არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ოსია“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ოსია“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ოსია“

ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ათი ტომის სამეფოში თითქმის აღარავინ მისდევს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. იერობოამ II-ის მმართველობის დროს ქვეყანა მატერიალურად ყვავის, მაგრამ მეფის სიკვდილის შემდეგ დუხჭირი ცხოვრება დგება; იწყება არეულობისა და პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდი — მომდევნო ექვსი მეფიდან ოთხს კლავენ (2 მეფეები 14:29; 15:8—30; 17:1—6). ოსია თავად იყო ამ მოვლენების მომსწრე, რადგან მან წინასწარმეტყველება ძვ. წ. 804 წელს დაიწყო და 59 წლის განმავლობაში წინასწარმეტყველებდა.

იეჰოვას გრძნობები თავნება ისრაელის მიმართ კარგად არის წარმოდგენილი ოსიას ქორწინებით. ოსია თავის წიგნში ამხელს ისრაელის ცოდვებს და იუდასა და ისრაელის წინააღმდეგ განაჩენს წინასწარმეტყველებს. წიგნი, რომელიც ოსიას სახელს ატარებს, სითბოთი და გრძნობითაა დაწერილი; მასში აზრები მკაფიოდ არის გადმოცემული. ოსიას წიგნი ღვთის შთაგონებით დაიწერა, ამიტომ მასში ჩაწერილი ცნობა ცოცხალი და მოქმედია (ებრაელები 4:12).

„მოიყვანე ცოლი, რომელიც გაირყვნება“

(ოსია 1:1—3:5)

იეჰოვა ეუბნება ოსიას: „წადი, მოიყვანე ცოლი, რომელიც გაირყვნება“ (ოსია 1:2). ოსიას ცოლად მოჰყავს გომერი და ცოტა ხანში მათ ვაჟი უჩნდებათ. მოგვიანებით გომერი, როგორც ჩანს, ორ უკანონო შვილს აჩენს — ლო-რუხამს და ლო-ამს. მათი სახელების მნიშვნელობა მიუთითებს, რომ იეჰოვა აღარ სწყალობს ისრაელს და უარყოფს ორგულ ხალხს.

რას გრძნობს იეჰოვა თავისი ურჩი ხალხის მიმართ? ის ეუბნება ოსიას: „კიდევ წადი და შეიყვარე ქალი, რომელიც სხვას უყვარს და მრუშობს; იეჰოვასაც უყვარს ისრაელის ძეები, ისინი კი სხვა ღმერთებისკენ მიდიან“ (ოსია 3:1).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:1. რატომ მოიხსენიებს ოსია იუდას ოთხ მეფეს, რომლებიც მისი მსახურების დროს მეფობდნენ, ისრაელის მეფეთაგან კი მხოლოდ ერთს? მიზეზი ის არის, რომ ღვთის რჩეულ ხალხზე მმართველობის უფლება მხოლოდ დავითის საგვარეულოს ჰქონდა. იუდას მეფეები დავითის საგვარეულოდან იყვნენ, ჩრდილოეთის სამეფოს მეფეები კი — არა.

1:2—9. მართლა დაქორწინდა ოსია ქალზე, რომელიც გაირყვნებოდა? წინასწარმეტყველი არ ამბობს, რომ ის, რაც თავისი ოჯახური ცხოვრების შესახებ დაწერა, სიზმარი ან ხილვა იყო. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ოსიამ მართლა მოიყვანა ცოლად ქალი, რომელიც მოგვიანებით მრუში გახდა.

1:7. როდის შეიწყალა და გადაარჩინა ღმერთმა იუდას სახლი? ეს მოხდა ძვ. წ. 732 წელს, ეზეკიას მეფობის დროს. მაშინ იეჰოვამ საბოლოოდ გაათავისუფლა იერუსალიმი ასურელების თავდასხმისგან და ერთი ანგელოზის მეშვეობით 185 000 ასურელი მეომარი გაანადგურა ერთ ღამეში (2 მეფეები 19:34, 35). ამგვარად, იეჰოვამ იხსნა იუდა არა „მშვილდით, მახვილით, ომით, ცხენითა თუ მხედრით“, არამედ ერთი ანგელოზის მეშვეობით.

