არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არსებობს ბოროტება დღემდე?

რატომ არსებობს ბოროტება დღემდე?

რატომ არსებობს ბოროტება დღემდე?

ბიბლიაში ნათქვამია, რომ „იეჰოვა [ღმერთი] მართალია ყველა თავის გზაზე“ (ფსალმუნი 145:17; გამოცხადება 15:3). „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“, — თქვა წინასწარმეტყველმა მოსემ (კანონი 32:4). იაკობის 5:11-ში ვკითხულობთ, რომ ‘იეჰოვას სათუთი გრძნობები აქვს და გულმოწყალეა’. ამიტომ შეუძლებელია, ღმერთი ბოროტების მიზეზი იყოს.

„განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“, — დაწერა მოწაფე იაკობმა (იაკობი 1:13). იეჰოვა ღმერთი არც ბოროტებით სცდის ადამიანებს და არც ბოროტების ჩადენისკენ უბიძგებს. მაშ, ვინ არის დამნაშავე ბოროტებისა და ტანჯვის არსებობაში?

ვინ არის დამნაშავე?

ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი, იაკობი გვიხსნის, რომ ბოროტების არსებობაში ბრალი ნაწილობრივ ადამიანებს მიუძღვით. ის ამბობს: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკობი 1:14, 15). ადამიანები ხშირად თავიანთი არასწორი სურვილებით მოქმედებენ. მემკვიდრეობით მიღებული ცოდვაც გავლენას ახდენს მათზე. ის არასწორი საქციელის ჩადენის სურვილს ამძაფრებს, რასაც ცუდი შედეგები მოჰყვება (რომაელები 7:21—23). აშკარაა, რომ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა ‘მეფობს’ კაცობრიობაზე და აიძულებს ადამიანებს, ბოროტების მონები გახდნენ, რასაც შედეგად ტანჯვა მოაქვს (რომაელები 5:21). ამასთანავე, ბოროტი ადამიანები სხვებსაც უბიძგებენ ცუდი საქციელისკენ (იგავები 1:10—16).

მაგრამ ბოროტების არსებობის მთავარი მიზეზი სატანა ეშმაკია. ქვეყნიერებაში ბოროტება მისგან გავრცელდა. იესო ქრისტემ სატანას „ბოროტი“ და „ქვეყნიერების [ადამიანთა უსამართლო საზოგადოების] მმართველი“ უწოდა. ადამიანების უმეტესობა სატანის ნებას ასრულებს და უარს ამბობს იეჰოვა ღმერთის სამართლიან გზებზე (მათე 6:13; იოანე 14:30; 1 იოანე 2:15—17). 1 იოანეს 5:19-ში ვკითხულობთ, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“. სატანას და მის ანგელოზებს „შეცდომაში შეჰყავთ მთელი მსოფლიო“, რასაც მხოლოდ უბედურება მოაქვს (გამოცხადება 12:9, 12). ამ ყოველივედან გამომდინარე, ბოროტების არსებობაში მთავარი დამნაშავე სატანა ეშმაკია.

უბედურებებისა და ტანჯვის კიდევ ერთი მიზეზი მოხსენიებულია ეკლესიასტეს 9:11-ში, სადაც ვკითხულობთ: „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“. იესო ქრისტემ მოიხსენია უბედური შემთხვევა, როცა კოშკის ჩამონგრევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა (ლუკა 13:4). ისინი, უბრალოდ, ცუდ დროსა და ცუდ ადგილას აღმოჩნდნენ. მსგავსი რამ ხდება დღესაც. მაგალითად, ფეხით მოსიარულეს შეიძლება თავზე აგური დაეცეს. იქნება ეს ღმერთის ბრალი? რასაკვირველია, არა, რადგან ეს შეიძლება შემთხვევით მოხდეს. იმავეს თქმა შეიძლება მაშინაც, როცა ოჯახის წევრი ავად ხდება ან ოჯახისთავი მოულოდნელად კვდება და უმწეო ქვრივსა და ობლებს ტოვებს.

ცხადია, ღმერთს არც ბოროტების არსებობაში მიუძღვის ბრალი და არც ადამიანთა ტანჯვაში. პირიქით, იეჰოვას განზრახული აქვს, მოსპოს ბოროტებაც და ბოროტების გამომწვევნიც (იგავები 2:22). ის მეტსაც გააკეთებს. წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ ღმერთს განზრახული აქვს, ქრისტეს მეშვეობით ‘დაამსხვრიოს ეშმაკის საქმეები’ (1 იოანე 3:8). დღევანდელი ქვეყნიერება, სადაც სიხარბე, სიძულვილი და ბოროტება მეფობს, წარსულს ჩაბარდება. ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან“ და ბოლოს მოუღებს ტანჯვას (გამოცხადება 21:4). მაგრამ, ალბათ, გაინტერესებთ: „რატომ არ აღმოფხვრა ღმერთმა ბოროტება? რატომ დაუშვა, რომ ბოროტებასა და ტანჯვას დღემდე ეარსება?“ ამ კითხვებზე პასუხს ბიბლიაში ჩაწერილი შემთხვევიდან ვიგებთ, რომელიც ადამსა და ევას ეხება.

მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი

კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში განვითარებული მოვლენებიდან ცხადი ხდება, რატომ უშვებს ღმერთი დღემდე ბოროტებას. იმ დროს შემოქმედთან დაკავშირებით წამოიჭრა მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი, რომელიც ადვილად და სწრაფად ვერ გადაიჭრებოდა. განვიხილოთ, რა მოხდა.

იეჰოვა ღმერთმა პირველი კაცი და ქალი სრულყოფილები შექმნა და სამოთხეში დაასახლა. ცხოველებისგან განსხვავებით ღმერთმა მათ ნების თავისუფლება მისცა (დაბადება 1:28; 2:15, 19). ამ უნარით დაჯილდოებულ ადამსა და ევას შეეძლოთ აერჩიათ ან შემოქმედის სიყვარული, მსახურება და მორჩილება, ან დაუმორჩილებლობა და ღვთისგან დამოუკიდებლობა.

ღმერთმა ადამსა და ევას ერთი რამ აუკრძალა, რითაც მისდამი სიყვარულის დამტკიცების შესაძლებლობა მისცა. მან ადამს უბრძანა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბადება 2:16, 17). ღვთის კეთილგანწყობა რომ ჰქონოდათ და ბედნიერები ყოფილიყვნენ როგორც თვითონ, ისე მათი შთამომავლობა, ადამსა და ევას ამ ერთი ხის ნაყოფი არ უნდა ეჭამათ. როგორ მოიქცნენ ისინი?

ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ განვითარდა მოვლენები. გველის მეშვეობით სატანა ეშმაკმა ევას უთხრა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“ ევამ ღვთის მითითება გაუმეორა, მაგრამ სატანამ უთხრა: „არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“. ევას სასურველად მოეჩვენა ხე, „მოწყვიტა მისი ნაყოფი და შეჭამა. მოგვიანებით კი ქმარსაც მისცა, როცა ერთად იყვნენ, და მანაც შეჭამა“ (დაბადება 3:1—6). ადამმა და ევამ არასწორად გამოიყენეს ნების თავისუფლება — მათ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოავლინეს და შესცოდეს.

გესმით, რამდენად სერიოზულად იყო საქმე? ეშმაკი ღმერთს დაუპირისპირდა. თავის სიტყვებში სატანამ იგულისხმა, რომ სწორისა და არასწორის გასარჩევად ადამსა და ევას არ სჭირდებოდათ იეჰოვას კარნახი. მან ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უფლებამოსილება, ემმართველა ადამიანებზე. ამგვარად, ყველაზე მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი, რომელიც სატანამ წამოჭრა, ეხებოდა იეჰოვას მმართველობის უფლებას. როგორ გადაჭრა ჭეშმარიტმა ღმერთმა ეს საკამათო საკითხი?

საჭირო იყო დრო

იეჰოვას შეეძლო გაენადგურებინა სატანა, ადამი და ევა, რადგან ის თითოეულ მათგანზე ძლიერი იყო. მაგრამ სატანამ ღვთის ძალა კი არ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ მისი მმართველობის უფლება. ეს საკამათო საკითხი ნების თავისუფლებით დაჯილდოებულ ყველა ქმნილებას ეხებოდა. მათ უნდა დაენახათ, რომ ნების თავისუფლების გამოყენება შეეძლოთ იმ კანონების ფარგლებში, რომლებსაც ღმერთი მისცემდა ფიზიკურ, ზნეობრივ და სულიერ საკითხებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ცუდ შედეგებს მოიმკიდნენ იმ ადამიანის მსგავსად, რომელიც მიზიდულობის კანონს არაფრად აგდებს და მაღალი შენობის სახურავიდან ხტება (გალატელები 6:7, 8). ცუდ შედეგებზე დაკვირვებით, რომლებიც ღვთისგან დამოუკიდებლად სიარულს მოჰყვებოდა, ყველა გონიერი ქმნილება შეძლებდა სწორი დასკვნის გაკეთებას. ამას კი დრო სჭირდებოდა.

