იონათანს „ღმერთმა გაამარჯვებინა“
იონათანს „ღმერთმა გაამარჯვებინა“
ისრაელის პირველი მეფის ვაჟი დევნილს ინახულებს. „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ გახდები ისრაელის მეფე, მე კი შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები“, — ეუბნება ის დევნილს (1 სამუელი 23:17).
მნახველი იონათანია, დევნილი კი — დავითი. იონათანი მალევე რომ არ მომკვდარიყო, შეიძლებოდა დავითის მარჯვენა ხელი გამხდარიყო.
იონათანი და დავითი ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. თავად იონათანი შესანიშნავი ადამიანი იყო. მისი თანამემამულეებიც ამავეს ფიქრობდნენ. ერთხელ მათ თქვეს, რომ მას „ღმერთმა გაამარჯვებინა“ (1 სამუელი 14:45). რატომ თქვეს ეს სიტყვები? რა თვისებები ჰქონდა იონათანს? რას ვსწავლობთ მისი ცხოვრებიდან?
ისრაელებს „გაუჭირდათ“
ბიბლია პირველად მაშინ მოიხსენიებს იონათანს, როცა ისრაელებს ძალიან უჭირდათ. ფილისტიმელები ძარცვავდნენ მათ მიწა-წყალს და შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რომ თავი დაეცვათ (1 სამუელი 13:5, 6, 17—19).
იეჰოვამ თქვა, რომ ის არ მიატოვებდა თავის ხალხს და იონათანს სჯეროდა ამ დაპირების. მის მამაზე, საულზე, ღმერთს ნათქვამი ჰქონდა: „ის იხსნის ჩემს ხალხს ფილისტიმელთა ხელიდან“. იონათანს ეჭვი არ ეპარებოდა ამ სიტყვებში. მან ერთხელ უკვე გაიმარჯვა ფილისტიმელებზე ცუდად შეიარაღებული ათასი მეომრის დახმარებით. ახლა მას სურდა, ბოლო მოეღო ფილისტიმელთა პარპაშისთვის (1 სამუელი 9:16; 12:22; 13:2, 3, 22).
გაბედული თავდასხმა
იონათანმა მიზანში ამოიღო ფილისტიმელთა მოწინავე ჯარი, რომელმაც მიქმაშის ვიწრო ხევთან დაიბანაკა (1 სამუელი 13:23). მათთან იონათანს ფორთხვით მოუწევდა ასვლა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა მას. იონათანმა გადაწყვიტა, მხოლოდ თავის საჭურველმტვირთველთან ერთად დასხმოდა ფილისტიმელებს. მან თქვა: „იქნებ გაგვამარჯვებინოს იეჰოვამ; ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, ბევრითაც იხსნის და მცირედითაც“ (1 სამუელი 14:6, 13).
ეს ორი ისრაელი იეჰოვასგან ნიშანს ელოდა. ისინი უნდა დანახვებოდნენ ფილისტიმელებს. თუ ფილისტიმელები ეტყოდნენ, „შეჩერდით, თქვენთან მოვალთო“, მაშინ იონათანი თავის საჭურველმტვირთველთან ერთად არ ავიდოდა მათთან. მაგრამ, თუ ისინი ეტყოდნენ, „ამოდითო“, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ იეჰოვა გაამარჯვებინებდა მათ. იონათანი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი დაეხმარებოდა, ამიტომ ავიდა მათთან საბრძოლველად (1 სამუელი 14:8—10).
რას გახდებოდა ორი კაცი მოწინავე ჯარის წინააღმდეგ? მაგრამ გაიხსენეთ, განა იეჰოვა არ დაეხმარა მსაჯულ ეჰუდს, როცა ისრაელს მოაბის წინააღმდეგ წაუძღვა? განა ღმერთი არ იყო შამგართან, რომელმაც სახრით 600 ფილისტიმელი მოკლა? და განა იეჰოვა არ ამარჯვებინებდა სამსონს, როცა ის მარტო ესხმოდა ფილისტიმელებს? იონათანი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი დაეხმარებოდა (მსაჯულები 3:12—31; 15:6—8, 15; 16:29, 30).
