანს ემსახურება ასეთი აღზრდა? „ვინც ამით გაიწაფება, — ამბობს პავლე, — მშვიდობიან ნაყოფს იმკის — სიმართლეს“ (ებრაელები 12:6, 11). როდესაც მშობლები შვილებს ღვთის ნებას ასწავლიან, ამით ხელს უწყობენ იმას, რომ შვილები მშვიდობიან და პატიოსან ადამიანებად აღიზარდონ. როდესაც შვილები „იეჰოვას დარიგებას“ იღებენ, ისინი იძენენ სიბრძნეს, ცოდნასა და გამჭრიახობას — სიმდიდრეს, რომელიც ოქრო-ვერცხლზე ძვირფასია (იგავები 3:11—18).

8. ჩვეულებრივ, რა ხდება, როცა შვილების აღზრდისას მშობლები საჭირო ზომებს არ მიმართავენ?

8 მეორე მხრივ, მშობლების მხრიდან სიკეთის გამოვლენა არ იქნებოდა, თუ ისინი შვილების აღზრდისას ამა თუ იმ დამსჯელ ზომას არ მიიღებდნენ. იეჰოვას შთაგონებით სოლომონმა დაწერა: „ვისაც შვილი გასაჯოხად არ ემეტება, სძულს იგი, ხოლო შვილის მოყვარული მუდამ ჭკუას ასწავლის მას“ (იგავები 13:24). ბავშვები, რომლებიც თავის ნებაზე არიან მიშვებული, როგორც წესი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და ყველაფრით უკმაყოფილოები არიან. ამის საპირისპიროდ კი, თანამგრძნობი, მაგრამ ამავე დროს პრინციპული მშობლების შვილები უკეთესადაც სწავლობენ, სხვებთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ და უფრო ბედნიერებიც არიან. ამგვარად, მშობლები, რომლებიც შვილების აღზრდისას საჭირო ზომებს მიმართავენ, მათ მიმართ სიკეთეს ავლენენ.

9. რას ასწავლიან ქრისტიანი მშობლები შვილებს და როგორ უნდა უყურებდნენ შვილები იმას, რაც მათგან მოითხოვება?

9 რა იგულისხმება შვილების სიკეთითა და სიყვარულით აღზრდაში? საჭიროა, რომ მშობლებმა გასაგებად აუხსნან შვილებს, თუ რა მოითხოვება მათგან. მაგალითად, ქრისტიანი მშობლები შვილებს პატარაობიდანვე ასწავლიან ბიბლიურ პრინციპებს და იმას, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას სხვადასხვამხრივ დაუჭირონ მხარი (გამოსვლა 20:12—17; მათე 22:37—40; 28:19; ებრაელები 10:24, 25). შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს მოთხოვნები უცვლელია.

10, 11. რატომ შეიძლება, რომ მშობლებმა შვილების აზრი გაითვალისწინონ?

10 ზოგჯერ მშობლებმა შეიძლება შვილებთან ერთად იმსჯელონ იმაზე, თუ რა წესებს დაუდგენენ მათ. თუ შვილებიც მშობლებთან ერთად იმსჯელებენ ამის შესახებ, მათ შეიძლება უფრო გაუადვილდეთ მშობლების მორჩილება. მაგალითად, მშობლებმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალონ, რომ შვილებს დაუდგინონ კონკრეტული დრო, თუ როდის უნდა იყვნენ სახლში. ან შეიძლება მისცენ არჩევნის საშუალება, თავად გადაწყვიტონ, რომელ საათზე დაბრუნდებიან, და ჰკითხონ, რატომ ურჩევნიათ ეს დრო. შემდეგ მშობლებმა შეიძლება თავიანთი დრო დაუსახელონ და აუხსნან, რატომ ფიქრობენ, რომ ეს დრო უმჯობესია. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუ მათი და მათი შვილების აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც სავსებით მოსალოდნელიცაა? ზოგ შემთხვევაში მშობლებმა შეიძლება გაითვალისწინონ შვილების აზრი, თუ ამით ბიბლიური პრინციპები არ ირღვევა. თუ მშობლები შვილების აზრს ითვალისწინებენ, ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი კომპრომისზე მიდიან და თავიანთ უფლებამოსილებაზე უარს ამბობენ?

