მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რატომ გამოიყენა იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამოზე ღვინო, რომელიც საფუარს შეიცავს, მაშინ როცა ებრაელებს ნაბრძანები ჰქონდათ, პასექის დღესასწაულზე „საფუვრიანი არაფერი“ ეჭამათ? (გამოსვლა 12:20; ლუკა 22:7, 8, 14—20).
პასექის დღესასწაული, რომელსაც ისრაელის ძეები ეგვიპტიდან გამოსვლის აღსანიშნავად ზეიმობდნენ, ძვ. წ. 1513 წელს დაფუძნდა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით იეჰოვამ ისრაელებს შემდეგი მითითება მისცა: „საფუვრიანი არაფერი ჭამოთ. ყველამ უფუარი პური ჭამეთ თქვენ-თქვენს საცხოვრებლებში“ (გამოსვლა 12:11, 20). ეს მითითება მხოლოდ პასექის დროს უფუარი პურის ჭამას ეხებოდა. რაც შეეხება ღვინოს, ის საერთოდ არ იყო ნახსენები.
საფუვრის აკრძალვის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ისრაელები ეგვიპტიდან საჩქაროდ წამოვიდნენ. გამოსვლის 12:34-ში ნათქვამია: „წაიღო ხალხმა აუფუებელი ცომი; ვარცლები მოსასხამებით შეკრეს და მხარზე მოიკიდეს“. პასექის შემდგომ დღესასწაულებზე უფუარი პურის გამოყენება ამ მნიშვნელოვან ფაქტს გაახსენებდა მომავალ თაობებს.
მოგვიანებით საფუარს ხშირად ცოდვისა და გახრწნილების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. მაგალითად, პავლე მოციქულმა კრებაში მყოფ უზნეო ადამიანზე თქვა: „ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა ახალი ცომი იყოთ, რადგან უფუარნი ხართ, ვინაიდან შეწირულ იქნა ქრისტე, ჩვენი პასექი. ამიტომ ნურც ძველი საფუვრით ვიდღესასწაულებთ და ნურც ბოროტებისა და უკეთურობის საფუვრით, არამედ გულწრფელობისა და ჭეშმარიტების უფუარი პურებით“ (1 კორინთელები 5:6—8). მხოლოდ უფუარი პური შეიძლებოდა ყოფილიყო იესოს უცოდველი სხეულის სიმბოლო (ებრაელები 7:26).
მოგვიანებით, შესაძლოა ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ებრაელებმა პასექის დროს ღვინის გამოყენება დაიწყეს. ამის საწინააღმდეგოდ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, ამიტომ იესომ საპასექო ვახშამზე ღვინო გამოიყენა. რასაკვირველია, ძველად ღვინის ბუნებრივი დუღილი და პურის გაფუება განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ცომის გასაფუებლად საფუარი გამოიყენებოდა. რაც შეეხება ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს, მას არაფრის დამატება არ სჭირდებოდა, რადგან ყურძენი ფერმენტებს შეიცავს. შეუძლებელი იყო, პასექზე სუფთა ყურძნის წვენი ჰქონოდათ, რადგან ღვინობისთვიდან გაზაფხულამდე ანუ პასექამდე, ყურძნის წვენი დაუდუღებელი ვერ იქნებოდა.
ასე რომ, თავისი სიკვდილის გახსენების საღამოზე ღვინის გამოყენებით იესოს არ დაურღვევია პასექის აღსანიშნავად მიცემული მითითება, რომელშიც იკრძალებოდა საფუვრის გამოყენება. ნებისმიერი წითელი ღვინო, რომელშიც არ არის დამატებული შაქარი, სპირტი (შემაგრებული ღვინო) ან საკაზმი, შეიძლება გამოიყენებოდეს ქრისტეს „ძვირფასი სისხლის“ სიმბოლოდ (1 პეტრე 1:19).