1:10, 11. თუ ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო ძვ. წ. 740 წელს დაეცა, როგორღა შეიკრიბებოდნენ ისრაელის ძეები იუდას ძეებთან ერთად? ძვ. წ. 607 წელს, იუდას ბაბილონში გადასახლებამდე, ბევრი ჩრდილოეთ სამეფოდან იუდაში გადავიდა საცხოვრებლად (2 მატიანე 11:13—17; 30:6—12, 18—20, 25). როცა ძვ. წ. 537 წელს იუდევლები გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ, მათ შორის იყვნენ მათი შთამომავლები, ვინც ერთ დროს ჩრდილოეთ სამეფოში ცხოვრობდა (ეზრა 2:70).

2:2123. რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ, როცა თქვა: „თესლივით დავთესავ მას [იზრეელს] მიწაში ჩემთვის, შევიწყალებ“? ოსიას პირმშოს, რომელიც გომერთან შეეძინა, იზრეელი ერქვა (ოსია 1:2—4). ამ სახელს, რომელიც ნიშნავს „ღმერთი დათესავს თესლს“, წინასწარმეტყველური გაგება ჰქონდა და მიუთითებდა, რომ იეჰოვა ერთგულ იუდეველთა დარჩენილ ნაწილს შეკრებდა ძვ. წ. 537 წელს და იუდას მიწაზე თესლივით დათესავდა. მიწას, რომელიც 70 წლის მანძილზე გაპარტახებული იყო, უნდა წარმოექმნა მარცვლეული, ახალი ღვინო და ზეთი. წინასწარმეტყველებაში ხატოვანი ენით არის აღწერილი, რომ მარცვლეული, ახალი ღვინო და ზეთი სთხოვენ მიწას, მისცეს საზრდო, მიწა ცას სთხოვს წვიმას, ცა კი — ღმერთს საწვიმარ ღრუბლებს. ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რომ სამშობლოში დაბრუნებულებს უხვად ჰქონოდათ საზრდო. პავლე და პეტრე მოციქულები ოსიას 2:23-ს მოიხსენიებენ სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილის შეკრებაზე საუბრისას (რომაელები 9:25, 26; 1 პეტრე 2:10).

რას ვსწავლობთ:

1:2—9; 3:1, 2დაფიქრდით, რა ფასად დაუჯდა ოსიას ღვთის ნების შესრულება და მრუშ ცოლთან ცხოვრება! როცა საქმე ღვთის ნების შესრულებას ეხება, რამდენად მზად ვართ პირადი ინტერესების დასათმობად?

1:6—9იეჰოვას სძულს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური მრუშობა.

1:7, 10, 11; 2:14—23ისრაელსა და იუდაზე შესრულდა იეჰოვას წინასწარმეტყველება. იეჰოვას სიტყვა ყოველთვის სრულდება.

2:16, 19, 21—23; 3:1—4იეჰოვა მზად არის აპატიოს მათ, ვინც გულწრფელად ინანიებს (ნეემია 9:17). იეჰოვას მსგავსად ჩვენც უნდა თანავუგრძნოთ და ვაპატიოთ სხვებს.

„სასამართლოში ედავება იეჰოვა“

(ოსია 4:1—13:16)

რატომ ‘ედავება იეჰოვა სასამართლოში მიწის მკვიდრებს’? იმიტომ, რომ „არ არის ამ მიწაზე ჭეშმარიტება, არც სიკეთე და არც ღვთის ცოდნა“ (ოსია 4:1). მოღალატე ისრაელებს ბრალად ედებათ გამოძალვა, სისხლისღვრა, ფიზიკური თუ სულიერი გარყვნილება. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას მიმართონ დახმარებისთვის, ისინი „ეგვიპტეს მოუხმობენ, ასურეთში მიდიან“ (ოსია 7:11).