11 ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, ვნახოთ, თუ როგორ გამოიყენა იეჰოვამ სიყვარულით თავისი უფლებამოსილება ლოტთან და მის ოჯახთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ლოტი, მისი ცოლი და მისი ქალიშვილები სოდომიდან გამოიყვანეს, ანგელოზებმა უთხრეს მათ: „მთებში გაიქეცით, რომ არ განადგურდეთ!“ მაგრამ ამაზე ლოტმა უთხრა: „ოღონდ ეს არა, იეჰოვა!“ შემდეგ ლოტმა იეჰოვას ასეთი რამ სთხოვა: „ეს ქალაქი ახლოსაა გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ გავიქცევი“. რა უპასუხა იეჰოვამ? მან უთხრა: „ამაშიც გაგიწევ ანგარიშს“ (დაბადება 19:17—22). წავიდა იეჰოვა კომპრომისზე და უარი თქვა თავის უფლებამოსილებაზე? რა თქმა უნდა, არა! იეჰოვამ ლოტის თხოვნა მხედველობაში მიიღო და ამ შემთხვევაშიც მის მიმართ სიკეთე გამოავლინა. მშობლებო, როცა შვილებს წესებს უდგენთ, ითვალისწინებთ მათ აზრსაც, თუკი ეს შესაძლებელია?

12. როდის იქნებიან ბავშვები დაცულები?

12 ცხადია, შვილებმა არა მხოლოდ წესები უნდა იცოდნენ, არამედ ისიც, თუ რა მოჰყვება მათ დარღვევას. მას შემდეგ, რაც შვილებთან იმსჯელებთ ამაზე და დაანახვებთ, თუ როგორ დასჯით მათ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ უკვე მოსთხოვოთ მათ ამ წესების დაცვა. მშობლების მხრიდან სიკეთის გამოვლენა არ იქნება, თუ ისინი ყოველთვის აფრთხილებენ შვილებს, რომ დასჯიან, მაგრამ სიტყვას არ ასრულებენ. „სწრაფადვე რომ არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის, ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული“, — ამბობს ბიბლია (ეკლესიასტე 8:11). გასაგებია, რომ მშობელმა შვილი შეიძლება არ დასაჯოს თანატოლებისა თუ უფროსების თანდასწრებით, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდოს ის. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ბავშვი უფრო დაცული იქნება და უფრო მეტ პატივისცემასა და სიყვარულს გამოავლენს მშობლების მიმართ, როცა ეცოდინება რომ მათი „დიახ“ არის დიახ და „არა“ — არა, მაშინაც კი, როცა ეს მის დასჯას ეხება (მათე 5:37).

13, 14. როგორ შეუძლიათ მშობლებს, მიჰბაძონ იეჰოვას?

13 ის მშობელი, რომელიც სიყვარულით სჯის შვილს, დასჯის დროს ბავშვის გრძნობებსა და ბუნებას ითვალისწინებს. „ჩვენს ორ შვილს დასჯისას ინდივიდუალურად ვუდგებოდით, — იხსენებს პემი. — ის მეთოდი, რომელიც ერთთან ჭრიდა, მეორესთან უშედეგო იყო“. პემის ქმარი, ლერი გვიხსნის: „ჩვენი უფროსი გოგონა ჯიუტი და თავნება იყო. მასთან რბილი მიდგომით ვერაფერს გახდებოდი. მაგრამ, უმცროსი მგრძნობიარე იყო და მას ერთი სიტყვა, ერთი შეხედვაც კი ჰყოფნიდა“. მართლაც, კეთილი მშობლები ცდილობენ, შვილების დასჯისას გამჭრიახობა გამოავლინონ და თითოეულს ინდივიდუალურად მიუდგნენ.

14 იეჰოვამ კარგად იცის თითოეული თავისი მსახურის სუსტი თუ ძლიერი მხარეები. ამით ის შესანიშნავ მაგალითს აძლევს მშობლებს; მშობლებიც კარგად უნდა იცნობდნენ თავიანთ შვილებს (ებრაელები 4:13). გარდა ამისა, როცა იეჰოვა ვინმეს სჯის, ის არც ზედმეტად მკაცრია და არც მეტისმეტად ლმობიერი. ის ყოველთვის „სამართლიანი დასჯით“ ასწორებს თავის ხალხს (იერემია 30:11). მშობლებო, იცით თქვენი შვილების ძლიერი და სუსტი მხარეები? თუ იცით, შეგიძლიათ ეს ცოდნა ისე გამოიყენოთ, რომ სათანადოდ აღზარდოთ ისინი? თუ ეს ასეა, ამით იმას ცხადყოფთ, რომ გიყვართ თქვენი შვილები.

აღძარით შვილები გულწრფელი ურთიერთობისკენ

15, 16. როგორ შეუძლიათ მშობლებს აღძრან შვილები გულწრფელი ურთიერთობისკენ და როგორ მიაღწია ზოგმა მშობელმა ამას?