ფილისტიმელებმა დაინახეს ისინი და უთხრეს: „ამოდით და გიჩვენებთ სეირს!“ იონათანი და მისი საჭურველმტვირთველი ავიდნენ მათთან. მათ გაბედულად შეუტიეს და 20-მდე მეომარი მოკლეს, რამაც ბანაკში აურზაური გამოიწვია. შესაძლოა, ფილისტიმელებს ეგონათ, რომ ამ ორ კაცს თან ახლდა უამრავი ისრაელი მეომარი. ამის შემდეგ „შიშმა შეიპყრო . . . მთელი მოწინავე ჯარი“ და „ზანზარი დაიწყო მიწამ და ღვთის შიშმა მოიცვა იქაურობა“. ღვთისგან გამოწვეულმა მიწისძვრამ ფილისტიმელთა შორის ისეთი არეულობა შეიტანა, რომ ‘მოძმემ მოძმეზე აღმართა 1 სამუელი 14:11—23, 31).
მახვილი’. ამის დანახვაზე ისრაელებს გამბედაობა შეემატათ. მათ შეუერთდნენ ის ისრაელები, რომლებიც იმალებოდნენ და ისინიც, ვინც ფილისტიმელთა მხარეზე იყვნენ. ერთად „დახოცეს მათ იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე“ (ხალხმა იონათანი სიკვდილს გადაარჩინა
მეფე საული უგუნურად მოიქცა და დააფიცა ხალხი, რომ გამარჯვებამდე არაფერს შეჭამდნენ. რაღაც მიზეზის გამო იონათანმა არ იცოდა ამის შესახებ, ჯოხის წვერი ფიჭაში ჩააწო და თაფლი შეჭამა. როგორც ჩანს, ამან მისცა ძალა, რომ ბრძოლა ბოლომდე მიეყვანა (1 სამუელი 14:24—27).
საულმა შეიტყო, რომ იონათანმა თაფლი შეჭამა და ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ის. იონათანი სიკვდილს არ შეუშინდა და თქვა: „აქა ვარ, დაე, მოვკვდე!“ მაგრამ «მიუგო ხალხმა საულს: „განა უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც დიდებულად იხსნა ისრაელი?! ეს არ მოხდება! ცოცხალია იეჰოვა, თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდება მისი თავიდან, რადგან ღმერთმა გაამარჯვებინა“. ასე გადაარჩინა ხალხმა იონათანი სიკვდილს» (1 სამუელი 14:38—45).
დღეს ღვთის მსახურები პირდაპირი გაგებით ომში არ ვიბრძვით. მაგრამ შეიძლება ცხოვრებაში ისეთი მომენტი დაგვიდგეს, როცა რწმენა და გამბედაობა დაგვჭირდება. შეიძლება რთული იყოს სწორად მოქცევა, როცა გარშემო ყველა არასწორად იქცევა. მაგრამ იეჰოვა გაგვაძლიერებს და დაგვეხმარება, რომ მისი სამართლიანი პრინციპები დავიცვათ. შეიძლება გამბედაობა დაგვჭირდეს, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში რაიმე დავალება შევასრულოთ, მაგალითად უფრო მეტი გავაკეთოთ მსახურებაში, მივიღოთ ახალი დანიშნულება ან იქ გადავიდეთ საცხოვრებლად, სადაც მაუწყებლების მეტი საჭიროებაა. შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ამ დავალებას ვერ შევასრულებთ. მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ქებას დავიმსახურებთ, თუ საშუალებას მივცემთ იეჰოვას, თავისი ნებისამებრ გამოგვიყენოს. გვახსოვდეს იონათანი! მას „ღმერთმა გაამარჯვებინა“.