იეჰოვას შემდეგი სიტყვებით გამოაქვს განაჩენი: „ჩაიყლაპება ისრაელი“ (ოსია 8:8). არც იუდას სამეფოა უდანაშაულო. ოსიას 12:2-ში ვკითხულობთ: „იეჰოვა სასამართლოში ედავება იუდას, პასუხს სთხოვს იაკობს მისი გზებისამებრ; მისი საქმეებისამებრ მიუზღავს მას“. მაგრამ ისინი სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებიან, რადგან ღმერთი ჰპირდება: „სამარის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან დავიხსნი“ (ოსია 13:14).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

6:1—3. ვინ თქვა: „მოდით და დავუბრუნდეთ იეჰოვას“? შესაძლოა ორგული ისრაელები ეუბნებოდნენ ერთმანეთს, რომ იეჰოვას დაბრუნებოდნენ. თუ ასეა, მაშინ მათი მონანიება მოჩვენებითი იყო; მათი სიკეთე ხანმოკლე და წამიერი იყო „დილის ღრუბლებივით და ნამივით, რომელიც მალევე ქრება“ (ოსია 6:4). მაგრამ შესაძლოა, ამ სიტყვებით ოსია მიმართავდა ხალხს და სთხოვდა, დაბრუნებოდნენ ღმერთს. ვისაც უნდა ეთქვა ეს, ისრაელის ათი ტომის სამეფოს ურჩ მცხოვრებთ გულწრფელად უნდა მოენანიებინათ და დაბრუნებოდნენ იეჰოვას.

7:4. რა გაგებით ჰგავდნენ მრუში ისრაელები ‘გახურებულ ღუმელს’? ამ შედარებით დანახვებულია, რამდენად ბოროტი იყო ისრაელთა გულები.

რას ვსწავლობთ:

4:1, 6თუ გვინდა ყოველთვის დავიმსახუროთ იეჰოვას მოწონება, არ უნდა შევწყვიტოთ ღვთის შესახებ ცოდნის მიღება და ამ ცოდნის თანახმად ცხოვრება.

4:9—13იეჰოვა პასუხს აგებინებს ყველას, ვინც უზნეო ცხოვრებას ეწევა და უწმინდურ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობს (ოსია 1:4).

5:1ვისაც ღვთის ხალხის ხელმძღვანელობა აკისრიათ, არავითარი საერთო არ უნდა ჰქონდეთ განდგომილებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეიძლება სხვებს უბიძგონ ცრუ თაყვანისმცემლობისკენ და მათთვის ‘მახედ და ბადედ’ იქცნენ.

6:1—4; 7:14, 16მხოლოდ სიტყვებით მონანიება თვალთმაქცობაა და ფუჭია. ღვთის წყალობის მისაღებად შემცოდველმა გულწრფელად უნდა მოინანიოს და დაუბრუნდეს „ამაღლებულს“, ანუ წმინდა თაყვანისმცემლობას. მისი ცხოვრება ღვთის ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს (ოსია 7:16).

6:6თუ ადამიანი ცოდვის ჩადენას განაგრძობს, მას არ გააჩნია ღვთისადმი ერთგული სიყვარული. რაც უნდა გააკეთოს ღვთის მსახურებაში, ეს ვერ გადაფარავს მის ცოდვას.

8:7, 13; 10:13კერპთაყვანისმცემელი ისრაელების შემთხვევაში გამართლდა პრინციპი, რომ „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).

8:8; 9:17; 13:16წინასწარმეტყველებები, რომლებიც ჩრდილოეთ სამეფოს ეხებოდა, მაშინ შესრულდა, როცა ასურეთმა მისი დედაქალაქი სამარია დაიპყრო (2 მეფეები 17:3—6). შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღმერთი შეასრულებს თავის ნათქვამს (რიცხვები 23:19).

