არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაეხმარეთ შვილს, ღვთისადმი სიყვარული განივითაროს

დაეხმარეთ შვილს, ღვთისადმი სიყვარული განივითაროს

დაეხმარეთ შვილს, ღვთისადმი სიყვარული განივითაროს

დღეს მართლაც რთულია, რომ ადამიანმა იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობა განავითაროს (ფსალმუნი 16:8). წინასწარმეტყველების თანახმად, ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ. ადამიანები, ძირითადად, „უფრო სიამოვნებათა მოყვარულები [არიან], ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—5). დღევანდელ ქვეყნიერებაში ღვთისადმი ნამდვილი სიყვარული იშვიათობაა.

ამიტომ ბავშვს ღვთის სიყვარული თავისთავად ვერ გაუჩნდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ შვილებს, რომ იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარული განივითარონ. როგორ გავაკეთოთ ეს?

გულახდილი საუბარი

ჩვენ იმ შემთხვევაში შევძლებთ შვილებში ღვთის სიყვარულის ჩანერგვას, თუ თავად გვეყვარება ის (ლუკა 6:40). ბიბლიაში წერია: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს“ (კანონი 6:4—7).

როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ შვილებს, მთელი გულით უყვარდეთ ღმერთი? უპირველესად, უნდა გავიგოთ, რა ხდება მათ გულში, შემდეგ კი ჩვენც უნდა გადავუშალოთ გული.

ემაუსისკენ მიმავალ გზაზე იესო ქრისტემ აღძრა თავისი ორი მოწაფე, გული გადაეშალათ მისთვის. იესომ მოუსმინა მათ და მხოლოდ შემდეგ შეუსწორა თვალსაზრისი წმინდა წერილებიდან. მოგვიანებით მათ თქვეს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა?“ ეს შემთხვევა გულახდილი საუბრის შესანიშნავი მაგალითია (ლუკა 24:15—32). როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რას ფიქრობენ და გრძნობენ ჩვენი შვილები?

გულახდილ საუბართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ თავიანთი აზრი გამოთქვეს მშობლებმა, რომელთა შვილებიც მოზარდები ან უკვე სრულწლოვანები არიან და რწმენის კარგ მაგალითს იძლევიან. მექსიკაში მცხოვრებ გლენს * ოთხი სრულწლოვანი შვილი ჰყავს. ის ამბობს: „მშობლებსა და შვილებს შორის გულახდილი საუბარი თავისთავად ვერ შედგება; მე და ჩემი ცოლი უმნიშვნელო საქმეებს გვერდზე ვდებდით ხოლმე, რომ შვილებისთვის დრო გამოგვეყო. როცა ისინი მოზარდები იყვნენ, ხანდახან მთელ საღამოს ვუთმობდით, რომ მათთვის საინტერესო საკითხებზე გვესაუბრა. სადილობის ან ვახშმობის დროს ვუსმენდით მათ, ვიგებდით, რა აწუხებდათ, და ტაქტიანად ვუსწორებდით აზროვნებას ისე, რომ ხშირად ამას ვერც კი ხვდებოდნენ“.

გულახდილ საუბარში ისიც იგულისხმება, რომ ჩვენც გადავუშალოთ მათ გული. იესომ თქვა: „კარგ კაცს თავისი გულის კარგი განძიდან კარგი გამოაქვს, . . . რადგან გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს“ (ლუკა 6:45). ტოშიკის სამივე შვილი სრული დროით მსახურობს იაპონიაში. ის ამბობს: „ბევრჯერ ვუყვებოდი მათ, როგორ ვირწმუნე იეჰოვა — მთელი გულით როგორ დავრწმუნდი მის არსებობაში, და როგორ დამანახვა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, რომ ბიბლია ჭეშმარიტია და საუკეთესო სახელმძღვანელოა“. მექსიკაში მცხოვრები სინდი ამბობს: „ჩემი ქმარი ყოველთვის ბავშვებთან ერთად ლოცულობდა. როცა ისინი მის გულწრფელ სიტყვებს ისმენდნენ, რწმუნდებოდნენ, რომ იეჰოვა რეალური პიროვნებაა“.