15 სიყვარულს ისიც ახასიათებს, რომ ის „უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს“ (1 კორინთელები 13:6). როგორ შეუძლიათ მშობლებს, შეაყვარონ შვილებს ის, რაც მართალი და ჭეშმარიტია? მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა აღძრან შვილები, გულწრფელად გამოხატონ თავიანთი გრძნობები, თუნდაც შვილების ნათქვამი მათთვის მიუღებელი იყოს. ბუნებრივია, მშობლებს უხარიათ, როცა მათი შვილების ფიქრები და გრძნობები სამართლიან ნორმებს შეესაბამება. ზოგჯერ კი მშობლებმა შვილის გულწრფელი სიტყვებიდან შეიძლება დაინახონ, რომ ბავშვს რაღაც არასწორისკენ აქვს მიდრეკილება (დაბადება 8:21). როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ მშობლებს ამაზე? თავიდან მათ შეიძლება შვილის დაუყოვნებელი დასჯის სურვილი გაუჩნდეთ იმისთვის, რომ ასეთი აზრები გამოთქვა. თუ მშობლები ასე მოიქცევიან, შვილები მალევე დაასკვნიან, რომ მხოლოდ ის უნდა თქვან, რაც მშობლებს მოეწონებათ. ცხადია, მშობელმა შვილს მაშინვე უნდა მისცეს შენიშვნა, თუ შვილი მას უპატივცემულოდ მიმართავს, მაგრამ ერთია, ასწავლო შვილს, რა არის თავაზიანი ურთიერთობა, და სულ სხვაა, უკარნახო რა ილაპარაკოს.

16 როგორ შეუძლიათ მშობლებს აღძრან შვილები გულწრფელი ურთიერთობისკენ? დასაწყისში მოხსენიებული ალია ამბობს: „ჩვენ ოჯახში ისეთ გარემოს ვქმნით, რომ ყველას თავისუფლად შეეძლოს აზრების გამოთქმა. ვცდილობთ მწვავე რეაგირება არ მოვახდინოთ შვილების სიტყვებზე, როდესაც ისეთ რამეს გვეუბნებიან, რისი მოსმენაც ჩვენთვის სასიამოვნო არ არის“. ერთი მამა, სახელად ტომი, ამბობს: „მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვცდილობდით, რომ ჩვენს ქალიშვილს თავისუფლად გამოეხატა საკუთარი გრძნობები მაშინაც კი, როცა ჩვენ არ გვეთანხმებოდა. ჩვენ გვესმოდა, რომ თუ შევაწყვეტინებდით ლაპარაკს და ჩვენს აზრებს თავს მოვახვევდით, ამით მას გავანაწყენებდით და ჩვენდაუნებურად ვუბიძგებდით, რომ ჩვენთვის გული აღარ გადაეშალა. როდესაც მას ვუსმენდით, ის აღძრული იყო, რომ ჩვენთვისაც მოესმინა“. ცხადია, შვილები მშობლებს უნდა დაემორჩილონ (იგავები 6:20). მაგრამ, მშობლები, თავის მხრივ, უნდა ეცადონ, გულწრფელი ურთიერთობისკენ აღძრან შვილები, რაც ბავშვებს მსჯელობის უნარის განვითარებაში დაეხმარება. ოთხი შვილის მამა ვინსენტი ამბობს: „ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა ამა თუ იმ სიტუაციას, რათა ჩვენს შვილებს თავად დაესკვნათ, რა იქნებოდა მათთვის საუკეთესო. ამის წყალობით მათ განსჯის უნარი განივითარეს“ (იგავები 1:1—4).

17. რაში შეუძლიათ მშობლებს იყვნენ დარწმუნებულნი?

17 რა თქმა უნდა, არც ერთ მშობელს არ შეუძლია სრულყოფილად გამოიყენოს ბიბლიური რჩევები, რომლებიც შვილების აღზრდას ეხება. და მაინც, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ — თქვენი შვილები დიდად დააფასებენ იმას, რომ მათი აღზრდისას ცდილობთ, სულგრძელნი იყოთ და სიკეთე და სიყვარული გამოავლინოთ მათ მიმართ. იეჰოვა აუცილებლად აკურთხებს თქვენს ძალისხმევას (იგავები 3:33). საბოლოო ჯამში, ყველა ქრისტიანი მშობლის მიზანი ერთია — მათ სურთ, რომ მათმა შვილებმა ისევე შეიყვარონ იეჰოვა, როგორც თავად უყვართ. როგორ შეუძლიათ მშობლებს ამ ღირსეული მიზნის მიღწევა? ამასთან დაკავშირებული ზოგიერთი რჩევა მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• როგორ დაეხმარება წვდომის უნარი მშობელს სულგრძელობის გამოვლენაში?

• რატომ შეიძლება ითქვას, რომ სათანადო დასჯა სიკეთის გამოვლენაა?

• რატომ უნდა ჰქონდეთ მშობლებსა და შვილებს გულწრფელი ურთიერთობა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 23 გვერდზე]

მშობლებო, გაიხსენეთ, ბავშვობაში როგორები იყავით!

[სურათი 24 გვერდზე]

აღძრავთ შვილს გულწრფელი და თავისუფალი ურთიერთობისკენ?