უკეთ რომ გავიგოთ, რამდენად აუცილებელი იყო დრო საკამათო საკითხის გადასაჭრელად, განვიხილოთ მაგალითი: ერთი კაცი მეორეს უმტკიცებს, რომ მასზე ძლიერია. ამის გასარკვევად საკმარისია, მათ ქვები ასწიონ; ვინც ყველაზე მძიმე ქვას ასწევს, ძლიერიც ის იქნება. მაგრამ დავუშვათ, რომ საკამათო ხდება, სინამდვილეში რომელს უფრო უყვარს შვილები და უყვართ თუ არა ისინი შვილებს; ან შეიძლება საკამათო გახდეს, ვინ უკეთესად ზრუნავს ოჯახზე. დავის გადაჭრა ვერც ძალის გამოყენებით მოხერხდება და ვერც სიტყვებით. ამ საკითხის გადასაჭრელად საჭირო იქნება საკმარისი დრო, დაკვირვება და სწორი დასკვნის გაკეთება.

რა გვიჩვენა დრომ

დაახლოებით 6 000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ღვთის მმართველობის უფლება. რა ცხადყო ისტორიამ? დავფიქრდეთ ღვთის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების ორ მხარეზე. სატანამ ურცხვად უთხრა ევას: „არა, არ მოკვდებით“ (დაბადება 3:4). ამ სიტყვებით სატანამ, ფაქტობრივად, იეჰოვას მატყუარა უწოდა. საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა! თუ ღმერთი ტყუილს ამბობდა, როგორღა შეიძლებოდა სხვა საკითხებში მისი ნდობა? რა გვიჩვენა დრომ?

ადამი და ევა ტანჯვას, ტკივილს, სიბერესა და სიკვდილს დაექვემდებარნენ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ადამის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას ოცდაათ წელს, და მოკვდა იგი“ (დაბადება 3:19; 5:5). ტანჯვა და სიკვდილი ადამისგან მემკვიდრეობით მივიღეთ (რომაელები 5:12). დრომ დაამტკიცა, რომ სატანა „ცრუა და სიცრუის მამაა“, იეჰოვა კი — „ჭეშმარიტების ღმერთი“ (იოანე 8:44; ფსალმუნი 31:5).

სატანამ ისიც უთხრა ევას: „იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის [აკრძალული ხის] ნაყოფს, თვალი აგეხილებათ [ადამსა და ევას] და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“ (დაბადება 3:5). ამ ცბიერი სიტყვებით სატანამ აფიქრებინა ადამიანებს, რომ მათ შეეძლოთ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები ყოფილიყვნენ. სატანის ნათქვამიდან ისე ჩანდა, თითქოს ღვთისგან დამოუკიდებლად ადამიანები უკეთესად იცხოვრებდნენ. გამართლდა მისი ნათქვამი?

მთელი ისტორიის მანძილზე ერთი იმპერია მეორეს ცვლიდა. ადამიანებმა მმართველობის ყველანაირი ფორმა მოსინჯეს, მაგრამ მათი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა. დაახლოებით 3 000 წლის წინ ბიბლიის ერთმა მწერალმა სწორად დაასკვნა, რომ „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). წინასწარმეტყველი იერემიაც წერდა, რომ „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ამ სიტყვების ჭეშმარიტება ბოლოდროინდელმა მეცნიერულმა და ტექნიკურმა მიღწევებმაც კი ვერ გააბათილა. პირიქით, დრომ მხოლოდ დაამტკიცა მათი უტყუარობა.

შენ რას გააკეთებ?

ამ საკამათო საკითხის გადასაჭრელად გამოყოფილმა დრომ ნათელი გახადა, რომ სატანა არ იყო მართალი, როცა იეჰოვას მმართველობის უფლებას ეჭვქვეშ აყენებდა. იეჰოვა ღმერთი სამყაროს ერთადერთი სრულუფლებიანი მმართველია. მას აქვს უფლება იმმართველოს თავის ქმნილებებზე და მისი მმართველობა საუკეთესოა. ზეციერი ქმნილებები, რომლებიც დიდი ხანია ღვთის მმართველობას ემორჩილებიან, აცხადებენ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხადება 4:11).

პირადად შენ როგორ უყურებ ღვთის მმართველობის საკითხს? ეთანხმები, რომ ღმერთს აქვს უფლება, შენი მმართველი იყოს? მაშინ აღიარე იეჰოვას უზენაესობა! ცხოვრების ყველა სფეროში გამოიყენე ღვთის სიტყვაში მოცემული ძვირფასი ჭეშმარიტება და რჩევები. „ღმერთი სიყვარულია“ და სიყვარულით გვაძლევს კანონებსა და მითითებებს (1 იოანე 4:8). იეჰოვას ჩვენთვის საუკეთესო სურს. ამიტომ გულთან ახლოს მიიტანე ბიბლიის რჩევა: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6).

[სურათი 7 გვერდზე]

თუ ბიბლიას სწავლობ და ნასწავლს ცხოვრებაში იყენებ, ცხადყოფ, რომ ღვთის მმართველობას ირჩევ

[სურათის საავტორო უფლება 4 გვერდზე]

© Jeroen Oerlemans/Panos Pictures