იონათანი და დავითი
ამ მოვლენებიდან დაახლოებით ოცი წლის შემდეგ ფილისტიმელთა ერთი მეომარი, სახელად გოლიათი, დასცინოდა ისრაელებს, მაგრამ დავითმა დაამარცხა ის. იონათანი, როგორც ჩანს, 30 წლით უფროსი იყო დავითზე, მაგრამ მათ ბევრი ჰქონდათ საერთო *. დავითმაც ისეთივე გამბედაობა გამოავლინა, როგორიც იონათანმა მიქმაშში. უმთავრესი კი ის იყო, რომ დავითს იონათანის მსგავსად სჯეროდა, იეჰოვას შესწევდა გადარჩენის ძალა; ის უშიშრად შეებრძოლა გოლიათს, მაშინ როცა დანარჩენ ისრაელებს შეეშინდათ. ამიტომ „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს და საკუთარი სულივით შეიყვარა იონათანმა იგი“ (1 სამუელი 17:1—18:4).
თუმცა უშიშარ დავითში საული მეტოქეს ხედავდა, იონათანს შურის ნასახიც არ გასჩენია. ისინი ახლო მეგობრები გახდნენ და, ალბათ, იონათანმა ერთ-ერთი საიდუმლო საუბრის დროს გაიგო, რომ დავითი ისრაელის მომავალ მეფედ იყო ცხებული. იონათანი პატივისცემით მოეკიდა ღვთის გადაწყვეტილებას.
მეფე საულმა თავის ვაჟსა და მსახურებს უთხრა, რომ დავითის მოკვლას აპირებდა, ამიტომ იონათანმა გააფრთხილა დავითი. იონათანი არწმუნებდა საულს, რომ დავითი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა. დავითს ხომ არაფერი დაუშავებია მეფისთვის! განა დავითმა საფრთხეში არ ჩაიგდო სიცოცხლე, როცა გოლიათს შეებრძოლა? იონათანის მუდარამ დაამშვიდა საული. მაგრამ მეფეს მალევე შეეცვალა აზრი და ისევ დაიწყო დავითის მოსაკლავად გეგმების შედგენა, რის გამოც დავითი იძულებული გახდა, გაქცეულიყო (იონათანი კი დავითს უჭერდა მხარს. მეგობრებმა შეადგინეს მოქმედების გეგმა. იონათანმა, რომელიც მეგობრის ერთგული იყო და მამის მიმართაც ერთგულების შენარჩუნებას ცდილობდა, დავითს უთხრა: „ეს არ მოხდება! არ მოკვდები“; დავითმა კი მიუგო: „ერთი ნაბიჯი მაშორებს სიკვდილს!“ (1 სამუელი 20:1—3).
იონათანმა და დავითმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, რა ჰქონდა საულს განზრახული. თუ მეფე შენიშნავდა, რომ დავითი არ იყო მის სუფრასთან, მაშინ იონათანი ეტყოდა, რომ დავითი მას დაეთხოვა, რათა ოჯახთან ყოფილიყო ყოველწლიური მსხვერპლშეწირვის დროს. თუ საული განრისხდებოდა, ამით დავითისადმი მისი მტრული დამოკიდებულება გამოჩნდებოდა. იონათანმა ყოველივე კარგი უსურვა დავითს და გადაკვრით შეეხო მის მომავალ მეფობას. მან უთხრა: „იეჰოვა იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო“. მათ ერთგულება შეჰფიცეს ერთმანეთს და მოილაპარაკეს, როგორ გააგებინებდა იონათანი დავითს შედეგებს (1 სამუელი 20:5—24).