8:14ძვ. წ. 607 წელს იეჰოვამ ბაბილონელების ხელით ‘ცეცხლი გაუგზავნა იუდას ქალაქებს’. ამგვარად შესრულდა იერუსალიმსა და იუდას განადგურებაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველება (2 მატიანე 36:19). ღვთის სიტყვა არასოდეს მტყუნდება (იესო ნავეს ძე 23:14).

9:10მიუხედავად იმისა, რომ ისრაელები ჭეშმარიტი ღვთისადმი მიძღვნილები იყვნენ, ისინი „ფეორის ბაალთან შევიდნენ, სამარცხვინო რამეს მიუძღვნეს თავი“. გონივრულია, თუ მათი შეცდომებიდან ვსწავლობთ და ჩვენი მიძღვნის თანახმად ვცხოვრობთ (1 კორინთელები 10:11).

10:1, 2, 12ღმერთს უთვალთმაქცოდ უნდა ვცეთ თაყვანი. თუ ‘სიმართლით ვთესავთ, ღვთის სიკეთით მოვიმკით’.

10:5ბეთ-ავენი („სიავის სახლი“) არის ბეთელის („ღვთის სახლი“) შეურაცხმყოფელი სახელწოდება. როდესაც ბეთ-ავენის ხბოს კერპი გადასახლებაში წაიღეს, სამარიის მოსახლეობა გლოვობდა თავისი სათაყვანებელი საგნის დაკარგვას. როგორი უგუნურებაა, მივენდოთ უსიცოცხლო კერპს, რომელსაც საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეუძლია! (ფსალმუნი 135:15—18; იერემია 10:3—5).

11:1—4იეჰოვა ყოველთვის სიყვარულით ეპყრობა თავის ხალხს. მისადმი მორჩილება არასდროს არის დამამძიმებელი.

11:8—11; 13:14იეჰოვას სიტყვა ჭეშმარიტი თაყვანისცემლობის აღდგენის შესახებ ‘უშედეგოდ არ დაუბრუნდა მას’ (ესაია 55:11). ძვ. წ. 537 წელს ბაბილონში გადასახლებულთა ნაწილი იერუსალიმში დაბრუნდა (ეზრა 2:1; 3:1—3). რასაც იეჰოვა თავისი წინასწარმეტყველების პირით ამბობს, უეჭველად შესრულდება.

12:6ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიკეთე, სამართლიანობა და ყოველთვის იეჰოვას მივენდოთ.

13:6ისრაელები ‘გაძღნენ და გადიდგულდნენ; ამიტომაც დაივიწყეს იეჰოვა’. ჩვენ უნდა მოვერიდოთ საკუთარი თავის განდიდებას.

„სწორია იეჰოვას გზა“

(ოსია 14:1—9)

ოსია ეხვეწება ხალხს: „დაუბრუნდი, ისრაელო, იეჰოვას, შენს ღმერთს, რადგან შენი დანაშაულის გამო ბორძიკობ“. ის მოუწოდებს მათ, იეჰოვას უთხრან: „გვაპატიე დანაშაული და ჩვენგან მიიღე ის, რაც კარგია, ჩვენ კი ჩვენი ბაგეების ნაყოფს მოგიძღვნით სანაცვლოდ“ (ოსია 14:1, 2).

მომნანიე შემცოდველი უნდა მიუახლოვდეს იეჰოვას, მისი გზებით იაროს და ქების მსხვერპლი შესწიროს. ვინაიდან „სწორია იეჰოვას გზა და მართლები ივლიან მასზე“ (ოსია 14:9). როგორ გვიხარია, რომ მრავალი ‘თრთოლით მივა იეჰოვასა და მისი სიკეთის წინაშე უკანასკნელ დღეებში’! (ოსია 3:5).

[სურათი 15 გვერდზე]

იეჰოვას დამოკიდებულება ისრაელის მიმართ წარმოდგენილია ოსიას ოჯახური ცხოვრებით

[სურათი 17 გვერდზე]

ძვ. წ. 740 წელს დაეცა სამარია და ისრაელის ათი ტომის სამეფომ არსებობა შეწყვიტა