პირადი მაგალითის ძალა

ჩვენი საქციელი უფრო დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე, ვიდრე ჩვენი სიტყვები, რადგან საქმეებით ცხადვყოფთ, როგორ გვიყვარს ღმერთი. იესო ქრისტე სრულად ემორჩილებოდა იეჰოვას, ამიტომ გარშემომყოფთ შეეძლოთ დაენახათ, რა ძლიერ უყვარდა მას ღმერთი. იესომ თქვა: „იმისათვის, რომ ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, რაც მამამ დამიდო მცნებად, იმას ვაკეთებ“ (იოანე 14:31).

უელსელი გარეთი იეჰოვას მოწმეა. ის ამბობს: „ჩვენმა შვილებმა უნდა დაინახონ, რომ გვიყვარს იეჰოვა და ვცდილობთ ყველაფერში მისი ნება შევასრულოთ. მაგალითად, ჩემი შვილები ხედავენ, რომ ღვთის მორჩილება აღმძრავს, ჩემი შეცდომები ვაღიარო. ისინიც ცდილობენ, მსგავსად მოიქცნენ“.

ავსტრალიელი გრეგი იხსენებს: „გვინდოდა შვილებს დაენახათ, რომ ჭეშმარიტებას ჩვენს ცხოვრებაში პირველი ადგილი უკავია. სამუშაოსა და დასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას უპირველესად ვფიქრობდით, ხომ არ შეგვიშლიდა ეს ხელს ქრისტიანული პასუხისმგებლობების შესრულებაში. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი 19 წლის ქალიშვილი, რომელიც დამხმარე პიონერად მსახურობს, ზუსტად ასე იქცევა“.

გავაცნოთ შვილებს ღმერთი

შეუძლებელია გვიყვარდეს ან ვენდობოდეთ ისეთ პიროვნებას, ვისაც არ ვიცნობთ. მოციქულ პავლეს სურდა, ფილიპელ ქრისტიანებს იეჰოვასადმი სიყვარული გაეძლიერებინათ. „განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული უფრო და უფრო გაიზარდოს საფუძვლიან ცოდნასა და სრულ გამჭრიახობაში“, — წერდა ის (ფილიპელები 1:9). პერუელი ფალკონერიო, რომელიც ოთხ შვილს ზრდის, აღნიშნავს: „ბიბლიის რეგულარული კითხვა და შესწავლა ჩემი შვილების რწმენას აძლიერებს. ზოგჯერ ვერ ვახერხებდი შესწავლის ჩატარებას და ვატყობდი, რომ მათ ღვთისადმი სიყვარული უნელდებოდათ“. ავსტრალიელი გარი ამბობს: „ხშირად ვმსჯელობ შვილებთან, როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ასევე ყურადღებას ვამახვილებ, რატომ არის კარგი ბიბლიის პრინციპების გამოყენება. ბიბლიის რეგულარულ ოჯახურ შესწავლას დიდი წვლილი შეაქვს მათი რწმენის განმტკიცებაში“.

ცოდნა უკეთესად აღწევს ბავშვის გულს, თუ ოჯახში მეგობრული ატმოსფეროა, ერთმანეთს პატივს სცემენ და სწავლა სასიამოვნოა (იაკობი 3:18). დიდ ბრიტანეთში მცხოვრები შონი და პოლინი, რომელთაც ოთხი შვილი ჰყავთ, იხსენებენ: „ბიბლიის ოჯახური შესწავლის დროს ვცდილობდით, არ დაგვეტუქსა ბავშვები მაშინაც კი, როცა ცელქობდნენ. ჩვენი შესწავლა მრავალფეროვანი იყო. ზოგჯერ ბავშვებს შესაძლებლობას ვაძლევდით, თავად აერჩიათ განსახილველი საკითხი. ერთად ვუყურებდით იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ვიდეოფილმებს. ზოგჯერ ერთი და იმავე მონაკვეთს განმეორებით ვნახულობდით ან ვაჩერებდით ფილმს, რომ განგვეხილა ნანახი“. კიმი, რომელიც ასევე დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ამბობს: „გულდასმით ვემზადები ოჯახური შესწავლისთვის, რომ შვილებს დამაფიქრებელი კითხვები დავუსვა. შესწავლა სიამოვნებას გვანიჭებს და ყოველთვის ბევრს ვიცინით“.