საულმა შენიშნა, რომ დავითი სუფრასთან არ იყო. იონათანმა აუხსნა, რომ დავითმა სთხოვა: „თუ წყალობა მიპოვია შენს თვალში, გამიშვი, რომ ვნახო ჩემი ძმები“. იონათანს არ ეშინოდა იმის თქმის, რომ დავითის მიმართ კეთილგანწყობილი იყო. მეფე განრისხდა! მან დაგმო იონათანი და აღშფოთებულმა უთხრა, რომ დავითი დიდ საფრთხეს უქმნიდა მის მეფობას. მან მოითხოვა, იონათანს მოეყვანა დავითი, რათა მოეკლა. მაგრამ იონათანმა მიუგო: „რატომ უნდა მოკვდეს? რა დააშავა?“ გაშმაგებულმა საულმა თავის ვაჟს შუბი ესროლა. იონათანი უვნებელი გაიქცა, მაგრამ გული ეტკინა დავითის გამო (1 სამუელი 20:25—34).
რა ერთგული იყო იონათანი! ადამიანური თვალსაზრისით, დავითთან მეგობრობით იონათანი უფრო ბევრს კარგავდა, ვიდრე იღებდა. მაგრამ იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ დავითი შეცვლიდა მეფე საულს და ეს სასიკეთოდ იმოქმედებდა როგორც იონათანზე, ისე სხვებზე.
სევდიანი განშორება
იონათანი ჩუმად შეხვდა დავითს, რათა ახალი ამბავი ეთქვა. ნათელი იყო, რომ დავითი ვეღარასოდეს გადააბიჯებდა საულის სამეფო კარის ზღურბლს. ორივე ტიროდა და ერთმანეთს ეხვეოდა. ამის შემდეგ დავითმა სამალავს დაუწყო ძებნა (1 სამუელი 20:35—42).
იონათანი კიდევ ერთხელ შეხვდა დავითს, როცა ის საულს ემალებოდა „ხორეშში . . . ზიფის უდაბნოში“. სწორედ მაშინ გაამხნევა იონათანმა დავითი: „ნუ გეშინია, ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ გახდები ისრაელის მეფე, მე კი შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები; მამაჩემმა საულმაც იცის ეს“ (1 სამუელი 23:15—18). ამის შემდეგ მალევე იონათანი და საული ფილისტიმელებთან ბრძოლაში დაიღუპნენ (1 სამუელი 31:1—4).
ყველა, ვისაც ღმერთი უყვარს, უნდა დაფიქრდეს იონათანის ცხოვრებაზე. გიჭირთ გადაწყვიტოთ, ვის უერთგულოთ? გახსოვდეთ, საული მოუწოდებდა იონათანს, საკუთარ თავზე ეზრუნა; მაგრამ იონათანი მთელი გულით ემორჩილებოდა იეჰოვას, მოწიწებას ავლენდა და ხარობდა იმით, რომ ღვთის რჩეული გახდებოდა მეფე. იონათანი მხარს უჭერდა დავითს და იეჰოვას ერთგული იყო.
იონათანი შესანიშნავ თვისებებს ფლობდა. მიჰბაძეთ მას! მაშინ სხვები თქვენზეც იმავეს იტყვიან, რასაც ხალხი იონათანზე ამბობდა, რომ მას „ღმერთმა გაამარჯვებინა“ (1 სამუელი 14:45).
[სქოლიო]
^ აბზ. 18 იონათანი სულ ცოტა ოცი წლის მაინც იქნებოდა, როცა საულის 40-წლიანი მეფობის დასაწყისში პირველად მოიხსენიება ჯარის მეთაურად (რიცხვები 1:3; 1 სამუელი 13:2). ის დაახლოებით სამოცი წლის იყო, როცა ძვ. წ. 1078 წელს მოკვდა. ვინაიდან ამ დროს დავითი 30 წლის იყო, იონათანი მასზე დაახლოებით ოცდაათი წლით უფროსი გამოდის (1 სამუელი 31:2; 2 სამუელი 5:4).
[სურათი 19 გვერდზე]
იონათანს არ შურდა დავითის