მეგობრების შერჩევა

ჩვენმა შვილებმა რომ შეიყვარონ იეჰოვა და დააფასონ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა, საჭიროა მათ გარშემო იყვნენ ისინი, ვინც ღვთის მეგობრები არიან. შეიძლება მშობლებს ძალისხმევა დასჭირდეთ, რომ შვილებს ისეთი მეგობრების შერჩევაში დაეხმარონ, ვისთან ურთიერთობაც მათზე დადებითად იმოქმედებს. მაგრამ ძალისხმევა ნამდვილად დაფასდება! ასევე კარგი იქნება, თუ ჩვენს შვილებს ხშირად ექნებათ ურთიერთობა იმ იეჰოვას მოწმეებთან, რომლებმაც სრული დროით მსახურება აირჩიეს. მრავალი მათგანი სრული დროით მსახური იმიტომ გახდა, რომ ღვთის ასეთ გულმოდგინე მსახურებთან მეგობრობდა. ერთი მისიონერი და იხსენებს: „ჩემი მშობლები ხშირად ეპატიჟებოდნენ პიონერებს სადილზე ან ვახშამზე. ვხედავდი, რომ მსახურება მათ სიხარულს ანიჭებდათ. ამიტომ მეც ძალიან მინდოდა მათ მსგავსად მემსახურა“.

ცხადია, ბავშვებზე ადვილად შეიძლება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენის მოხდენა. ამიტომ ცუდი საზოგადოება სირთულეებს უქმნის მშობლებს (1 კორინთელები 15:33). ადვილი არ არის, ასწავლოთ შვილებს, მოერიდონ იმ ადამიანებთან მეგობრობას, რომლებიც არ იცნობენ იეჰოვას და არ უყვართ ის (იგავები 13:20). შონი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს: „ჩვენ ვასწავლეთ შვილებს, კლასელებთან მეგობრულები ყოფილიყვნენ, მაგრამ მათი ურთიერთობა მხოლოდ სკოლით უნდა შემოფარგლულიყო. ჩვენს შვილებს ესმოდათ, რატომ არ იღებდნენ მონაწილეობას კლასგარეშე ღონისძიებებში და სპორტულ შეჯიბრებებში“.

შრომა დაგვიფასდება

თუ შვილებს ვასწავლით, როგორ ესაუბრონ სხვებს თავიანთი რწმენის შესახებ, მათთვის ადვილი გახდება სხვების წინაშე ღვთისადმი სიყვარულის გამოხატვა. მარკი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ამბობს: „გვინდოდა, რომ ჩვენი ბიჭებისთვის სასიამოვნო ყოფილიყო თავიანთი რწმენის შესახებ სხვებთან საუბარი არა მხოლოდ მაშინ, როცა ოფიციალურად გავდიოდით საქადაგებლად, არამედ — ყოველთვის. ასე რომ, როცა დასასვენებლად მივდივართ პარკში, პლაჟზე ან ტყეში, ყოველთვის მიგვაქვს ბიბლია და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა, რომ ადამიანებს ჩვენი რწმენის შესახებ ვესაუბროთ. ბიჭებს ძალიან მოსწონთ არაფორმალურად ქადაგება. ისინი ერთვებიან საუბარში და თავიანთ რწმენას გამოხატავენ“.

ხანდაზმული მოციქული იოანე ბევრს დაეხმარა, რომ ღვთისადმი მათი სიყვარული გაზრდილიყო. მან დაწერა: „არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი [სულიერი] შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოანე 4). ჩვენც მსგავსი სიხარული გვექნება, თუ შვილებს ღვთის სიყვარულის განვითარებაში დავეხმარებით.

[სქოლიო]

^ აბზ. 8 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათები 9 გვერდზე]

სულიერ საკითხებზე გულახდილი საუბარი თავისთავად ვერ შედგება

[სურათი 10 გვერდზე]

ასწავლეთ შვილებს, რომ სხვების წინაშე ღვთისადმი სიყვარული გამოხატონ

[საავტორო უფლება]

Courtesy of Green Chimneys Farm